"დიდი ხნის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს?!" - კვირის პალიტრა

"დიდი ხნის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს?!"

"ჯერ რომ სიცოცხლეს მოუსწრაფებ და მერე ყოფილი მეუღლის სახელს ჩირქს მოსცხებ, კაცი კი არა, არარაობა ხარ, აბა, რა ხარ?!"

არცთუ ისე დიდი ხნის წინ, ხაშურში, ყოფილმა მეუღლემ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ქალი სიცოცხლეს გამოასალმა. ვინ იცის, მერამდენე შემთხვევაა ეს საქართველოში, როცა ქმრები ყოფილ "მეორე ნახევრებს" უმოწყალოდ უსწორდებიან. ოჯახური ძალადობა მთელ მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული მოვლენაა, რომელსაც ყველა ცივილიზებულ ქვეყანაში ებრძვიან. არის თუ არა ქალზე ძალადობა საქართველოში და რატომ უსწორდებიან ქმრები ყოფილ მეუღლეებს ასე დაუნდობლად? - ეს შეკითხვა პოპულარულ ქართველ მამაკაცებს დავუსვით, რომლებმაც ეს მოვლენა მწვავედ გააკრიტიკეს...

"ქალზე ძალადობის ძირები ჩვენს კულტურაში არ არის"

გია ბაღაშვილი, ხელოვნებათმცოდნე, მუსიკოსი:

- ქალებზე ძალადობამ მართლაც იმატა და ეს შემაძრწუნებელი ფაქტია. ამდენი ძალადობრივი სიკვდილი ნამდვილი ეროვნული ტრაგედიაა, თუმცა ერთი რამ უნდა ვთქვა: ქალზე ძალადობის ძირები ჩვენს ტრადიციულ კულტურაში საძიებელი არ არის. პირიქით, ქალის პატივისცემა, მის მიმართ სათუთი გრძნობების გამოხატვა, მოფრთხილება, დაცვა, მისთვის თავდადება - აი, ეს თემებია ისტორიულად დამახასიათებელი ქართული ხასიათისთვის, ჩვენი ხელოვნებისა და კულტურისთვის. საუკუნეების განმავლობაში, ამ ფასეულობებით ზრდიდა ქართველი დედა ვაჟს. ზოგადად, ძალადობაა გაზრდილი, როგორც ფიზიკური, ისე - ფსიქოლოგიური. გაიხსენეთ, მკვლელობის, დაჭრის, ჩაგვრისა და ე.წ. ბულინგის გახშირებული შემთხვევები მოზარდებში. ჩემი აზრით, ძალადობის ზრდის მთავარი მიზეზი, ერთი მხრივ, მწვავე სოციალური პრობლემები - უმუშევრობა, სიღატაკე, სოციალური უთანასწორობაა, მეორე მხრივ კი - წლების განმავლობაში მიმდინარე მიზანმიმართული შეტევა ტრადიციულ ღირებულებებზე, მათ შორის, ოჯახის ინსტიტუტსა და ეკლესიაზე.

"თუ ადამიანი მოძალადეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს"

არჩილ სოლოღაშვილი, მსახიობი:

- ეს ძალიან მძიმე თემაა! ვერ ვიტყვი, სად იზრდებიან ან ყალიბდებიან მოძალადე მამაკაცები, რისი დამსახურებაა ეს - იმ უბნის, იმ გარემოსი, სადაც იზრდებიან თუ - გენეტიკის... მე ამის ექსპერტად ვერ გამოვდგები, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი: მშობლები ბავშვებს უფრო მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ. მნიშვნელობა არა აქვს, ქალი იქნება თუ კაცი, მოძალადე ორივე შეიძლება იყოს. არავინ იცის, სხვის ოჯახში რა ხდება, მაგრამ სიკვდილს არავინ იმსახურებს. თუ ადამიანი მოძალადეა, აუცილებლად უნდა დაისაჯოს.

"ხშირად ქალები ბევრად უფრო დაუნდობელნი არიან ქალების მიმართ"

გია ბუღაძე, მხატვარი:

- 21-ე საუკუნის საქართველოში ქალები ბევრად უფრო პრინციპულები, გონიერები და შრომისუნარიანები არიან, მამაკაცების უმრავლესობას კი, მხოლოდ ტრადიციული შეხედულებები შემორჩა, მათ უმეტესობას არც შემოსავალი აქვს, არც ქონება და არც - ღირსეული მდგომარეობა. მამაკაცი თავის ადგილზე აღარ დგას და დაჩაჩანაკებულია. როცა ცოლი უფრო ძლიერია, ეს ზოგიერთ მამაკაცში აგრესიას და ბოღმას იწვევს. ის ქალები, რომლებიც ყოფილი ქმრების მსხვერპლად იქცნენ, სწორედ ასეთები იყვნენ: გაბედულები, ძლიერები და საქმიანები... ზოგიერთი უცხოეთიდან იყო ჩამოსული და სამშობლოში თავის დამკვიდრებას ცდილობდა. როგორც წესი, ქალებზე დაბოღმილი, დასუსტებული და გაუნათლებელი მამაკაცები ძალადობენ. ძლიერ მამაკაცებს ჭკვიანი ქალებისა არ ეშინიათ, პირიქით, პატივს სცემენ და უყვართ. როცა ადამიანი ჩლუნგი, ხეპრე და გაუნათლებელია, ყველაფერს იკადრებს. ჯერ რომ სიცოცხლეს მოუსწრაფებ და მერე ყოფილი მეუღლის სახელს ჩირქს მოსცხებ, კაცი კი არა, არარაობა ხარ, აბა, რა ხარ?! რას ვიზამთ, სავსეა ქვეყანა სუსტი და მხდალი მამაკაცებით, ისინი ვერ ეგუებიან, რომ ცოლი უფრო წარმატებულია, უფრო ლამაზია და საზოგადოებაში ჩანს. ყველაზე მეტად კი, იცით, რა მაკვირვებს? - ხშირად ქალები უფრო თავგამოდებით იცავენ მოძალადე მამაკაცებს და მსხვერპლს კიცხავენ - მსხვერპლს, რომელმაც გაბედა და ახალი ცხოვრების დაწყება სცადა. ქალები ბევრად უფრო დაუნდობლები არიან ქალების მიმართ, რაც მაკვირვებს. როგორც ჩანს, ეს დახურული, გაუნათლებელი საზოგადოების დამახასიათებელი ნიშანია.

"დიდი ხნის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს?!"

რატი დურგლიშვილი, მომღერალი:

- მე ბოლომდე ვერც ვუყურე სიუჟეტს, სადაც რამდენიმე კვირის წინ მოკლულ გოგონაზე საუბრობდნენ. ასეთი ფაქტები შემზარავია ნებისმიერი ადამიანისთვის. როდესაც შენს მეორე ნახევარს ასეთ მდგომარეობაში ჩააგდებ და ფიზიკურად კი არა, თუნდაც სიტყვიერად შეურაცხყოფ, ეს უკვე ძალადობაა. სულ სხვა საკითხია, რომ ხშირად პოზიციებს არც ერთი მხარე თმობს და კონფლიქტიც ამის გამო წარმოიშობა, მიუხედავად ამისა, ქალზე ძალადობა მაინც დაუშვებლად მიმაჩნია. მე ვერ წარმომიდგენია, მამაკაცმა ქალზე ხელი როგორ უნდა აღმართოს ან ეს აგრესია საიდან მოდის. ისიც არ მესმის, 5-6 წლის გაშორებული ქმარი რატომ უნდა აკონტროლებდეს ყოფილ ცოლს და რატომ უნდა აკვირდებოდეს მის ცხოვრებას. ალბათ, ეს უფრო ეგოიზმის დამსახურებაა. მესაკუთრეობის განცდა ძალიან ცუდი რამ არის. არავის აქვს უფლება, მეორე ადამიანი თავის საკუთრებად მიიჩნიოს და ახალი ცხოვრების დაწყების უფლება წაართვას. ოჯახები იშლება, ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და უცხონი ხდებიან, მაგრამ ასეთი დამოკიდებულება ჩემთვის გაუგებარია. ნებისმიერი ძალადობის წინააღმდეგი ვარ, მიუხედავად იმისა, რომ ზოგჯერ კონფლიქტი ქალის პროვოცირებულია. მე ეს საკუთარ თავზე გამომიცდია და ვიცი, ასეთ დროს ადამიანმა ყველაფერი ცივი გონებით უნდა განჭვრიტოს და კონფლიქტი გონივრულად გადაწყვიტოს. გაგრძელება