"შთაგონებული ვარ, მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ პრემიერას? - კვირის პალიტრა

"შთაგონებული ვარ, მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან" - როგორ ეხმაურება ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი გუშინდელ პრემიერას?

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" რეჟისორი, ლევან აკინი, საქართველოში ფილმის პრემიერის გამართვას "ინსტაგრამის" საკუთარ გვერდზე ეხმაურება.

"ძალიან ამაყი ვარ, რომ მუქარის ფონზე, არც ერთმა კინოთეატრმა, არ გააუქმა და არ გადადო კინოჩვენება და ამით სოლიდარობა გამოხატა. როგორც იქნა, ქართულმა აუდიტორიამ ფილმი იხილა! ეს ბრძოლა ჯერ კიდევ შორსაა დასასრულისგან და ძალიან შთაგონებული და შეძრული ვარ იმ მამაცი მაყურებლებით, რომლებიც არ შეშინებულან და არ მიუტოვებიათ ფილმის ყურება",- წერს აკინი.

ლევან აკინის ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოს კინოთეატრებში გუშინ შედგა.

"ქართული მარშის" წევრებმა და ლევან ვასაძის თანამოაზრეებმა კინოათეატრებთან ფილმის ჩვენება გააპროტესტეს. თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე რამდენჯერმე მოხდა შეხლა-შემოხლა. შსს-ს ინფორმაციით, სულ 28 პირია დააკავებული. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი.

იხილეთ ასევე: "ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?