რატომ გაიზარდა სკოლიდან გასული მოსწავლეების სტატისტიკა - კვირის პალიტრა

რატომ გაიზარდა სკოლიდან გასული მოსწავლეების სტატისტიკა

ყოველწლიურად საბაზო საფეხურის დასრულების შემდგომ სკოლას საშუალოდ 7000-ზე მეტი მოსწავლე ტოვებს. ბოლო 4 წლის განმავლობაში მე-9 კლასის შემდეგ სკოლა 29 529 მოსწავლემ დატოვა. მათგან მხოლოდ 7 915-მა გააგრძელა სწავლა პროფესიული პროგრამით. რაზე მეტყველებს ეს მონაცემები და რა არის შესაცვლელი, განათლების ექსპერტ სიმონ ჯანაშიასთან ვისაუბრეთ.

- ბოლო წლებში მოსწავლეების ნაწილისთვის უფრო მიმზიდველი იყო სკოლის გარეთ არსებული ვითარება და ეს განაპირობა რამდენიმე ფაქტორმა.

- კერძოდ? - ცხადია, დიდ როლს თამაშობს ეკონომიკური ფაქტორი, თუ რამდენად ხელს უშლის ან უწყობს სკოლაში დარჩენა მოსწავლეების ეკონომიკურ კეთილდღეობას. მაგალითად, იმას, რომ ჰქონდეთ შემოსავლები სკოლაში სწავლისას, ან სკოლიდან წასვლა, რომ გაეზარდოთ შემოსავალი. სკოლიდან გასული მოსწავლეების სტატისტიკა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გამოსაშვები გამოცდები შემოიღეს - ეს მნიშვნელოვანი ფაქტორია.

- მე-12 კლასის, ხომ? - დიახ. ამის გამო სკოლებისა და მათ შორის განათლების ადმინისტრატორების ნაწილმა მე-12 კლასამდე გაუშვეს მოსწავლეები სკოლიდან, რათა დაემალათ, რომ მათ სკოლაში მოსწავლეები გამოცდებს ვერ აბარებენ. თავად მოსწავლეებიც ხედავდნენ, რომ უფროსკლასელები გამოცდებზე იჭრებოდნენ და თავადაც იღებდნენ სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილებას. 2012-2017 წლებში მე-12 კლასში სწავლობდა სასკოლო ასაკის ბავშვების მხოლოდ 72%. ევროპულ სკოლებში ეს მაჩვენებელი 92%-ს შეადგენს.

- ე.ი. ევროპის სკოლებშიც მიღებული პრაქტიკაა, რომ სწავლის გარკვეულ საფეხურზე მოსწავლეების ნაწილი გადის სკოლიდან. - კი გადის, მაგრამ საგანმანათლებლო სივრცეში რჩება. არის სხვა ალტერნატივებიც, მათ შორის პროფესიული განათლება. ჩვენთან საუკეთესო შემთხვევაში სკოლიდან დროზე ადრე გასულების მეხუთედი შედის პროფესიულ სასწავლებელში, დანარჩენები პირდაპირ სამუშაო ბაზარზე მიდიან, ან არ იწყებენ მუშაობას და ტვირთად აწვებიან ოჯახებს, სახელმწიფოსა და საზოგადოებას.

- რა მიგაჩნიათ ამ პრობლემის გადაჭრის საუკეთესო გზად? - სწორი იყო გამოსაშვები გამოცდების გაუქმება. სკოლაში მეტი მოსწავლე დარჩება.

- მთავარია, ისწავლონ... - სულ რომ სახლში არ მოამზადონ და მხოლოდ გაკვეთილზე ისხდნენ, მაინც სწავლობენ რაღაცას - ურთიერთობას და იმას, თუ რა პერსპექტივა შეიძლება ჰქონდეთ... სახელმწიფომ უნდა შეაჩეროს სკოლების დასჯის მექანიზმები მოსწავლეების შედეგების საფუძველზე, პირიქით, დახმარების მექანიზმები უნდა აამუშაოს. უნდა გამოავლინოს, რომელ სკოლებშია მოსწავლეების შედეგები პრობლემური, შემდეგი ნაბიჯი კი უნდა იყოს სკოლის დახმარება და არა დირექტორის დასჯა.

- დასჯის მექანიზმებში რა შედის? - მაგალითად, დირექტორის მოხსნა, ამიტომ ყველას ურჩევნია დამალოს ცუდი შედეგები. ჩემი აზრით, არ არის საუკეთესო გადაწყვეტილება, რომ სახელმწიფომ 10 კლასის დამთავრება სავალდებულო გახადა. ალბათ, ამის პარალელურად სოციალური გაძლიერება იქნება საჭირო, რაც არ ჩანს, რომ აპირებენ. სავალდებულო 10 კლასის განათლების შემოღების პარალელურად, ახლა იმაზე წამოიწყეს ლაპარაკი, მე-11 და მე-12 კლასები უმაღლესისთვის მოსამზადებლად იყოს განკუთვნილიო. ამან შეიძლება უფრო შეამციროს მოსწავლეების ნაწილში სკოლაში დარჩენის სურვილი.

- მაგრამ საქართველოში არის სტერეოტიპული მიდგომა, ჩემმა შვილმა აუცილებლად უმაღლესი უნდა დაამთავროსო... - ეს სტერეოტიპი მართლაც არის. თუმცა სინამდვილეში საქართველოში გაცილებით ნაკლები უმაღლესდამთავრებულია, ვიდრე ევროპის ქვეყნებში.

განათლების ხარისხის გაზრდა გამოიწვევს ჩართულობის ინტერესის გაზრდას. მნიშვნელოვანი იქნებოდა როგორც სკოლის გარეთ ალტერნატივები, მაგალითად, პროფესიული სასწავლებლები, ისე სკოლაშივე არსებული ალტერნატივები, ბავშვმა სკოლაშიც რომ ისწავლოს სასარგებლო მიმართულებები. მაგალითად, სკოლას ჰქონდეს ბაზა, სადაც ბავშვებს შეასწავლიან ფერმერობას, ხის დამუშავებას, ელექტრონიკას და ა.შ., რათა სკოლადამთავრებულს უფრო მეტი კომპეტენცია ჰქონდეს სამუშაო ბაზარზე შესასვლელად. შესაბამისად, სკოლაში დარჩენის ინტერესიც გაიზრდება.

რეგულირებით, კანონების შემოღებითა და გამკაცრებით პოზიტიურ ცვლილებებს ვერ მივიღებთ. მეტი რეგულირება და სიმკაცრე განაპირობებს, რომ სისტემამ გარიყოს ის, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დახმარება. ამ დამოკიდებულებას შეცვლა სჭირდება!