"ნაციონალებმა" დიდი ფული შესწირეს ეკლესიას, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს" - კვირის პალიტრა

"ნაციონალებმა" დიდი ფული შესწირეს ეკლესიას, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს"

"ჩვენ ხომ ვხედავთ, ახლა რომელი ძალები იცავენ მეუფე პეტრეს. სწორედ ისინი ცდილობდნენ ეროვნული ღირებულებების განადგურებას"

ქვეყანაში ისეთი თანამიმდევრობით ვითარდება სკანდალური მოვლენები, რომ ჩნდება ლოგიკური შეკითხვა - ვინ დგას ამ ყველაფრის უკან, ვის სურს პატრიარქის დისკრედიტაცია, ეკლესიის, როგორც ინსტიტუციის ჩამოშლა, მართლმადიდებელი ქრისტიანებისა და საზოგადოდ, საზოგადოების დაპირისპირება?! მეუფე იაკობის გამჟღავნებული შეთქმულებისა თუ მოგონილი შეთქმულების თეორიის მოსმენით გაოგნებულ საზოგადოებას გონზე მოსვლა არ აცალეს, ისე მოასმენინეს მეუფე პეტრეს ბრალდება პატრიარქის მიმართ... ვის აძლევს ხელს და რა მიზანს ემსახურება ეს ქაოსი, დეკანოზი შალვა კეკელია გვესაუბრება:

- ეკლესიაში ყოველთვის იყო ეშმაკისეული, რომელიც მართალ ადამიანებს ცილს სწამებდა. მაცხოვარმა თავის მოწაფეებს უთხრა, იცოდეთ, ვისაც მე არ ვუყვარვარ, ისინი არც თქვენ შეგიყვარებენ, თქვენი მტრები გახდებიან, დაგიპირისპირდებიან და შეგებრძოლებიანო. ასეთი მტერი მით უფრო იმ ადამიანებს ჰყავთ, რომლებიც განსაკუთრებული ღვაწლით გამოირჩევიან. ასეთი ჩვენს ეპოქაში ჩვენი პატრიარქია. ყველამ ვიცით, როგორი ეკლესია ჩაიბარა და იმასაც ვხედავთ, როგორ გააძლიერა საქართველოს სამოციქულო ეკლესია. დღეს საქართველოში ქალაქი და სოფელი აღარ დარჩა, სადაც ეკლესია არ არის. ამდენი ტაძარი არც ერთ საუკუნეში არ აშენებულა. მამა გაბრიელ ურგებაძეს წინასწარმეტყველებაში უწერია: "პატრიარქს ექნება პერიოდი, როდესაც მას ყველა დაუწყებს ქება-დიდებას, ეს გაგრძელდება ათწლეულების მანძილზე, მაგრამ მისი ბოლო ჟამი იქნება ძალიან მძიმე - აუჯანყდებიან საკუთარი შვილები და დასწამებენ ცილს". ახლა მეუფე პეტრეს განცხადება გამახსენდა, მე ერი ძეგლს დამიდგამსო. მეც ვეთანხმები, მას ნამდვილად დაუდგამს ერი აბესალომის ძეგლს. რას ნიშნავს აბესალომის ძეგლი? დავით მეფსალმუნეს მისი ადგილის დასაკავებლად შვილი, აბესალომი, აუჯანყდა. აბესალომის საფლავს იერუსალიმის კარიბჭესთან ახლაც კი, სამი საუკუნის შემდგომაც ჰყავს მნახველი. პეტრე ჭყონდიდელსაც, როგორც მამის გამყიდველ შვილს, ერი დაუდგამს ასეთ ძეგლს.

დღეს აღსრულდა ოცი წლის წინანდელი წმინდა გაბრიელის წინასწარმეტყველება - შვილი აუჯანყდა უწმინდესს. სხვათა შორის, მამა გაბრიელს იმავე ცოდვას სწამებდნენ, რაც დღეს ჩვენს უწმინდესს დააბრალეს. მის კანონიზებას ზოგიერთი ეპისკოპოსი სწორედ მამათმავლობის ბრალდების გამო ეწინააღმდეგებოდა. მას ლოთობასაც აბრალებდნენ. ჩვენი პატრიარქი ქართველი ხალხისთვის ყველაზე დიდი ავტორიტეტია, მასში ხედავენ ხსნას, მთელი ერი იმედით შეჰყურებს.

- როგორ ფიქრობთ, მისი დისკრედიტაცია ვის აძლევს ხელს? - ბოლო წლებია, ნათლად ვხედავთ, რომ საქართველოს სამი უმთავრესი ღირებულების - "მამული, ენა, სარწმუნოება" - წინააღმდეგ გამალებული ბრძოლა მიმდინარეობს. მამულის მნიშვნელოვანი ნაწილი წაგვართვეს - ჩვენი ტერიტორიის 20% ოკუპირებულია; მშობლიური ენა უცხოური სიტყვებით დაგვიმახინჯეს; რაც ბოლო დრომდე ხელუხლებლად შემოგვრჩა, სარწმუნოება იყო. ახლა მტერი ჩვენი ყველაზე დიდი სიწმინდის შერყვნას ცდილობს, თუმცა ამ ბრძოლას ჯერ კიდევ კომუნისტების დროიდან ჩაეყარა საფუძველი.

აშკარაა, რომ დიდი ძალა გვებრძვის, მეუფე პეტრე და მისი მხარდამჭერები კი მის წისქვილზე ასხამენ წყალს. ჩვენ ხომ ვხედავთ, ახლა რომელი ძალები იცავენ მეუფე პეტრეს. სწორედ ისინი ცდილობდნენ ეროვნული ღირებულებების განადგურებას. "ნაციონალური მოძრაობის" წევრები გიგა ბოკერია და გიგი უგულავა 2004 წელს სტუდენტების აჯანყებას აწყობდნენ ეკლესიის წინააღმდეგ. ხომ გახსოვთ, განკვეთილი მამა ბასილის ტაძარი რომ დაარბიეს გლდანში? მისი დაკავება ნებისმიერ დროს შეეძლოთ და რა საჭირო იყო ასეთი საჯარო სცენა? მამა ბასილს წინასწარ შეატყობინეს, რომ მის დაჭერას აპირებდნენ, მრევლი შეაკრებინეს და მერე ასეთი სცენა გამართეს. "ნაციონალებს" სურდათ, ხალხს ენახა, როგორ უტევდნენ ეკლესიას. საქართველოში დღესაც არ იცის ყველამ, რომ მამა ბასილი განკვეთილი ბერი იყო. გვაჩვენეს ჩანაწერი, სადაც "ნაციონალების" ყველა ლიდერი იყო. შესაძლოა შინაგან საქმეთა მინისტრი იქ ყოფილიყო, მაგრამ უშიშროების მინისტრს, მის მოადგილეს ან სხვა თანამდებობის პირებს რა უნდოდათ?! არ მინდა ისე გაიგოთ, რომ ყველა "ნაციონალი" ეკლესიის მტერია, მათ შორისაც ბევრია მორწმუნე და სამშობლოს გულშემატკივარი, თუნდაც გიორგი კარბელაშვილი და გიგი წერეთელი. ისინი ყოველთვის ეკლესიის მხარდამჭერები იყვნენ.

- მიუხედავად ამგვარი დამოკიდებულებისა, "ნაცმოძრაობა" ყველაზე გულუხვი შემომწირველი იყო. - ამას ეკლესიის დისკრედიტაციისთვის აკეთებდნენ, რომ მერე ხალხს ჯიპიან მღვდლებზე ელაპარაკა. 2004 წელს, როდესაც ეკლესიის წინააღმდეგ ღიად გამოცხადებული ბრძოლით ვერაფერს მიაღწიეს და ხალხი ეკლესიას ვერ ჩამოაცილეს, ბრძოლის მეთოდები შეცვალეს - დიდი ფული შესწირეს ეკლესიას, ძალიან ბევრი სასულიერო პირი გადაიბირეს და ამით შეეცადნენ საპატრიარქოზე გავლენის მოპოვებას. არადა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება მღვდელი რომელიმე პოლიტიკური ძალის მხარდამჭერი იყო. მღვდელი მხოლოდ ქრისტეს უნდა ემსახუროს. მასთან აღსარებაზე ნებისმიერი პარტიის წევრს უნდა მიესვლებოდეს. რატომ ვერ გაუძლო ზოგიერთმა ამ ცდუნებას, არ ვიცი, ეს საჩუქარი იყო, რომელზეც უარი არ თქვეს, თუმცა ისეთებიც იყვნენ, ჯიპები რომ გაყიდეს და ფული ეკლესიასა და მრევლს მოახმარეს.

- ეკლესიის მტრებში მხოლოდ "ნაციონალებს" მოიზარებთ? - რა თქმა უნდა, არა, უამრავი გარე საფრთხეა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ. ეს ბრძოლა მსოფლიო მასშტაბით არის გამოცხადებული.

- რუსული ეკლესიის გავლენაზე რას იტყვით? - იცით, ეს როგორი საკითხია? თუ შავი პიარის ასაგორებლად ვერაფერს გიპოვიან, მაშინვე რუსოფილობას დაგაბრალებენ. მეუფე შიოს ვერაფერი მოუგონეს და ეს დააბრალეს. არადა, ვინც მას კარგად იცნობს, იცის, რომ ასეთი რამ წარმოუდგენელია...

- უარყოფთ, რომ რუსეთი თავისი მიზნებისთვის ქართული ეკლესიის გამოყენებას ცდილობს? - ქართული ეკლესიის გავლენის სფეროდ გამოყენებას ყველა ცდილობს - რუსეთიც, საბერძნეთიც და სხვა ბევრი ქვეყანაც. მთავარია, ჩვენ როგორ დავხვდებით ამ გამოწვევებს.

ხათუნა ბახტურიძე