ძალიან დილა მშვიდობისა, ლელა! - "გულის ყუნწამდე" შეყვარებული ქალის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
ძალიან დილა მშვიდობისა, ლელა!  - "გულის ყუნწამდე" შეყვარებული ქალის ნაადრევად შეწყვეტილი სიცოცხლე
ძალიან დილა მშვიდობისა, ლელა! გული მტკივა, რომ მხოლოდ ვირტუალურად გიცნობდი და ვერასდროს შეგხვდი... არადა, როგორ მინდოდა გაცნობა... ინტერვიუზე ვერაფრით დაგითანხმე, თუმცა იმედი არც დამიკარგავს.. შენს გამოჯანმრთელებას ველოდებოდი და ვიმედოვნებდი, ამჯერად მაინც დაგიყოლიებდი. არ გამომივიდა... ამიტომ თავად უნდა აღმოვაჩინო, ვინ იყავი, ასეთი გასაოცარი ადამიანი, იქნებ, ერთადერთი ადამიანიც, ვინც ჩვენს ჭრელ და ხშირად ღვარძლისა და სიძულვილის მატარებელ სოციალურ ქსელს ისე შეუყვარდი, რაც გინ
და დაგეწერა, ვისზეც ან რაზეც უნდა დაგეწერა, თითქოს ყველა გიფრთხილდებოდა და შენს პოსტზე ერთი აუგი არავის დასცდებოდა კომენტარად... მაინც მგონია, იმხელა სიყვარულს ატარებდი, მთელი სამყაროსთვის გყოფნიდა გასანაწილებლად და ეს სიყვარული ისეთი ძლიერი, თანაც - ამოუწურავი იყო, ნებისმიერს განაიარაღებდა...

გუშინ ლელას დაკრძალვის დღე იყო. სულ რაღაც 58 წლის მიაბარეს მიწას.

ალბათ, ერთბაშად ამდენი ვირტუალური თუ ცხადი
გულშემატკივარი, მოყვარული, თანამგრძნობი და დამტირებელი ბარე ბევრ საქვეყნოდ ცნობილ ადამიანს არ ჰყოლია.
თუმცა ისიც საქვეყნოდ ცნობილი იყო, რადგან საქვეყნო "თბილისურ ამარკორდში" სწორედ მისი "ძალიან დილა მშვიდობისათი" იწყებოდა დილა და თითქოს მოშიებულ-მოწყურებულები ვეშურებოდით მის საუცხოო ნაამბობს საინტერესო ადამიანებზე, საკუთარ თავზე, თავის ოჯახზე და მისი დიდი სიყვარულის ხალხზე - მამა ჯემალიკოსა (რეჟისორი ჯემალ ანჯაფარიძე) და ულამაზეს დედაჩკა-გალიჩკაზე,ლე ბებიასა და ზურიკოზე (ცნობილი საოპერო მომღერალი ზურაბ ანჯაფარიძე), ქალიშვილ ნინკასა და მის პატარა ბიჭ ანდრიაზე. აბა, ერთი დღით არ გამოჩენილიყო, ამარკორდელები მყისვე მის ძებნას იწყებდნენ. ლელა მართლაც კეთილი ფერიასავით იყო - სულის მალამო.

ნეტავ, მაინც როგორი იყო ლელა? თუ ჩაუკვირდები, ალბათ, მას საუკეთესოდ სწორედ თავისივე ნაწრით ამოიცნობ.

"ძალიან დილა მშვიდობისა! მე რომ დავიბადე, 1961 წლის 23 ივლისს, ანჯაფარიძეების ოჯახში, თანაც, ოთარ თაქთაქიშვილის "მინდიასთან" ერთ დღეს... ხომ წარმოგიდგენიათ, რა იმედებს ამყარებდა ჩემზე - ჩემი ყველა მხრიდან "შემოქმედებითი" ოჯახი... ვერ გავამართლე... რაღაცა იმნაირი უცნაური უსმენობა მჭირდა - ზურიკოს მომაკვდავი ტენორების არიებზე არ ვრცელდებოდა, არც ჯემალიკოს რუსულ რომანსზე, არც გალიჩკას უკრაინულ იავნანაზე და მითუმეტეს, არც ალექსანდრას "კარგი იყო, არ მენახე თავიდან"-ზე... დანარჩენის რა მოგახსენოთ - "ჟუჟუნა წვიმას" და "ჭრელო პეპელას" ერთნაირად ვმღეროდი... მაგრამ... მთელი ცხოვრება ვოცნებობდი როიალზე დაკვრაზე... სულ ორი ნაწარმოები ვისწავლე, "ძაღლის ვალსი" და ტრაგიკული რომანსი ძეფირელის "რომეო და ჯულიეტადან"... მაგრამ, იცით, რა მონდომებით და ემოციებით ვასრულებ!"

ლელა ანალიტიკოსი იყო, წერდა ლექსებს, ხატავდა, ძალიან უყვარდა "ნიჭიერი დეტექტივები", კრიმინალური სერიალები და თრილერები, მაგრამ არა - "უჟასები"; ბავშვობიდან უყვარდა იაპონური საკურას ნაზი და მოვარდისფრო-მოთეთრო ყვავილები... მისი ტანკა-ლექსები... აოცებდა იკებანები თავისი ღრმა ფილოსოფიით... აინტერესებს სამურაები... ეცოდებოდა კამიკაძეები... და ვერაფერი გაუგო ხარაკირს... იგი წერდა ქალაქებზე, სადაც უცხოვრია, უმუშავია; წერდა "გემრიელ ისტორიებს"; წერდა ნაცნობ თუ უცნობ ადამიანებზე, მიუხედავად იმისა, ვინ რით დაამახსოვრა თავი ჩვენს უზარმაზარ სამყაროს; წერდა მათზეც, ვინც არასდროს უნახავს პირადად, მაგრამ ღირდა დასაწერად - ქართველებსა და უცხოელებზე... და მის "სანაცნობოს" საზღვარი არ ჰქონდა...

"ყველაფერს, რასაც ვწერ, ვწერ გულით, რომელიც მიკიდია მარცხნივ, ნაწნავის ქვეშ... ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ მინდა, უფრო მეტად გავუფრთხილდეთ ერთმანეთს... იმიტომ, რომ ჩაგეხუტოთ... იმიტომ, რომ მართლა მიყვარხართ... ყველა ადამიანს და ისტორიას თავისი უკანა მხარე აქვს... წაღმა რომ იყოს ყველაფერი, მშვენიერი იქნებოდა, მაგრამ ხომ შეიძლება არ "გამოვქექოთ" და არ "გამოვჩიჩქნოთ" აუცილებლად ცუდი? ჩავიხედოთ საკუთარ თავში, ნუთუ ასეთი უნაკლოები ვართ? ...გახსოვთ, მორის ფოცხიშვილმა თქვა - "ვაჩუქოთ ერთმანეთს ტიტები"... ჩემი უკრაინელი დედიკო, რომელიც "თ"-ს და "ტ"-ს ვერაფრით ვერ არჩევდა, ამბობდა - "ვაჩუქოთ ერთმანეთს თითები"... ჰოდა, ტიტებიც ვაჩუქოთ ერთმანეთს, თითებიც და გულებიც!!! და ოდნავ გავთბეთ და გავკეთილდეთ..."

კიდევ როგორი იყო ლელა?

"მახსოვს, იყიდებოდა საბავშვო ჟურნალი "Веселые картинки", იქიდან ამოვჭრიდი ხოლმე ხეებს, ყვავილებს და ცხოველებს და ღამის წინ, ხეებში ჩუმად, დედას რომ ვერ დაენახა, ბრიტვით (აბა, ბრიტვას ვინ მომცემდა), ვაკეთებდი ჭრილებს და იმ ცხოველებს ხეების შიგნით ვდებდი... ღამე სახლი რომ ჰქონოდათ...
ლელა ანჯაფარიძის ნახატი ლექსისთვის 'ოტელო'
არ ვიცი, მე მგონი, ბავშვები მაინც ანდერსენის კეთილ ზღაპრებზე უნდა ავღზარდოთ... ძველი და შესანიშნავი ქართული მულტფილმები და ფილმები უნდა ჩავურთოთ... ოპერაში ვატაროთ, "აბესალომ და ეთერიზე" და "დაისზე"... ჰამლეტ გონაშვილის ბულბულივით გალობა მოვასმენინოთ... სანამ არ დაგვაგვიანდა, წავაკითხოთ დუმბაძე, ჭილაძე, გალა, ტიციანი... რადგანაც, რასაც ახლა ჩემი ანდრია უყურებს, იმის მიუხედავად, რომ ვუშლი, მე რომ მენახა, მინიმუმ უსამა ბენ ლადენი გამოვიდოდი..."

წერდა კეთილ და სევდიან ლექსს ერთ ცალ ფუტკარზე...

"მე დღეს, სამწუხაროდ, მართლა ვარ ობოლი,/ ამაზე ცუდი რამ ქვეყნად არც გენახოთ.../ დილიდან დამეცა ნეკერჩხლის ფოთოლი.../ მე კიდევ ვცდილობ და ბოლომდე ვვენახობ./ ყველას გვყავს თავისი პრანჭია ფუტკარი... ის ყვითელ-ჭრელია, რადგანაც წრფელია... და გულში თუ არ გაქვს პატარა ბუხარი,/ ეს იმას ნიშნავს, რომ ის დასადგმელია".

ლელა წერდა ყველაფერზე, რაც თითოეულ ჩვენგანს გვაღელვებს, გვტკივა...

"ძალიან დილა მშვიდობისა! დღეს 10 სექტემბერს, საოცრად უცნაური და იდუმალი და... სევდიანი. მაგრამ ამავე დროს, ფილოსოფიური დღეა... თვითმკვლელობების თავიდან აცილების მსოფლიო დღე... რამდენად ფაქიზია და უსაშველოდ დაუცველი ადამიანი, თუკი მსოფლიოში შექმნეს თვითმკვლელობების თავიდან აცილების საერთაშორისო ასოციაცია International Association for Suicide Prevention (IASP), რომელსაც პატრონაჟობს თავად დიდი გაერო... აღმოჩნდა, რომ თვითმკვლელობით იღუპება უფრო მეტი ადამიანი, ვიდრე ომებისგან და ძალადობისგან... არ მიყვარს სიტყვა "თვითმკვლელი", რადგანაც კაცმა თავი თუ მოიკლა, ყოველთვის ვინმეა დამნაშავე... ვიღაცამ დროზე ხელი და გული ვერ გაუწოდა..."

წერდა ლექსს ძველ ტრამვაიზეც...

"მე ძველ ტრამვაის გავყვები ახლა.../ საკუთარი მაქვს გაჩერებებიც.../ მახსოვს, ადრე კონდუქტორიც მახლდა.../ ახლა მაკლიხართ დანარჩენებიც.../ ნუ დამაკლდებით, ბილეთი ღირდა/ 3 კაპიკი მხოლოდ და მარტო.../ ტრამვაის გარეთ როდესაც წვიმდა.../ იმას ნიშნავდა - თბილისი მარტობს./ მე ძველ ტრამვაის გავყვები ახლა.../ შუშაზე მიკრულ სველი ტოტებით.../ ცხოვრება მართლა ტრამვაის გავდა.../ შესანიშნავი ჩამოხტომებით.../ ბევრჯერ ჩამოვხტი... და ბოლოს ფეხში/ რაღაც ჩამიდგეს (ძვირი რომ ღირდა)/ იცით, რაშია ცხოვრების ეშხი?.../
ზუსტად ჩამოხტე - იქ, სადაც გინდა!!!"
ლელა ანჯაფარიძის ნახატი ლექსისთვის 'ნახალოვკა-ნაძალადევური'
წერდა "საიდუმლო ცირკულარულ წერილს" თბილისზე, ისეთზე, რომელიც დღევანდელ ნამდვილად არ ჰგავს...
"მახსენდება ის თბილისი, როდესაც მის თავაზიან ქუჩებში თუ შეიგინებოდა ვინმე, მითუმეტეს, მანდილოსნის ან ბავშვის თანდასწრებით, მას ან ბეთქავდნენ კარგად ან უშვებდნენ, რადგანაც დასმული ჰქონდა დიაგნოზი - "გიჟია"...

თანაც, ამ დიაგნოზს ისეთი თბილისელები ბიჭები უსვამდნენ, ჭადრებიც კი რომ იხრებოდნენ მათ წინაშე პატივისცემის ნიშნად... და ჰალსტუკებს სისხამ დილით

თბილისურად მოციმციმე მზე რომ უსწორებდნენ. კაცები იყვნენ და იმიტომ...
დღეს ყველაფერი შეიცვალა... ბილწსიტყვაობა ხდება ქართული ენის ჩვეულებრივი ატრიბუტიკა... ნელ-ნელა ვეჩვევით, ყურს ისე აღარ გვჭრის...

ეს კი უკვე ერის ტრაგედიაა..."

ერთ დღეს კი ლელამ წერა შეწყვიტა - ვეღარ აჯობა ავადმყოფობას და დაგვტოვა, ჩვენ კი დიდი სიყვარული და თავისი "ჩუმი ლექსი" დაგვიტოვა...

"მე ამ აივნის გადამაფარეთ ტახტზე,/ ან ცოტა მომრთეთ - დავეკიდები ფარდად.../ რა კარგი არის, გრძელი რომ გავჩნდი ასე/ აბა, რა შემრჩა "ამ სიგრძეების" გარდა./ რა კარგი არის, შიგნით რომ დაგაქვს ჯიში.../ ზოგი ვერ ხვდება. მაგრამ შენ მაინც ხომ გრძნობ.../ ეს ცხოვრებაა - სულ ერთი იერიში
და როგორც წესი, მუდამ მარცხდება "მოგრძო"./ ეს აივანი, ალბათ, აშენდა ჩემთვის.../ მეც დავიბადე ამ აივანის ხათრით.../ეს "აივნობა" მთლად ბავშვობიდან მერთვის... სულ არ მჭირდება ამაზე მეტი ფართი./ მე ამ აივნის გადამაფარეთ ტახტზე,/ ან ცოტა მომრთეთ - დავეკიდები ფარდად... რა კარგი არის, გრძელი რომ გავჩნდი ასე,/ აბა, რა შემრჩა "ამ სიგრძეების" გარდა..."

(სპეციალურად საიტისთვის)

იხილეთ ვიდეო, რომელიც ლელა ანჯაფარიძის ნახატების მიხედვით არის მომზადებული

ბრავო!
09 ნოემბერი 2019 10:07
ბრავო!
მანანა
08 ნოემბერი 2019 21:13
ეხლაც თავზარდაცემული ვარ, ვერ ვაცნობიერებ რომ ლელას სტატიებს ვეღარ წავიკითხავ, ერთადერთი ვინც სითბოს და სიყვარულს გვინაწილებდა ყველას ერთნაირად. ლამის გული გამისკდეს, როგორ შეიძლება ასე შეაყვარო ყველას თავი რომ, ლამის 5000 ფბ ს მეგობარი შოკში ვართ და დავტირით
მაიკო
07 ნოემბერი 2019 15:23
გენიალური ადამიანებისთვის თითქმის არ ემეტებათ სიკეთე, სანამ ის ცოცხალია და ვაი, რომ ესაა ჩვენი, სულმნათი ლელას ჭირისუფლების ტკივილიც...
ყველას გულში გიხუტებთ და გლოცავთ დაუსაბამოდ, ვინ იცნობდით, შეიცნობდით და შეიგრძნობდით ლელა ანჯაფარიძის გენიალურობას!
ძალიანდილამშვიდობისა არ მოგლებოდეთ!
ძალიანგზამშვიდობისა ლელაჩკა, სულითხორცამდე ლამაზო მეგობარო, ჩემო...

რუბრიკის სხვა სიახლეები
18-11-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა