ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია - კვირის პალიტრა

ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება არ შეჩერებია

გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ნინო სუხიშვილს გაეროს კეთილი ნების ელჩის უფლებამოსილება თითქოს იმის გამო შეუჩერდა, რომ მან ქართული წარმოსობის შვედ რეჟისორ ლევან აკინთან არ ითანამშრომლა, საქართველოში გაეროს წარმომადგენლობა გამოეხმაურა, რომლიდანაც ირკვევა, რომ ეს ინფორმაცია ტყუილია.

"თითოეული კეთილი ნების ელჩისგან გაერო მოელის 2030 დღის წესრიგისა და მასში გაჟღერებული მთავარი მიზნის "არავინ ყურადღების მიღმა" განუხრელ დაცვას.

გაეროს წარმომადგენლობა გამოხატავს მადლიერებას ქალბატონი ნინო სუხიშვილისა და კიდევ ორი კეთილი ნების ელჩის მიმართ მათ მიერ გაწეული დახმარებისთვის. 2017 წლიდან მათი საქმიანობა ამ პოზიციაზე ემსახურება ქვეყანაში მდგრადი განვითარების 17 მიზნის ხელშეწყობას.

თვალსაჩინო ქართველი მოღვაწეები ასრულებენ კეთილი ნების ელჩის მოვალეობას ნებაყოფლობით. ეს საპატიო წოდება ენიჭება დროებით და ელჩები ექვემდებარებიან როტაციას", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, თბილისსა და ბათუმში ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერამ ხმაურიანად ჩაიარა. ქართველი წარმოშობის რეჟისორის, ლევან აკინის მიერ გადაღებულმა ფილმა ქართველ საზოგადოებაში საკმაოდ არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია. ფილმს ბევრი მოწინააღმდეგე გამოუჩნდა.

კინოსურათის პრემიერა 2019 წლის 16 მაისს კანის კინოფესტივალზე შედგა, მას შემდეფ ფილმი 30-ზე მეტ ქვეყანაში გაიყიდა, ხოლო "ოსკარის" დაჯილდოების 92-ე ცერემონიალზე უცხოენოვანი ფილმის კატეგორიაში შვედეთის სახელით წარდგება.

კანის ფესტივალზე ფილმს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც რეჟისორს ლევან აკინს მოიხსენიებდნენ როგორც

ახალ პედრო ალმოდოვარს. როგორც თავად რეჟისორი ამბობს, საქართველოში ფილმის გადასაღებად, მას ბევრი წინააღმდეგობა შეხვდა. მან ერთ-ერთ ინტერვიუში გაიხსენა შეხვედრა ანსამბლ "სუხიშვილების" დირექტორთან, ნინო სუხიშვილთან: "მისი რეაქცია იყო ასეთი, რატომ არ შეიძლება ამ ბიჭს შეუყვარდეს გოგო? გეები ქართულ ცეკვებში არ არიან, - გვითხრა ქალბატონმა ნინომ".

იხილეთ ასევე: "ოჯახში ქართულად ვსაუბრობდით, ჩემი პირველი ენა ქართული იყო" - ვინ არის სკანდალური ფილმის წარმოშობით ქართველი რეჟისორი?