"სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები" - კვირის პალიტრა

"სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები"

8 ნოემბერს ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეს, მის სახლ-მუზეუმში, პრემია "საგურამოს" დაჯილდოების ცერემონიალზე, ქართული კულტურის და სულიერების წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისთვის, ილია ჭავჭავაძის სახელობის მედალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაიას (ჭანტურია) გადასცეს.

მეუფე ღონისძიებას არ დასწრებია, წერილი გამოაგზავნა, რომელსაც სრულად გთავაზობთ:

"რაც ილიას სახელს უკავშირდება ჩემთვის ყოველივე ძვირფასი არის!

მახსოვს, რომ ილიას პუბლიცისტური წერილები ჩემთვის იყო დიდი სულიერი საზრდო, საზრისისა და ძალის მომცემი; თეატრალურ ინსტიტუტში მისაღებ გამოცდაზე სწორედ მისი საახალწლო წერილი "რა გითხრათ, რით გაგახაროთ?.." წავიკითხე; ხოლო სტუდენტობისას როცა ვიწამე ქრისტე, ნათლობის დროს ვითხოვე ილია დაერქმიათ, ილიას პატივისცემითა და სიყვარულით!..

"მარად და ყველგან, საქართველოვ, მე ვარ შენთანა!..მე ვარო შენი თანამდევი უკვდავი სული." ამბობს ილია და მართლაც, ილია ჭავჭავაძე, მისი ცხოვრება და შემოქმედება, მისი ძალისხმევა, დღესაც ღრმა კვალს ტოვებს და დღესაც საქმობს (მოქმედებს) საქართველოსა და კაცობრიობის უკეთესი მომავლისათვის. უკვალოდ მაინც ხომ არ ჩაუვლია მის განწირულ სულისკვეთებას და გზა უვალი მისგან თელილი - ბარათაშვილის მერანის მსგავსად - ხომ მაინც დარჩა? ხომ გამოისხა ნაყოფი კეთილი და მისი მთავარი ფიქრი "ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს!"-ო ხომ აღსრულდა, თუმცა ჭრილობების გარეშე ეს არ მომხდარა და ეს წყლულები დღესაც აჩნევია საქართველოს ფიზიკურ სხეულს და მის შვილებსაც!..

ჩემი ინსტიტუტში სწავლის დრო დაემთხვა საბჭოთა კავშირის რღვევასა და ეროვნული მოძრაობის გამოღვიძებას, რასაც მთელი გულით თანავუგრძნობდი; იმ დროს ხშირი იყო "საქართველო"- შეძახილები და როცა მეჩვენა, რომ შრომისა და ოფლის ღვრის ნაცვლად ადამიანები ერთმანეთს ავი სიტყვის თქმაში ეჯიბრებოდნენ, ამ მოძრაობას გამოვერიდე და ჩემ თავს ვუთხარი - შენი, ქვეყნის, შენი სამშობლოს, შენი ხალხის სიყვარული და მისი სამსახური არის ის, რომ საქმე რომელსაც აკეთებ აკეთო - რამდენადაც შესაძლებელია -კარგად და გადავწყვიტე დაწყებული სწავლის პროცესი როგორმე ბოლომდე მიმეყვანა, და მაშინ როცა იყო სამოქალაქო ომი და სხვა ომები; უშუქობა, უტრანსპორტობა და მრავალი გასაჭირი, დიდი ძალისხმევის ფასად - ვფიქრობ რომ ილიას დახმარებით - დიპლომი დავიცავით, გადავიღეთ - 10 წუთიანი ანიმაციური ფილმი, "რაც მოგივა დავითაო..."

იმ დროისათვის სამონასტრო ცხოვრება მქონდა გადაწყვეტილი და მორჩილებას აფხაზეთში შევუდექი, (მაშინ) ცხუმ-აფხაზეთის ეპისკოპოს დანიელის ხელმძღვანელობით. 1993 წლის 27 სექტემბერს დევნილებმა დავტოვეთ სოხუმი და საკენი-ჭუბერის უღელტეხილი გამოვიარეთ...

1995 წლიდან ვიმყოფები ნიქოზისა და ცხინვალის ეპარქიაში, შიდა ქართლში, შუა ქართლში, შუაგულ საქართველოში; რომელმაც ამ უახლოეს წარსულშიც უდიდესი განსაცდელი გამოიარა და გვყავს მრავალი ათასი, სამოსახლოდან აყრილი და დევნილი ადამიანი.

ეპისკოპოსი წმიდა ალექსანდრე ოქროპირიძე, ილიას მოძღვარი, მის სახელთან განუყრელად დაკავშირებული ადამიანი, რომელიც მხოლოდ წიწამურის ტრაგედიის შემდეგ (1907) 83 წლისა ჩამოვიდა შიო მღვიმის მონასტრიდან ილიას დაკრძალვაზე და იმავ 1907 წელს თითქოს ბოლოჯერ დაესწრო 8 ნოემბერს, ილიას დაბადების დღეს და 9 ნოემბერს გარდაიცვალა; მისი სამშობლო, სოფელი დისევი, შიდა ქართლის, პატარა ლიახვის ხეობის მშვენიერი სოფელი იყო, სამშობლო წმიდა ალექსანდრესი, ეს სოფელიც 2008 წლის ომის შემდეგ დაცლილია და სხვა მრავალი სოფლის მსგავსად გადამწვარია...

ახალგორის რაიონი, ქსნის ულამაზესი ხეობა, სადაც ილია არაერთხელ ყოფილა სტუმრად თავის მეგობარ თავად კოლა, ქსნის ერისთავთან, სადაც კოლამ ილიას ვაჟა გააცნო და პირველად იქ მოასმენინა ვაჟას ლექსები და მისი ფანდურზე სიმღერები, ამ ადგილზე 2008 წლის ომის დროს საბრძოლო მოქმედებები არ ყოფილა და სახლები ამიტომაც გადაურჩა მასიურ დაწვასა და განადგურებას, მაგრამ მრავალი სახლი დაკეტილია და მრავალი სკოლა დარჩენილია უბავშვებოდ. ერთხელ იკოთის გზაზე სკოლის მოსწავლე დავიმგზავრე და ვკითხე კლასში რამდენი მოსწავლე ხართ მეთქი და მიპასუხა ჩვენ ყველაზე ბევრნი - კლასში სამი ბავშვი - ვართო!..

ამა წლის სექტემბრის თვიდან, ისედაც რთულ ვითარებაში დარჩენილ ახალგორის რაიონის მოსახლეობას, კიდევ უფრო დაუმძიმდა მდგომარეობა, რადგანაც გზა ჩაიკეტა და ხშირად თვით ავადმყოფობის დროსაც კი ვერ ახერხებენ წეროვანსა და თბილისში მკურნალობისათვის ჩასვლას. გზის ჩაკეტვის გამო არაერთი უბედური შემთხვევა მოხდა... ბოლო შემთხვევამ კი ძალიან შემაწუხა, ცხადად, მწვავედ განვიცადე და დამაფიქრა ამ ამბავმა: ერთ იკოთელ ქალბატონს ინსულტი დაემართა, გზის ჩაკეტვის გამო ნება არ დართეს თბილისის კლინიკაში გადაეყვანათ. შორი და რთული გზით ცხინვალისაკენ წაუყვანიათ, თითქოს იმ განზრახვითაც, რომ თუ აუცილებელი გახდებოდა ავადმყოფს ერგნეთიდან გაატარებდნენ, მაგრამ იგი საავადმყოფოში გარდაცვლილა. ავადმყოფის ქმარს, იკოთში, როცა ტელეფონით შეატყობინეს თავისი ცოლის გარდაცვალება, ჩვენი მონასტრის წევრებს გამწარებულმა თურმე უსაყვედურა - რა გმირები თქვენა ხართ, ხმას რომ არ იღებთ, ჩუმად რომა ხართ? ხეობიდან ავადმყოფი ვეღარ გაგვიყვანია! თქვენი მეუფე აქ რომ იყო, ამბავი იყო ატეხილი, მთელი ქვეყანა შეძრეს და რა, ვინმემ რამით შეაწუხაო? ჯილდოებს იღებთ, რა გმირები თქვენა ხართო? ეხლა რატომ არავინ ხმას არ იღებთ ასეთ დღეში რომ ვართ ჩავარდნილიო!?. გულზე მეც მწარედ მომხვდა ცოლგარდაცვლილი ქმრის ტკივილი, ვიზიარებ მის მწუხარებას...

ილიას პრემია ჩემთვის ძალიან დიდი პატივია და რაც მის სახელს უკავშირდება ჩემთვის ყველაფერი ძვირფასი არის!.. და რადგანაც ეს პრემია ჩემზე უკვე გაცემულია მე მასზე უარს აღარ ვიტყვი, მაგრამ ისევ ილიას სიტყვებს დავესესხები, არ "გვინდა ტაში!" და სანამ ჩვენი ქვეყანა ასეთ დღეშია, სანამ ოსები და ქართველები, აფხაზები და ქართველები ვერ შევრიგებულვართ, ჩემთვის ტაშის დაკვრასა და ჯილდოების გაცემაში სამომავლოდ ვეღარავის დავეთანხმები, მაგრამ ღრმად მჯერა ისეთი დროც მოვა, როცა სიყვარული გაიმარჯვებს და ერთად ვიზეიმებთ ძმობას, ერთობასა და თავისუფლებას!!!"

მადლიერებით, ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტი ისაია.

2019/11.08