"მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით ჩვენს სულიერ მამას" - მონაზონ ელენე ნაფეტვარიძის წერილი
"მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით ჩვენს სულიერ მამას" - მონაზონ ელენე ნაფეტვარიძის წერილი
ბოლო დროს განვითარებული მოვლენების თაობაზე წერილს აქვეყნებს მონაზონი დედა ელენე (ნაფეტვარიძე), რომლესაც უცვლელად გთავაზობთ:

"არა კაც-ჰკლა"

"რაც მტრობას დაუნგრევია,
სიყვარულს უშენებია..."


ცოდვით დაცემის შემდეგ ადამიანის ბუნება დასნეულდა, მიიდრიკა ცოდვისკენ და მოწყდა თავის შემოქმედს - ღმერთს; გაწყდა მადლისმიერი კავშირი შემოქმედსა და ქმნილებას შორის. დაუძლურდა სული, შავ ლაქებად დაილექა მასზე ყოველნაირი ცოდვა. შეძრწუნდა ადამიანი, ცოდვის მონობაში აღმოჩნდა, არასწორად გამოიყენა ღვთისაგან ბოძებული თავისუფალი ნება. შეეწყალა იგი უფალს, აღუთქვა მას გამოხსნა და დაუდგინა ცხოვრების
წესი - სჯული, რომლის საფუძველიც 10 მცნებაა. ერთ-ერთი ამ ათისგან, მე-6 მცნება შეგვაგონებს - "არა კაც-ჰკლა". ჩვენ ყურადღებას მასზე შევაჩერებთ.

ხშირად, როცა მოყვასს ურჩევ, რომ ეკლესიური ცხოვრება დაიწყოს, აღსარება თქვას და ეზიაროს მაცხოვრის სისხლსა და ხორცს, პასუხად მოგიგებს: რა ცოდვა მაქვს ასეთი, ქურდი მე არა
ვარ და კაცი არ მომიკლავსო.

მართლაც, რას ნიშნავს კაცი არ მომიკლავს, რას გულისხმობს ამ მცნებაში უმრავლეს შემთხვევაში ადამიანი - სიცოცხლე იარაღით არავისთვის წაურთმევია? ნუთუ მხოლოდ იარაღით მოკვდინება არის კაცის კვლა?

ცოტა ღრმად ჩავიხედოთ ამ მცნების არსში, იოანე ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ყოველსა რომელსაც სძულდეს ძმაი თვისი, იგი კაცის მკვლელი არს..." (1 იოანე, 3.15). თუ შენ თავს იმართლებ და ცოდვის მიზეზს სხვაში ეძებ, უკვე იმ პიროვნებას მსხვერპლად ხდი, განიკითხავ და უარყოფითად აფასებ მის ქცევას, ცხოვრებას, სიტყვა-პასუხს, გამოხატავ შენს არაკეთილგანწყობასა და გაღიზიანებას მის მიმართ და ამით მის სულს ზიანს აყენებ. ხანდახან შენს ამგვარ დამოკიდებულებას სიმართლის ძიების საფარველში ნიღბავ. ნუ ავურევთ ერთმანეთში განკითხვასა და მხილებას: განკითხვის ძირი უკმაყოფილებასა და სიძულვილშია და რაც უფრო ინტენსიური და დაუნდობელია იგი, მით უფრო უახლოვდება მცნება "არა კაც-ჰკლას" დარღვევას და შესაძლოა მას ფატალური შედეგიც მოჰყვეს. ვიღებთ ჩვენს თავზე პასუხისმგებლობას? ჩვენ ხომ ღვთის წინაშე ყოველი სიტყვისათვის ვაგებთ პასუხს. მათე მახარებელი გვაფრთხილებს: "სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო" (მათე 12, 37).

ჭეშმარიტი მხილება კეთილგანწყობილებისკენ იხრება, ძირი მისი სიყვარულშია, სიტყვას ფრთხილად უნდა ხმარება, მას ძალა აქვს და მან მშვიდობა და სიყვარული უნდა დათესოს და არა - შუღლი და მტრობა. იგი უნდა ემსახურებოდეს ნაკლის დაძლევასა და გამოსწორებას; ამიტომაც მხილების უფლება აქვს მას, ვისაც უყვარს და არა მას, ვისაც სხვისი განსაცდელი და გაჭირვება ნიშნის მოგებისაკენ უბიძგებს.

თუ არ შეგიძლია სიყვარულითა და კეთილმოსურნეობით ვინმეს მხილება, სჯობს თავი შეიკავო. ღმერთი ყველას როდი ავალებს ამ სათნოების აღსრულებას, რამეთუ უსიყვარულოდ და ბოროტად ნათქვამი სიტყვა ტყვიაზე უარესია. აქაც საფრთხეა, კაცის მკვლელი გახდე და დაარღვიო მცნება "არა კაც-ჰკლა". ეს ყველას უნდა გვახსოვდეს, განსაკუთრებით კი მათ, ვისი სიტყვაც ხშირად ისმის მასმედიის საშუალებით.

დაუფიქრებელი, არაფრთხილი და არამოზომილი სიტყვა, მზერა, ინტონაცია, ჟესტი შეიძლება გახდეს მიზეზი ადამიანის მოკვდინებისა. არის უეცარი, იმპულსური აფეთქება და არის გეგმაზომიერი, კარგად გათვლილი, გამიზნული მუხანათური ქმედება, როცა ადამიანმა ან ადამიანთა ჯგუფმა კარგად იცის, რა შედეგი შეიძლება ან უნდა მოჰყვეს მათ უგუნურ საქციელს.

დღეს ჩვენი ცხოვრების წესის ჩამოყალიბებაზე დიდ გავლენას ახდენენ მასობრივი საინფორმაციო საშუალებები. დავუკვირდეთ - მედია და მისი წარმომადგენლები რა მიმართებაში არიან მოსახლეობასთან, როგორც ახალგაზრდებთან, ასევე უფროს თაობასთან: ყოველი მხრიდან მოდის აგრესია, გადაცემის ფონი, საუბრის ლექსიკა და მანერა, თითქოს ცა თავზე გვემხობა. დღე-ღამეში რამდენჯერმე ვისმენთ მხოლოდ უარყოფით ინფორმაციას: მოკლეს, გაქურდეს, ააფეთქეს, ჩამოინგრა, ხანძარია... და ყველაფერი ეს არა მარტო შინ, არამედ მთელ მსოფლიოში. ნუთუ არაფერი არ აშენდა, არ გაკეთდა საინტერესო მეცნიერული აღმოჩენა, არ დაიდგა საინტერესო პიესა, არ გამოიჩინა ვინმემ თავი კეთილი საქმით, თავდადებით, მოყვასის სიყვარულით, ახალი სიცოცხლის დაბადებით და ა. შ. ეს კანტი-კუნტად თუ გაისმება, ძირითადად ტონი შიშისა და სევდის მომგვრელია და უმეტეს შემთხვევაში არაფერი სასიხარულო, სულისათვის სასარგებლო არ მოდის უამრავი თოქ-შოუებიდან. ეს ყველაფერი უარყოფითად მოქმედებს ახალგაზრდებზე, ბავშვებზე, საერთოდ ერის განწყობილებაზე, მის ეროვნულ ღირსებაზე, მომავლის ხედვაზე.

ამდენი თვითმკვლელობა, ახალგაზრდების მიერ ერთმანეთის არდაზოგვა, ურთიერთგანადგურება, სისასტიკე, ოჯახური ტრაგედიები და უსიხარულობა. ჩვენი ჟურნალისტების მთელი პლეადა დარწმუნებულია, რომ საქვეყნო საქმეს აკეთებს, სიმართლის მებაირახტრენი არიან, კიცხავენ, რენტგენის შუქზე ატარებენ განურჩევლად ყველას და ყველაფერს.

ძვირფასო ადამიანებო, დაფიქრდით სიყვარული გამოძრავებთ თუ ანგარება და ნიშნისმოგება? ნუ დაამზადებთ ლაფის გუნდებს, რადგან სანამ მათ სხვას ესვრით, ჯერ ხომ თავად გაისვრით ხელებს? დაფიქრდით, ჩემო კეთილებო, ხომ არ ხართ სასიკვდილო ცოდვის აღმასრულებელნი, ხომ არ არღვევთ მცნებას "არა კაც-ჰკლა".

ხომ არ არის დრო დავფიქრდეთ, და ძალიან სერიოზულადაც, საკუთარ თავზე, სანამ დიდი აღტყინებით დავიწყებდეთ სხვათა "სააშკარაოზე" გამოყვანას და ამ საქმეში თანამოაზრეების გამრავლებას. ასე ამბობს უფალი: "პირმან შენმან განამრავლა უკეთურება, და ენა შენი თხზვიდა ზაკვასა. შჯდი რა ძმისა შენისა-თვის ბოროტსა იტყოდი, და ძისათვის დედისა შენისა დასდვი საცთური. ესე ყოველი ჰყავ, და დავიდუმე; ჰგონე უშჯულოება, ვითარმედ მეცა შენ გემსგავსო, გამხილო და წარმოვადგინო ცოდვანი შენნი წინაშე პირსა შენსა. გულის-ხმა-ჰყავთ ესე ყოველთა, რომელთა დაგივიწყებიეს ღმრთისა" (ფს. 49, 19-22).

უნდა გვახსოვდეს, ნუ ვიქნებით ყველანი მსაჯულები, ღმერთმა ყველას როდი დაავალა მსაჯულად ყოფნა, მსჯავრი იმან უნდა დასდოს, ვისაც ეს ხელეწიფება. ვიყოთ მშვიდობისმყოფელნი და მშვიდობისმთესველნი და არა შფოთის აღმძვრელნი და ომის გამჩაღებელნი.

ადამიანი შექმნილია ღვთის ხატად და როცა შეურაცხვყოფთ სხვა ადამიანს, რაგინდ მართალიც არ უნდა გვეგონოს საკუთარი თავი, ამით დიდ ცოდვას ჩავდივართ, რადგან ამ დროს მასში უფლის ხატს ვაყენებთ შეურაცხყოფას. ამიტომ ან ღმერთი უნდა უარვყოთ, რომ ჩვენი მრისხანება და სიძულვილი გადმოვანთხიოთ, ან ღვთის ხატებას ვცეთ პატივი და თავი შევიკავოთ.

ამ ბოლო ხანებში კიდევ ერთი მცნება დაირღვა უფლისა: პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყვე ქვეყანასა ზედა, როცა ერის სულიერ მამას, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ჩვენ მიერ ჯვარზე გაკრულ ღვთის კაცს, ღვაწლმოსილ ცოცხალ წმინდანს, მწყემსს კეთილსა და ერის გადამრჩენელ მოწყალე მამას, პატივის მიგების ნაცვლად გაუგონარი შეურაცხყოფა მივაყენეთ, რითაც მხოლოდ ჩვენი უმადურობა დავამტკიცეთ ღვთის წინაშე და საკუთარ თავიც დავიწყევლეთ.

"და რომელმან დააბრკოლოს ერთი მცირეთა ამათგანი, ჩემდა მომართ მორწმუნეთა, უმჯობეს არს მისა, დამო-თუ-იკიდოს წისქვილი ვირით საფქველი ქედსა და დაინთქას იგი უფსკრულსა ზღვისასა.

ვაი სოფლისა ამის საცთურთა მათგან, რამეთუ უნებლიეთცა მომავალ არიან საცთურნი, ხოლო ვაი მის კაცისა, რომლისაგან მოვიდეს საცთური" (მათე18,6-7) ქრისტიანები ვართ, შევეცადოთ ვიცხოვროთ მცნებების მიხედვით და ამით გამოვხატოთ ჩვენი სიყვარული ღვთისადმი და არა ქვეყნის გასწორებით, რამეთუ სხვაა კაცის სამართალი და სხვაა - უფლისა.

მოვუფრთხილდეთ ერთმანეთს, განსაკუთრებით ჩვენს სულიერ მამას, ერის ღირსებას და მომავალს, ჩვენს ამბიციებს ნუ შევწირავთ მათ.

მონაზონი ელენე ნაფეტვარიძე".

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?