რას აცხადებს "ბიუ-ბიუს" ხელმძღვანელი პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის ფაქტზე - კვირის პალიტრა

რას აცხადებს "ბიუ-ბიუს" ხელმძღვანელი პროდუქციაში სალმონელას აღმოჩენის ფაქტზე

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაზე, რომლის მიხედვითაც, "ბიუ-ბიუს“ წარმოების ქათმის ხორცში სალმონელა გამოვლინდა, კომპანიის ხელმძღვანელი რევაზ ვაშაკიძე განმარტებას "ბიზნესპრესნიუსთან" აკეთებს.

მისი თქმით, მათ პროდუქციაში სალმონელა არ გამოვლენილა და მისთვის გაუგებარია, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებული ინფორმაციის შინაარსი.

"როგორც ვიცი, რესტორანში მოხდა ხალხის მოწამვლა. მე რაც სურსათის უვნებლობის საგენტოდან ვიცი, 9 ადამიანი მოიწამლა. როდესაც გააკეთეს ანალიზი, აქედან 7 შემთხვევაში არ იყო სალმონელა, მხოლოდ 2-ში იყო. თუმცა, ეს კონკრეტული დღის ქათამი, რომლეზეც იყო საუბარი, ჩვენ შემოწმებული გვაქვს და არანაირი სალმონელა არ დადგენილა. ამის შემდეგ, სურსათის ეროვნული სააგენტოდან მოვიდნენ ჩვენთან და შევთანხმდით, რომ ლუგარის ლაბორატორიაში შეამოწმებდნენ, საიდანაც პასუხები ჯერ არ გვაქვს. არ ვიცი, რატომ გააკეთეს ასეთი განცხადება",-აცხადებს რევაზ ვაშაკიძე.

შეგახსენებთ, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, 21 ოქტომბერს მათ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს, რესტორანში "ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“ 11 პირის ინტოქსიკაციის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში, სააგენტომ იმავე დღეს ბიზნესოპერატორთან არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.

"ლაბორატორიული კვლევისთვის მოხდა სურსათის ნიმუშების აღება: 1) უკრაინული ქათმის ბარკალი 2) "ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფრთები (ნახევარფაბრიკატი) 3) "ბიუ-ბიუ“-ს ქათმის ფილე დამარინადებული. სააგენტომ მიკვლევადობის მიზნით, კონტროლი, წარმოების, დისტრიბუციის და რეალიზაციის ყველა ეტაპზე განახორციელა. ლაბორატორიული კვლევის შედეგად ქათმის დამარინადებული ფილეს ნიმუშში რომლის მწარმოებელია შპს "ჩირინა“(ბიუ-ბიუ) და დისტრიბუტორია შპს "ჯეო დისტრიბუშენ გრუპი“, გამოვლინდა სალმონელა. მიკრობიოლოგიური დარღვევა ასევე გამოვლინდა უკრაინული ქათმის ბარკლის ნიმუშში (მწარმოებელი "Processing Complex“ უკრაინა, დისრტრიბუტორი შპს "სანი“) ლაბორატორიული კვლევის შედეგების გათვალისწინებით, 25 ოქტომბერს, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განმეორებით ჩაატარა არაგეგმური ინსპექტირება რესტორანში -"ლუდის ქარხანა ჩემო კარგო“,რომელსაც კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერა საწარმოო პროცესი“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, შემოწმდა ის მარკეტიც, სადაც ზემოთაღნიშნულმა რესტორანმა ნედლი ქათმის ფილე შეიძინა, სარეალიზაციო ობიექტს გამოვლენილი კრიტიკული შეუსაბამობების გამო შეუჩერდა საწარმოო პროცესი და 1000 ლარით დაჯარიმდა.

"სააგენტომ, ბოლო ეტაპზე, სახელმწიფო კონტროლი განახორციელა შპს "ჩირინასა“ (ფრინველთა სასაკლაო) და სადისტრიბუციო კომპანია "ჯეო დისტრიბუშენ გრუპში“, სადაც ლაბორატორიული კვლევის შედეგად, აღებული ხუთი ნიმუშიდან , ოთხ მათგანში, , სალმონელა გამოვლინდა. აღნიშნულ კომპანიებს დაევალათ სურსათის ბაზრიდან ამოღება და შემდგომი მოკვლევისა და რეაგირების მიზნით, საქმე შესაბამის უწყებებს გადაეცა“,-ნათქვამია ინფორმაციაში.

"ინტერპრესნიუსი"