"ერთ-ერთი ამბავი ჩემ გარშემო განვითარდა - ბავშვობის მეგობრები იყვნენ: 2 ბიჭი და გოგონა" - შემზარავი რეალური ამბები
"ერთ-ერთი ამბავი ჩემ გარშემო განვითარდა - ბავშვობის მეგობრები იყვნენ: 2 ბიჭი და გოგონა" - შემზარავი რეალური ამბები
მისი წიგნის პერსონაჟები მხოლოდ ქალები არიან, რადგან თვლის, რომ მათი უკეთ ესმის და მათ ტკივილსაც ზედმიწევნით გრძნობს. ახალგაზრდა მწერალი ნატა თვალაძე რამდენიმე წელია, ქალთა მიმართ ძალადობის თემით დაინტერესდა. რამდენიმე ცხოვრებისეულმა ამბავმა კი ისე იმოქმედა მასზე, რომ შემდგომ ეს ამბები წიგნად აქცია. ნატა პიროვნული ზრდისა და ბიზნესის განვითარების ცენტრის თანადამფუძნებელიცაა. თავისი საქმიანობისა და რომანების საშუალებით სურს დაეხმაროს იმ ქალებს, რომლებსაც არსებული რეალობა არ მოსწონთ და სიცოცხლე ერთგვარ განაჩენად ეჩვენებათ.

- ბიზნესადმინისტრირების
ფაკულტეტი დავამთავრე, 28 წლამდე ამ პროფესიით ვმუშაობდი და საკმაოდ რეალიზებულიც ვიყავი, თუმცა პიროვნული ზრდის ტრენინგმა ჩემი ცხოვრება მთლიანად შეცვალა.
მანამდე სულ მაწუხებდა სიცარიელის შეგრძნება, შინაგანი უკმაყოფილების განცდა - თითქოს ყველაფერი მქონდა, მაგრამ ეს არ იყო ის, რაც გამაბედნიერებდა. მეგონა, სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობდი, რაღაც სხვა უნდა
მეკეთებინა. ტრენინგის შემდეგ ბევრი მიძინებული ნიჭი და მისწრაფება აღმოვაჩინე ჩემში, წერა დავიწყე. მანამდე ლექსებს ვწერდი, თუმცა დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებდი ამას. ბავშვობიდან მესმოდა, რომ ლექსების წერით ბევრს ვერაფერს მივაღწევდი, რამე პროფესია უნდა ამერჩია. არადა, ხელოვნება მიყვარდა, სპექტაკლებში ვთამაშობდი, სცენარისტობასა და მწერლობაზე ვოცნებობდი. ტრენინგის შემდეგ წერა ხომ დავიწყე, პიროვნული ზრდის თემითაც დავინტერესდი და არაერთი პროექტის თანაავტორი გავხდი მეუღლესთან ერთად. გარდა ამისა, ისეთი ქალებისთვის, ვისაც ერთი შეხედვით, ყველაფერი ჰქონდა, მაგრამ სიცარიელის გრძნობა მოსვენებას არ აძლევდა, პროექტი გავაკეთე, სახელწოდებით - "მე ქალი ვარ". ეს არის ყველაფერი? მორჩა, სხვა არაფერი შემიძლია? - ეს კითხვები ალბათ ბევრს აწუხებს. ჯოზეფ კემპბელი - ფსიქოლოგი და მითოლოგი თავის წიგნში გმირის მოგზაურობას აღწერს და ამბობს, ყველა ადამიანი ისმენს ძახილს, რომ რაღაც მეტი უნდა გააკეთოს, მეტს მიაღწიოსო. კემპბელის წიგნის წაკითხვის შემდეგ მივხვდი, რომ ეს გზა მე უკვე გავლილი მქონდა და ისეთი რამე მინდოდა დამეწერა, რაც მკითხველს დაეხმარებოდა უფრო იოლად გაევლო იგივე გზა. ჩემს პირველ წიგნს "სიზმრების ქალაქი" დავარქვი, მეორეს "სოლმეითი". ახლა მესამე წიგნზე ვმუშაობ... მკითხველები მწერენ, რომ ეს არის კომპასი მათთვის, რაღაცის შეცვლის სტიმული გაუჩნდათ. მათ, ვინც ძალადობის მსხვერპლია და ვერავისგან გრძნობს მხარდაჭერას, ეს წიგნი მართლაც უჩვენებს გზას. სამწუხაროდ, საზოგადოება ასეთ ქალებს აბულინგებს ან მიაჩნია, რომ მსხვერპლმა დაიმსახურა, თუ მასზე იძალადეს.

- თქვენი მეორე წიგნის თემატიკა სწორედ ქალთა მიმართ განხორციელებული ძალადობაა. ეს საკმაოდ აქტუალური თემაა.
- რომანი 4 ქალის რეალურ ამბავზეა აგებული და კარგად ასახავს ქართულ სინამდვილეს, რომელიც მწარე და თან ეკლიანია. 22 წლის სალომე ზანდუკელის შესახებ რომ წავიკითხე, მაშინ გადავწყვიტე, ამ თემაზე დამეწერა. ზოგადად, ძალადობის შესახებ ხშირად გვესმის მეზობლებისგან, მეგობრებისა თუ ნაცნობებისგან. ბევრი მასალა მქონდა და ზოგჯერ არც მჯეროდა, რომ ეს ყველაფერი ჩვენ გარშემო ნამდვილად ხდებოდა. სალომეს რეალურ ამბავში არანაკლებ მტკივნეული აღმოჩნდა შეყვარებულის რეაქცია და სიტყვები: შენს ადგილას რომ ვიყო, თავს მოვიკლავდი, სიცოცხლე როგორ უნდა გააგრძელოო... ამან უფრო მეტად მოკლა შინაგანად, ვიდრე თვით ფაქტმა. ჩემი გმირიც სწორედ შეყვარებულთან დაშორების შემდეგ გადის რთულ პერიოდს.

მეორე ისტორია ჩემ გარშემო განვითარდა - ბავშვობის მეგობრები იყვნენ: 2 ბიჭი და გოგონა ერთ კორპუსში, ერთ ეზოში გაზრდილები. შემდეგ ისე მოხდა, რომ ორივეს შეუყვარდა გოგონა, რომელმაც არჩევანი ერთ-ერთზე გააკეთა.
მეორემ იცოდა, რომ მალე უნდა დაქორწინებულიყვნენ და მთვრალმა გააუპატიურა. 90-იანი წლები იყო, როდესაც მსხვერპლს აიძულებდნენ მოძალადეს ცოლად გაჰყოლოდა.

რეალურ ისტორიაში შეყვარებული საზღვარგარეთ წავიდა და ცხოვრება გააგრძელა, ის გოგო კი მაინც გააყოლეს მოძალადეს, თუმცა წლების შემდეგ გაშორდა - რთული აღმოჩნდა მასთან თანაცხოვრება. ერთი შვილი ჰყავდათ. წლების შემდეგ თვითონაც გათხოვდა. ასეთი იყო რეალური ამბავი, თუმცა წიგნში რაღაცები შევცვალე - ჩემი გმირი, ნინა შეეწინააღმდეგა ოჯახის გადაწყვეტილებას და გერმანიაში წავიდა. იქ დაოჯახდა, მაგრამ არ გაუმართლა, მისი ქმარი სიმთვრალეში აფექტური და მასაც გაშორდა. ძალადობის გამო ბავშვი დაკარგა, აბორტის შედეგად კი - შვილოსნობის უნარი.
ესეც რეალური ამბიდან ავიღე, ოღონდ უკვე სხვა ქალბატონის. ნინა პროფესიით არტთერაპევტია. ჩადის ინდოეთში, ჯანმრთელობის სახლში, სადაც ძალადობის მსხვერპლი ბავშვების თავშესაფარია. ვერ წარმოიდგენთ, ბავშვებს რეალურად რა გადააქვთ იქ. ინდოეთში ხომ პატარებს ათხოვებენ, ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლი ქმრებისგან, მამამთილებისგან. მესამე გმირი პაულა (პაულა ჰქვია სინამდვილეშიც და რომანშიც) კი იტალიელია (ტყუილად გვგონია, რომ მხოლოდ საქართველოში ხდება ასეთი ამბები). ის ინგლისში, იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლობდა. სწავლის დამთავრების შემდეგ თავისმა რექტორმა შეხვედრა შესთავაზა, გარკვეული პერიოდი ერთად ცხოვრობდნენ. სცემდა, სახლში კეტავდა, სექსუალურად ძალადობდა. პაულა თავისი სახლიდან შორს იყო. ამბობდა, ვერც ვაცნობიერებდი, რა ხდებოდა ჩემს თავს. მეგონა, პოლიციაში თუ განვაცხადებდი, ფაქტების გარეშე სიმართლეს ვერავის დავაჯერებდი და ამის გამო მომკლავდაო. მიუხედავად იმისა, რომ იურისტი ვიყავი და ვიცოდი, როგორ უნდა დავპირისპირებოდი, ყველაფერი მოკვდა ჩემში, მხოლოდ იმის შიში მქონდა, არ ვეცემე და არ მოვეკალიო. ის თარგმნიდა ტექსტებს იტალიურიდან ინგლისურად და ფულს აგროვებდა. იმდენი მოახერხა, რომ თავის ოთახში კამერები დაეყენებინა და მერე სამხილებით პოლიციაში გაიქცა. ის კაცი საკმაოდ ცნობილი იურისტი იყო და პაულას ეშინოდა, რომ არ დაუჯერებდნენ. ასეთი ნაცემი ხარ და გეგონა, ვიდეოს გარეშე არ დაგიჯერებდითო? - ასე უთქვამთ პოლიციაში. ამის შემდეგ მოძალადე პასუხისგებაში მისცეს, პაულა კი იტალიაში დაბრუნდა, არასამთავრობო ორგანიზაცია შექმნა და ახლა თვითონ იცავს სხვა ქალებს, განსაკუთრებით, ემიგრანტებს.

- ნატა, არსებობს კვლევა იმის შესახებ, თუ რა იწვევს ძალადობისა და აგრესიულობის ასეთ მომძლავრებას?
- რამდენიმე წლის წინ უცხოელებმა ჩაატარეს კვლევა და დაასკვნეს, რომ საქართველოში საზოგადოებრივი ცნობიერება ძალიან დაბალ დონეზეა. აქ არავინ საუბრობს იმაზე, რაც აწუხებს. თერაპია გაიარეო, რომ შესთავაზო, ბევრი ამას შეურაცხყოფად მიიღებს, გიჟი ხომ არ ვარო? საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება იქიდან იწყება, თუ გააცნობიერებ, რაც გაიარე. ძალადობა უკვე დანგრეული ფსიქიკის გამოვლინებაა. თუ მთავარ მიზეზს არ ვუმკურნალეთ, არაფერი შეიცვლება... კარგი იქნება, თუ განათლების სისტემაში ჩავრთავთ ჰუმანურ პედაგოგიკას, მშობლებს ჩაუტარდებათ ტრენინგები, ბავშვებს ვასწავლით ემოციების მართვას, ემპათიურობას. წლევანდელი კვლევა რომ წავიკითხე, ოჯახში 7 ქალში ერთი ხდება ძალადობის მსხვერპლი, რასაც ქალების 21% და მამაკაცების 32% თურმე ამართლებს. თუ ქალი საცემია, უნდა სცემოო - ქალი რომ ასე ფიქრობს, ის როგორს გაზრდის თავის შვილებს? იხილეთ სრულად


ნინო ჯავახიშვილი
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?