მეთოჯინე დედა - კვირის პალიტრა

მეთოჯინე დედა

თოჯინების სიყვარული ბევრს ბავშვობიდან მოჰყვება. თუ რატომ, ვინ იცის! იქნებ გაუხუნარი ბავშვობის მონატრების ნიშნად, როცა ჩვენს თოჯინებში ჩვენივე ოცნებებს "გამოვპრანჭავდით" ხოლმე... დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენშიც კი, სადაც ცხოვრება არც ისე იოლია, თოჯინებში ათასობით ევროს იხდიან. მაგალითად, შარშან, თბილისში გამართულ თოჯინების საერთაშორისო გამოფენაზე ერთმა ქართველმა თოჯინაში 6.000 ევრო გადაიხადა. ვინ იყო, ალბათ მნიშვნელობა არც აქვს. მთავარი ის არის, რომ ფანტასტიკურ თოჯინებს ახლა უკვე ჩვენთანაც ამზადებენ.

ეკატერინე ბერიძე 8 შვილის დედაა, საოჯახო საქმეებს რომ მოილევს, მერე ღამეებს თოჯინებს უთევს. მითხრა, - ეს საქმე ალბათ იმიტომაც გამომდის, რომ ბავშვობაში თოჯინებს კაბებს თავად ვუკერავდი, დამქონდა ფერადი ქსოვილებით გატენილი ჩანთა და მანამდე ვკერავდი, ვიდრე ისეთი ლამაზი კაბა არ გამომივიდოდა, როგორიც მე მინდოდაო!

- ჩემი შეკერილი კაბები ყველას ისე მოსწონდა, რომ გაუთავებლად მაქებდნენ. ქებით სტიმულმოცემული კი უკეთეს და უკეთეს კაბებს ვუკერავდი ჩემს თოჯინებს...

25 წლისა გავთხოვდი და თოჯინებზე ფიქრიც ნელ-ნელა მინელდა. ახლა რვა შვილი მყავს. უფროსი 16 წლისაა, პატარა კი მხოლოდ წლის.

სამი წლის წინ, ერთ მშვენიერ დღეს, როდესაც ინტერნეტში თოჯინა ვნახე, მისი დამზადება მეც მომინდა. ვიფიქრე, ასე მეც გავაკეთებ-მეთქი და ამ საქმის შესასწავლად, თოჯინების კურსებზე ჩავეწერე.

- იქ არავინ გკითხათ, რვა შვილის დედამ ამ საქმის შესწავლა როგორ უნდა მოახერხოთო? - იქ არა, მაგრამ ახლა ყველა მაგას მეკითხება, როგორ პოულობთ დროს ამ საქმისთვისო.

- ჰოდა, მეც გკითხავთ? - დრო მართლა ძალიან ცოტა მაქვს, როცა ბავშვებს სძინავთ, ან სკოლაში არიან, თოჯინებს მაშინ ვაკეთებ. რაც ძალიან გიყვარს, იმ საქმისთვის დროს ყოველთვის გამონახავ. თანაც, ჩემი 8 შვილი ხომ ღვთის საჩუქარია და იმ ამოუხსნელ ძალას მაძლევენ, რაც შეუძლებელია სხვაგან იპოვო. ამ საქმეში ახლა უკვე ჩემი შვილებიც მეხმარებიან. თუ მუშაობისას ჩემ გვერდით არიან, უსათუოდ მაწვდიან რაიმე იდეას. მართალია, პატარები სამოსის ისეთ ბრჭყვიალ-ბრჭყვილა იდეებსაც მთავაზობენ, რაც თოჯინებს არ მოუხდებათ, მაგრამ საბოლოო ჯამში ბავშვებს ფანტაზიების ამოუწურავი სამყარო აქვთ.

- ისე, გავიგე, რომ თოჯინებს მხოლოდ დახვეწილ კაბებს აცმევთ. - ჩემს თოჯინებს არისტოკრატული სამოსი უნდა ეცვათ, სამკაულებიც დახვეწილი უნდა ეკეთოთ. ძვირად ღირებულს, რა თქმა უნდა, ვერ გავუკეთებ, მაგრამ დიდხანს ვეძებ ლამაზ სამკაულს, ისევე როგორც საკაბე ქსოვილებს. თუმცა ერთხელ ვერ მოვითმინე და ჩემს თოჯინას ოქროს ბეჭდიც კი გავუკეთე. ისე მოუხდა, თვალს ვერ ვაშორებდი. ზოგჯერ მუშაობაში დრო ისე გამპარვია, ფანჯარში რიჟრაჟის დანახვაზე თვალის მისალულად გავქცეულვარ - ცოტა ძილი უნდა მოვასწრო, რომ მერე ოჯახს გავწვდე, მაგრამ, როცა ჩემს თოჯინებს ვუყურებ, ისეთი სიხარულით ვივსები, რომ დაღლილობა ჩავლილი ღამესავით ქრება...