ვინ ვის სისხლს დალევს?! - კვირის პალიტრა

ვინ ვის სისხლს დალევს?!

"173-ე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობა ორგანიზებული იყო"

"საკმაოდ მაგარი ნერვები მაქვს"

#173 საჯარო სკოლაში ადმინისტრაციის დათხოვნას და მანდატურის გადირექტორებას მოსწავლეთა ნაწილის პროტესტი მოჰყვა. ერთ-ერთი ვერსიით, დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ის გახდა, რომ ამ სკოლის მოსწავლეებმა პარლამენტის წინ გამართულ აქციაში მიიღეს მონაწილეობა. განათლებისა და მეცნიერების მინისტრ დიმიტრი შაშკინს, თავდაპირველად, 173-ე სკოლის დირექტორის გათავისუფლების მიზეზი ვკითხეთ:

- საქართველოში 2200 სკოლაა და სამწუხაროდ, ყველგან საუკეთესო დირექტორი არ გვყავს. არიან ისეთები, რომელთა ადგილი სკოლაში არ არის. ეს ავადსახსენებელი ლოტოტრონის შედეგია, რომლის გამოსწორებაც ჩვენ გვიწევს. მართალია, ლოტოტრონით ბევრი კარგი დირექტორი მოხვდა სკოლაში, მაგრამ აღმოჩნდნენ ისეთებიც, რომელთაც სკოლაში და საზოგადოდ, განათლების სისტემაში არაფერი ესაქმებათ. 173-ე სკოლის დირექტორიც ლოტოტრონით იყო დანიშნული.

- უკაცრავად, მაგრამ როგორც ვიცი, 173-ე სკოლას სხვა სკოლა მიუერთეს და ორი დირექტორისგან  სამინისტრომ სწორედ მზია გიორგობიანი შეარჩია.

- მზია გიორგობიანი იმიტომ დარჩა დირექტორად, რომ მეორე სკოლას დირექტორის  მოვალეობის შემსრულებელი ჰყავდა. 173-ე სკოლა სიდიდით მეორეა საქართველოში - აქ 2300 მოსწავლე სწავლობს. რადგან ეს სკოლა გლდანშია, ნურავის ეგონება, რომ ამ სკოლას ნაკლებ ყურადღებას მივაქცევთ.

ეს ორი სკოლა ერთ ეზოში მდებარეობდა და კორპუსები ხიდით უკავშირდებოდა ერთმანეთს. შეცდომა იყო იქ ორი სკოლის არსებობა. ადმინისტრაციული ხარჯების დაზოგვის მიზნით, ერთი სკოლის ადმინისტრაცია დავითხოვეთ. 15 სექტემბრიდან ნოემბრამდე დირექტორს დრო ჰქონდა სკოლაში პრობლემების მოსაგვარებლად. ჩემთვის ბოლო წვეთი ის აღმოჩნდა, რომ სკოლას, რომელსაც 1 მილიონი ბიუჯეტი აქვს, გათბობის სისტემა არ ჰქონდა მოწესრიგებული. დღევანდელი მონაცემებით, სკოლას ასი ათას ლარზე მეტი ოდენობის არამიზნობრივი ხარჯი აქვს.

- იქნებ დააკონკრეტოთ, ვინ აღმოაჩინა არამიზნობრივი ხარჯი სკოლაში?

- დირექტორი გავათავისუფლეთ შიდასაბუღალტრო აუდიტის დასკვნის საფუძველზე, რომელიც კერძო კომპანიამ ჩაატარა. ეს აუდიტორული კომპანია იმ სკოლის დირექტორმა მოიწვია, რომელიც 173-ე  სკოლას შეუერთეს. გამოვლენილი დარღვევის გამო ამ სკოლის ყოფილმა დირექტორმა სამინისტროს მოგვმართა. დასკვნამ დაგვანახა, რომ  სკოლაში პრობლემები ნამდვილად იყო.

ნოემბრის დასაწყისში 173-ე სკოლაში სამინისტროს ინფრასტრუქტურის სააგენტოს წარმომადგენლები გავგზავნე. დირექტორი მატყუებდა, დღე-დღეზე ჩავრთავ სკოლაში გათბობასო. სააგენტოს წარმომადგენლებმა კი მითხრეს, გათბობა არ ჩაირთვება, რადგან გათბობის სისტემა გაძარცული და დაზიანებულიაო. ჩვენ გვქონდა უფლება, ამის გამო  დირექტორი და მენეჯერები გადაგვეყენებინა.

რამდენიმე დღის წინ, მთავარი ბუღალტერი რომ დაითხოვეს, ეს ხალხი მიხვდა, რომ სამინისტრო ამ საქმის ბოლომდე მიყვანას აპირებს და ამის შემდეგ გაავრცელეს ცრუინფორმაცია, სკოლის პედაგოგებს უშვებენ სკოლიდანო და დაიწყეს ბავშვებით მანიპულირება.  ერთ-ერთი კლასის დამრიგებელი მართლაც გათავისუფლდა, რადგან ამ პიროვნებამ საბაჟოზე დაიწყო მუშაობა. ვინაიდან ის სხვა სტრუქტურის თანამშრომელია, კანონით აქვს უფლება რაიმე საგანი ასწავლოს, მაგრამ არ აქვს უფლება იყოს კლასის დამრიგებელი.

-  მოვისმინე განმარტება, რომ დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს უფლება არა აქვს, სკოლიდან გაუშვას სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული  დირექტორი.

- 173-ე სკოლის დირექტორი არ იყო სამეურვეო საბჭოს მიერ დამტკიცებული. ის სკოლების შერწყმის შემდეგ დირექტორის მოვალეობას ასრულებდა.

- თქვენი განცხადებიდან გამომდინარე, მრჩება შთაბეჭდილება, რომ მოსწავლეთა პროტესტი ძველი ადმინისტრაციის ორგანიზებული   იყო.

- ის, რომ მოსწავლეთა აქცია ორგანიზებული იყო და ბავშვები შეაცდინეს, ეჭვგარეშეა. დილის ათის ნახევარზე რომ მივედი სკოლაში, იქ უკვე იყვნენ მობილიზებული ტელეკამერები  და  აჟიტირებული მშობლები. 173-ე სკოლაში სასწავლო პროცესის ჩაშლის მცდელობა ორგანიზებული იყო. როგორც ჩანს, ვიღაცამ ჩემი ნერვების შემოწმება განიზრახა. პრობლემა ამ მხრივ ნამდვილად არა მაქვს. საკმაოდ მაგარი ნერვები მაქვს.

- იქნებ ამიხსნათ, რატომ უნდა ითხოვდეს მოსწავლე იმ დირექტორის დაბრუნებას, რომელმაც ვერც სკოლა გაათბო და ვერც საპირფარეშო მოაწესრიგა?

- ბავშვზე ზემოქმედება ძალიან ადვილია. როგორც ვთქვი, ისინი შეაცდინეს, მაგრამ როდესაც ავუხსენი, რომ მათი დამრიგებელი საბაჟოს თანამშრომელი ვერ იქნებოდა, გაიგეს.

- ეს პედაგოგი მეთორმეტე კლასის დამრიგებელი იყო?

- დიახ.

- ალბათ, მისი მოსწავლეებიც იყვნენ პარლამენტის წინ აქციაზე და ამის გამო ხომ არ დაისაჯა?

- ამის გამო არ დასჯილა. კიდევ გიმეორებთ, მან საბაჟოზე დაიწყო მუშაობა და მიზეზი ეს იყო.

- კარგით, იქნებ ახსნათ, რა კონტექსტში უთხარით დირექტორებს, თქვენს სისხლს დავლევ და 20 მილიონს ყელიდან ამოგიღებთო. თქვენი განცხადების აუდიოვარიანტი საზოგადოებამ მოისმინა.

- 2011 წლიდან სკოლების ინფრასტრუქტურისათვის გამოყოფილ თანხას პირდაპირ სკოლების ადმინისტრაციას გადავცემ სკოლების გასარემონტებლად, რადგან ის პირები, ვინც სპორტულ დარბაზებს არემონტებდნენ, ზოგი სასჯელს იხდის, ზოგიც ქვეყნიდან გაიქცა იმის გამო, რომ 15 სექტემბრისთვის სპორტული დარბაზები არ გაიხსნა. ამის გამო დირექტორებს ტელეკამერების წინ გადატანითი მნიშვნელობით ვუთხარი, ზაფხულში, როდესაც 32 სპორტული დარბაზი არ დაასრულეთ,

თქვენ ჩემი სისხლი დალიეთ. ახლა თანხებს თქვენ მოგცემთ და თუ ყველაფერი სათანადოდ არ გაკეთდება, მე დავლევ თქვენს სისხლს-მეთქი.

ამას სიცილი მოჰყვა. ანუ, ვუთხარი, რომ თანხას მათ ვაძლევ და შესაბამისად უნდა გახარჯონ, წინააღმდეგ შემთხვევაში, დაისჯებიან. რაც შეეხება თანხის ყელიდან ამოღებას, სახელმწიფო კერძო სკოლებს 20 მილიონ ლარს აძლევს. 200-ზე მეტი კერძო სკოლაა, მაგრამ ზოგი სკოლა მხოლოდ ფულის გაკეთებაზე ფიქრობს. არ უნდა მოეკითხოთ ასეთ სკოლებს, რომლებიც მხოლოდ ფულის საკეთებელი საამქროები არიან?  ჩვენ უნიკალური ქვეყანა ვართ, სადაც შეიძლება მშობელმა ფული გადაიხადოს იმისთვის, რომ ბავშვმა არ ისწავლოს და ისე აჩუქონ ატესტატი.

- მაგრამ თქვენი განცხადება მუქარად და დირექტორების დაშინებად მიიჩნიეს...

- კარგი რა,  რამდენი  უნდა დავაშინო? 2200 სკოლაა საქართველოში. არის ადამიანთა ჯგუფი, რომელიც გადასულია დემაგოგიაზე, რომელსაც არც კანონის უზენაესობა უნდა და ქვეყნის განვითარებას ქაოსი ურჩევნია - მთავრობამ რაც უნდა გააკეთოს, მათთვის მიუღებელია.

- ხშირად მსმენია, მანდატურების დანიშვნამ სკოლაში ვითარება დაძაბაო.

- მანდატურის სამსახური არ მოსწონთ მათ, ვისთვისაც მიუღებელია დემოკრატია და მხოლოდ ანარქია უნდათ. მათთვის ყოველთვის მიუღებელი იქნება წესრიგი.

მანდატური რომ არა, ერთ-ერთ სკოლაში ბავშვი დაიღუპებოდა. მეთორმეტეკლასელმა მეათეკლასელს დანა ჩაარტყა და მანდატური რომ არ ყოფილიყო, მოსწავლე მოკვდებოდა. ის, რომ მოსწავლე გადარჩა, მანდატურის დამსახურებაა.

- ერთმა პოლიტიკოსმა ჩემთან საუბრისას განაცხადა, არც ერთი ევროპული ქვეყნის სკოლაში არ დატოვებდნენ მასწავლებელს, რომელიც თომას ფლეტჩერივით უცნაურ ფოტოსესიას მოაწყობდაო.

- როდესაც ეს ფოტოები ნახეთ, დაიჯერეთ?

- ფიქრობთ, რომ ფოტომონტაჟია?

- ჩვენ ვნახეთ, რა ხალხმა აიტაცა ეს ფოტოები. საჯაროდ გამოიტანეს პოლიტიკურად ანგაჟირებულმა პირებმა. ისინი არ გამოუტანია არც მოსწავლეს, არც მშობელს და არც მასწავლებელს. დაუჯერებელია, რომ მხოლოდ ოპოზიცია ზრუნავს ბავშვებზე.

- მაგრამ როგორც ვიცით, მათ ფოტოები სწორედ აღშფოთებულმა მშობლებმა მიაწოდეს.

- გინახავთ რომელიმე მათგანი?

- შეიძლება მშობელი არც გამოჩნდეს, რომ თავისი შვილის ინტერესი არ  დააზარალოს.

- შიშსაც ხომ აქვს საზღვარი? როგორ შეიძლება მშობელი შეშინდეს, როდესაც საქმე მის შვილს ეხება. თუ სკოლაში ასეთი მონსტრია, ამაზე მშობელი გაჩუმდება? თავს მოიკლავს შვილის უსაფრთხოებისთვის. ბავშვები ჩუმად არიან, მშობლებს ეს არ აწუხებთ და ვიღაც ოპოზიციონერია მათი ქომაგი, რომელიც განგაშს ტეხს?

- მაგრამ როგორც ითქვა, ზუგდიდის  სკოლიდან დაითხოვეს პედაგოგები, რომლებზეც იეჭვეს, რომ თქვენი და ფლეტჩერის შეხვედრის ფოტოები მიაწოდეს ოპოზიციას.

- მოიყვანონ ის მასწავლებლები და ალაპარაკონ. თქვან, რომ ფლეტჩერი ჰომოსექსუალია. იმასაც ამბობენ, სკოლებში მანდატურები ბავშვებს ჯვრებს ხსნიანო. მეტიც, ითქვა, თითქოს მანდატურმა ბავშვს ინსულინის გაკეთების საშუალება არ მისცა,

რის გამოც მოზარდი კომაში ჩავარდა და ამის გამო უფროსკლასელებმა მანდატურები კინაღამ ცემით მოკლეს. გთხოვთ, მაჩვენეთ ის ბავშვი, რომელსაც მანდატურმა ინსულინი არ გააკეთებინა.

- ბატონო დიმიტრი, მაშ, ტყუილად გერჩიან?

- არიან ადამიანები, რომელთაც ჩვენი წარმატება არ ახარებთ.