"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს" - კვირის პალიტრა

"პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს"

მიმაჩნია, რომ პატრიარქის წინაშე მოსანანიებელი არაფერი მაქვს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილმა მიტროპოლიტმა პეტრე ცაავამ მარტვილში, ეპარქიაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, ახლა ან თავად უნდა დაისაჯოს ცილისწამებისთვის ან მის მიერ წაყენებული ბრალდება უნდა დამტკიცდეს კანონიკური სამართლის მიხედვით.

მეუფე პეტრე ცაავა აცხადებს, რომ მზადაა ნებისმიერი სასჯელისთვის.

"უსამართლო სასჯელები უკვე დაწყებულია, სერიები გაგრძელდება. მე მზად ვარ ნებისმიერი გამოწვევისთვის...

მთელი ცხოვრება სინანულით უნდა გავატაროთ, ვიდრე მეორედ მოსვლამდე და არასოდეს მავიწყდება სიტყვები იოანე ნათლისმცემლისა, შეინანეთ ვინაიდან მოახლოებულია ცათა სასუფეველი," - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამასთან, მეუფე პეტრემ "მორიგი ჭორი" უწოდა გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ის მღვდელმსახურების გაგრძელებას საბერძნეთის ეკლესიაში აპირებს.

"ეს მორიგი ჭორია და დავხუროთ. ჭორებს აღარ გავცეთ პასუხი", - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

ამასთან, მან უპასუხა კითხვას, აპირებს, თუ არა, რომ დაემორჩილოს კათოლიკოს- პატრიარქის, ილია მეორის ბრძანებას, რომ ჭყონდიდის ეპარქიის დატოვების შემდეგ შიომღვიმეში განმწესდეს.

"მე სიკვდილამდე მაქვს აღთქმა დადებული იესო ქრისტეს მორჩილებისა, სახარების სწავლებისა, წმინდა მამათა სწავლებისა და ვაპირებ დავემორჩილო რჯულის კანონის ფარგლებში. უსამართლობას, უწმინდურობას არ დავემორჩილები", - აღნიშნა მეუფე პეტრე ცაავამ.

იხილეთ ასევე: "პატრიარქმა ჰკითხა, თქვენ ყოველთვის გამოირჩეოდით სულიერებით და ახლა რა დაგემართათო?" - სინოდის სკანდალური სხდომის დეტალები

"ინტერპრესნიუსი"