"ხანდახან ისეც ხდება, სასულიერო პირი თავად განიკვეთს თავს" - კვირის პალიტრა

"ხანდახან ისეც ხდება, სასულიერო პირი თავად განიკვეთს თავს"

"კარგი იქნებოდა, სინოდის სხდომა მართლაც პირდაპირ ეთერში ყოფილიყო, რადგან საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავდა მეუფე პეტრეს ნამდვილ სახეს"

საპატრიარქოში მიმდინარე პროცესები კვლავ საზოგადოების განხილვის საგანია. რა პროცედურები უნდა გაიაროს წმინდა სინოდმა, თუ მეუფე პეტრე პატრიარქს არ დაემორჩილება, ამის შესახებ თეოლოგი ლევან აბაშიძე გვესაუბრება.

- საერო ან თუნდაც საერთაშორისო კანონმდებლობისგან განსხვავებით, საეკლესიო კანონი უფრო რბილია. ის ბევრად დიდი ხნის წინ შეიქმნა და არსებულ მოცემულობას ზოგჯერ არ შეესაბამება. ამიტომ მის ინტერპრეტაციასა და აღსრულებაზე ბევრი რამ არის დამოკიდებული. ახლა ყველაფერი პროცესების შესაბამისად უნდა გადაწყდეს.

ეს იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორ მოიქცევა მეუფე პეტრე: დაემორჩილება ძველ საეკლესიო სასჯელს, რაც მონასტერში გამწესებას გულისხმობს, კონკრეტულად შიომღვიმის მონასტერში, თუ არ წავა და თბილისში დარჩება; არსებობს მესამე ვარიანტიც - გააგრძელებს თუ არა ბრალდებებს, რომელთაც სინოდი უსაფუძვლოდ მიიჩნევს.

საპატრიარქო და სინოდი ადრე ბევრ რამეს რეაგირების გარეშე ტოვებდნენ, ითმენდნენ, ახლა კი მივიდნენ იმ გადაწყვეტილებამდე, რომ ყველაფერზე გაჩუმება არ შეიძლებოდა და წმინდა სინოდი ამ თემის განსახილველად შეიკრიბა. თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა.

ახლა არავინ იცის, რა იქნება ხვალ - შესაძლოა ვითარება განიმუხტოს და მეუფე პეტრეს დარჩეს სტატუსი - ის დარჩება მიტროპოლიტად, თუმცა მღვდელმსახურების გარდა, ეპარქიის მართვა და სხვა უფლებები დროებით შეჩერებული აქვს, მაგრამ "დროებით" ზოგჯერ დიდხანს გრძელდება. თუ მეუფე პეტრე გულწრფელად მოინანიებს, შესაძლოა სასჯელი აეხსნას, თუმცა კიდევ ბევრი რამ მოხდა და საკითხავია, მიიღებს თუ არა ამას სინოდი.

- მეუფე პეტრეს შეუძლია წმინდა სინოდის გადაწყვეტილება კონსტანტინოპოლში გაასაჩივროს? - დიახ, შეუძლია აპელაციით წავიდეს, მაგრამ ძალზე არასტანდარტული ვითარებაა - ერთი ეპისკოპოსი 46-ის წინააღმდეგ. როცა გაირკვევა, რომ ერთმა მეუფემ ლანძღა და "ამხილა" პატრიარქი, დიდი ალბათობით, მსოფლიო პატრიარქი ჩათვლის, რომ ეს დაპირისპირება საქართველოს საპატრიარქოსა და წმინდა სინოდის შიდა საქმეა, მოერიდება თავისი ჩარევით საქართველოს საპატრიარქოსთან ურთიერთობის გაფუჭებას.

კონსტანტინოპოლის საპატრიარქოში უფრო მასშტაბური საკითხები განიხილება, მაგალითად, სხვადასხვა ქვეყნის ეკლესიებს შორის არსებული პრობლემები, თუნდაც იერუსალიმისა და ანტიოქიის საპატრიარქოების უთანხმოება.

- თუ მეუფე პეტრე არ წავა მონასტერში და განაგრძობს ბრალდებებს, შესაძლოა ეს განკვეთის წინა პირობა გახდეს? - განკვეთამდე არსებობს ეტაპები: ჯერ მღვდლობისგან ჩამოშორება (მსახურების შეჩერება), მაგრამ ხარისხში დატოვება, შემდეგ მისი ჩამორთმევა - ანუ იმავე უფლებებით ტოვებენ, რაც ერისკაცს აქვს...

საერთოდ, ეკლესია განკვეთას უკიდურეს შემთხვევაში აწესებს, რადგან სასულიერო პირისთვის საეკლესიო თანაზიარების სისრულიდან გარიყვას გულისხმობს, რითაც ის მოკლებულია სულიერ სიკეთეს და შეზღუდულია უფლებებში. განკვეთილს აღარ შეეძლება მონაწილეობა მღვდელმსახურის სტატუსით საჯარო კულტის არც ერთ აქტში, ასევე არ ექნება საიდუმლოთა აღსრულების ან მიღების უფლება, დაკარგავს დამოძღვრის უფლებას, მღვდელმსახურის სახელსა და პატივს. მისი სახელი ამოიშლება სასულიერო დასის სიიდან, სადაც ის შევიდა ხელდასხმის დროს. განკვეთა სამუდამოა და ის ვერასდროს გახდება სასულიერო პირი. ასეთი სასჯელით ისჯება ხუცესი, რომელიც ცალკე აღმართავს საკურთხეველს და არ დაემორჩილება თავის ეპისკოპოსს.

- ასეთ შემთხვევაში სასულიერო პირები თვითნებურად განაგრძობენ მღვდელმსახურებას, ამის არაერთი მაგალითი გვაქვს. - ეკლესიაში პრობლემები ყოველთვის იყო. უახლეს ისტორიაშიც გვაქვს ამის მაგალითები - ბასილ მკალავიშვილი, ქრისტეფორე წამალაიშვილი და სხვები. ყველა შემთხვევას მიზეზი ჰქონდა – საპატრიარქოსთან უთანხმოება.

განკვეთაზე დიდი სასჯელი ეკლესიას არა აქვს, რადგან ის მისი წიაღის გარეთ, უკვე საერო ცხოვრებაში გადასულ ადამიანს არ განსჯის.

ხანდახან ისეც ხდება, რომ სასულიერო პირი თავად განიკვეთს თავს. მაგალითად, ბასილ მკალავიშვილი თვითნებურად ატარებდა წირვა-ლოცვას, პატრიარქის ლოცვა-კურთხევის გარეშე, ანუ თავად დადგა საქართველოს ეკლესიის გარეთ.

ძმები აროშვილებიც დამოუკიდებლად განაგრძობენ მღვდელმსახურებას. როგორც ვიცი, კანადაშია ერთი ეპისკოპოსი და მისგან იღებენ "ხელდასხმას" მღვდელმსახურებაზე. ძმები ზურაბ და გელა აროშვილები საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას 1997 წელს განუდგნენ, ჯერ კიდევ ერისკაცობაში, თუმცა შემდეგ თბილისში, ქუთაისსა და გურიაში რამდენიმე სამრევლო ჰყავდათ.

მეუფე ქრისტეფორე წამალაიშვილმა პოლიტიკური მოსაზრებების გამო დატოვა საპატრიარქო. მიაჩნდა, რომ თავად იყო მართალი და პატრიარქი და წმინდა სინოდი ჭეშმარიტი ქრისტიანები არ იყვნენ. 1995 წელს წმინდა სინოდმა განიხილა ურბნისისა და რუისის სამღვდელოებისა და მრევლის საჩივარი და განაჩინა, რომ მეუფე ქრისტეფორესთვის გაფრთხილება მიეცა, რათა მისი მოქმედებები მართლმადიდებელი მრევლისთვის დამაბრკოლებელი არ ყოფილიყო. მას მონანიებისთვის ვადაც მისცეს, თუმცა საბოლოოდ მართლმადიდებელმა ეკლესიამ და წმინდა სინოდმა განკვეთეს. დღეს ის მღვდელმსახურებას მაინც განაგრძობს, საკუთარი სამღვდელოებაც შექმნა და მრევლიც ჰყავს.

- სხვა მართლმადიდებელ ქვეყნებში თუ არსებობს მსგავსი შემთხვევები?

- როგორ არა, მხოლოდ საბერძნეთში 7 თუ 8 განხეთქილებაში მყოფი ეკლესიაა, მათ სხვადასხვა მიზეზის გამო დატოვეს ელადის ეკლესია და ცალკე ატარებენ წირვა-ლოცვას. სქიზმა, ანუ საეკლესიო განხეთქილება, ჩვენს ეკლესიაშიც იყო წლების წინ.

თუ მეუფე პეტრემაც დამოუკიდებლად დაიწყო ღვთისმსახურება, ვერც მას აუკრძალავს ვინმე, მაგრამ საპატრიარქოსთან დაპირისპირებულ ადამიანებს ეკლესიიდან არაფრის, მათ შორის არც საეკლესიო ნივთების წაღების უფლება აქვთ, ყველაფერი ან სახელმწიფოს ეკუთვნის, ან საპატრიარქოს.

საეკლესიო განხეთქილება XVII-XVIII საუკუნეებში რომ ხდებოდეს, საქმეში ჩაერეოდა მეფე ან რომელიმე მთავარი და თავადი და აუკრძალავდნენ, მაგრამ XXI საუკუნეში ყველას აქვს სინდისის, რელიგიისა და სიტყვის თავისუფლება.

ასე რომ, თუ მეუფე პეტრე უფრო აგრესიული არ იქნება, შიომღვიმეში თუ არა, სხვა მონასტერში წავა ან სულაც მშვიდად იქნება თბილისში, ისე, რომ "ბრალდებების" წარდგენას არ დაიწყებს, არც სინოდი და პატრიარქი დაამძიმებენ ვითარებას. თუ მოინანიებს, მის ძველ ადგილას დაბრუნების საკითხს განიხილავენ.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ძალიან ლმობიერი, მომთმენი და მიმტევებელია, ამიტომ არ ჩქარობს განაჩენის გამოტანას.

- ასეთი თუნდაც პატარ-პატარა განხეთქილებები არ ასუსტებს ქართულ ეკლესიას? - დასუსტებით არა, მაგრამ საფრთხეს ნამდვილად უქმნის, მიუხედავად იმისა, რომ ასე იყო ოდითგან. 1997 წელს ეკლესიაში ეკუმენიზმის საკითხზეც იყო განხეთქილება, მაგრამ მას შემდეგ ვცხოვრობთ ასე...

- მეუფე პეტრეს ჰყავს მხარდამჭერები, როგორც სასულიერო პირები, ასევე მრევლი. - მისი თანამოაზრე არც ერთი ეპისკოპოსი არ არის. რაც შეეხება მღვდელმსახურებს, რასაკვირველია, ეყოლება თავისი გუნდი, რომელსაც ის უყვარს და ენდობა. თუმცა არა მგონია, მათ თუნდაც პატრიარქის გაკრიტიკებით რეალობა შეცვალონ. საერთოდ, ჭეშმარიტი ქრისტიანობა ეკლესიის მორჩილებას ქადაგებს.

- ძალიან ბევრს ლაპარაკობენ სასულიერო პირების მართულობაზე. რამდენად მწვავედ დგას ეს საკითხი ქართულ ეკლესიაში? - ჩვენში მიღებულია, თუ ვინმეს რამე არ მოსწონს, აუცილებლად რუსეთიდან მართულია. ვინც ამ გავლენებზე ლაპარაკობს, კონკრეტულად თქვას, ვის მიერ მართულია ესა თუ ის პირი, წარმოადგინოს ფაქტები თუნდაც რუსეთის ჩარევაზე. ყველა, ვინც საპატრიარქოს აკრიტიკებს, ამბობს, რომ ის რუსეთს ემორჩილება, განსაკუთრებით უკრაინის ავტოკეფალიის არაღიარების შემდეგ...

- რა მოხდება, თუ საქართველოს ეკლესია ცნობს უკრაინის ავტოკეფალიას? - მაშინვე დაგვეძაბება ურთიერთობა რუსეთის საპატრიარქოსთან. არც მსოფლიო საპატრიარქო გვთხოვს ამის გაკეთებას. რუსეთის საპატრიარქო მაშინვე გაწყვეტს ჩვენთან ყველანაირ, მათ შორის ევქარისტიულ კავშირს. ამასთან, ქართველებს, რომლებიც იქ ცხოვრობენ, მაშინვე პრობლემები შეექმნებათ, ქართველ მღვდლებსაც არ შეუშვებენ რუსეთში.

რუსეთის ეკლესიასთან, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მრავალრიცხოვანია, კონფლიქტს მსოფლიოში ყველა ერიდება. რახან ქართული ეკლესიაც ერიდება, ამიტომაც აბრალებენ პრორუსულობას...

ასეთივე ყურით მოთრეულია ის, რომ მეუფე შიო, რომელმაც რუსეთში მიიღო განათლება, რუსეთის კანდიდატურაა. ილია ჭავჭავაძე და სხვა ჩვენი სასიქადულო ქართველები პეტერბურგში სწავლობდნენ და რუსეთის აგენტები იყვნენ? იმავეს ამბობენ მეუფე გრიგოლ კაციაზეც, მასაც აბრალებენ პრორუსობას მხოლოდ იმიტომ, რომ ცდილობს არ გაამწვავოს სიტუაცია.

დღეს ვინც ამბობს, რუის-ურბნისის კრება უნდა ჩატარდესო, პირდაპირ ითხოვს, რომ თავად უნდა ჩაატაროს, რათა ცუდი და ბოროტი განაგდოს ეკლესიიდან. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ რადგან თავად იყვირა პირველმა, სიმართლეც მის მხარესაა. მეუფე პეტრემ სინოდზე რუის-ურბნისის "ძეგლისწერის" კითხვა დაიწყო, რაც იგივეა, მინისტრთა კაბინეტში ერთ-ერთმა მათგანმა პრემიერს სისხლის სამართლის კოდექსის ნაწყვეტი წაუკითხოს - ასეთი დარღვევები ხდება ჩვენთან და შენ პირველი ხარ, ვინც ამას აკეთებსო... გამაჩერესო, აპროტესტებდა, გააჩერებდნენ, აბა, რა იქნებოდა.

- მეუფე პეტრე სინოდის სხდომის პირდაპირ ეთერში გადაცემას ითხოვს. - კარგი იქნებოდა, ასეც ყოფილიყო, რადგან საზოგადოება უფრო ნათლად დაინახავდა მის ნამდვილ სახეს.