როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს - კვირის პალიტრა

როგორ ეხმაურება უცხოური მედია საქართველოში ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს

უცხოური მედია, გუშინ თბილისის და ბათუმის კინოთეატრებში ფილმ "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერას და მის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება. საპროტესტო აქციებს, რომელიც თბილისსა და ბათუმში გაიმართა, ისეთი გავლენიანი გამოცემები ეხმაურებიან, როგორებიცაა, BBC, "რადიო თავისუფლება", "დეილი მეილი" და ა.შ.

"ასეულობით ულტრამემარჯვენე აქტივისტმა სცადა შვედურ-ქართული ფილმის პრემიერის ჩაშლა თბილისში. "გაუმარჯოს საქართველოს"! "სირცხვილია"! - სკანდირებდნენ კინოთეატრ "ამირანთან" შეკრებილი აქტივისტები, ხოლო მართლმადიდებელი მღვდლები ლოცვებს აღავლენდნენ", - წერს "რადიო თავისუფლება".

"დეილი მეილის" ინფორმაციით, ფილმს საერთაშორისო ასპარეზზე დიდი გამოხმაურება მოჰყვა, თუმცა "კავკასიის ქვეყნის გავლენიანმა მართლმადიდებლურმა ეკლესიამ ის ქართული ღირებულებების შეურაცხყოფად შერაცხა". გამოცემის ინფორმაციით, მთავრობის კრიტიკოსები მას ჰომოფობიურ და ნაციონალისტურ ჯგუფებისადმი მხარდაჭერაში ადანაშაულებენ.

BBC-ის ცნობით, ფილმების გაპროტესტება საქართველოში არახალია და ამ კონტექსტში, "დავინჩის კოდის" წინააღმდეგ გამართულ აქციებს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ქართულ-შვედური ფილმის - "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენება საქართველოს კინოთეატრებში გუშინ გაიმართა.

ბიზნესმენი ლევან ვასაძე და მისი თანამოაზრეები, "ქართული მარშის" წევრები და მხარდამჭერები ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას ეწინააღმდეგებოდნენ და პრემიერის ჩაშლას გეგმავდნენ, რასაც დაპირისპირება რამდეჯერმე მოჰყვა.

8 ნოემბერს, თბილისისა და ბათუმის კინოთეატრებთან გამართულ აქციებზე სულ 28 პირი დააკავეს. სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებულია 1 პირი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის კი 27 პირი. ინციდენტების დროს დაშავდა ორი სამართალდამცველი, რომლებსაც საავადმყოფოში შესაბამისი მკურნალობა ჩაუტარდათ.

"ინტერპრესნიუსი"