"ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით" - კვირის პალიტრა

"ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით"

"ძალიან მალე მოსალოდნელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნონ გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ მათ თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან აქ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება"

საქართველოში ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დასადგენად მასშტაბური კვლევა გაეროს ბავშვთა ფონდის [Unicef] დახმარებით 2018 წელს ჩატარდა. ამ კვლევის მიხედვით, სისხლში ტყვიის შემცველობა მომატებულია ბავშვების 41%-ში. ამასთან გამოიკვეთა, რომ ყველაზე ცუდი მდგომარეობა აჭარაშია, შემდეგ მოდის გურია. დაავადებათა კონტროლისა და და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ლელა სტურუას განცხადებით, გამოკვლეულ ოჯახებში სისხლში ტყვიის მაღალი შემცველობის მიზეზი არა ჰაერი, ნიადაგი ან წყალი, არამედ სუნელებია.

- ბევრმა ეჭვი გამოთქვა, როგორ შეიძლება მხოლოდ სუნელები იყოს ასეთი მძიმე სურათის შემქმნელი, ბავშვები ხომ ამდენ სუნელს არ მოიხმარენ...

- სუნელების გარდა გამოვიკვლიეთ წყალი, მიწა, ჰაერი, სამზარეულოს ჭურჭელი, სათამაშოები, საღებავი, საკვები პროდუქტები. 228 საღებავის ნიმუშიდან მხოლოდ ორში აღმოჩნდა ნორმაზე მაღალი ტყვიის შემცველობა, პლასტმასის 65 სათამაშოდან - სამში... შედეგები დამუშავდა და გამოვლინდა, რომ გამოკვლეულ ბავშვებში ტყვიის მაღალი შემცველობის ძირითადი მიზეზი არის სუნელი. სუნელები კარგად ასახავს დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოს სამზარეულოებს შორის განსხვავებას. კვლევამ დაგვანახა, რომ დასავლეთში ბავშვები ბევრ სუნელს მიირთმევენ.

- სუნელებში ტყვიის შემცველობაზე უკვე მერამდენე წელია ლაპარაკობენ, თუმცა პრობლემა არ იჭრება... - სურსათის ეროვნული სააგენტო პერიოდულად ატარებს კვლევებს, შემდეგ რა ხდება, არ ვიცი. როდესაც სამოქმედო გეგმა დამტკიცდება, თითოეულ უწყებას ექნება სავალდებულო ნაწილი - გამკაცრებული მონიტორინგი. ამას გარდა, მოქმედებს სახელმწიფო პროგრამა, რომელიც ემსახურება ზემოაღნიშნულ კვლევაში მონაწილე ბავშვებსა და ორსულებს, რომლებსაც 5 მიკროგრამი/დეცილიტრზე მეტი ტყვიის მაჩვენებელი აღმოაჩნდათ, უფასოდ უტარდებათ სისხლში ტყვიის დონის განმეორებითი კვლევები და თუ საჭირო იქნება, მკურნალობაც უფასოდ ჩაუტარდებათ.

ნოდარ ტანგიაშვილი, მკვლევარი, East West Management ინსტიტუტში საჯარო პოლიტიკის ექსპერტი: - იმის პარალელურად, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრმა შეიმუშავა სტრატეგია, ათასობით ჩვენგანი ვიწამლებით ამ მძიმე მეტალით იმ სწრაფი კვების ობიექტებში, რესტორნებში, სასადილოებში, სადაც ყოველდღიურად დავდივართ და კიდევ - ათასობით ოჯახი იწამლება სახლში. ვიწამლებით ისევ სუნელებით, რომლებშიც უკვე მერამდენედ, ამჯერად წამყვანმა ამერიკულმა კომპანია Pურე Eარტჰ-მა აღმოაჩინა ნორმაზე 2,700-ჯერ მეტი ტყვია, რაც საშიშია სიცოცხლისთვის!

შარშან მარტში ჩვენი სამოქალაქო ჯგუფის თხოვნით ჩატარებულ კვლევებში ქართულმა ლაბორატორიამაც მიაკვლია ნორმაზე 1321-ჯერ მეტ ტყვიას თბილისის ოჯახებიდან ამოღებულ სუნელში. ტყვია არა მარტო პირის ღრუდან ხვდება ჩვენს ორგანიზმში, არამედ მის მტვერს ბავშვებიც ადვილად შეისუნთქავენ. ყველა ექსპერტი ამბობს, რომ ტყვიის ეს რაოდენობა სუნელებში ვერ მოხვდებოდა ბუნებრივად (მიწიდან). ფერის მისაცემად კონკრეტული კომპანია ან მეწარმე ტყვიის შემცველ საღებავს გვიყრის სუნელებში და მერე, არხეინად, ავაზაკურად, გვასაღებს ამ საწამლავს. და ჩვენც მოვიხმართ. ანუ, ფაქტობრივად, სასიკვდილოდ გვიმეტებს!

2015 წელს ნიუ-იორკის ჯანდაცვის დეპარტამენტმა საქართველოდან ჩატანილ სუნელებში დიდი რაოდენობით ტყვია აღმოაჩინა და აცნობა ხელისუფლებას. მაშინაც კატასტროფული რაოდენობა - ტყვიის 27,000 ნაწილაკი აღმოჩნდა! ამდენი წელი გავიდა და დღეს თურმე ისევ ვიწამლებით.

რომელი სუნელია, როგორ გამოიყურება, შეფუთულია თუ ასაწონია, რომელი კომპანიის წარმოებულია, სად ერევა ის საღებავს - ეს არავინ იცის და ვერც გვეცოდინება. ჩვენ ხომ საგამოძიებო ორგანო არ ვართ?! ამიტომ მივმართავ საქართველოს პროკურატურას და შს სამინისტროს, გაარკვიონ, რა ხდება და დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება. მეტსაც გეტყვით - ძალიან მალე მოსალოდნელია, დასავლეთის ქვეყნების მთავრობებმა საკუთარი მოქალაქეებისთვის გამოაქვეყნონ გამაფრთხილებელი განცხადებები, რომ მათ თავი შეიკავონ საქართველოში ვიზიტისგან, რადგან აქ მათ ჯანმრთელობას საფრთხე ემუქრება. ერთმა ჩვენმა სტრატეგიულმა პარტნიორმა უკვე დაიწყო ეს პროცესი. მას სხვებიც მიჰბაძავენ, ამას კი მოჰყვება ჯაჭვური რეაქცია. შედეგად რასაც მივიღებთ, ეს ყველასთვის ცხადია!

სურსათის უვნებლობის სამსახურის განმარტება

სურსათის ეროვნული სააგენტო სახელმწიფო მონიტორინგის პროგრამის ფარგლებში იღებს და იკვლევს ტყვიის შემცველობაზე სურსათს, მათ შორის - სუნელებს. ყოველწლიურად იზრდება აღებული ნიმუშების რაოდენობა და მცირდება დარღვევის მაჩვენებლები. 2018 წელს 2017 წელთან შედარებით 3-ჯერ არის შემცირებული დარღვევების რაოდენობა - გამოკვლეული 137 ნიმუშიდან, დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობა აღმოჩნდა რვა ნიმუშში, მაშინ, როცა ეს მაჩვენებელი 2017 წელს 33-ს შეადგენდა. მიმდინარე წელს გამოკვლეული 50-მდე ნიმუშიდან ნორმასთან შეუსაბამობა მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღინიშნა.