"მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო..." - კვირის პალიტრა

"მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო..."

"მე ვილოცებ მეუფე პეტრესთვის, რომ არ დაიღუპოს..."

ბოლო ხანებში საქართველოს ეკლესია არაერთხელ გამხდარა თავდასხმის სამიზნე. თუმცა, 31 ოქტომბერს წმინდა სინოდის შეკრებაზე მომხდარმა ფაქტმა ქართველი საზოგადოება გააოგნა. "კვირის პალიტრას" მიმდინარე პროცესებზე თიანეთისა და ფშავ-ხევსურეთის ეპისკოპოსი მეუფე მიქაელი (გაბრიჭიძე) ესაუბრა, გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან:

- რა გახდა მეუფე პეტრეს ასეთი გაღიზიანების საფუძველი?

- ეს განწყობა მეუფე პეტრეს მხოლოდ იმ დღეს არ შეჰქმნია. სინოდის წინა შეკრებებზეც არაერთხელ ვურჩიეთ, ცოტა კორექტული ყოფილიყო და საკითხები, რომლებიც მხოლოდ სინოდში უნდა განიხილებოდეს, გარეთ არ გაეტანა. ერთხელაც არ შეისმინა ჩვენი რჩევა და თხოვნა. სინოდის სხდომაზე თავსა და ემოციებს აშკარად ვეღარ აკონტროლებდა, პატრიარქს ხმამაღლა ელაპარაკებოდა, რამაც ჩვენც დაგვაბნია. მეუფე პეტრეს ეტყობოდა, რომ სულიერად მძიმედ გახლდათ - განკითხვებში იყო, რაც ადამიანს დასცემს, გამოფიტავს და გამოაშრობს. განკითხვა რომ დავიწყოთ და არ მოვინანიოთ, ყველას ასე დაგვემართება, შეიძლება უარესადაც... მძიმე სანახავი იყო, რაც წმინდა სინოდის შეკრებაზე ხდებოდა და ყველამ ძალიან განვიცადეთ.

- პატრიარქმა ბრძანა, მეუფე პეტრე გამორჩეული ღვთისმსახური იყო და სამწუხაროა მისი ასეთი სახეცვლილებაო...

- ეს მეც ძალიან მაოცებს. 24 წლის განმავლობაში ის ჩემი მეგობარი იყო.

თუ ვინმესთან ვმეგობრობდი სინოდში, ეს იყო მეუფე პეტრე, რომელიც თავისი ნიჭით, სიმშვიდით, სულიერებით, სიყვარულითა და მოწყალებით გამოირჩეოდა. უამრავი კარგი საქმე აქვს გაკეთებული. ღვთის იმედი მაქვს, კეთილი საქმეების გამო მას უფალი შეეწევა და გონებას გაუხსნის. ასე მგონია, პოლიტიკურ და საერო ცხოვრებაში უფრო მეტად ჩაერია და ამან იმოქმედა, ბერული სულიერების აღსადგენად ძალა არ ეყო. ვერ გაუძლო ხილულ და უხილავ განსაცდელს.

ის, რომ დეკანოზ მამალაძის ერთ-ერთ დამცველად გვევლინებოდა, არ იყო სწორი პოზიცია. ანუ მას უყვარს მამალაძე და ჩვენ - არა? მას ებრალება და ჩვენ - არა?

ახლა ბერული თხოვნით მივმართავ, დაუკვირდეს თავის საქციელს და ქრისტესმიერი სიყვარულით ვთხოვ მას, გათავისუფლდეს პოლიტიკური ცხოვრებისგან. იმ დღის შემდეგ ისეთი განცდა მაქვს, რომ ოჯახის წევრი შეცდომას უშვებს და ვერ ვშველი... მე ვარ ბერი, რომელსაც შეცდომების მიუხედავად, ის ისევე მიყვარს, როგორც აქამდე. არანაირ "პროს" არ ვაღიარებ - არც "პრორუსულს", არც "პროამერიკულს". მე ქართველი ვარ, ეკლესიის მსახური და ვიცი, ეკლესიას - გაძლიერება, ქვეყანას კი გადარჩენა სჭირდება...

შეიძლება მეც გამიჩნდეს რაღაც აზრი, მაგრამ მას ჩვენს ძმებთან, სინოდის წევრებთან განვიხილავ. ეკლესიურად მცხოვრებ ადამიანს არ შეიძლება, რაც ენაზე მოადგება, ილაპარაკოს და თავისი აზრი სიმართლედ მიაჩნდეს... ეტყობა, მას თავი მართალი ეგონა, ან ვინმე რამეს შეჰპირდა... იხილეთ სრულად