"კავკასიაში ვერასოდეს გააქრობ აზრს, რომ საქართველო იყო და დარჩება კავკასიის ლიდერად" - კვირის პალიტრა

"კავკასიაში ვერასოდეს გააქრობ აზრს, რომ საქართველო იყო და დარჩება კავკასიის ლიდერად"

"ჩერქეზმა მხატვარმა თეუჩეშ ყატიმ აფხაზეთ-საქართველოს ომისას ჩერქეზეთის სოფლები დაიარა, იარაღს ხელი არ მოჰკიდოთ და ქართველების წინააღმდეგ არ წახვიდეთო. არც ჩამოსულა არც ერთი ჩერქეზი საქართველოსთან საომრად"

მუდამ ნაღმზე მყოფი კავკასიისა და მასთან ერთად, ჩვენი ქვეყნისთვის ისტორიულად უცხო, ალბათ, არაფერია, - მათ შორის არც მრავალი დამპყრობი, რომელთაც ხან ერთად ვებრძოდით, ხან კი ცალ-ცალკე, გარდა ხელოვნურად შეწყვეტილი კავკასიური ურთიერთობებისა. თუმცა, როგორც ჩანს, ისტორიას სამუდამოდ ვერ დაასამარებ, ჩრდილო კავკასიის კარის შეხსნა და ურთიერთობების აღდგენა ქართველმა მეცნიერებმა მაინც მოახერხეს. ჩრდილოკავკასიელების (საზოგადოდ, კავკასიის!) და ქართველი მეცნიერების თანამშრომლობა უძველესი კავკასიური ცივილიზაციის, დაახლოებით 5000 წლის წინანდელი ხათური კულტურის პოპულარიზაციისთვის დაიწყო. ეს ის კულტურაა, რომელსაც რუსეთის იმპერია ჩქმალავდა, ევროპელი მეცნიერები კი დღესაც საგანგებოდ სწავლობენ; კულტურა, რომელიც დღევანდელი თურქეთის ტერიტორიიდან მთელი კავკასიის ჩათვლით ვრცელდებოდა და რომელმაც შვა ამ ტერიტორიაზე არსებული სხვა კულტურები. ქართველმა მეცნიერებმა ამ კულტურის პოპულარიზაციისთვის უკვე მეხუთე სრულიად კავკასიური კონგრესი გამართეს, თანაც ისე, რომ სახელმწიფოს არც ერთი თეთრი არ გაუღია. როგორც თსუ კავკასიოლოგიის ინსტიტუტის ხელმძღვანელი, კონგრესის ინიციატორი, პროფესორი ცირა ბარამიძე ამბობს, შედეგი მიზანს მაინც ყოველთვის ამართლებს:

- კავკასიას არც ერთ მტერთან არ გასჭირვებია ისე, როგორც რუსეთის იმპერიაში გაუჭირდა - იდენტობის გაქრობის წინაშე დადგა ბევრი ჩრდილოკავკასიური ეთნოსი, მილევად, კვდომის რეჟიმში გადავიდა არაერთი ჩრდილოკავკასიური ენა.

რუსული ოფიციოზი ოფიციალურად ჩრდილო კავკასიას აღარც იხსენიებს და მას მხოლოდ რუსეთის სამხრეთს უწოდებს. ასე რომ, კავკასიის დღევანდელმა დამპყრობმა კავკასიაში ყველა იმპერიაზე უკეთ გამოიყენა "დაყავი და იბატონეს" პოლიტიკა და გენეტიკურად მონათესავე კავკასიელები ერთმანეთს მიუსია, პარალელურად, ველურებიც დაარქვა, რათა კავკასიას საერთო გენეტიკის დავიწყებასთან ერთად ისიც დავიწყებოდა, რომ უდიდესი ხათური ცივილიზაციის მემკვიდრეა.

სხვათა შორის, სწორედ ხათური ენის სტრუქტურაზეა აგებული რიგი კავკასიური და მათ შორის, ქართველური ენებიც.

სწორედ ამის საფუძველზე გადავწყვიტეთ ჩრდილოკავკასიელებთან ურთიერთობების აღდგენა. კონგრესს ისეთი სახელი დავარქვით, რასაც საერთო ფესვებისთვის ზრუნვა ჰქვია და არა მხოლოდ ხათურ ცივილიზაციას, რომელსაც მეცნიერები დღემდე სწავლობენ, მსოფლიო კულტურასაც გავუწიეთ სამსახური. ასე უფრო გამოვნახავდით ათეული წლებით მივიწყებულ საერთო ენას. თუმცა ამ დამწყდარი "სიმების" გადაბმა ურთულესი საქმე გამოდგა - იმ მეცნიერთა მისამართებსაც კი ვეღარ მივაგენით, რომელთაც თბილისში მიიღეს განათლება, მესამე ქვეყნების დახმარება დაგვჭირდა ამ საქმეში და ბოლოს ყველაფერი გამოგვივიდა. რაც ყველაზე დიდი ბედნიერებაა, ჩრდილოეთ კავკასიაში აღმოჩნდნენ კავკასიელები, მეცნიერები, რომლებიც თურმე იქ ქართული კულტურის ძეგლებს უჩვენოდაც უვლიდნენ.

- ეს მართლაც ბედნიერებაა - კავკასიაში ვერასოდეს გააქრობ იმ აზრს, რომ საქართველო იყო და დარჩება კავკასიის ლიდერად. მათ ქვეცნობიერად ის პერიოდიც ახსოვთ, როდესაც საქართველოს გავლენის ქვეშ მოიაზრებოდნენ, მათ მიწაზე ქართული კულტურა ვრცელდებოდა. ამ ტერიტორიაზე დღესაც არის ტყობაერდის, დათუნას და შუანას ტაძრები. პირადად მინახავს დაღესტანში ქართველი ქალის საფლავი, რომელსაც პატივისცემით უვლიდნენ.

დაღესტნელმა მეცნიერმა შახბან ხაფიზოვმა დაღესტანში შუა საუკუნეების 20 ქართულწარწერიანი ქვაჯვარი მოიძია და გადაარჩინა. იქ ისევ არის ხალხი, მუსლიმანები, რომლებიც ქართულ ქვაჯვრებს ოჯახებში ინახავენ ქართული კულტურის და ქართველების დაფასების ნიშნად.

- საქართველოში განათლებამიღებული ჩრდილოკავკასიელი მეცნიერები რომ არა, ალბათ, ამ ტერიტორიაზე ქართული კულტურის ძეგლებს ვეღარასოდეს ვნახავდით. - ამ ტერიტორიაზე, აულებში, კიდევ უამრავი ქართული ძეგლია მოსაძიებელი, ჩვენ კი მათი შესწავლის საშუალება არა გვაქვს. სამწუხაროდ,

2013 წელს სახელმწიფომ ჩრდილოკავკასიელთა საქართველოში სწავლის დაფინანსებაც გაგვიუქმა. თუმცა ეს ხალხი მაინც ცდილობს, რომ ჩვენთან ისწავლონ, მათ შორის აფხაზეთიდანაც. ჩვენთან მათ თითქმის კვდომის რეჟიმში მყოფი კავკასიური ენების მეცნიერული შესწავლა, თავიანთი ეთნოგენეზის შესწავლა სურთ, რაც საქართველოს გარეშე შეუძლებელია. მათთვის საქართველო კვლავ ლიდერია.

- როგორც თურქოლოგი მეცნიერები ამბობენ, ზუსტად ასეა თურქეთის კავკასიელ მუჰაჯირებშიც, სადაც ჩერქეზები და ქართველები ცხოვრობენ, ჩერქეზები სოფლის ლიდერად ქართველს ირჩევენ. - ეს ისტორიული ცნობიერებაა. VII საუკუნის ქართველი ისტორიკოსი ლეონტი მროველიც წერს, როცა საქართველოს სამეფო ძლიერია, მაშინ კავკასიელებიც ძლიერები არიანო. რა გასაკვირია, რომ ეს კავკასიელებს ახსოვთ. ჩვენ გვყავს ხუნძი მეგობარი, მაჰომედ მაჰომედოვი, რომელიც დაღესტანში ერთ-ერთი ინსტიტუტის დირექტორი გახლდათ. მას უთხრეს, თუ საქართველოსა და ქართველ მეცნიერებთან ურთიერთობას გააგრძელებ, თანამდებობას დაკარგავო, მან კი უპასუხა, მირჩევნია, თანამდებობა დავკარგო, ვიდრე საქართველოო და დაკარგა კიდეც. სხვა მაგალითსაც ვიტყვი: ჩერქეზმა მხატვარმა თეუჩეშ ყატიმ აფხაზეთ-საქართველოს ომისას ჩერქეზეთის სოფლები დაიარა, იარაღს ხელი არ მოჰკიდოთ და ქართველების წინააღმდეგ არ წახვიდეთო. არც ჩამოსულა არც ერთი ჩერქეზი საქართველოსთან საომრად.

თეუჩეშ ყატი 2007 წლის კონგრესზე დავპატიჟეთ და საქართველოში წითელი ხიდიდან შემოვიდა. შემოვიდა და ვინც იქ იდგა, ყველა გააოგნა - დაეცა და ქართულ მიწას კოცნა დაუწყო. კონგრესის მერე რამდენიმე დღით დარჩა და ამასობაში ცნობილი 2007 წლის ნოემბრის მოვლენებიც დაიწყო. იმდენად შემეშინდა, რომ უნებურ პრობლემაში არ გახვეულიყო, ვუთხარი, იქნებ წახვიდე-მეთქი. იცით, რა მითხრა? არა აქვს მნიშვნელობა, ვინ, როდის და რატომ იბრძოლებთ, ნებისმიერი ბრძოლა უნდა გიხაროდეთ, ესე იგი, ქვეყანა ცოცხალია და ძლიერი, საშიში ჩვენთან არის, არაფერი ხდება, ისეთ ჭაობში ვარ, ბაყაყიც არ ყიყინებსო.

- ესეც, ალბათ, კავკასიური აზროვნებაა, რომელსაც ამდენი ომი გადაუტანია. - დღეს მართლაც მძიმედ აქვთ საქმე. უკვე ვთქვი და ახლაც გავიმეორებ -კავკასიაში ენების თუ ეთნოსების გაქრობამდე საქმე არც ერთ იმპერიას არ მიუყვანია, რუსეთმა კი მიიყვანა და თანაც ცბიერად, როგორც სჩვევია - 2018 წელს გამოსცა კანონი, რომლითაც, კვდომის რეჟიმში გადასული კავკასიური ენების კუბოს უკანასკნელი ლურსმანი დაასო. ეს კი არა მარტო კავკას]იელი მეცნიერებისთვის, არამედ ჩემთვისაც, ლინგვისტი ქართველისთვის, უდიდესი ტრაგედიაა - კავკასია ხომ მსოფლიო საგანძურია ენების მრავალფეროვნებით, სადაც თითო ეთნოსსაც კი რამდენიმე ენა აქვს. მხოლოდ დაღესტანში 11 სახელმწიფო ენაა. ჰოდა, შარშან რუსეთმა გამოსცა კანონი, რომელიც ეროვნული ენების ნებაყოფლობით შესწავლას გულისხმობს - ანუ სახელმწიფო ენად ადგილობრივ ენასთან ერთად რუსულიც დაფიქსირდა. ამგვარად გაჩნდა სქემა - "რაში გვჭირდება ან რატომ უნდა ვისწავლოთ ამდენი სახელმწიფო ენა, როდესაც გვაქვს ასე მარტივი და ცნობილი რუსული ენა, რომელიც ამავე დროს გზას ყველგან გვიკაფავს!" ეს ნიშნავს, რომ სკოლებში ისედაც მილეულ ადგილობრივ ენებს უფრო ნაკლები დრო დაეთმობა და მაქსიმუმ 50 წელიწადში გაქრება.

ორი წლის წინ ვიყავი ჩეჩნეთში, რომელიც იმდენად შენდება, რომ თავი დუბაიში გეგონება და რომელშიც კადიროვისა და პუტინის პროსპექტები ერთმანეთს კვეთს. რეალურად, ვინც ახლოს არის ამ ხალხთან, ისიც იცის, რომ არსებობს ორი ჩეჩნეთი - ერთი ოფიციალური და პუტინის მოხარკე, მეორე კი იდუმალი, რომელიც მრავლდება და თავის დროს ელოდება. ამ იდუმალმა ჩეჩნეთმა იცის, რომ რუსეთი ულევი ნავთობის სიმდიდრიდან მხოლოდ 5%-ს უგდებს უკან (ჩეჩნებს თავიანთი ნავთობის შემოსავლის თუნდაც ნახევარიც რომ დარჩენოდათ, ყველა ჩეჩენი ბავშვი მილიონერად დაიბადებოდა!), ქალაქებს კი მხოლოდ საჩვენებლად აშენებს. ჰოდა, ეს იდუმალი ჩეჩნეთის ნახევარი ელოდება დროს, რომ თავისი ცხოვრება შეცვალოს.

თუმცა ჩეჩნეთშიც ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, კავკასიის რეგიონში როგორ წარიმართება საქართველოს ბედი. ეს არის რეალობა, რომელსაც კავკასიელები ჩემამდეც ამბობდნენ და ჩემ შემდეგაც იტყვიან.