"პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის და სინოდის თხოვნას პატივს არ სცემს" - კვირის პალიტრა

"პრეზიდენტი ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის და სინოდის თხოვნას პატივს არ სცემს"

როცა პრეზიდენტი ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისაკენ, გამოდის, რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას და სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს, - ამის შესახებ ჭყონდიდის ეპარქიის ყოფილმა მიტროპოლიტმა, მეუფე პეტრე ცაავამ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, აქვს თუ არა მოლოდინი, რომ პრეზიდენტი მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძეს შეიწყალებს.

მეუფე პეტრეს თქმით, თუ პრეზიდენტმა მსჯავრდებული დეკანოზი არ შეიწყალა, მაშინ გამოდის, რომ საპატრიარქოს მიერ პრეზიდენტისადმი მიმართვა არის დადგმული სცენა.

"მე მიმაჩნია, რომ თუ პრეზიდენტმა ისევ დაფრანგულობის გზა აირჩია და თავი შეიკავა ამ საკითხის, ანუ წმინდა სინოდისა და პატრიარქის მიმართვის დასაკმაყოფილებლად, მაშინ როდესაც ის ამბობდა, რომ გმობს პატრიარქის შეურაცხყოფას, ასევე დასაგმობი იქნება პატრიარქის თხოვნის იგნორირება. ანუ, სწორედ ამით, კიდევ ერთხელ დადასტურდება მისი საქციელი, უკვე, დაფრანგულობის ფორმატში, როგორც მე მას მივმართე.

გამოდის, რომ ეს არის დადგმული სცენარი, წინასწარ შეთანხმებული გეგმა, რომ საპატრიარქომ მოიხსნას მორალური პასუხისმგებლობა, უშუამდგომლოს, მაგრამ პრეზიდენტმა თქვას უარი. საპატრიარქოს გულწრფელობის შემთხვევაში არსებობს ალტერნატივა, საპატრიარქომ სასწრაფოდ უნდა მისწეროს წერილი იუსტიციის მინისტრს, ვინაიდან შუამდგომლობის მიზეზი იყო ჯანმრთლეობის მდგომარეობის გაუარესება. არსებობს კანონი, რის თანახმადაც, ხდება პატიმრის სასჯელის გადავადება მკურნალობის მიზნით. ანუ პატიმარს ციხიდან სამკურნალოდ ათავისუფლებენ, შემდეგ ის კვლავ უბრუნდება საჯელაღსრულების დაწესებულებას. აი, ამ პუნქტით შესაძლებელია, რომ თუ პრეზიდენტი გახდება არაადეკვატური, იუსტიციის სამინისტრომ მიიღოს ეს გადაწყვეტილება და დააკმაყოფილოს საპატრიარქოს თხოვნა, მაგრამ თუ საპატრიარქო იუსტიციის სამინისტროსაც არ მიმართავს, პრეზიდენტის გადაწყვეტილებაზე პასუხისმგებლობას პრეზიდენტს აკიდებს, ამ დამოკიდებულების მიხედავად, გუშინდელი განცხადებაც კი საკმარისია.

როცა ის ჩვენ მოგვიწოდებდა პატრიარქის პატივისცემისაკენ, გამოდის, რომ თვითონ ორმაგი სტანდარტით ფარისევლობს, როდესაც პატრიარქის თხოვნას და სინოდის თხოვნას არ სცემს პატივს. ამით ის შეურაცხყოფას აყენებს არამარტო პატრიარქს, არამედ მთელ წმინდა სინოდს, მთელ საქართველოს, მართლმადიდებელ ეკლესიას", - განაცხადა მეუფე პეტრემ.

შეგახსენებთ, რომ წმინდა სინოდი მსჯავრდებული დეკანოზის, გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხზე პრეზიდენტს შუამდგომლობით მიმართავს.

"ინტერპრესნიუსი"