"ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი" - რატომ ამჯობინებენ ქართველი პაციენტები უცხოეთში მკურნალობას? - კვირის პალიტრა

"ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი" - რატომ ამჯობინებენ ქართველი პაციენტები უცხოეთში მკურნალობას?

საქართველოში ონკოლოგიური დაავადებების რიცხვი დღთიდღე მატულობს, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს სიმსივნით გარდაცვლილ ადამიანთა რიცხვი 7095 შეადგენდა, 2018 წელს კი ეს მაჩვენებელი 234 ადამიანით გაიზარდა. კველევებმა დაადასტურა, რომ კიბოს შემთხვევების 56% ქალებში, ხოლო 44% მამაკაცებში ვლინდება. საზოგადოების ნაწილი მკურალობას უცხოეთში, ნაწილი კი საქართველოში იწყებს. ონკოლოგ ქეთი გიგილაშვილის თქმით, ამის მიზეზი ქართული მედიცინის მიმარ ხალხის უნდობლობაა.

სიმსივნის გახშირებაზე, მკურნალობის გზებსა და რისკებზე "კვირის პალიტრასთან" ონკოლოგმა ქეთი გიგილაშვილმა ისაუბრა. მისი თქმით, ქალებში გავრცელებულია ძუძუს კიბო, ხოლო მამაკაცებში ფილტვისა და ხორხის სიმსივნეები, ასევე საგრძნობლად მომატებულია ფარისებრი ჯირკვლის კიბო, რაც, მისი თქმით, მზის რადიაციის გაძლიერებისა და ხალხში დანერგილი არასწორი ცხოვრების წესის ბრალია. ქეთი გიგილაშვილმა საუბრისას ფარისებრი ჯირკვლის სიმსივნის მომატების ერთ-ერთ გამომწვე მიზეზად ჩერნობილის კატასტროფის დროს გავრცელებული რადიაციაც დაასახელა. "ჩერნობილის ტრაგედიის შემდეგ წლები გავიდა, თუმცა რიგმა სიმსივნეებმა ახლა იჩინა თავი", - გვითხრა ონკოლოგმა.

სტატისტიკის მიხედვით, გაზრდილია უცხოეთში სამკურნალოდ წასულ პაციენტთა რიცხვიც.

ქეთი გიგილაშვილი: "ქართველი პაციენტების ნაწილი არ ენდობა ქართულ მედიცინას, ეს გარკვეულწილად იმითაც არის განპირობებული, რომ საბჭოთა კავშირის დროს ამა თუ იმ დაავადების სამკურნალოდ ხშირად მოსკოვში მიდიოდნენ, ამასთანავე, უწინ ჩვენთან სხივური თერაპიის აპარატურა არ ვარგოდა - დამწვრობას იწვევდა, ყველაფერი მოძველებული, როგორც წესი, სხვა ქვეყანაში ჩამოფასებული და მეორადი ჩამოჰქონდათ. ახლა აპარტურა განახლებულია, ექიმებმაც გაიარეს გადამზადება".

ვესაუბრეთ პაციენტებსაც, რომელთა ნაწილმა - საქართვლოში ნაწილმა კი საზღვრებს გარეთ გაიარა მკურნალობის კურსი. 54 წლის ზაზა გურგენიძის თავდაპირველი დიაგნოზი გრეივსის დაავადება იყო, შემდეგი კი ფარისებრი ჯირკვლის ავთვისებიანი სიმსივნე. დაავადების სავარუდო მიზეზი ჩერნობილის კატასტროფას უკავშირდება.

ზაზა გურგენიძე: - ჩერნობილში მომხდარი კატასტროფის დღეს უკრაინაში, ზაპაროჟიეში ვიყავი, თუმცა დაავადება 21 წლის შემდეგ გამოვლინდა. ოპერაცია მალევე თბილისში გავიკეთე, რასაც გართულება არ მოჰყოლია. მკურნალობა უკრაინაში, რადიაციული იოდით გავაგრძელე. წლებია შემოწმებას ყოველ 6 თვეში ერთხელ თბილისში ვიტარებ. ჩემი დაავადება დამარცხებულად მიიჩნევა, ვფიქრობ, სიმსივნეების მკურნალობის თვალსაზრისით წინსვლა არის, თუმცა ევროპას ჩამოვრჩებით. ხშირად ზუსტი დიაგნოზის დასმა ჭირს. ფარისებრ ჯირკვალზე უკვე კარგად მუშაობენ და სხვა სახის სიმსივნეებსაც ნელ-ნელა სწავლობენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ექიმებს გადამზადება სჭირდებათ.

ლევან რუხაია 42 წლის, პირველად დიგნოზი: ხორხის პაპილომა, მეორადი დიაგნოზი: ხორხის სიმსივნე, კარცინომა: - სამედიცინო სისტემა არ ვარგა საქართველოში, არც დაფინანსების და არც ონკოლოგიის მიმართულებით. ჩემი დაავადებით გადარჩენილების და დაღუპულების სტატისტიკაც კი ვერ მანახეს. გჭირდება თუ არ გჭირდება სიმსივნეზე მაინც ქიმიას ნიშნავენ. ჩემს შემთვევაში ოპერაცია მარტივი გამოსავალი იყო, თუმცა საქართველოში გარანტიები ვერ მომცეს, ამიტომ თურქეთში წავედი. თურქეთს თუ შევედარებით, ძალიან ჩორჩენილები ვართ, იქ ყველაფერი ისე ამიხსნეს, რომ ბრმად ვენდე ექიმებს და ვიმედოვნებ, რომ ნახევარ წელიწადში თავისუფლად ვიტყვი, სიმსივნე დავამარცხე - მეთქი.

ჩვენ მიერ ჩატარებულმა ქუჩის გამოკითხვამ აჩვენა, რომ საზოგადოების ნაწილს ამ საკითხთან მიმართებაში სხვა და სხვა აზრი აქვს. ისინი მეტ-ნაკლებად ენდობიან ქართულ მედიცინას და ონკოლოგიური დაავადების მკურნალობას საქართვლოში, თუმცა არჩევანის შემთხვებაში უცხოეთს ამჯობინებენ.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)