"დავით ბერძენიშვილს მე გადავეფარე, ამის გამო შეიძლება ბევრმა გამკიცხოს - ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ცოტა გამოაფხიზლებს" - კვირის პალიტრა

"დავით ბერძენიშვილს მე გადავეფარე, ამის გამო შეიძლება ბევრმა გამკიცხოს - ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ცოტა გამოაფხიზლებს"

დავით ბერძენიშვილს ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ეს პანღური ცოტა გამოაფხიზლებს, - ამის შესახებ "ქართული მარშის"ერთ-ერთმა ლიდერმა სანდრო ბრეგაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ბრეგაძე აცხადებს, გუშინ, როცა დავით ბერძენიშვილს ფიზიკურად გაუსწორდნენ, დასაცავად გადაეფარა.

"ცხოვრებაში ვერ წარმოვიდგენდი, რომ დავით ბერძენიშვილის დაცვა მომიწევდა. მე გადავეფარე ამ პროვოკატორს. ბერძენიშვილი ინაურის დროინდელი სტაჟიანი უშიშროების აგენტია და კარგად იცის სად მოაწყოს პროვოკაცია. როცა აღელვებულ ადამიანებში შემოდიხარ, წინასწარ იცი, ამას რა მოჰყვება. საბედნიეროდ, მე გადავეფარე ბერძენიშვილს. ამის გამო შეიძლება ბევრმა განმკიცხოს, მაგრამ ვფიქრობ, რომ იქ რამე ინციდენტი არ უნდა მომხდარიყო. ერთი პანღური მოხვდა და კარგია, ცოტა გამოაფხიზლებს ეს პანღური", - განაცხადა ბრეგაძემ.

შეგახსენებთ, რომ კინოთეატრ "ამირანთან" "რესპუბლიკური პარტიის" ერთ-ერთ ლიდერს, დავით ბერძენიშვილს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დავით ბერძენიშვილის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს.

ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

"ინტერპრესნიუსი"