ცარიელი ფურცლები... - კვირის პალიტრა

ცარიელი ფურცლები...

"ეკრანზე იმდენი ხანი არ გამოვჩენილვარ, რომ მეშინია და ვნერვიულობ"

არმაზში, კერვალიშვილების სახლში, ნინო დარასელთან სასაუბროდ გავემგზავრე. ალაყაფის კარის გაღებისთანავე თვალწინ თვალწარმტაცი სილამაზე გადამეშალა, საოცარი ხედებითა და ნოემბრისთვის უჩვეულო მზით სავსე...

ოჯახის წევრებიდან პირველად პატარა, კულულებიანი მარიტა გამოგვეგება. თურმე დილიდან გველოდა. განსაკუთრებით  ფოტოსესიისთვის ემზადებოდა. თუმცა, ფოტოობიექტივთან დაიმორცხვა და ძიძის კალთას ამოფარებული, შორიდან გვეპრანჭებოდა...

გზად გონებაში ბევრი თემა მიტრიალებდა, რომელზეც ნინოსთან საუბარი მინდოდა. მათ შორის, რამდენიმე წლის წინანდელ იმ საპროტესტო აქციაზე თუ მანიფესტზე, რომელმაც თავისი ფორმით ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა, - "ანაბეჭდის" გამოცემას ვგულისხმობ, შავი, ცარიელი ფურცლებით...

არადა, თვალწინ გადაშლილმა გარემომ, თავისი სილამაზითა და სიმშვიდით, ყველა თემა და კითხვა გადამავიწყა და მხოლოდ ერთი ლექსის ფრაზა დამიტოვა:

"აღიკვეთება საწიერით ხილვა მაცდური და მარტოოდენ სრულქმნილებას აღიქვამს თვალი".

და მაინც...

- ნინო, მოდი, თავიდან დავიწყოთ... საზოგადოებამ თავიდან ისე გაგიცნო, როგორც ზაზა დარასელის შვილი...

- ჩემი ცხოვრება კონკიას ზღაპრის დასაწყისს ნამდვილად არ ჰგავს, ვერ მოგატყუებთ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აღმომაჩინეს და ეთერში დამსვეს... ჩემთვის ტელევიზიისკენ გზა ყოველთვის გახსნილი იყო. თუმცა ამასაც აქვს უარყოფითი მხარე, შესაბამისად, არ მქონია ის შესაძლებლობა, რომ საკუთარი ძალებით წარმატებისთვის მიმეღწია და ამით უფრო მეტად მეამაყა; თუმცა, ორმაგად მქონდა და ახლაც მაქვს პასუხისმგებლობის გრძნობა.

ფაქტობრივად, მომიწია იმის მტკიცებამ, რომ რასაც ვაკეთებდი, ანუ ამ შემთხვევაში, თუნდაც ეთერში ყოფნას, ვიმსახურებდი. "მოამბე" რომ მიმყავდა, მამა ავად იყო. იმ ერთი საათის განმავლობაში მამაზე, როგორც ჩემს მთავარ მაყურებელზე, ვფიქრობდი - "ზაზასთვის... ზაზასთვის..." მამა მკაცრი შემფასებელი იყო და მას თუ მოვეწონებოდი, ე.ი. სხვისთვისაც მისაღები ვიქნებოდი. დღესაც არ მაქვს კმაყოფილების გრძნობა ჩემი თავით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი წინაა.

KvirisPalitra.Ge- როცა სატელევიზიო კარიერა დაიწყე, ვიღაცისთვის ალბათ თავნება, მამიკოს განებივრებული გოგონა იყავი, რომელიც მეგობრებთან ერთად ტელევიზიობანას თამაშობდა... რა დრო დასჭირდა ამ აზრის გაფანტვას?

- ტელევიზიაში მუშაობა ჩემი ბავშვობის ოცნება გახლდათ. ბავშვობიდან "ტელევიზორში ყოფნა" მინდოდა. ისე, დავამთავრე დასავლეთევროპული ენების ფაკულტეტი.

ისე მოხდა, რომ ჩემს წრეში ძირითადად ჰუმანიტარები, ხელოვანები აღმოჩნდნენ და ამის გამო შეიძლება ვიღაცას შეექმნა კიდეც შთაბეჭდილება, რომ გადაცემას მეგობრების ერთი წრე ამზადებდა, მაგრამ დრომ ეს ეჭვები გაფანტა. მომავალში ამ "მეგობრებთან" ერთად კი უკვე ჟურნალიც გამოვეცი, რომლითაც თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ვამაყობ.

ვიღაცას რომ არ დარჩეს ჩემზე განებივრებული გოგონას შთაბეჭდილება, გეტყვით - შეუჩერებლად, 24 საათის განმავლობაში შემიძლია მუშაობა. განებივრებული არასდროს ვყოფილვარ. ნებისმიერი სამუშაოს შესრულება შემიძლია და თუ დამჭირდა, არაფერი მეთაკილება. ხშირად სხვებზე მიფიქრია: ესენი სად იზრდებოდნენ, პრინცესები იყვნენ-მეთქი?

- მამის მიმართ პასუხისმგებლობა ახსენე, ეს პასუხისმგებლობა დღესაც გაქვს ვინმესადმი?

- დღესაც... ახლაც კი, ინტერვიუს ჩაწერისას და საერთოდ, თუ ვიცი, რომ ჩემს გამოჩენას ძალიან ბევრი ადამიანი შეაფასებს, ყოველთვის ვნერვიულობ. ხშირად მითქვამს, რომ მორცხვი ვარ და ამაზე გასცინებიათ, არადა ვარ. რაც კი აქამდე გამიკეთებია, ერთგვარი სითამამე, ჩათვალეთ, რომ როლი იყო, რომელსაც ვთამაშობდი და რომელიც ეკრანულ სახეს სჭირდებოდა. დღესდღეობით დიდი პასუხისმგებლობა მაქვს მეუღლის ნიკასა და შვილის, ზაზუკას მიმართ, რომელიც 17 წლის გახდა. ოჯახს ჩემთვის უპირველესი ადგილი უკავია. რაც აქამდე გამიკეთებია, მხოლოდ ოჯახის წევრების აზრის გათვალისწინებით. თუმცა, ამ ოჯახშიც იმდენნი ვართ და იმდენი აზრია...

- უკვე ცნობილი პოლიტიკური ფიგურის შვილი ხარ...

- ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი. არადა, ჩვენს ოჯახში მშვიდად ცხოვრობდა პროფესიით ექიმი-რეპროდუქტოლოგი რუსუდან კერვალიშვილი. ახლა ჩემი პატარა გოგონა, მარიტა დაჯდება, ფეხს ფეხზე გადაიდებს და აცხადებს: "მე ქალბატონი რუსუდანი ვარ". ისიც კი ხვდება მის პოზიციას. რუსუდანის პოლიტიკაში წასვლას თავიდან ძალიან განვიცდიდი, ვღიზიანდებოდი, ვჩხუბობდი კიდეც. ახლა კი ვფიქრობ, რომ ვცდებოდი, სწორი ნაბიჯი გადადგა. რუსუდანი არ გამოდგა ქართული გაგებით "პოლიტიკოსი". ის ყველასთან მეგობრობს. ძალიან ბევრი სასიკეთო საქმე გააკეთა და შემიძლია ვთქვა, რომ ვამაყობ მისით. ძალიან ბევრი ადამიანი მადლობას მიხდის.

- დედისგან განსხვავებული ხასიათი გაქვს?

- ძალიან განვსხვავდებით. მე უფრო მამას ვგავარ, - ფიცხი და ემოციური ვარ... რუსუდანი მშვიდია და გაწონასწორებული, ამასთან ძალიან მკაცრიც. ჩემი სიფიცხის უკან სუსტი ადამიანი იმალება.

- ამ სახლში ოთხი ოჯახი ცხოვრობთ?

- დიახ, მათ გარეშე ცხოვრება ვერ წარმომიდგენია. ერთად ვსაუზმობთ, ერთად ვსადილობთ და ვვახშმობთ. ოჯახის ბურჯი ბებიაა. ხანში შევიდა, 81 წლისაა, მაგრამ მისი რჩევის გარეშე ოჯახში არაფერი წყდება. დღემდე აკონტროლებს ჩვენს ქცევას თუ გემოვნებას. უნდა ნახოთ, "ქალბატონი რუსუდანი" როგორ მოქრის სამსახურიდან, რომ არ დააგვიანოს და ლამარიკო არ გააბრაზოს. მაია შედარებით "ურჩი" შვილია.

- არმაზი და თბილისი... რით განსხვავდება ეს ორი გარემო შენთვის?

- არმაზში სტუმრები რომ ჩამოდიან, ამ სიმშვიდით გაოცებულები რჩებიან. მე მეგაპოლისის მკვიდრი ვარ - მანქანის გამონაბოლქვი რომ არ შევისუნთქო, ცუდად გავხდები. სხვანაირად ვერც ვიცხოვრებ. მიყვარს ხალხმრავლობა, მანქანების ხმაური... ბუნებაში განმარტოება და სიმშვიდე, ჯერჯერობით, არ მიტაცებს. როცა დავბერდები, მერეც მოვასწრებ. ისე, სიკვდილის ძალიან მეშინია. ერთხელ ვთქვი, ახალგაზრდა რომ მოვკვდე, აჯობებს-მეთქი. სიბერეს, ვიცი, ძნელად გადავიტან... გამიჭირდება ხმაურის გარეშე, ჩემთან ინტერვიუსთვისაც ხომ აღარ მოვლენ...

- ოჯახში და როგორც ქალი, რეალიზებული ხარ?

- რა თქმა უნდა. 19 წელია, მე და ნიკამ ოჯახი შევქმენით და ძალიან კარგად ვგრძნობ თავს. მგონი, სამჯერ უნდა დავაკაკუნო...

- ჯვარი მოგვიანებით დაიწერეთ?

- ძალიან გვიან, 13 წლის მერე. ჩვენი შეუღლება ქვეყანაში შექმნილ ისეთ პერიოდს დაემთხვა, რომ უხერხული იქნებოდა ჯვრისწერა და ქორწილის გადახდა. ამ თემაზე საუბარიც არ გვქონია. ამ პერიოდში გარდაიცვალა ჩვენი ორი მეჯვარეც. 13 წლის შემდეგ მივხვდით, რომ ოჯახი კიდევ რაღაცით უნდა შეგვეკრა და გაგვეძლიერებინა. მინდა გითხრათ, რომ იმ ყველაფრისთვის ღირდა დაცდა. საოცარი ქორწილი მქონდა იერუსალიმში, ჯვრისწერაზე მეცვა სიმონიკო მაჩაბლის მიერ, ლონდონიდან გამოგზავნილი Cloe-ს თეთრი კაბა. მართალია, გრძელი არ იყო, მაგრამ სწორედ ისეთი აღმოჩნდა, როგორსაც ველოდი, ქორწილამდე ეს კაბა არც მინახავს.

- ამ პერიოდში ისიც გაარკვიე, რომ ნიკა სწორედ "ის ადამიანი" იყო?

- ნიკა ყოველთვის ის ადამიანი იყო, ერთადერთი და განუმეორებელი. გასაოცარი ის იყო, რომ ჯვრისწერისას ძალიან ვღელავდი.

- ასაკის გამო პირველი შვილის აღზრდაში არ ჩარეულხარ?

- პირველი შვილი დედაჩემმა გაზარდა. რატომღაც მეგონა, რომ ასე იყო საჭირო. არადა რუსუდანი ზაზუკას გაჩენისას იმხელა იყო, რამხელაც მე ვარ ახლა. ბებია ძალიან ახალგაზრდა გახდა. მარიტა რომ გავაჩინე, განსხვავებული პასუხისმგებლობა ვიგრძენი. ერთი წელი ბუნებრივ კვებაზე მყავდა. ვცხოვრობდი მხოლოდ არმაზში და მხოლოდ ბავშვით ვიყავი დაკავებული.

მარიტა ჩვენი ახალი სიხარულია. ზაზუკა კი პირველი სიყვარული იყო, მოულოდნელად, ისე "დაგვატყდა თავს", ჯერ მზად არც ვიყავით ასეთი სიხარულის გასათავისებლად. მარიტას დაბადებასთან ერთად ჩვენს დიდ ოჯახს კრიზისული პერიოდი დაუდგა, კომპანიას პრობლემები ჰქონდა. ეს სირთულეები მარიტას არსებობამ გადაგვატანინა. ასევე დიდმა სიხარულმა კატომ, - გუკას და ნუცას გოგონამ.

- შენს გარდერობზეც გვითხარი...

- მაქვს როგორც იაფფასიანი, ისე ძვირად ღირებული სამოსი. ნივთს ერთი შეხედვით არასდროს ვირჩევ. ძალიან ბევრს ვფიქრობ. თუ არ მომეწონება, ნივთს ვერ ვყიდულობ. ვფიქრობ, რომ სტილი ადამიანის ინდივიდუალიზმზე მეტყველებს. ბრენდები არ მაინტერესებს. მაგალითად, Lanvin-ის კაბა და თუნდაც კენზოს პალტო მხოლოდ იმიტომ მაქვს, რომ ულამაზესია. ლონდონში არის ჩემი საყვარელი მაღაზიები, სადაც სამოსს ვირჩევ. მოდის მიხედვით თუნდაც იმიტომ არ უნდა ჩაიცვა, რომ წლების მერე ფოტოების დათვალიერებისას არ შეგრცხვეს, ვაიმე, ეს რა მეცვაო.

- მინდა "ანაბეჭდის" პერიოდზე ვისაუბროთ, შენნაირი პროტესტის ფორმისთვის, მგონი, მსოფლიოში არავის მიუმართავს... შავ ნომერს და ცარიელ გვერდებს ვგულისხმობ...

- ეს იყო პროტესტის არტფორმა. არ ვარ რადიკალური, მაგრამ მაშინ შესაძლებლობა მქონდა, ამ ფორმით გამომეხატა პროტესტი. ეს შავი ნომერი მარტო ჩემი მოფიქრებული არ ყოფილა. მთელი შემოქმედებითი ჯგუფის თანხმობით და ერთსულოვნებით გაკეთდა, როცა ეს იდეა ოჯახის წევრებს გავანდე, დადუმდნენ. არასდროს ერევიან ჩემს გადაწყვეტილებებში.

- ფინანსურად ძლიერი ოჯახის წევრი რომ არ ყოფილიყავი, როგორც გამომცემელი, გარისკავდი ასეთი ჟურნალის გამოცემას? ყველას არ აქვს ამის ფუფუნება...

- სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი, რომ ამ რისკის უფლება საკუთარ თავს ფინანსურად ძლიერი ოჯახის შვილმა მივეცი. ემოციური ვარ და წინასწარ არაფერზე ვფიქრობ. თუმცა, ამ გამოცემას არ ვნანობ. პროტესტის ასეთი ფორმა ჩემთვის მისაღებია. მინდა გითხრათ, არც ვინმესგან ყოფილა რაიმე სახის მუქარის ზარი. ოჯახის წევრები წინასწარ გავაფრთხილე, მაგრამ ვერაფრით წარმოიდგინეს, რომ ამ იდეას ნამდვილად განვახორციელებდი.

- რას მეტყვი იდეებზე, რომელიც "ანაბეჭდის" პერიოდში ხშირად მოდიოდა შენგან და ხორციელდებოდა, "დღევანდელი პასიურობის" პერიოდში სად არიან ისინი?

- ახლაც მაწუხებს იმდენი კარგი იდეა, აღარ ვიცი, სად წავიღო. ახლა თემატური შეკრებები ხშირად იმართება, მაგრამ მაშინ, როცა "რედ- ფართი" მოვაწყვე, ახალი იყო. მეუბნებოდნენ, წითლებში ჩაცმული საზოგადოება როგორ უნდა შეკრიბოო. ჩემდა გასაკვირად, ყველა წითელი სამოსით მოვიდა. ფართიზე ყველაფერი წითელი იყო, ქაღალდიდან დაწყებული - სანთლებით დამთავრებული.

ეს ნივთები საკუთარი ხელით, ავსტრიიდან ვათრიე. რადგანაც "ბომონდთან" ვსაუბრობ, გაგიმხელთ, რომ "ანაბეჭდელები" საინტერესო პროექტის განხორციელებას ვაპირებთ, ჩვენების გამართვას ვგეგმავთ: "ანაბეჭდის" თითოეულმა თანამშრომელმა თითო კოსტიუმზე უნდა იმუშაოს, რომელიც ერთი კონცეფციით გაერთიანდება. ჩვენთან ერთად იმუშავებენ მწერლები, დიზაინერები, ჟურნალისტები.

- "ანაბეჭდის" გამოცემა ახლა შეჩერებულია?

- ორი წელია, აღარ გამოდის, თუმცა თავის ანაბეჭდს პერიოდულად ტოვებს, უკვალოდ არ გავქრებით.

ახლა, ტელევიზიაში სხვა წამყვანებთან ერთად, ერთ-ერთი გადაცემის წაყვანა შემომთავაზეს. უარი არ მითქვამს, მათ გამოხმაურებას ველოდები. ეკრანზე იმდენი ხანი არ გამოვჩენილვარ, რომ მეშინია და ვნერვიულობ. კრიტიკის საშინლად მეშინია. კრიტიკა ვიღაცისთვის სტიმულია, მე კი მტკივნეულად განვიცდი. ამიტომ ან ძალიან კარგს გავაკეთებ, ან საერთოდ არ გავაკეთებ...

და, საერთოდ, ძალიან მიყვარს ეს ქალაქი თავისი საზოგადოებით თუ ურთიერთობებით. სინამდვილეში სწორედ ამ ქალაქში აქვს ცხოვრებას "მუღამი". აქ აინტერესებთ, თუნდაც, ჩემი ინტერვიუ, რომელიც "ბომონდში" დაიბეჭდება. ძალიან მიყვარს ეს ხალხი და მათგანაც ვგრძნობ კეთილგანწყობას. მიხარია და ვფიქრობ, რომ ცხოვრებაში გამიმართლა.

ზურაბ მგალობლიშვილი

ჟურნალი "ბომონდი"

დეკემბრის ნომერი