"ჩემი რწმენა ვერ შელახეს" - კვირის პალიტრა

"ჩემი რწმენა ვერ შელახეს"

საქართველოს საპატრიარქოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს ცნობილი ქართველი რეჟისორი, მერაბ კოკოჩაშვილი "კვირის პალიტრასთან" გამოეხმაურა:

მერაბ კოკოჩაშვილი, რეჟისორი: - ის, რაც საპატრიარქოში მოხდა, უაღრესად დამაფიქრებელია. მას შემდეგ, რაც საქართველო დამოუკიდებელი გახდა, აქტიურად განვითარდა ქართული ეკლესია, ბევრი წავიდა ამ წიაღისკენ, ზოგი განათლებული, ზოგი ნაკლებად. მოძღვარს აღსარებას რომ აბარებ, ის ხომ სწორი გადაწყვეტილების მიღებაში გეხმარება, სიმართლისკენ მიჰყავხარ, რაც ეკლესიის უმნიშვნელოვანესი ფუნქციაა და დაკავშირებულია განათლებასთან, წესიერებასთან, სინდისთან, სიმართლის სიყვარულთან. როგორც ჩანს, გაჩნდნენ ადამიანები, რომლებიც არ არიან ღირსი, ეს ფუნქცია იკისრონ... ამასთან, იერარქიამ შესაძლებელია დაბალი კულტურის ადამიანებში გააჩინოს სურვილი მართვის უფლებების მოპოვებისა. ვფიქრობ, ასეთი სურვილი ეკლესიაშიც დაიბადა. პატრიარქი ეკლესიის მამამთავარია, თუმცა არსებობს სინოდიც, რომელიც საჭირო დროს უნდა მოქმედებდეს. ვფიქრობ, გარკვეულწილად დაიგვიანეს, თუმცა ბოლოს რა გადაწყვეტილებაც მიიღეს, აბსოლუტურად მისაღებია. მეუფე პეტრეს საქციელში ნათლად იკვეთება პირველობისთვის ბრძოლა! სინოდს სრული უფლება აქვს, განიხილოს საკითხი და მიიღოს კოლექტიური გადაწყვეტილება, რომელსაც ყოველთვის ყურს უგდებს პატრიარქი. ვფიქრობ, რომ მიდის ბრძოლა ეკლესიის იერარქიაში წამყვანი ადგილების დასაკავებლად. ამასთან, ეს ყველაფერი პოლიტიზებულია და იკვეთება ეკლესიისა და მისი მაღალი რეიტინგის გამოყენების ინტერესი.

- მეუფე პეტრეს განცხადებამდე, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა მმართველი პარტიის მაღალჩინოსნები პატრიარქის გადაყენების მცდელობაში დაადანაშაულა, თუმცა შემდეგ მოინანია...

- თქვენ იჯერებთ, რასაც მათზე ამბობენ? მე არ მჯერა! ცოტა ხანში ეს ამბავი ჩაცხრება, ეკლესიას მიეცემა საშუალება, მშვიდად მიიღოს გადაწყვეტილებები, რომლებიც ხალხს ისევ დაუბრუნებს ეკლესიის რწმენას და ნდობას. ჩემი რწმენა ვერ შელახეს. მე მიყვარს ჩემი პატრიარქი. მან მთელი სიცოცხლე საქართველოს, ჭეშმარიტ რწმენას მიუძღვნა. სიმართლით იბრძოდა ერისთვის, ენისთვის, კულტურისთვის, რწმენისთვის. უჭკვიანესი ადამიანია, მიუხედავად რთული პერიოდებისა, ახერხებდა ყველაზე სწორი გამოსავლის პოვნას, რათა ჩვენი რწმენა არ შელახულიყო. ახლა რაც მის მიმართ ააგორეს, დაუშვებელია და ამას პასუხი უნდა გაეცეს!

- "და ჩვენ ვიცეკვეთ" - ამ ფილმის კინოთეატრებში ჩვენებას გარეთ ხალხმრავალი აქციები მოჰყვა. ამ შინაარსის ფილმის გადაღება სწორად მიგაჩნიათ? - მე ეს ძალიან არ მომწონს, თუმცა შემიძლია გითხრათ, რომ ცენზურასთან დაკავშირებით იმდენი გადამხდენია, მიმაჩნია, რომ ხელოვნებასთან სიტყვა "აკრძალვა" არ უნდა იხმარებოდეს, თუმცა უნდა არსებობდეს კინოკრიტიკა, კინომეცნიერება, რომელიც ყველაფერს სწორ და ზუსტ შეფასებას მისცემს. რადგან ფილმი არ მინახავს, სხვას ვერაფერს ვიტყვი. რაც შეეხება ქუჩის აქციებს, საზოგადოებას აქვს უფლება, თავისი აზრი გამოხატოს, მაგრამ არა იმ ფორმით, რაც ვნახეთ - პროცესი დაპირისპირებაში გადაიზარდა.