"რამაზ ჩხიკვაძის შემყურე პიერ რიშარი დაკომპლექსდა" - კვირის პალიტრა

"რამაზ ჩხიკვაძის შემყურე პიერ რიშარი დაკომპლექსდა"

"პიერ რიშარმა თემურ ბაბლუანს შესჩივლა, დილით ძაღლების ყეფა მაღვიძებსო. ბაბლუანმა, მაშინ უნდა დავხოცოთ ძაღლებიო. რას ჰქვია, დახოცოთო. აბა, ეგ ძაღლები, მაგუბნელები არიან, სადაც უნდა წაიყვანო, ისევ მანდ მოვლენო. ასე შეეგუა პიერ რიშარი თბილისელი ძაღლების ყეფას დილაობით"

"პირველად პიერ რიშარს კანში შევხვდი. ადამიანი, რომელსაც ეკრანზე ერთი ამპლუა აქვს, ცხოვრებაში ისეთი ინტელიგენტი, სევდიანი და სერიოზული აღმოჩნდა, გავოცდი. ვკითხე, იმიჯის შეცვლასა და სხვანაირი როლის თამაშზე ხომ არ გიფიქრიათ-მეთქი? როგორ არა, შემომთავაზე და ვითამაშებო, მიპასუხა. მეგონა, ხუმრობდა, მაგრამ მერე ინიციატივა თვითონ გამოიჩინა და მეც მაშინვე ირაკლის (ირაკლი კვირიკაძე, ნანა ჯორჯაძის მეუღლე - ნ.წ.) დავურეკე: სასწრაფოდ დაწერე სცენარი პიერ რიშარისთვის-მეთქი. არ მიჯერებდა, ძლივს დავარწმუნე. სცენარი პიერ რიშარს მოეწონა... ასე აღმოჩნდა ჩვენს ფილმში... ამ ფილმზე იმ დროს ვმუშაობდით, როცა საქართველოში კინოს ვეღარავინ იღებდა - მძიმე პოლიტიკური სიტუაცია, მოუშუშებელი ჭრილობები...", - რეჟისორი ნანა ჯორჯაძე იხსენებს, თუ როგორ ჩამოიყვანა ლეგენდარული ფრანგი მსახიობი საქართველოში "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტის" გადაღებაზე. კადრი ფილმიდან

ნანა ჯორჯაძის რომანტიკული კომედია გახლდათ პირველი ქართული ფილმი, რომელიც 1997 წელს "ოსკარზე" წარადგინეს ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", პიერ პიშარს კი ამ ფილმმა კარლოვი-ვარის საერთაშორისო კინოფესტივალზე "წლის საუკეთესო მამაკაცი მსახიობის" ჯილდო მოუტანა. ფილმის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟის, ზიგმუნდ გოგოლაძის როლს ასრულებს მსახიობი თემურ ქამხაძე, რომელიც"ფრანგი მსახიობის თბილისურ თავგადასავალზე გვიამბობს.

- ქართველები სხვებს მეტ პატივს ვცემთ. როდესაც ქორწილის სცენას ვიღებდით, ჟურნალისტები რიგში იდგნენ, რომ ინტერვიუ აეღოთ რიშარისგან. ჟურნალისტი მეუბნება, ძალიან მინდა პიერ რიშარის ჩაწერა, მაგრამ საშუალებას არ მაძლევენ, შენ აქ რას აკეთებო. ისე ვარ, საყურებლად-მეთქი, ვუპასუხე. სამწუხაროა, რომ არ აფასებ შენი ქვეყნის მსახიობს და ამის პარალელურად ხედავ, როგორ მუშაობს ფრანგული პრესა თავისი მსახიობის პიარზე. პიერ რიშარს პირადი ჟურნალისტი ჩამოჰყვა და ინტერვიუ მთხოვა, მითხრა, პიერი ამბობს, რომ ძალიან მაგარი პარტნიორი ხართ, ნიჭიერი მსახიობიო. ვუთხარი, მე მის ფილმებზე გავიზარდე, ის ვარსკვლავია-მეთქი. ფრანგმა ჟურნალისტმა ეს ყველაფერი სიტყვასიტყვით დაწერა, მაგრამ არ უთქვამს, თუ როგორ დამახასიათა რიშარმა როგორც მსახიობი. ფრანგი ჟურნალისტებიც, ისევე როგორც ქართველები, მხოლოდ მის პიარზე მუშაობდნენ და არ აინტერესებდათ ქართველი მსახიობი.

ხალათიანი პიერ რიშარი

- 1995 წელია. ნავთქურებს არის მიფიცხებული მთელი თბილისი. თავდაპირველად ეპიზოდურ როლზე მიმიწვიეს, მაგრამ შემდეგ გადაწყდა, რომ მთავარი როლი შემესრულებინა. პიერი მრგვალ ბაღთან ცხოვრობდა. ერთხელ დილის 6 საათზე ხალათში გამოწყობილი აივნიდან იხედებოდა და ქვემოთ "01" გაჩერდა. მძღოლი გადმოსულა და დაუწყია მიწოლა მანქანისთვის. პიერი მაშინვე ჩასულა და მიხმარებია. იმ ტიპს მაშინვე უცნია, მაგრამ თურმე თვალებს არ უჯერებდა, ნუთუ პიერ რიშარი აწვება ჩემს მანქანასო.

ერთხელ თემურ ბაბლუანს (ფილმის პროდიუსერი) შესჩივლა, ერთი პრობლემა მაქვს, დილით ძაღლების ყეფა მაღვიძებსო. ბაბლუანმა, მაშინ უნდა დავხოცოთ ძაღლებიო. გაგიჟდა, რას ჰქვია, დახოცოთო. აბა, ეგ ძაღლები, პიერ, მაგუბნელები არიან, სადაც უნდა წაიყვანო, ისევ მანდ მოვლენო. ასე შეეგუა პიერ რიშარი თბილისელი ძაღლების ყეფას დილაობით.

თემურ ქამხაძე და პიერ რიშარი

"თავი გაიგიჟა, არ ვიმღერებო"

ფილმში "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" ჩვენი უდიდესი მსახიობები თამაშობდნენ, მათ შორის იყო რამაზ ჩხიკვაძე. ერთ ეპიზოდში პიერ რიშარს უნდა ემღერა. პიკნიკის სცენაა, რამაზ ჩხიკვაძე მღერის, ჩვენ ვცეკვავთ, პიერი ზის და გვიყურებს. დადგა ის მომენტი, როდესაც პიერი უნდა შემოვიდეს კადრში და იმღეროს, მაგრამ უცებ გამოაცხადა, არ ვიმღერებო. რას ჰქვია, არ იმღერებ, სცენარში წერია, უნდა იმღეროო. არაო, თავი გაიგიჟა - მე ვარ აქ ვარსკვლავი? შეხედეთ, თანავარსკვლავედი გყავთო. რამაზ ჩხიკვაძის სიმღერას რომ მოუსმინა, დაკომპლექსდა. რამაზი მთელ დღეებს გადასაღებ მოედანზე ატარებდა, სანამ პიერ რიშარი გამოიცვლიდა, ისაუზმებ-ისადილებდა და მოსვლას მოისურვებდა. იქნებ გამოვფხიზლდეთ ქართველები და ჩვენები დავაფასოთ სიცოცხლეში. ფილმი მთავრდება კადრით - მურმან ჯინორია დგება და ტაშს უკრავს. მურმანთან ვერც მივა პიერ რიშარი... ჩვენსას უნდა მივხედოთ, თორემ პიერ რიშარისთანა ჩამოვა და წავა.

"ქართველებს ბავშვივით სული აქვთ"

პიერ რიშარი ერთ-ერთ ინტერვიუში საქართველოში გატარებულ სამ თვეს იგონებს: - ჩემს გმირს ქართველი პრინცესა შეუყვარდა და ვნებათაღელვის გიგანტურ მორევში აღმოჩნდა. სწორედ მას ერგო ამ ფილმის დასკვნითი სიტყვა: "ბოლშევიზმი მოდის და მიდის, კარგი სამზარეულო კი რჩება". ეს როლი რაღაც ახალია ჩემს ცხოვრებაში. გულახდილად რომ ვთქვა, კომედიაში უკვე ადგილსაც ვეღარ ვპოულობდი. განვითარება გჭირდება და არა ერთ ადგილზე დგომა. ჩემი შეყვარებული მზარეულის როლში კი არის პოეზიაც, რომანტიზმიც, კომედიაც და სისასტიკეც და, საერთოდ, ჩემთვის ახალი ნოტები. ადრე მეგონა, თავგადასავალი შეიძლება მხოლოდ ფიზიკური იყოს - ექსპედიცია ჯუნგლებში, ცურვა ჩანჩქერებიან მდინარეზე. მაგრამ აქ მივხვდი, რომ თავგადასავალი მოგზაურობაა სამყაროში, სადაც დრო და სივრცე აღრეულია. ცივილიზებული ადამიანისთვის ძნელი წარმოსადგენია, როდესაც გეუბნებიან,"9 საათზეო და ეს ნიშნავს შუადღეს; გეუბნებიან, ერთი საათის სავალიაო და, მაშასადამე, 3-4-საათიანი მგზავრობა უნდა ივარაუდო. ყველაზე სახალისო კი ის არის, როდესაც მიხვალ, თურმე სულ სხვა მხარეს მოხვდი. ამ დროს გზაზე ხვდები მწყემსებს, რომლებიც გეუბნებიან, რომ ზუსტად იციან, საით უნდა წახვიდე!.. ყველაზე უცნაური ის არის, რომ ყველა პერიპეტიის შემდეგ ყველაფერი ლაგდება და გადაღებაც იწყება. როდესაც გარე გადაღება დავასრულეთ, პროდიუსერებმა ისეთი გამოსათხოვარი სადილი გამართეს, რომ მისი გადაღება ვთხოვე, რათა ჩვენი ძუნწებისთვის მეჩვენებინა.

ქართველები განსაკუთრებული ხალხია! მე ისინი ძალიან მიყვარს. ბუნებით მსახიობები არიან. ჩემს ყველა ქართველ ნაცნობს შეუძლია როიალზე, ვიოლინოზე დაკვრა. ისინი შესანიშნავად მღერიან, თანაც სხვადასხვა ხმაზე. მათ ბავშვივით სული აქვთ.