"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი..." - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ოჯახს დაუპირისპირდა? - კვირის პალიტრა

"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი..." - რას ჰყვება გოგონა, რომელიც ოჯახს დაუპირისპირდა?

გოგონა, რომელმაც გათხოვებას სწავლა არჩია

საზოგადოებრივი მაუწყებლის თანამშრომელი, 19 წლის ჩინარა კოჯაევა დასახული მიზნის მისაღწევად ძალიან ბევრს შრომობს. ის ახლა სტუდენტობისთვის ემზადება. უნდა თავის მშობლებს, ახლობლებსა და საზოგადოებას დაუმტკიცოს, რომ არასრულწლოვანმა გოგონამ თავის დროზე სწორი ნაბიჯი გადადგა, როცა ოჯახს დაუპირისპირდა და უარი თქვა ნაადრევ ქორწინებაზე.

ჩინარა საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. მაშინ მან პოლიციის დახმარებით დააღწია თავი ნაადრევ ქორწინებას. სამაგიეროდ, ციხეში აღმოჩნდა მამამისი...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მამამ მითხრა, უნდა გათხოვდეო. ვუპასუხე, სწავლა მინდა-მეთქი. მას არ ესმოდა ჩემი. - შეხედე, შენი თანატოლები თხოვდებიან, შენ რატომ არ გინდა? ეს არის შენი ბედი, გათხოვებაშია ბედნიერებაო. არადა, ვხედავდი, ჩემი თანატოლები ბედნიერები ნამდვილად არ იყვნენ. მათ ქორწილებში დავდიოდი და ისეთი მოწყენილები იყვნენ, აშკარად ეტყობოდათ, არ უნდოდათ გათხოვება. ბევრი მინახავს, ქორწილში რომ ტიროდა..."

" მახსოვს, რამდენჯერმე შემაწყვეტინეს თამაში ბავშვებთან, დანიშნული ხარ, ეს აღარ შეგშვენისო. მხოლოდ ჩემს ძმას ესმოდა ჩემი, ყოველთვის მხარში მედგა, მაგრამ ოჯახის უფროსი მამა იყო. ის ამბობდა, სირცხვილია, სახელი გაგიტყდება, მერე აღარავინ გითხოვს, დანიშნული ხარ და თუ უარს იტყვი, ე.ი. არ ხარ კარგი გოგო, რაღაცას თავს არიდებო..."

"ბავშვობიდან პოლიციელობა მსურდა. ბევრჯერ მიფიქრია, ახლა პოლიციელი რომ ვიყო, თავს ხომ დავიცავდი-მეთქი?! ქართულის მასწავლებელს ვუთხარი გათხოვებას რომ მიპირებდნენ, მან პოლიციას დაურეკა. მამაჩემთან ერთად დამიბარეს განყოფილებაში. მამას ხელწერილი დააწერინეს, რომ 18 წლამდე არ გამათხოვებდა. მან არ იცოდა, რომ ჩემმა მასწავლებელმა დარეკა პოლიციაში. უკვირდა, საიდან გაიგეს, ყველა ასე ათხოვებს შვილს და მე რა დავაშავეო?.."

ინტერვიუს სრულად ჟურნალ "გზის" 7 ნოემბრის ნომერში წაიკითხავთ.

თეა ხურცილავა