"ასეთ თავხედობას აქამდე არ მოვსწრებივართ. მიზანი ყველაფრისა არის სატანის არსებობის დემონსტრირება"
"ასეთ თავხედობას აქამდე არ მოვსწრებივართ. მიზანი ყველაფრისა არის სატანის არსებობის დემონსტრირება"
ფოტო:ლელა ალიბეგაშვილი
30 წელია, რაც რუსთაველის თეატრის მსახიობია და მაყურებელს თავი არაერთი გამორჩეული სახის შექმნით დაამახსოვრა. მსახიობ ლელა ალიბეგაშვილთან ცხოვრების რამდენიმე ეტაპზე ვისაუბრებთ.

გზა თეატრამდე

"3 წლისაც არ ვიყავი, როცა მამაჩემს, რომელიც კომპოზიტორი გახლდათ, პავლოვის ქუჩაზე, კომპოზიტორთა სახლში­ მისცეს ბინა. იქ მცხოვრებ ცნობილ კომპოზიტორებსა და მუსიკისმცოდნეებს შორის იყო ანდრია ბალანჩივაძე, რომლის ქალიშვილი ცისკარი ბალანჩივაძე­ გახლდათ ოპერისა და ბალეტის თეატრის პრიმა ბალერინა. ბავშვები ხშირად ვსტუმრობდით და მისი შემყურენი ბალერინობაზე ვოცნებობდით. პუანტები რომ მაჩუქა,
საბოლოოდ გადავწყვიტე, ამ გზას დავდგომოდი. მშობლები ჩემს არჩევანში არ ჩარეულან, მიუხედავად იმისა, რომ ამ გადაწყვეტილებით არ აღფრთოვანებულან...


სოფიკო ჭიაურელი, ლელა ალიბეგაშვილი, კადრი ფილმიდან "ამბავი სურამის ციხისა"

დედა ექიმი გახლდათ. არაჩვეულებრ­ივად უკრავდა. მუსიკალური ტექნიკუმი­ ჰქონდა დამთავრებული და მის პედაგოგს რომ ეგონა, კონსერვატორიაში გააგრძელ­ებდა სწავლას, ბებიის სურვილის თანახმად, სამედიცინოზე ჩაუბარებია. ამიტომ ესმოდა ჩემი... დავიწყე ოცნებისკენ სწრაფვა,
დავამთავრე ქორეოგრაფიული სასწავლებელიც...
"კავკასიური ცარცის წრის" ნახვის შემდეგ ღამე გავათენე, ვფიქრობდი, საოცრება ვნახე-მეთქი და მივატოვე ჩემი პირველი ოცნება. ის მოხდა, რაც უნდა მომხდარიყო და ამისთვის მადლიერი ვარ შემოქმედის. პირველ წელს თეატრალურ ინსტიტუტში ნახევარი ქულა დამაკლდა, მიხეილ თუმანიშვილის ჯგუფში არ ან ვერ მოვხვდი... მომდევნო წელს ლილი იოსელიანმა ამიყვანა და როცა თქვა, ჩვენ ასეთ ბავშვებს სანთლით ვეძებთო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. ბევრი რამ ვისწავლე, ბევრიც გამოცდილებამ მასწავლა. სიცრუეს ვერ ვიტან, ვერც ხელოვნებაში, ვერც ცხოვრებაში. ხელოვნება არის საკუთარი თავის გამოხატვა. არავითარი ოსტატობა, გამოცდილება, გამართლება არ გიშველის, თუ არ ხარ ინდივიდუალურად მოაზროვნე, დამოუკიდებელი".

ფარაჯანოვი თბილისელი იყო

"მეორე კურსზე ვიყავი, როდესაც ინსტიტუტიდან გამოსულს ფოტოგრაფი საშა ტამბულიდი შემხვდა. ფარაჯანოვთან მივდივარო, - მითხრა. უფლება არ გაქვს­, არ გაიცნოო და დამპატიჟა. ფარაჯანოვი­ ცოტა უხეში ტიპიაო, მსმენოდა და ვიუარე­. სულ ძალით, სირბილ-სირბილით წამიყვანა.

არსენას ქუჩაზე კიბეზე რომ ავედით, უცნაური სანახაობა დაგვხვდა - აივანზე დიდ ტაშტში თეფშებს რეცხავდა, მეზობლებს ელოდა, ხინკალი უნდა მოეტანათ. გამომხედა და თქვა, ეს რა სილამაზე მომიყვანეო, მაგრამ უხერხულობა რომ შემამჩნია, აღარ დამაბნია... მალე ხინკალი მოიტანეს და არაჩვეულებრივი სუფრა გაშალა. მთელი საღამო ისე იქცეოდა, თითქოს არც მიყურებდა. წამოსვლისას გამოგვაცილა და აივანზე თქვა: ეს იქნება ვარდო, სოფიკო იქნება გაგრძელება."ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. ვარდოზე მრეცხავი ვარდო გამახსენდა, მაგრამ ვერაფერს დავუკავშირე. ყველაფერს ორი თვის შემდეგ მივხვდი, როცა დამირეკეს და მითხრეს, დამტკიცებული ხართ ვარდოს როლზე ფარაჯანოვის ფილმში "ამბავი სურამის ციხისაო".


ბატონო სერგოს ნუ მეძახი, дедушка სერგო დამიძახეო, მეუბნებოდა. ბოლოს дядя სერგოზე შევთანხმდით. მამაჩემი ისე გარდაიცვალა, ვერ მოასწრო ფარაჯანოვის გაცნობა. მახსოვს, პანაშვიდზე რომ მოვიდა, დადგა ოთახში ერთხანს გარინდ­ული, მერე მომიბრუნდა და მითხრა, ახლა მე ვიქნები შენი მამაო. მერე დედაჩემს სთხოვა, იქნებ მეუღლის ნაქონი პიჯაკი მაჩუქოთო...

ბევრ რამეს იგონებდა საკუთარ თავზე, იმიტომ, რომ კარგად იცნობდა ადამიანებს. თუნდაც მის ორიენტაციაზე... დედაჩემს არც სჯეროდა, რადგან არ გამოიყურებოდა ასე. გარეგნობაზე რომ არაფერი ვთქვათ, მორალურად ჯანსაღი ტიპი იყო. ჩემთან ამ თემაზე არასდროს უსაუბრია, მისთვის ვიყავი პატარა გოგონა, რომელთანაც უწმაწური ანეკდოტის მოყოლაც კი არ შეიძლება. ყურებზე ხელს მაფარებინებდა და მერე ჰყვებოდა. უნიჭიერესი კაცი იყო, დანარჩენი არც მაინტერესებს.

მახსოვს, მკითხეს, მართალია, რომ ფარაჯანოვმა ცალ-ცალი ფეხსაცმლით იცოდა სიარულიო. ერთხელ ვნახე დავითგარეჯში გადაღებისას, მაგრამ ცალ-ცალი ფეხსაცმლით კი არა, ცალ ფეხზე წინდის ქუსლი ჰქონდა ზემოთ მოქცეული. ამ გადაღებაზე მე და ზურა ყიფშიძე ჩავდი­ოდით, ის და დოდო აბაშიძე კი იქ ცხოვრობდნენ, ერთ ოთახში. ბატონმა დოდომ მიამბო, - ეს არის იშვიათი ვინმე, თითზე ჩამოსათვლელია მსოფლიოში რეჟისორი, ხილვები ჰქონდეს, ამას კი აქვს. პირადად შევესწარი, დილით გამაღვიძა და მეუბნება: დოდო, შეხედე, ამას ხედავო? ეგონა,­ მეც ვხედავდი და რა გასაკვირია, ამან ცალ-ცალი ფეხსაცმელი ჩაიცვასო... დოდო იტყოდა ხოლმე, გიჟია ეს ფარაჯანოვიო. სახლში არ ჰქონდა არც ტელევიზორი, არც ტელეფონი, არც რადიო... როცა რამე სჭირდებოდა, მეზობელს არეკვინებდა ხოლმე. რაიკინი რომ უნდა სტუმრებოდა, მაშინაც დაარეკვინა, ამოდიო. მისი ნაჩუქარი ინდური სარით ავედი. მარტო ფარაჯანოვს შეიძლებოდა სტუმრებოდი ასე გამოწყობილი... სპილენძის ძველებურ ლარნაკზე ბროწეულები და თხილი­ დააწყო ლამაზად. "чем мы будем его угашать? - იკითხა და თვითონვე გასცა საკუთარ­ კითხვას ღიმილიანი პასუხი: "твоей красатой..." რუსულად თქვა, თუმცა ქართულიც და საქართველოს ისტორიაც ბევრ ქართველზე უკეთ იცოდა.

მისი ანდერძი იყო, საბურთალოს სასაფლაოზე დაესაფლავებინათ, მშობლებთან. აქ უნდოდა, მაგრამ ჩვენ მისი სახლიც არ შევინარჩუნეთ... სომხეთში ოპერის თეატრიდან გამოასვენეს და დაასაფლავეს ჩვენი მთაწმინდის მნიშვნელობის სასაფლაოზე.

სერგო ფარაჯანოვი იყო ნამდვილი თბილისელი. თბილისელობას ეროვნება არ განსაზღვრავს. ეს არის შინაგანი მდგომარეობა, აზროვნების წესი, მსოფლმხედველობა. ტიპი უნდა იყო თბილისელი. ფარაჯანოვი თბილისელი ტიპი იყო."

რუსთაველის თეატრში

"ინსტიტუტს რომ ვამთავრებდი, ფარაჯანოვმა მკითხა, სად ხედავ შენს თავსო? რუსთაველის თეატრში-მეთქი. მეც მანდ გხედავო, წამოიყვირა. მერე არც უთქვამს, ისე აიღო ჩემი ფოტოები და მიადგა სტურუას. უთხრა, ეს გენიალური მსახიობიაო.

პირველად "მერი პოპინსში" ვითამაშე, რომელიც ნანა ხატისკაცმა დადგა. ბევრი საყვარელი როლი მაქვს.


"მერე რა რომ სველია სველი იასამანი" საეტაპო სპექტაკლი იყო, ტოტალური სასოწარკვეთის პერიოდში დაიდგა. სპექტაკლზე მოსახვედრად ბილეთებს ხატავდნენ, როგორც ყალბი ფული იხატებოდა... ინგრეოდა დარბაზი... შუა მოქმედებისას სინათლე რომ ქრებოდა, მაყურებელს სანთლები მომზადებული ჰქონდა, სპექტაკლი რომ გაგრძელებულიყო. ეს იყო იმედი უიმედობის დროს. თეატრის დანიშნულებაც ხომ ეს არის...
დიდხანს ვთამაშობდი ნიას როლს ამ სპექტაკლში. ფეხმძიმობის დროსაც დავფრინავდი სცენის თავზე. ფინალური სცენისას თან ვმღეროდი, ქვემოდან კი ბიჭები და ბატონი კახი მყვებოდნენ. ერთხელაც არ ამყვნენ, თურმე იმიტომ, რომ იგუდებოდნენ სიცილით. კახის უთქვამს, არიქა, მგონია, დაგვეცა ბავშვი თავშიო და ვიღას ჰქონდა ამის მერე სიმღერის თავი.

სტურუას სპექტაკლმა "მარია­ კალასი­ - გაკვეთილით" წარმატება სამ საერთაშ­ორისო ფესტივალზე მოიპოვა. მე კი მარია კალასის როლის შესრულებისთვის თეატრალური პრემია "დურუჯი"­ მერგო".

"ეშმაკის ბრძოლის არენა ადამიანის გულია"


"ბოლო ჟამს საპატრიაქოსა და სინოდის სხდომაზე მიმდინარე პროცესებს მინდა გამოვეხმაურო. ავი ძალები მთელ მსოფლიოში თავხედურად გამოვიდნენ სააშკარაოზე. მათი მიზანია ადამიანის დაცემა და განადგურება. როგორც დოსტოევსკი ამბობდა, ღმერთს ებრძვის ეშმაკი, ბრძოლის არენა კი ადამიანის გულია. რაც ბოლო დღეებში ვნახეთ, ასეთ თავხედობას აქამდე არ მოვსწრებივართ. მიზანი ყველაფრისა არის სატანის არსებობის დემონსტრირება და ყველა გონიერი ადამიანი ადრე თუ გვიან ამას მიხვდება".
დეა
04 დეკემბერი 2019 22:31
ბრწყინვალე მსახიობი, წარმატებები...
გიოგიო
04 დეკემბერი 2019 17:00
-კვერენჩხილაძე ვიცით,თბილელი ვიციცით-ეს ალიბეგაშვილი? .ფარაჯანოვის სურამის ციხე მოგწონთ?აბაშიძე მოგწონთ?იცით,რომ ის აპირებდა ფიროსმანის გადაღებას-ოღონდ თავისი ვერსიით(თითქოს ნიკალა ნახევრად სომეხი იყო?!) მან სოფიკო ჭიაურელი "გადაიღო"ეს არ იყო ფილმი ეს იყო მშვენიერი ფერადი ფოტოები-ახალგაზრდა-ჭიაურელის სახიერებით-და ის დარჩა ფარაჯანოვის შემოქმედებაში,როგორც-საგა ჭიაურელ - საიათნოვაზე.....
მარი
04 დეკემბერი 2019 11:51
საოცრებაა! ეს არის განათლებული, მოწესრიგებული და ჭეშმარიტად პროფესიონალი პიროვნება. უგუნურობის და საშინელების დემონსტრირება ხდება დღეს, ამას მხოლოდ შეგნებული ადამიანი თუ მიხვდება!

რუბრიკის სხვა სიახლეები
09-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები