"ძალიან მიჭირს შევეგუო ჩემს ასაკს" - კვირის პალიტრა

"ძალიან მიჭირს შევეგუო ჩემს ასაკს"

"ყველას საზღვარგარეთ წასვლა უნდა, ამ დროს არ გვინახავს: სამეგრელო, რაჭა, თუშეთი, ხევსურეთი... კარგია ამერიკა, მაგრამ ჯერ საკუთარი სიმდიდრე უნდა ვნახოთ!"

"ქალბატონებო, დააკვირდით თქვენი თვალის ფერს და იქ აღმოაჩენთ ზუსტად იმ ფერებს, რომლებიც გიხდებათ!" - ამ და სხვა რჩევებს განსაკუთრებულად პოზიტიური მარგო ლუჩკო ჟურნალ "გზის" მკითხველებს აძლევს...

- ადამიანი გემოვნებიანი უნდა დაიბადოს, რაღაც სისხლში, გენეტიკაში უნდა ჰქონდეს... თუმცა ზოგჯერ ვიღაც ისეთ გარემოში იზრდება, რომ კარგი გემოვნება, სტილი უყალიბდება. ჩემი დაკვირვებით, წლების მატებასთან ერთად, ბევრი რამ იცვლება... ბავშვი სხვანაირად ჩაცმული ხარ, ბევრი ბრჭყვიალა მოგწონს... მერე თანდათან "წყნარდები" და 30 წლის შემდეგ სულ სხვა სტილი გაქვს. ვფიქრობ, ქალი თუ ყოველ ათ წელიწადში არ იცვლება, ის უკვე საინტერესოც აღარ არის... ჩაცმის სტილი, მანერა, აქსესუარები - ასაკის შესაბამისი უნდა იყოს! ყველა ვიზრდებით, ვჭკვიანდებით და ჩვენი შინაგანი სამყაროს შესაფერისად უნდა გამოვიყურებოდეთ.

- მოგზაურობა გიყვართ? - საერთოდ, მოგზაურობა ძალიან ცვლის ადამიანს. ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, სად წავალ! ვნანობ, რომ საქართველოში ყველაფერი არ მაქვს ნანახი... ყველას საზღვარგარეთ წასვლა უნდა, ამ დროს არ გვინახავს: სამეგრელო, რაჭა, თუშეთი, ხევსურეთი... კარგია ამერიკა, მაგრამ ჯერ საკუთარი სიმდიდრე უნდა ვნახოთ! უპირატესობას მდიდარი ისტორიული წარსულის მქონე ქვეყნებს ვანიჭებ. ბოლო დროს აღფრთოვანებული ვარ ბერლინით და ჩინეთით! ჩინეთი სასწაულია. შეიძლება გაგიჟდე, იმდენად საინტერესოა...

- როდის იყავით ჩინეთში? - ჩინეთში ორ წლის წინ გახლდით და არ დამავიწყდება ეს საოცარი მოგზაურობა... სოფლებიც ვნახე. ოთხი მილიონი ადამიანი რომ სოფელში ცხოვრობს, ეს შოკის მომგვრელია...

- ბერლინმა რით მოგხიბლათ?

- შემიძლია ვთქვა, რომ ბერლინი ჩემი ქალაქია... იქ ჩემი საუკეთესო დაქალი ცხოვრობს და მან მაჩვენა ქალაქის საუკეთესო არქიტექტურა, ღირსშესანიშნაობები... იქ ხალხი არ ჩერდება, სულ მოძრაობაა! აუცილებლად მონახავ ვინმე შენიანს... საუკეთესოს თქმა შემიძლია იტალიაზეც: ბავშვი, მოზარდი, ახალგაზრდა თუ მოხუცი, ყველა გაპრანჭული, კარგად ჩაცმული იყო. ქალებს იმდენად არ დავკვირვებივარ, მაგრამ მამაკაცები სულ შლაპებით, შარფებით იყვნენ, გლამურულად გამოიყურებოდნენ. თან ყველას პატარა ძაღლი ახლდა.

- ყველაზე მეტად რომელ ქვეყანაში იგრძნობა, რომ შენს ჩაცმულობას ყურადღებას აქცევენ? - საქართველოს გარდა, ეს არსად შემინიშნავს... არ ვფიქრობ, რომ ეს ცუდია. ჩვენთან ბევრი გემოვნებიანი, მოდური ადამიანი ცხოვრობს და ასე ამიტომაც ხდება... ძალიან ბევრი უცხოელი მეგობარი ჩამოდის ჩემთან სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც ამბობენ, თბილისს თავისი მოდა, სტილი აქვს!

თბილისში თუ ხარ, აუცილებლად კარგი მზის სათვალე უნდა გქონდეს! აბსოლუტურად ყველა სათვალით დადის! არ აქვს მნიშვნელობა, რა ბრენდის ან ფერის იქნება, მაგრამ აქსესუარებიდან უმთავრესი სათვალეა!

ძალიან ბევრი გააკეთეს ქართველმა დიზაინერებმა იმისთვის, რომ უცხოელებს ჩვენ შესახებ გაეგოთ. მაგალითად დავასახელებ დემნა გვასალიას, ირაკლი ნასიძეს, დევიდ კომას, ავთანდილ ცქვიტინიძეს და ა.შ. ვამაყობ, საქართველოდან რომ ვარ და თბილისში რომ ვცხოვრობ - აქ მამაკაცები თუ ქალბატონები, ბავშვებიც კი ძალიან გემრიელად ჩაცმულები დადიან!

- ცნობილი ქალბატონებიდან ვინ არის თქვენთვის მისაბაძად გემოვნებიანი?

- მაკა ასათიანი! სამწუხაროდ, მას პირადად არ ვიცნობ, მაგრამ ძალიან მომწონს! რაც ასაკში შედის, უფრო საინტერესო ხდება... გემოვნებიანია ნანი ბრეგვაძე! თეონა თავართქილაძეზე ხომ საერთოდ ვგიჟდები. გამორჩეული და არაჩვეულებრივი პიროვნებაა!.. უცხოელებიდან ჩემთვის მისაბაძია სარა ჯესიკა პარკერი. რა თქმა უნდა, მომწონს ვიქტორია ბექჰემი, რომელიც ძალიან დაბალია, მაგრამ ყოველთვის მაგრად გამოიყურება. ბოლო დროს ასევე მომწონს ჯენიფერ ლოპესი.

- ვიქტორია ბექჰემის სიმაღლე ახსენეთ. თქვენთვის პარამეტრები უმნიშვნელოა? - რა თქმა უნდა, სიმაღლე სავალდებულო არ არის. მე უბრალოდ, გენეტიკურად ვარ მაღალი, მეტრი და ოთხმოცი სანტიმეტრი გახლავართ... მიუხედავად ამისა, მიყვარს და ხშირად დავდივარ მაღალქუსლიანებით. მეგობრები მეხუმრებიან, შენ გვერდით ვკომპლექსდებითო... მე კი ვპასუხობ: სუფთა ჰაერი მიყვარს და უფრო ზევით მინდა ვიყო-მეთქი (იცინის). სიმაღლეს ხშირად დავუკომპლექსებივარ. განსაკუთრებით სკოლაში მიჭირდა, რადგან 12 წლისა უკვე ძალიან მაღალი ვიყავი და კომპლექსის გამო, ბეჭებში მოვიხარე. მერე მივხვდი, რომ ფეხებს ვერ მოვიჭრიდი და ამას უნდა შევგუებოდი. ახლაც მინდა, თუნდაც მხოლოდ ხუთი სანტიმეტრით დაბალი ვიყო. ყველა მსურველს გჩუქნით ჩემს ზედმეტ ათ სანტიმეტრს!

- საქართველოში პირველად გვყავს ქალი პრეზიდენტი... - ძალიან კარგია! იმის გამო, რომ ქალბატონია, ქალთა სოლიდარობის ნიშნად ხმა მივეცი. ვფიქრობ, კარგად იცვამს! ერთადერთი, მისი კაბა არ მომეწონა, როდესაც ამერიკაში იმყოფებოდა... ალბათ რაც მისცეს, ის ჩაიცვა - ეს მისი სტილისტის პრობლემა იყო და არა პრეზიდენტის. მას არ უნდა უწევდეს ფიქრი იმაზე, თუ სად რა ჩაიცვას... მე მომწონს მისი კოსტიუმები, პერანგები, არაჩვეულებრივი ვარცხნილობა, მინიმალური მაკიაჟი. სამკაულებიც უხდება... პრეზიდენტს აშკარად ეტყობა ფრანგული სტილი. გაგრძელება