"ბოლო ორი თვე რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ნიკას ვუყურებდი და მაჟრიალებდა. ცუდს არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ რაღაცის მეშინოდა..."
"ბოლო ორი თვე რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ნიკას ვუყურებდი და მაჟრიალებდა. ცუდს არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ რაღაცის მეშინოდა..."
დიდი ტრაგედიის მატარებელ ადამიანებს დუმილის დაწყებისა და დარღვევის დრო უდგებათ ხოლმე. მშობელი სულ ატარებს ტრაგედიას, როცა შვილი ჰყავს გარდაცვლილი - ასეთ ტკივილს გადატანა და მორჩენა არ უწერია. ის მუდამ მშობლის გულშია და ათას ფორიაქს იწვევს. ფორიაქი ზოგჯერ ლაპარაკის სურვილს უკარგავს მგლოვიარეს, ზოგჯერ კი მოკრძალებით იკითხავს საკუთარ დარდთან დარჩენილი, ჩემი სატკივარი რომ ვთქვა, შეწუხდებითო? ადამიანი კი იმით განსხვავდება დანარჩენისგან, რომ თანაგრძნობა შეუძლია და ვალდებულიცაა. გაზიარებული ემოცია ყველაზე მეტად შველის მთქმელსა და
მსმენელსაც.

მაია მესხი იმ ადამიანთა შორისაა, ვისაც მძიმე ჯვრის ტარება ერგო წილად. შვილის გარდაცვალების მერე ტაძარს მიაკითხა, მეუღლესთან ერთად. მეუღლე შერჩა ტაძარს დიდი რწმენით, მაიას კი თავისი გზა აქვს - მონატრებისა და სიყვარულის, რომელიც ზოგჯერ ტაძარსა და შვილის საფლავსაც გვერდს უვლის...

მაია მესხი:
"ჩემი შვილი
ძალიან კარგი იყო, ძალიან! ვერ მოასწრო ვერაფერი. ცოტა ხანს იყო დედამიწაზე. მენანება, მეცოდება. ცხოვრების გზას შეუდგა და წავიდა. სულ წავიდა. მე? მე ველოდები ან არ ველოდები. ზოგჯერ ისე ვარ, თითქოს ჩემთანაა, ერთად ვლაპარაკობთ, ერთად დავდივართ, ერთად ვიყოფთ მონატრებას, რომელიც მახრჩობს...

ადრე ცას ვუყურებდი, ქუჩებს ვათვალიერებდი, ყველგან შვილს ვეძებდი და ვერ ვპოულობდი. ნიკას აქ უნდოდა, ზუსტად ვიცი! სხვანაირად კარგი იყო. ერთხელ ჩემთან მოვიდა ნიკას მასწავლებელი და მითხრა, შენი შვილი არ იყო ამქვეყნიური, მთელი ცხოვრება ბავშვებთან მაქვს ურთიერთობა და ასეთი ადამიანი არ შემხვედრიაო...

ნიჭიერი იყო. მეცადინეობით თავს არ იკლავდა, მალე ითვისებდა ყველაფერს. საოცარი პასუხებისმგებლობა ჰქონდა. ზოგჯერ კლასში დავალება თუ არ ჰქონდათ ბავშვებს, თავისას ჩანთიდანაც არ ამოიღებდა. სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა. მოიტანა და მომცა მედალი, - ახლა არ დაიწყო ამის ფრიალიო. მერე ავაფრიალე, ნიკას მერე. კეთილი იყო ძალიან, არც მე მახსოვს მისგან წყენა, არც სხვას. ბავშვობიდან მშვიდი და ღიმილიანი მეგობრებს ძალიან უყვარდათ. ვერ ვიხსენებ, ნიკას ვინმეზე ცუდი ეთქვას.

მეტსახელად ჰქონდა "სასტიკი" - ამაზე სულ მეცინებოდა. ერთხელ, შემთხვევით ჭიანჭველა გასრისა და თქვა, რა სასტიკი ვარო... მის მერე შეერქვა ასე. მგონი, ეს იყო ყველაზე დიდი ცოდვა, რაც ჩაუდენია.
ერთხელ ლექციიდან მოვიდა, წიგნები და კონსპექტები მაგიდაზე დააწყო და მითხრა, ორშაბათს ფრანგული მაქვს, რადგან დღეს ბორჯომში მივდივართ მე და მეგობრები, ხვალ გვიან ჩამოვალთ, ამიტომ გუშინ მოვამზადეო. წავიდა... ჩავიდა იქ და მორჩა, ყველაფერი მორჩა! მაგიდას შერჩა ნიკას ფურცლები, ჩანთა და თხელი ზურგჩანთა. ჰოდა, ველოდები... მას მერე სულ ველოდები და არ მოდის. სიზმრადაც არ მოდის ჩემი შვილი. ერთი ვიცი, არ დამტოვებდა ნიკა! აქაა! ოდესმე წავალთ ერთად. წავალ და თან წავიყვან...

ფოტოს გადაღება არ უყვარდა. რომლებიც მაქვს, ისინიც ძლივს შევაგროვე. ნიკას მეგობრების "ფეისბუკის" გვერდზე ვიპოვე ან მისი თანატოლები მიგზავნიდნენ ინტერნეტით. ფოტოებზე სულ იცინის...

იმ ზაფხულზე თქვა, მანქანის ტარება უნდა ვისწავლოო. ბოლო ორი თვე რაღაცნაირი შეგრძნება მქონდა. ნიკას ვუყურებდი და მაჟრიალებდა. ვფიქრობდი, რატომ არის ასეთი კარგი?! ცუდს არაფერს ვგრძნობდი, მაგრამ რაღაცის მეშინოდა. სულ მინდოდა, გადავფარებოდი. იმ დღეს არ მინდოდა წასულიყო... გაგრძელება
...
06 ნოემბერი 2019 23:40
ძალიან ვწუხვარ, ძალიან რომ ასე მოხდა. იყავი ძლიერი მისი ხათრით!

რუბრიკის სხვა სიახლეები
როგორ შეაფასებთ  იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ იმ მაჟორიტარების პოზიციას, რომლებიც მხარს არ უჭერენ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტს?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა