"მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო" - კვირის პალიტრა

"მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო"

"კვირის პალიტრის" არქივიდან

"ომის სამშობლოში" ომი არასდროს დასრულდება"

"ცხოვრება ომში" - ამ ორ სიტყვაში შეიძლება ჩატიო ის უბედურება, რომელზეც ავღანელი სამხედრო თარჯიმანი სამი აბდულ ჯაფარი გვიამბობს. "ჯოჯოხეთი მიწაზე" - ასე უწოდებს ამ საშინელებას უცხოური მედია, რასაც ჩვენი რესპონდენტიც ეთანხმება. ის ქართველ სამხედროებთან დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა და სწორედ მათი დახმარებით გავიცანი. ახალგაზრდა ავღანელი თავის სამშობლოში მიმდინარე უსასრულო ომის უმძიმეს შედეგებზე გვიამბობს.

სამი აბდულ ჯაფარი: - როდესაც ჩემი უცხოელი მეგობრები მირეკავენ, რა ხდება ავღანეთშიო, ვეუბნები, რა უნდა ხდებოდეს "ომის სამშობლოში", ომია და არა მგონია, ოდესმე დასრულდეს-მეთქი. ეს არის ქვეყანა, სადაც სახლშიც კი ვერ გრძნობ თავს უსაფრთხოდ. წლებია, დამოუკიდებელი სამხედრო თარჯიმანი ვარ. უამრავი ქვეყნის წარმომადგენელთან მომიწია ურთიერთობამ და როდესაც მათი თვალით ვუყურებ ავღანეთს, არც მიკვირს, გიჟები რომ ვგონივართ.

ავღანეთში, კუნდუზის პროვინციაში დავიბადე. მამა ჩვენს ქალაქში სკოლის დირექტორი იყო. როდესაც ტაჯიკეთსა და ავღანეთს შორის შეტაკება მოხდა, ბასმაჩებმა (შუა აზიაში საბჭოთა ხელისუფლების წინააღმდეგ მებრძოლი ნაციონალისტური ბანდების მეომრები) მოკლეს, რადგან სწავლა ავღანური ტრადიციებისთვის კატეგორიულად მიუღებელია. იმ ომსა და უბედურებაში დედას ორი პატარა შვილი დავრჩით, რაც, ფაქტობრივად, უპატრონოდ დარჩენას ნიშნავდა. ჩვენი ტრადიციით, კაცის გარეშე ქალს დიდხანს არავინ დატოვებს. დედა ნერვიულობისგან ავად გახდა და მამას სიკვდილს გადაჰყვა. მე და ჩემი უმცროსი ძმა რაფი დავობლდით... 1985 წელს ხელისუფლებამ ორივე რუსეთში, ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში გაგვგზავნა. ეს იყო ავღანეთის მაშინდელი სახელმწიფოს პროგრამა დევნილი ბავშვებისთვის. ავღანეთის ომის, შიმშილისა და მუდმივი საფრთხის შემდეგ მე და ჩემი ძმა იქ საოცრად მშვიდად ვგრძნობდით თავს. სკოლა-ინტერნატში ჩვენთან ერთად 250-ზე მეტი ავღანელი ბავშვი იყო. ვოლგოგრადის ბავშვთა სახლი ჩემს ცნობიერებას ტკბილად შემორჩა. კარგად გვაცმევდნენ და კარგად გვაჭმევდნენ, ზაფხულობით კი სხვადასხვა კურორტზე დავყავდით.

აქ, ავღანეთში, გადარჩენისთვის ბრძოლა უფროა, ვიდრე - ცხოვრება. ძალიან ძნელია, მუდმივ ჯოჯოხეთში ადამიანის სახე არ დაკარგო. როდესაც განსაცდელის წინაშე ვდგებოდი, ბავშვთა სახლში გატარებულ დღეებს ვიხსენებდი - კარგი ადამიანებიც ხომ არსებობენ დედამიწაზე, ვისაც სიკეთის კეთება შეუძლიათ-მეთქი.

- ავღანეთში დაბრუნდით? - ავღანეთიდან საბჭოთა ჯარების გამოსვლიდან სამი წლის შემდეგ - 1992 წელს შეიარაღებულმა ოპოზიციამ პრეზიდენტ ნაჯიბულას მმართველობა დაამხო. ქვეყნის სათავეში მოჯაჰედები მოვიდნენ. რუსეთის სკოლა-ინტერნატებსა და ბავშვთა სახლებში განაწილებულ ავღანელებს გამოგვიცხადეს, აქ ყოფნას ვეღარ შეძლებთ, თქვენს ქვეყანაში უნდა დაბრუნდეთ, ვინც არ დაბრუნდება, ქუჩაში აღმოჩნდება, ჩვენი სახელმწიფო ვეღარ გარჩენთო!.. ეს ტრაგედია იყო, რადგან ჯერ პატარები ვიყავით. იყვნენ ისეთებიც, ვინც უკვე კოლეჯში სწავლობდნენ და თავსაც ირჩენდნენ - რუსეთიდან ავღანეთში ჩატანილი ნივთებით ვაჭრობდნენ, თუმცა ბევრმა ავღანეთში დაბრუნებას ვოლგოგრადის ქუჩებში ცხოვრება არჩია და მათხოვრობით, ქურდობით ირჩენდნენ თავს. ბევრი დაიღუპა კიდეც...

მეცხრე კლასში ვიყავი. მეც სხვებივით გამრიცხეს სკოლიდან. ძმა ჩემზე პატარა იყო. დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ორივე მოუმზადებელი ვიყავით. მე ქუჩაში ყოფნას ავღანეთში დაბრუნება ვარჩიე, ჩემი ძმა კი რუსეთში დარჩა...

- ავღანეთში ვისთან დაბრუნდით? - უბრალოდ, ჩემს ქვეყანაში დავბრუნდი. მეგონა, ცხოვრების ნორმალურად გაგრძელებას შევძლებდი. ჩემი ნათესავებიდან ზოგი გაქცეული იყო, ზოგიც - მოკლული... ამ დაწყევლილ და ღვთისგან დავიწყებულ მიწაზე მაშინაც ომი იყო. ჩემი ჩამოსვლიდან ერთი თვის განმავლობაში ხელისუფლება სამ-ოთხჯერ შეიცვალა. მშობლიურ კუნდუზის პროვინციაში აღარ დავბრუნებულვარ, ქაბულში დავრჩი. ქუჩაში ვცხოვრობდი. ვიღაცის ფარდულს შევაფარე თავი. საჭმელს მათხოვრობით ვშოულობდი, ხანდახან ვიპარავდი კიდეც. თუმცა შემიძლია დავიფიცო, რომ ამას მხოლოდ მაშინ ვაკეთებდი, როცა გამოუვალ მდგომარეობაში ვიყავი... ომი სხვა რამეა, აქ კი ავღანელები ერთმანეთს ხოცავდნენ, ტაჯიკები ავღანელებს ებრძოდნენ, პუშტუნები - აზარებს, აზარები კიდევ - სხვებს... ყოველდღე თავბედს ვიწყევლიდი, ამ დანაღმულ მიწაზე რომ დავბრუნდი, მაგრამ გვიანი იყო. მხოლოდ პაკისტანში შემეძლო წასვლა და წავედი კიდეც. შავი სამუშაოს შოვნას ძლივს ვახერხებდი. ვმუშაობდი ყველგან, სადაც კი პურის ფულსა და ღამის გასათევს მომცემდნენ. ასე გაგრძელდა წლები. მერე მივხვდი, რაღაც უნდა მეღონა. მხოლოდ იმდენს მიხდიდნენ, რომ შიმშილით არ მოვმკვდარიყავი... დღემდე ასეა - მდიდრები მაღაზიებს ხსნიან და მუშახელს ისე ცოტას უხდიან, რომ არ დაიხოცონ. შავ მუშად მოწყობაც სანატრელია. სწავლა-განათლებისთვის ვის სცალია, ან სად არის სასწავლებლები?! ყველაფერი, რაც ვიცი - ხელობა თუ ენები, თვითონ ვისწავლე.

- რამდენი ენა იცით? - შვიდი - ორი ავღანური სახელმწიფო ენა (პუშტუ და დარი), სპარსული, რუსული, ინგლისური, ურდუ (ინდურის ნაირსახეობა) და ფრანგული... ინდური პაკისტანში ვისწავლე (იქ ოთხი ენაა გავრცელებული: ურდუ, პენჯაბური, სინდური და სირაიკი). აქაურების უმეტესობამ რამდენიმე უცხო ენა იცის და მაინც ერთ-ერთი ყველაზე ღატაკი, ჩამორჩენილი და განუვითარებელი ქვეყანა ვართ.

თავდაპირველად მცირე გასამრჯელოზეც თანახმა ვიყავი. უცხოელებისთვის ავღანელი გაჭირვებული ქვეყნის შვილია და მიზერულ თანხას მიხდიდნენ, არადა, საერთაშორისო ორგანიზაციებთან ვთანამშრომლობ, რომლებსაც თალიბებსა და "ისლამური სახელმწიფოს" წევრებთანაც უწევთ ურთიერთობა და ერთ არასწორ სიტყვას შეიძლება რამდენიმე ადამიანი, ან სულაც პროვინცია შეეწიროს. მნიშვნელობა აქვს ინტონაციასაც. მოკლედ, მერე მივხვდი, რომ ჩემი შრომა უფრო ძვირი ღირდა... თარჯიმნობის წყალობით გავიცანი ქართველი სამხედროებიც, რომლებიც ჩვენი ქვეყნის ყველაზე საშიშ პროვინციაში - ჯალალაბადში ავღანელ ჯარისკაცებს სამხედრო ინსტრუქტაჟს უტარებდნენ. სხვა უცხოელებისგან განსხვავებით, ისინი სულსა და გულს დებდნენ საქმეში. თავიდან ძალიან მიკვირდა, მერე მივხვდი, რომ ჩვენი ეროვნული სატკივარი გულთან ახლოს მიჰქონდათ. ავღანეთში ყველა ფულის საკეთებლად ჩამოდის. ზოგს აწყობს კიდეც ომი, რადგან საქმე ექნება, ქართველებისთვის კი ასე არ იყო. ისინი განიცდიდნენ ჩვენს პრობლემებს, მშიერი ბავშვების გასაჭირს, რომლებიც ძალიან უბრალო ავადმყოფობის დროსაც კი პანტაპუნტით იხოცებიან. იმ ქართველებთან დღემდე მეგობრული ურთიერთობა მაქვს, რადგან ძალიან ძვირფასები არიან ჩემთვის.

- მანამდე არაფერი გსმენიათ ქართველების შესახებ?

- ვოლგოგრადის სკოლა-ინტერნატში "გრუზინებს" ეძახდნენ და ცნობილი იყო, რომ ძალიან თბილები და მეგობრულები იყვნენ, ბავშვები კი - ძალიან ჯიუტები. მე მათთან ურთიერთობა არასდროს მქონია...

როდესაც ავღანეთში დავბრუნდი, შევიტყვე, რომ ჩვენი ქვეყნის სამხრეთით არსებობს საუკუნეების წინ ჩამოსული გურჯების დასახლება და იმ ტერიტორიაზე შესვლას თალიბებიც ერიდებიან, თუმცა მე იქ არასდროს ვყოფილვარ.

ჩვენ არ გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ქვეყანა მოვინახულოთ და შვილებს გავაცნოთ. აქ ომია და უნდა გადარჩე... ვინც მოახერხა და გამდიდრდა, თანამდებობები იყიდეს, უცხოეთში ვილები აქვთ, იარაღისა და ნარკოტიკების ბიზნესს მართავენ და ქაბულში უზარმაზარი სასახლეები აქვთ. კორუფცია ყველა სფეროში ყვავის.

კანონს ის ქმნის, ვისაც ფული აქვს. ბოდიშს გიხდით თქვენც და ქართველ მკითხველსაც, მაგრამ აქ ფულიანმა კაცმა შეიძლება მცირეწლოვანი ბავშვი (სქესს მნიშვნელობა არა აქვს) გააუპატიუროს და დაუსჯელი დარჩეს, რადგან კანონი არ არსებობს, მოძალადე ბავშვის მშობლებს დასცინის, ისინი კი ვერაფერს ეუბნებიან. მოსახლეობა ამ ტრაგიზმს ვერ აცნობიერებს...

ავღანური არმია თალიბების წინააღმდეგ ბრძოლაში ნადგურდება, არმიაში წასვლით მთელ ოჯახს საფრთხეს უქმნიან, ჩვენი ხელისუფლება და თალიბები კი გარიგებული არიან...

მოსახლეობის 97%-ს ელემენტარული განათლება არა აქვს, მთავრობა კი ამ უბედური, ცხოველებს დამსგავსებული ხალხის ხარჯზე მდიდრდება. ყველა სახელმწიფო უწყებას ამერიკა უხდის ფულს, მაგრამ ამ თანხას ავღანეთის ხელისუფლება ჯიბეში იდებს.

ვიღაცებმა დაიწყეს კორუფციული სქემის ჟურნალისტური გამოძიება, მაგრამ ზოგი მოკლეს, ზოგი კი იძულებული გახდა, ქვეყნიდან წასულიყო. მეც ცალკე თალიბები მდევნიან და ცალკე ხელისუფლება, მეუბნებიან, რომ ქვეყნის შიდა პრობლემებზე უცხოელებს ვუყვები, რითაც, თურმე, ტრადიციებს ვაყენებ შეურაცხყოფას... აქ ფული ყველაფერს წყვეტს. ამას წინათ თალიბი გაათავისუფლეს, რომელმაც სკოლა დაბომბა და ბავშვები დაიხოცნენ. ზოგს ლამის მთელი ბატალიონი ჰყავს ამოწყვეტილი. ნარკოტიკების წინააღმდეგ სახელმწიფო პროგრამაა შემუშავებული, მაგრამ ხელისუფლების პირველი პირები ამ ბიზნესით დღემდე მდიდრდებიან...

რამდენიმე წლის წინ ავსტრალიურ სამშენებლო კომპანიასთან ვმუშაობდი თარჯიმნად. კანადის საელჩოს აშენებდნენ. მშენებლობაზე ადგილობრივებიც იყვნენ დასაქმებული. ფეხსაცმელი არ ეცვათ. ზამთარი იყო, თოვდა. კანადელები ფეხშიშველა, ველურ ავღანელებს უცხოპლანეტელებივით უყურებდნენ და ფოტოებს უღებდნენ. უამრავი ასეთი ფაქტი არსებობს, ამიტომაც საერთაშორისო საზოგადოებისთვის ავღანეთი მხოლოდ ომსა და ტერორიზმთან ასოცირდება...

- საერთაშორისო ორგანიზაციებს აქვთ მუშაობის შესაძლებლობა? - შეიძლება რამის შეცვლის სურვილი ჰქონდეთ, მაგრამ სიცოცხლეს არავინ სწირავს და არც გაემტყუნება, ამიტომ წერენ პროექტებს, რათა მიიღონ გრანტები და ავღანელი მაღალჩინოსნების ჯიბეებში მილიონობით დოლარი წავიდეს... რას ვერჩი ამერიკელს, ფრანგს ან ხორვატს, როდესაც ავღანელი ღუპავს თავის ქვეყანას?!

არსებობს პროვინციები, სადაც დენის შესახებ არაფერი სმენიათ. ვერ წარმოუდგენიათ, რომ არსებობს ღილაკი, რომელსაც თითს მიაჭერ და ნათურა აინთება, არც ტელევიზორის და მაცივრის შესახებ იციან...

ასეთ ადგილებს ხელისუფლება ვერ აკონტროლებს. ის თალიბანის ხელშია, რომელიც ასეთ სიბნელეს სათავისოდ იყენებს. მან იცის ავღანელებში რელიგიის ძალა და ამ უბედურებაში მოლებსაც რთავს.

შემუშავებული აქვთ იდეოლოგია, როგორ მოახდინონ გავლენა ამ უბედურ ადამიანებზე. "თალიბანის" ლიდერები ან მოლები მათ ეუბნებიან, ამერიკას ჩვენგან განსხვავებული რელიგია აქვს და მუსლიმებს ებრძვის, ამიტომ უნდა გავანადგუროთო!

პაკისტანში მოქმედებს სამხედრო, კარგად დაფინანსებული ორგანიზაცია "აისაი", რომელიც ამაში დიდ ფულს იხდის.

- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ... - მეუღლე და ორი ბიჭი მყავს... მეუღლეს ჩაცმაშიც არ ვზღუდავ, ამიტომაც მერჩიან, ჩვენს ქალებს ცუდ მაგალითს აძლევო. აქ შეიძლება კაცი იმიტომ მოკლან, რომ მან ქალიშვილს განათლება მისცა. ტრადიციას ებრძვისო, იტყვიან.

აქაურებს, თითოეულს შვიდი ცოლი ჰყავს. ფულიან ხალხს შეუძლია, 12-13 წლის გოგონა "იყიდოს". 20 წლის ქალს 4-5 შვილი ჰყავს, უბედურები, დაავადებული არიან და 40 წლის ასაკში 70-ისას ჰგვანან. 45 წლამდე თუ მიაღწიეს, გაუმართლათ... მონებივით ცხოვრობენ, რადგან ცნება "ქალის უფლება" არ არსებობს.

- ქვეყნიდან წასვლაზე არ გიფიქრიათ?

- ერთი პროცენტი მაინც რომ მქონდეს აქედან წასვლის შანსი, მოვკიდებდი ხელს ჩემს შვილებს და ნებისმიერ ისეთ ქვეყანაში წავიდოდი, სადაც ომი არ იქნებოდა. მათ ვეტყოდი, დაივიწყეთ ავღანეთი, აქ არის თქვენი სამშობლო და შეიყვარეთ, იცხოვრეთ ისე, რომ ამ ქვეყნის ღირსეული მოქალაქეები იყოთ-მეთქი!.. უფროსი ბიჭი მეხუთე კლასშია. უმეტესად სახლში ვამეცადინებ, რადგან მეშინია, ვინმემ არ მომიკლას ან არ გააუპატიუროს. მისი თანატოლები უკვე ჰაშიშს ეწევიან, ქურდობენ, იარაღით დადიან... აქ სურსათის მაღაზიაში, შაქრისა და პურის გვერდით, ჰეროინი, ოპიუმი და ჰაშიში იყიდება. იარაღიც ქუჩაში იყიდება. თუ ოდესმე ქვეყნიდან წასვლა გვეღირსა, 20 წლისაც რომ იყოს, პირველ კლასში შევიყვან, რათა სრულფასოვანი განათლება მიიღოს, მაგრამ სხვა ქვეყანაში ლეგალური თავშესაფრის მიღება ძალიან ძნელია. ავღანელებს მთელი მსოფლიო კამიკაძეებად და ტერორისტებად გვიცნობს. ვიზაზე ოცნებაც სისულელეა, უკეთესობის პერსპექტივა კი არ ჩანს.

როდესაც ავღანელს ეუბნებიან, თუ შაჰიდის ქამარს გაიკეთებ და ურჯულოების გარემოცვაში თავს აიფეთქებ, სამოთხეში მოხვდებიო, ის თვალისდაუხამხამებლად მიდის სიკვდილზე... "თალიბები" რელიგიურ ფანატიზმს განსაკუთრებული წარმატებით იყენებენ. ერთხელ პოლიციაში ატირებული 12 წლის გოგონა მოვიდა, ძმამ შაჰიდის ქამარი ჩამაცვა და ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების მისაღებში თავის აფეთქება მიბრძანა, მე კი ჯერ სიკვდილი არ მინდა, მაგრამ სახლში რომ დავბრუნდე, ძმა მომკლავსო.

ჩვენს ხალხს პროტესტის გრძნობა არა აქვს. ის მცირე განათლებული ნაწილი სახელმწიფო სამსახურშია და იმის შიშით, ესეც არ დაკარგოს, ხმას არ იღებს. აქ ქალს ოჯახის წევრები იმიტომ კლავენ, რომ ქმრის სისასტიკე ვერ აიტანა და გაიქცა.

- ძმასთან ურთიერთობა თუ გაქვთ? - ტელეფონითა და ინტერნეტით ვეხმიანებით ერთმანეთს. როსტოვში ცხოვრობს. როდესაც ავღანეთში ვბრუნდებოდი, ვფიქრობდი, რომ ის არასწორად იქცეოდა, ახლა კი ვხვდები, ჩემზე ჭკვიანი აღმოჩნდა.