08-11-2019
მისი წიგნის პერსონაჟები მხოლოდ ქალები არიან, რადგან თვლის, რომ მათი უკეთ ესმის და მათ ტკივილსაც ზედმიწევნით გრძნობს. ახალგაზრდა მწერალი ნატა თვალაძე რამდენიმე წელია, ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაინტერესდა. რამდენიმე ცხოვრებისეულმა ამბავმა კი ისე იმოქმედა მასზე, რომ შემდგომ ეს ამბები წიგნად აქცია. ნატა პიროვნული ზრდისა და ბიზნესის განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელიცაა. თავისი საქმიანობისა და რომანების საშუალებით სურს დაეხმაროს იმ ქალებს, რომლებსაც არსებული რეალობა არ მოსწონთ და სიცოცხლე ერთგვარ განაჩენად ეჩვენებათ.- ბიზნესადმინისტრირების
- თქვენი მეორე წიგნის თემატიკა სწორედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობაა. ეს საკმაოდ აქტუალური თემაა.
- რომანი 4 ქალის რეალურ ამბავზეა აგებული და კარგად ასახავს ქართულ სინამდვილეს, რომელიც მწარე და თან ეკლიანია. 22 წლის სალომე ზანდუკელის შესახებ რომ წავიკითხე, მაშინ გადავწყვიტე, ამ თემაზე დამეწერა. ზოგადად, ძალადობის შესახებ ხშირად გვესმის მეზობლებისგან, მეგობრებისა თუ ნაცნობებისგან. ბევრი მასალა მქონდა და ზოგჯერ არც მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გარშემო ნამდვილად ხდებოდა. სალომეს რეალურ ამბავში არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა შეყვარებულის რეაქცია და სიტყვები: შენს ადგილას რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, სიცოცხლე როგორ უნდა გააგრძელოო... ამან უფრო მეტად მოკლა შინაგანად, ვიდრე თვით ფაქტმა. ჩემი გმირიც სწორედ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გადის რთულ პერიოდს.
მეორე ისტორია ჩემ გარშემო განვითარდა - ბავშვობის მეგობრები იყვნენ: 2 ბიჭი და გოგონა ერთ კორპუსში, ერთ ეზოში გაზრდილები. შემდეგ ისე მოხდა, რომ ორივეს შეუყვარდა გოგონა, რომელმაც არჩევანი ერთ-ერთზე გააკეთა.
მეორემ იცოდა, რომ მალე უნდა დაქორწინებულიყვნენ და მთვრალმა გააუპატიურა. 90-იანი წლები იყო, როდესაც მსხვერპლს აიძულებდნენ მოძალადეს ცოლად გაჰყოლოდა.
რეალურ ისტორიაში შეყვარებული საზღვარგარეთ წავიდა და ცხოვრება გააგრძელა, ის გოგო კი მაინც გააყოლეს მოძალადეს, თუმცა წლების შემდეგ გაშორდა - რთული აღმოჩნდა მასთან თანაცხოვრება. ერთი შვილი ჰყავდათ. წლების შემდეგ თვითონაც გათხოვდა. ასეთი იყო რეალური ამბავი, თუმცა წიგნში რაღაცები შევცვალე - ჩემი გმირი, ნინა შეეწინააღმდეგა ოჯახის გადაწყვეტილებას და გერმანიაში წავიდა. იქ დაოჯახდა, მაგრამ არ გაუმართლა, მისი ქმარი სიმთვრალეში აფექტური და მასაც გაშორდა. ძალადობის გამო ბავშვი დაკარგა, აბორტის შედეგად კი - შვილოსნობის უნარი.
ესეც რეალური ამბიდან ავიღე, ოღონდ უკვე სხვა ქალბატონის. ნინა პროფესიით არტთერაპევტია. ჩადის ინდოეთში, ჯანმრთელობის სახლში, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თავშესაფარია. ვერ წარმოიდგენთ, ბავშვებს რეალურად რა გადააქვთ იქ. ინდოეთში ხომ პატარებს ათხოვებენ, ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ქმრებისგან, მამამთილებისგან. მესამე გმირი პაულა (პაულა ჰქვია სინამდვილეშიც და რომანშიც) კი იტალიელია (ტყუილად გვგონია, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ასეთი ამბები). ის ინგლისში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ თავისმა რექტორმა შეხვედრა შესთავაზა, გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. სცემდა, სახლში კეტავდა, სექსუალურად ძალადობდა. პაულა თავისი სახლიდან შორს იყო. ამბობდა, ვერც ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მეგონა, პოლიციაში თუ განვაცხადებდი, ფაქტების გარეშე სიმართლეს ვერავის დავაჯერებდი და ამის გამო მომკლავდაო. მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვიყავი და ვიცოდი, როგორ უნდა დავპირისპირებოდი, ყველაფერი მოკვდა ჩემში, მხოლოდ იმის შიში მქონდა, არ ვეცემე და არ მოვეკალიო. ის თარგმნიდა ტექსტებს იტალიურიდან ინგლისურად და ფულს აგროვებდა. იმდენი მოახერხა, რომ თავის ოთახში კამერები დაეყენებინა და მერე სამხილებით პოლიციაში გაიქცა. ის კაცი საკმაოდ ცნობილი იურისტი იყო და პაულას ეშინოდა, რომ არ დაუჯერებდნენ. ასეთი ნაცემი ხარ და გეგონა, ვიდეოს გარეშე არ დაგიჯერებდითო? - ასე უთქვამთ პოლიციაში. ამის შემდეგ მოძალადე პასუხისგებაში მისცეს, პაულა კი იტალიაში დაბრუნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა და ახლა თვითონ იცავს სხვა ქალებს, განსაკუთრებით, ემიგრანტებს.
- ნატა, არსებობს კვლევა იმის შესახებ, თუ რა იწვევს ძალადობისა და აგრესიულობის ასეთ მომძლავრებას?
- რამდენიმე წლის წინ უცხოელებმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა. აქ არავინ საუბრობს იმაზე, რაც აწუხებს. თერაპია გაიარეო, რომ შესთავაზო, ბევრი ამას შეურაცხყოფად მიიღებს, გიჟი ხომ არ ვარო? საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იქიდან იწყება, თუ გააცნობიერებ, რაც გაიარე. ძალადობა უკვე დანგრეული ფსიქიკის გამოვლინებაა. თუ მთავარ მიზეზს არ ვუმკურნალეთ, არაფერი შეიცვლება... კარგი იქნება, თუ განათლების სისტემაში ჩავრთავთ ჰუმანურ პედაგოგიკას, მშობლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ბავშვებს ვასწავლით ემოციების მართვას, ემპათიურობას. წლევანდელი კვლევა რომ წავიკითხე, ოჯახში 7 ქალში ერთი ხდება ძალადობის მსხვერპლი, რასაც ქალების 21% და მამაკაცების 32% თურმე ამართლებს. თუ ქალი საცემია, უნდა სცემოო - ქალი რომ ასე ფიქრობს, ის როგორს გაზრდის თავის შვილებს? იხილეთ სრულად
ნინო ჯავახიშვილი
იყავი პირველი!