რა კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე საპატრიარქოს? - კვირის პალიტრა

რა კადრების გასაჯაროებით ემუქრებოდნენ დათა ახალაია და სოსო თოფურიძე საპატრიარქოს?

დეკანოზმა შალვა კეკელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სკანდალური განაცხადებები გააკეთა.

დეკანოზის მტკიცებით, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსანი მათ ეკლესიის გაქრობით ემუქრებოდა. კეკელია არ ასახელებს აღნიშნულ პირს და ამბობს, რომ ის "ღმერთმა უკვე დასაჯა"

"ყველაზე დიდი ფული ეკლესიაში დახარჯა "ნაციონალურმა მოძრაობამ" , ყველაზე დიდი დაფინანსება "ნაციონალური მოძრაობის" წევრებიდან წამოვიდა. მახსოვს, რომ წინამძღვრები მიჰყავდათ უცხოეთში ასვენებდნენ, მერე ვიდეოს უღებდნენ ამას და მთელი ეს ვიდეო გადაღებები, ფარული ჩანაწერები.. ..როდესაც ციხის კადრები გავიდა, მაშინ საპატრიარქოში ვიყავი, დათა ახალაია და სოსო თოფურიძე მოვიდნენ საპატრიარქოში და პირდაპირ მოსთხოვეს საპატრიარქოს, კადრების შემდეგ თუ მათ ჩვენ მხარს არ დავუჭერდით, აუცილებლად ისინი ამ კადრებს ნელ-ნელა გაასაჯაროებდნენ და ეკლესიას ცუდ დღეში ჩაგვაგდებდნენ.

26 მაისს, როდესაც მიტინგი დაარბიეს, მაშინაც იქ ვიყავით, პატრიარქი ტელეფონზე დავალაპარაკეთ, ვინც უფროსები იყვნენ, მათ დავალაპარაკეთ, კინო "რუსთაველში" როცა შევედით, მეუფე იაკობმა ხმამაღლა ჩართო ტელეფონი და ვთხოვდით ხალხი არ ეცემათ, ასეთი რამ გვითხრეს - კომუნისტების დრო მოგენატრებათო, ისეთ დღეში ჩაგაგდებთ თქვენ, ისეთ დღეში ჩავარდებით მღვდლები, კომუნისტების დროს ინატრებთ, საერთოდ გავაქრობთ ეკლესიის სახელს. ეს გვითხრა ერთ-ერთმა მაღალჩინოსანმა, ვინც ამათ მართავდა. ის ისეთი ადამიანია, ღმერთმა უკვე დასაჯა და კიდევ დაისჯება ღვთის წინაშე", - აცხადებს დეკანოზი კეკელია.

დეკანოზმა შალვა კეკელიამ ასევე ისაუბრა 2004 წელს ეკლესიის გარშემო მიმდინარე მოვლენებზეც. მისი განცხადებით, დღეს საპატრიარქოს გარშემო განვითარებული პროცესები სწორედ აღნიშნულის გაგრძელებაა.

"2004 წელს სტუდენტი ვიყავი, მაშინ აკადემიის წინააღმდეგ მოძრაობა დაიწყო, პატრიარქს ადანაშაულებდნენ. მაშინ სასულიერო აკადემიაში 24 კაცი მოძებნეს, რომლებმაც "24 საათში"(მაშინ ბოკერია და უგულავა მართავდნენ ამ გაზეთს), დაწერეს წერილი ეკლესიის წინააღმდეგ. გეტყვით, რატომაც ვახსენე ბოკერია. 2004 წელს, როდესაც გაზეთი აუჯანყდა საქართველოს პატრიარქს და სასულიერო სემინარიას, დღეს მათგან ნაწილი თეოლოგებად გვევლინებიან, როცა უცხოეთიდან გვერთვებიან - ეს 24 სტუდენტია. ჩვენი მეგობრებიც იყვნენ, რომლებმაც დატოვეს ეს 24 კაცი და გვეუბნებოდნენ, რომ ესენი ყოველდღე ბოკერიასთან იკრიბებოდნენ და ბოკერია პირადად აძლევდა მითითებებს, როგორ უნდა მოქცეულიყვნენ, რა გაეკეთებინათ და როგორ უნდა შემოეტანათ შფოთი ეკლესიაში. მერე ეს სტუდენტები, რომლებიც ბოკერიასთან ბოლომდე დარჩნენ, ყველა უცხოეთში გაიგზავნა, ყველამ ევროპაში განათლება მიიღო. ანუ, მათ პირობა ჰქონდათ იმის, რომ თუ ესენი ასე მოიქცეოდნენ, მათ ფინანსურადაც უცხოეთში სასწავლებელს მოუწყობდნენ და ყველა მათგანი დღეს სწავლობს უცხოეთში.

ჩვენ შეგვიძლია ვნახოთ სასულიერო პირები, რომლებიც ეკლესიის წინააღმდეგ გამოდიან დღეს, რაც ძალიან ცუდია, არ შეიძლება მღვდელი, რომელიმე პოლიტიკურ მხარეს იყო, ან "ნაციონალური მოძრაობის" ან "ქართული ოცნების". მღვდელი "ისტი" არ უნდა იყო, მღვდელი ქრისტესი, ქრისტეს მხედარი უნდა იყო. მაგალითად , მე არასდროს არც ერთი პარტიის მხარეს არ ვდგავარ. ყოველთვის ვიდექი ქრისტეს მხარეს, მაგრამ ჩემი შეხედულება მქონდა, ამ მთავრობასთანაც მაქვს ჩემი პრეტენზია, იმ მთავრობასთანაც და ყოველთვის.

ეს ყველაფერი არის გაგრძელება - 2004 წელს დაიწყო ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ, მაშინაც ითხოვდნენ პატრიარქის გადაყენებას, მაშინაც ჰყავდათ მათ ეკლესიაში მომხრეები, მაშინაც ჰყავდათ სასულიერო პირები მათი მომხრეები, რომლებიც ეწინააღდეგებოდნენ პატრიარქს, როგორც ახლა. ეს ბრძოლა ახლა კი არ დაიწყო, მეუფე პეტრემ კი არ დაიწყო, ეს ბრძოლა მოდის და მას თავისი წარსული აქვს. ზუსტად ვიცი, ვისთან იკრიბებოდნენ მაშინ, რატომ იკრიბებოდნენ, როგორ იგეგმებოდა ეს ყველაფერი ეკლესიის წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოზმა.

იხილეთ ვიდეო