"ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი? - კვირის პალიტრა

"ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?

არქივი, 2019 წელი

თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა გამართა, რომელიც ხმაურიანი გამოდგა. ქართველი წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის მიერ გადაღებულმა ფილმა ქართველ საზოგადოებაში საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფილმს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

კინოსურათის პრემიერა 2019 წლის 16 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, მას შემდეფ ფილმი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, ხოლო "ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.

კანის ფესტივალზე ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც რეჟისორს ლევან აკინს მოიხსენიებდნენ როგორც ახალ პედრო ალმოდოვარს. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, საქართველოში ფილმის გადასაღებად, მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა შეხვედრა ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორთან, ნინო სუხიშვილთან: "მისი რეაქცია იყო ასეთი, რატომ არ შეიძლება ამ ბიჭს შეუყვარდეს გოგო? გეები ქართულ ცეკვებში არ არიან, - გვითხრა ქალბატონმა ნინომ".

ვინ არის ლევან აკინი?

ქართველი წარმოშობის შვედი რეჟისორი ლევან აკინი 1979 წელს სტოკჰოლმში დაიბადა. მისი მშობლები შვედეთში ემიგრანტებად 70-იან წლებში ჩავიდნენ. შვედური პრესის ინფორმაციით, ლევანის მშობლები თურქეთში დაბადებული ქართველები არიან, ისინი შვედეთში სწორედ თურქეთიდან ჩავიდნენ. ლევანი კი შვედეთში დაიბადა და გაიზარდა.

ლევან აკინი: "მე და ჩემი ოჯახი ქართული კულტურის ნაწილი ვართ და ცოტა თურქულისაც. ჩემი მშობლები შვედეთში ცხოვრების პირობების გაუმჯობესების მიზნით ჩამოვიდნენ. ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა სწორედ ქართული იყო. ზაფხულობით საქართველოში ჩავდიოდით ხოლმე, მაშინ ეს ქვეყანა საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა. დრო და დრო ჩავდიოდით თურქეთშიც. მუშათა კლისის ტიპური ოჯახიდან ვარ, თუმცა მამას ერთხანს ჰქონდა საკუთარი ტურისტული კომპანია, რომელიც ახორციელებდა ჩარტერულ ტურებს თურქეთში. ჯერ კიდევ ბავშვი ვმუშობდი ამ კომპანიაში, მამას ვეხმარებოდი პატარ-პატარა საქმეების წარმოებაში, დედა სტილისტია, თუმცა ახლა კვირაში რამდენიმე დღეღა მუშაობს". წყარო

ლევან აკინი

ლევანმა მუშაობა სტუდენტობისას შვედეთის სამაუწყებლო ტელევიზიაში სტაჟიორად დიაწყო. მოგვიანებით მუშაობდა რეჟისორის ასისტენტად რამდენიმე ფილმსა და სატელევიზიო პროექტზე. პარალელურად თავადვე იღებდა მოკლემეტრაჟიან ფილმებს.

გთავაზობთ ამონარიდებს ლევან აკინის კიდევ ერთი ინტერვიუდან:

"ასეთი ფილმის შექმნის იდეა მაშინ დამებადა, როდესაც საქართველოში 2013 წელს ვნახე პარადი, სადაც მომიტინგეთა დიდი ჯგუფი თავს ესხმის ლგბტ თემის უფლებების დამცველ დემონსტრანტებს. როცა ამ დარბევის კადრები ვნახე, შევძრწუნდი, მინდოდა, დოკუმენტური ფილმის გადაღება, მაგრამ ვერავინ ვნახე, ვინც კამერასთან დადგომას გაბედავდა და ილაპარაკებდა. შემდეგ ვიფიქრე, რომ გადამეღო მხატვრულ-დოკუმენტური ფილმი, მაგრამ საბოლოოდ გადაწყდა, რომ ეს იქნებოდა მხატვრული ფილმი.

ლევან აკინი და ლევან გელბახიანი

რაც შეეხება მსახიობებს, მათი უმეტესობა პროფესიით არ არის მსახიობი. ლევან გელბახიანი, რომელიც მთავარი გმირის როლს ასრულებს, მოცეკვავეა, მასთან დიდ დროს ვატარებდი, უკეთ რომ გამეცნო... ძალიან რთულია ასეთი ფილმის გადაღება ისეთ ქვეყანაში, როგორიც საქართველოა, ძალიან, ძალიან რთული.

მე მიყვარს საქართველო და ქართული კულტურა, რომელიც უძველესი და ძალიან ლამაზია. არ მინდა, ახალი თაობისთვის ეს კულტურა ასოცირდებოდეს დრომოჭმულ და პატრიარქალურ ტრადიციებთან. მინდა, მათ იცოდნენ, რომ ყველას შეუძლია იცეკვოს ულამაზესი ქართული ცეკვა და იმღეროს უძველესი ქართული სიმღერა".

შვედეთში გავიზარდე, ზაფხულს კი თურქეთსა და საქართველოში ვატარებდი. 90-იანებში შვედეთში გაძლიერებული იყო რასიზმი და ექსტრიმიზმი. ეს ძალიან ცუდი დღეები იყო. მახსოვს, რაც ნამდვილად მაწუხებდა იყო ის, რომ შვედეთში უნივერსიტეტში სიარულისას მსგავსი პრობლემები, რაც დღეს საქართველოშია, ჰქონდათ შვედ ახალგაზრდებსაც.

ვფიქრობ, რომ ამ ბავშვებს სჭირდებათ ჩვენი მხარდაჭერა იმ ქვეყნებში, სადაც ზეწოლას განიცდიან მთავრობაში მყოფი საშინელი ადამიანებისგან, რომლებიც ლგბტ საკითხებს იყენებენ, როგორც პროპაგანდას დასავლეთის წინააღმდეგ". (წყარო)

თაკო ესებუა (სპეციალურად საიტისთვის)