"მინდა შევქმნა რამე ისეთი, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას და კაცობრიობას" - ვინ არის 15 წლის გამომგონებელი გოგონა? - კვირის პალიტრა

"მინდა შევქმნა რამე ისეთი, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას და კაცობრიობას" - ვინ არის 15 წლის გამომგონებელი გოგონა?

"წელს განსაკუთრებით რთული წელიწადი მაქვს - რამდენიმე საერთაშორისო გამოცდა უნდა ჩავაბარო. იმედია, გამიმართლებს და მოვხვდები კარგ ამერიკულ უნივერსიტეტში. მიმართულებად კომპიუტერული ინჟინერია ავირჩიე..."

საქართველოს გუნდმა AEIF-ის კონკურსში გაიმარჯვა. ეს არის ყოველწლიური კონკურსი, რომელიც მთელ მსოფლიოში ამერიკული გაცვლითი პროგრამების მონაწილეებს გლობალური გამოწვევების საპასუხო პროექტებს უფინანსებს. წელს მსოფლიოს 150 ქვეყნის 1 400 პროექტიდან 64 გამარჯვებული გამოვლინდა, მათ შორის საქართველოს გუნდიც არის. ჩვენ ერთ-ერთ მონაწილეს, სოფო ჩიხლაძეს ვესაუბრეთ. ის მესამე წელია, რაც გივი ზალდასტანიშვილის ამერიკულ აკადემიაში სწავლობს. მე-11 კლასის მოსწავლეს ინჟინერიის, რობოტიკისა და პროგრამირების გარდა, უცხო ენებიც აინტერესებს.

- ჩვენმა გუნდმა AEIF-ის (Alumni Engagement Innovation Fund) საგრანტო კონკურსში გაიმარჯვა პროექტით "STEM - საშაბათო სკოლა დევნილი ბავშვებისთვის". ამ კონკურსში წელს პირველად ჩავერთე ჩემს ორ მეგობართან - თინა გიორგაძესა და თეკლა ხმიადაშვილთან ერთად. მანამდე სამივე ამერიკის საელჩოს მიერ გოგონებისთვის ორგანიზებულ STEM-ბანაკში ვიყავით. ერთად დავწერეთ პროექტი, რომელიც 12-დან 17 წლამდე დევნილი ბავშვებისთვის საშაბათო სკოლის შექმნასა და მათთვის ინჟინერიის, პროგრამირების, მათემატიკისა და სხვა საგნების სწავლებას ითვალისწინებს. პროექტის მიზანი ბავშვების ამ საგნებით დაინტერესება და იმის ჩვენება იყო, რომ მეცნიერება რთული და მიუწვდომელი არ არის.

ზაფხულში შუალედური შედეგი რომ გამოქვეყნდა, გამარჯვების იმედი გაგვიჩნდა. ვფიქრობ, ჟიურიმ დაინახა ჩვენი დიდი სურვილი იმ ბავშვებს დავხმარებოდით, რომლებსაც ხელი არ მიუწვდებათ ამ მიმართულებებით სწავლაზე.

პროექტი რამდენიმე მხარის ჩართულობით დავგეგმეთ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკულმა აკადემიამ უზრუნველყო სივრცე, სადაც მეცადინეობები ჩატარდება. ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსთან შეთანხმება გვაქვს და სამივე ნაკადის ბავშვებისთვის ტექნოპარკში შემეცნებითი ექსკურსია გაიმართება. დევნილებთან კომუნიკაციასა და სამიზნე ჯგუფის შერჩევაში "დევნილთა საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო" გვეხმარება. მათ შეტყობინებები გაეგზავნებათ. პირველი ნაკადი შევსებულია და მეცადინეობა 16 ნოემბერს დაიწყება, მეორე ნაკადისთვის კი 1-ლი თებერვლიდან.

პროექტში ბევრი მოხალისეა ჩართული. გაკვეთილებს მასწავლებლის მენტორობით ჩვენივე სკოლის უფროსკლასელები ვატარებთ. მას შემდეგ, რაც კონკურსში გავიმარჯვეთ, ჩვენი პროექტი უფრო გაფართოვდა. ჩვენ მშვიდობის კორპუსს მივმართეთ და რამდენიმე ამერიკელი მოხალისე ჩამოვა დევნილებისთვის გაკვეთილების ჩასატარებლად. ასევე ვიწყებთ თანამშრომლობას ამერიკულ კუთხესთან, რომელიც ძალიან ბევრ აქტივობას სთავაზობს ბავშვებს.

- მომავლის პროფესია უკვე აირჩიე? - მეორე კლასში ერთ-ერთი მათემატიკურ ოლიმპიადაში გავიმარჯვე. მესამეში გადავდიოდი, როდესაც საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრ "მზიურში" მოვხვდი. თავდაპირველად მათემატიკასა და ლოგიკას, შემდეგ კი პროგრამირებას ვსწავლობდი. რამდენიმე პროგრამული ენა ვისწავლე და მივხვდი, რომ ტექნოლოგიები უნდა ამერჩია პროფესიად. ამის პარალელურად, რობოტიკითა და ინჟინერიით დავინტერესდი და სასწავლო ცენტრ UG-Limes-ში რობოტიკის კურსი გავიარე.

- როდის დაიწყე პროექტებში მონაწილეობა?

- გარდა აკადემიური ცოდნისა, ძალიან მნიშვნელოვანია პრაქტიკულ პროექტებში ჩართვა. თუკი რაიმე კონკურსი ცხადდება, ყველგან ვცდილობ მონაწილეობას. ამერიკულ აკადემიაში რომ გადმოვედი, ჩვენმა ფიზიკის მასწავლებელმა ილია მესტვირიშვილმა რამდენიმე ბავშვს სკოლის მოსწავლეებისთვის სასწავლო ხელსაწყოს პროექტის მომზადება დაგვავალა, შემდგომ კი ის (პროექტი), როგორც კონკურსის გამარჯვებული, ვენაში დიდ საერთაშორისო კონფერენციაზე წარვადგინეთ.

- შარშან რობოტმა ვანომ წარმატება მოგვიტანა და 186 ქვეყანას შორის საქართველომ მესამე ადგილი დაიკავა. წელს რობოტიკის საერთაშორისო ოლიმპიადა Fირს Gლობალ Dუბაი-ს თემა ოკეანის დაბინძურება იყო. შეიძლება ვთქვათ, რომ რობოტი მზია ვანოს გაუმჯობესებული ვარიანტია? - ვანოც და მზიაც ერთი კონკურსის სხვადასხვა წლის პროექტებია. ისინი ფუნქციონალითა და შესაძლებლობებით ერთმანეთისგან განსხვავდებიან, თუმცა მზიას წელს არ გაუმართლა - საპრიზო ადგილამდე ერთი ნაბიჯი დააკლდა.

- 2019 წლის ზაფხულში NASA-შიც იყავი. მოგვიყევი "ბარნის სმარტ ლაბირინთისა" და მიღებული გამოცდილების შესახებ. - NASA-ში გამგზავრება ათასწლეულის ინოვაციების კონკურსის ჯილდო იყო. ორი წლის წინ გამიმართლა და მოვხვდი ტექნიკური უნივერსიტეტის ასოცირებულ პროფესორ დავით სონღულაშვილთან, რომელმაც მე და ჩემს გუნდს მენტორობა გაგვიწია საკონკურსო პროექტის "ბარნის სმარტ ლაბირინთის" შექმნისას. დიდხანს ვმუშაობდით ამ პროექტზე, რომელიც თაგვებზე მედიკამენტების ზემოქმედების შესწავლის ავტომატიზაციას უზრუნველყოფს და მეცნიერებს უადვილებს დაკვირვებასა და მონაცემთა შეგროვებას. NASA-მდე კიდევ გაგვიმართლა და ვაშინგტონში მიგვიწვიეს, სადაც შეხვედრები გვქონდა ათასწლეულის გამოწვევის ფონდში, კონგრესში, საქართველოს საელჩოში. დაუვიწყარი მოგზაურობა იყო.

- რა იქნება შენი შემდეგი ნაბიჯი? - ამერიკულ უნივერსიტეტებში ჩასაბარებლად აპლიკაციები უნდა გავგზავნო, ამიტომ წელს განსაკუთრებით რთული წელიწადი მაქვს - რამდენიმე საერთაშორისო გამოცდა უნდა ჩავაბარო. იმედია, გამიმართლებს და მოვხვდები კარგ ამერიკულ უნივერსიტეტში. მიმართულებად კომპიუტერული ინჟინერია ავირჩიე. ეს საფეხურია უფრო დიდი მიზნისკენ - ძალიან მინდა შევქმნა რამე ისეთი, რაც გამოადგება ჩემს ქვეყანას და კაცობრიობას, უკეთესობისკენ შეცვლის მის ყოფას.

ნათია სიბაშვილი