"რაც პოლიტიკაში ხდება, ის ხდება ერშიც და ეკლესიაშიც" - კვირის პალიტრა

"რაც პოლიტიკაში ხდება, ის ხდება ერშიც და ეკლესიაშიც"

"სასულიერო პირებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გვეპატიება ის, რაც საერო პირს ეპატიება"

საპატრიარქოში განვითარებულ მოვლენებსა და მეუფე პეტრეს განცხადებებზე ჩრდილოეთ ამერიკის ეპისკოპოსი, მეუფე საბა (ინწკირველი) გვესაუბრება.

- ძალიან რთული პროცესები მიმდინარეობს, თუმცა ეკლესიაში ყოველთვის იყო სირთულეები და ამწუთას ძალიან რთულია როგორმე შევაფასო. ამ ყველაფრის წინა პირობა ის არის, რომ მეუფე პეტრეს არ ჰქონია შესაძლებლობა ჩვენთან მეტი ესაუბრა თავის ეჭვებსა და პრობლემებზე და არც ჩვენ გვქონია შესაძლებლობა, მეტი გვეკითხა მისთვის.

- რატომ? - იმიტომ, რომ სინოდი წელიწადში მხოლოდ ორჯერ, ორი საათით იკრიბება. არადა, საქართველოს ეკლესია გაიზარდა,

47 მეუფე ვართ და ხანმოკლე შეხვედრები არ არის საკმარისი აზრების გასაცვლელად და თემების ისე ამოსაწურად, რომ კითხვის ნიშნები არ დარჩეს. ამან მიგვიყვანა აქამდე. პატრიარქმაც ისაუბრა სინოდის უფრო ხშირად შეკრების აუცილებლობაზე. როგორც ჩანს, სხვა ქვეყნების ეკლესიების გამოცდილების გაზიარება მოგვიწევს. მაგალითად, სერბეთში წმინდა სინოდის კრება ათ დღეს გრძელდება, ზოგჯერ კი განსაზღვრული საკითხების განხილვას ორ კვირასაც ანდომებენ.

მეუფე პეტრეს განცხადება ჩემთვისაც შოკი იყო. როდესაც ასეთ ბრალდებას ახმაურებ ისე, რომ მტკიცებულება არა გაქვს, საშინელებაა, მით უფრო მღვდელმთავრისგან და ამას რა შედეგიც მოჰყვა, ვნახეთ - საზოგადოება ათასგვარ ვერსიას განიხილავს, მსჯელობს... მე კი არა,

უფროსი თაობის მღვდელმთავრებსაც არ ახსოვთ ასეთი დაძაბული ვითარება, რაც ახლა ეკლესიაშია.

თუმცა მაინც მგონია, რომ გამოსავალი არსებობს. დრო ყველაფერს დაალაგებს. ცოტა ხანში ყველაფერი გაირკვევა.

ეკლესიაში ყოველთვის იყო და იქნება პრობლემა, რადგან ის ცოცხალი ორგანიზმია, მაგრამ სასულიერო პირების პირდაპირი მოვალეობაა, სინოდში განსახილველი საქმე გარეთ არ გამოვიტანოთ. ახლა ხალხის აზრი გაყოფილია - ერთი ნაწილი, რაც თავად სურს, იმას იჯერებს, მედიასთან საუბრობს, შანსს არ უშვებს, საქმე ისე შეატრიალოს, ეს ბრალდება სიმართლედ გაასაღოს. როგორც ჩანს, არც კი უფიქრდებიან, რომ ეკლესიის წინააღმდეგ დგომა ქვეყანაში ვითარებას კიდევ უფრო ამწვავებს.

საპროტესტო აქციები ჩვენი ცხოვრების თანამდევი გახდა, დაძაბულობის დროს კი ეკლესია ყოველთვის ამბობდა თავის სიტყვას. სწორედ ამ ავტორიტეტის გამო მიაყენეს ასეთი დარტყმა...

- ვინ მიაყენა? - ძნელია თქმა. ფაქტია, არეულობა და დაპირისპირება ყველაზე მეტად მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, პრობლემები კი რჩება.

სასულიერო პირებმა უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ არ გვეპატიება ის, რაც საერო პირს ეპატიება.

არის საკითხები, რაზეც მე საზოგადოებაში, მით უფრო ტელევიზიის პირდაპირ ეთერში ვერ ვისაუბრებ, თუმცა წმინდა სინოდზე განვიხილავ. ეს იგივეა, ოჯახის პრობლემების გარჩევა მეზობლებში ან ნაცნობებში დაიწყო. ბოდიშს მოვუხდი მრევლს, ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენთვის უცხო ხართ, უბრალოდ, არის თემები, რომლებზეც მხოლოდ სინოდის შიდა წრეში უნდა ვისაუბროთ. ეკლესიაში არსებობს წესი, რომელიც აუცილებლობიდან გამომდინარეობს, ასე რომ არ იყოს, ხალხის გარემოცვაში ყველაფერზე ვილაპარაკებდით. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ბოლო მოვლენებმა ხომ დაგვანახა, რომ ეკლესიას უამრავი მოშურნე ჰყავს, მათ ყველაფრის სათავისოდ ინტერპრეტაცია შეუძლიათ.

- საეკლესიო დაპირისპირება ვის ინტერესებში შედიოდა? - ვისაც საზოგადოების გაყოფა უნდოდა. მეტიც, ვინც მრევლად მიიჩნევს თავს, ისინიც კი გაიყვნენ. არადა,

მრევლი არც მეუფე პეტრესია და არც ჩემი, ის უფალთან მოდის. ახლა კი ბანაკებად არის დაყოფილი, რაც ეკლესიის ერთიანობას აზარალებს. თავად ეკლესიას, როგორც ქრისტეს ცოცხალ ორგანიზმს, ზიანს ვერ მიაყენებენ, თუმცა ეკლესიას ხალხი წარმოადგენს და მათზე აისახება - რწმენაშერყეული განმკითხავი მრევლი შორს არის ქრისტეს სიყვარულისგან.

ბოლო ხანებში მღვდელმსახურების შეცდომების მაგალითზე დავინახეთ საზოგადოების განწყობა და შიდა საკითხების გარეთ გამოტანის შემთხვევაში ის აუცილებლად გახდება დაცინვის, ლანძღვის საგანი. რას ვიზამთ, ყველას ვერ მოსთხოვ რწმენას, ქრისტიანულ დამოკიდებულებას.

არც მიკვირს, ქართველები ყველაზე მთავარზე ვერ შევთანხმდით, ეროვნულ ღირებულებებში ვერ გავერთიანდით, ერთმანეთის მტრობაში ვხარჯავთ ენერგიას. ეს კრიტიკა არ არის, ჩემი გულისტკივილია. ამ დღეებში კომენტარებს რომ ვკითხულობდი, ვიფიქრე, თურმე ჩემს ხალხს არ ვიცნობ-მეთქი. მხოლოდ საპატრიარქოთი იმედგაცრუებულებს არ ვგულისხმობ, იმათაც, ვინც მეუფე პეტრეზეა გულნატკენი.

თურმე საკმარისია ადამიანმა შეცდომა დაუშვას და მაშინვე გადავუვლით. მე მათზე მეტი მიზეზი მაქვს იმედგაცრუების, რადგან იმ ოჯახს მიაყენა საშინელი შეურაცხყოფა, რომლის წევრიც ვარ, მაგრამ მაინც გული მტკივა, ასეთ მდგომარეობაში რომ არის. ასეთი კატეგორია, თუ დასჭირდა, არც პატრიარქს დაინდობს.

ამ ყველაფრის მიზეზი უსიყვარულობაა. უფლის სიყვარული სხვა რამეა, უფრო ბევრის მომცველია, ვიდრე ერთ ფაქტზე ემოციური მსჯელობა. მის რწმენაზე აღმატებული არაფერი გაგვაჩნია, მაგრამ ბევრი ამას ვერ ხვდება. აშკარაა, ერს პრობლემა აქვს.

- რამ მიგვიყვანა აქამდე? - უსიყვარულობამ. ყველაფერს პოლიტიკას ვერ დავაბრალებთ, თუმცა მისი გავლენაც დიდია.

რაც პოლიტიკაში ხდება, ის ხდება ერშიც და ეკლესიაშიც, რადგან მრევლი წარმოადგენს ეკლესიას და მრევლისგან შედგება საზოგადოება.

- მეუფე პეტრე პოლიტიკაში წასვლას არ გამორიცხავს. - მსოფლიო ისტორიას თუ გადავხედავთ, კვიპროსის პირველი პრეზიდენტი მისი ეკლესიის პატრიარქი მაკარიოსი იყო. ასე რომ, გამორიცხული არაფერია... მე მაინც მიმაჩნია, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს პოლიტიკაში. ვითარების დამშვიდების ან სხვა მიზნით რჩევის მიცემა შეიძლება, ოღონდ პირდაპირი ჩარევა არავითარ შემთხვევაში.

პოლიტიკაში წასული პირი ნიშნავს, რომ მას ჰყავს ადამიანები, ვისი პოლიტიკური სიმპათიაც აქვს.

მეფეები სასულიერო პირებისგან რჩევა-დარიგებას იღებდნენ, თუმცა არასდროს ერეოდნენ მათ საქმეებში.

- საზოგადოებაში უამრავი ვერსიაა, თითქოს ამ პროცესებში მეუფე პეტრე მარტო არ არის. ვინ შეიძლება იდგეს მის უკან? - მე შეიძლება ჩემი აზრი მქონდეს, მაგრამ მორალური უფლება არა მაქვს, ჩემს მოსაზრებაზე დაყრდნობით ვერსიებზე ვისაუბრო. ეს ცილისწამება იქნება. მისი დამოკიდებულება და განცხადებები ცნობილია, ცნობილია როგორც პროევროპული აზროვნების სასულიერო პირი. რუსეთსაც აკრიტიკებდა და ახლაც ასეა, ამაში მეც ვეთანხმები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ინტერესების გამტარებელი ვარ.

არა მგონია, მეუფე პეტრეს გულისწყრომა საგარეო პოლიტიკურ კურსს უკავშირდებოდეს. ცნობილია, რომ კარგი ურთიერთობა ჰქონდა ძველ ხელისუფლებასთან, მაგრამ არ მიმაჩნია, რომ წარსულს დღევანდელობასთან კავშირი ჰქონდეს.

მისი გადასაწყვეტია, პოლიტიკაში წავა თუ მონასტერში, თუმცა ვისურვებდი, უფრო ნათელი გონებით ემსჯელა და მონასტერში წასულიყო. მას ერისკაცობიდან ვიცნობ, ბერად რომ აღიკვეცა, ვესწრებოდი. როდესაც დიაკვნად აკურთხეს, მაშინაც იქ ვიყავი, თუმცა მაშინ სასულიერო პირი არც ვიყავი. ბოლოს მას წელიწად-ნახევრის წინ შევხვდი. ე.წ. ციანიდის საქმის შემდეგ თითქოს ჩაიკეტა, გაგვიუცხოვდა და მინდოდა დამენახებინა, რომ მარტო არ არის, ჩვენი ოჯახის წევრია, გვიყვარს და მნიშვნელოვანია ჩვენთვის. საქართველოში წელიწადში ორჯერ ან ერთხელ მიწევს ჩამოსვლა, მაგრამ იმ ამბების შემდეგ საქართველოდან მის უნახავად წასვლა არ მინდოდა.

- ამის შესახებ მან ერთ-ერთ ტელეეთერში ისაუბრა, რომ მასთან ჩასულ ორ მეუფეს ამ სკანდალურ თემაზეც ესაუბრა. - ჩემ გარდა მას სხვა მეუფეებიც სტუმრობდნენ. გარდა ამისა, მე დეტალები არ ვიცოდი და მხოლოდ ერთი გულნატკენი ადამიანის მონათხრობით ვერ ვიმსჯელებდი. მან ჩემზე უკეთ იცის, რომ არსებობს სინოდი, ქართული ეკლესიის ძლიერება კი ერთობაშია. უსამართლობა იქნება არ აღვნიშნო - გამაოგნა ჭყონდიდის ეპარქიაში მისმა გაკეთებულმა საქმეებმა. ბევრ თემაზე ვისაუბრეთ. მან გულისწუხილი გამოხატა მამა გიორგი მამალაძესთან დაკავშირებით, ე.წ. ციანიდის საქმეზე. უამრავი კითხვა ჰქონდა. ის მამა გიორგისთან ციხეში პირველივე დღეს შევიდა და ბევრად მეტი იცოდა ამ საქმეზე, ალბათ, ამიტომაც აპროტესტებდა არსებულ ვითარებას.

- თქვენ არა გაქვთ კითხვები ამ საქმეზე? - მე ბევრი არაფერი ვიცი ამ საქმეზე, თუმცა, რაც ვიცი, იმაზეც უამრავი კითხვა მაქვს. მეც მოვინახულე მამა გიორგი, მაგრამ, დაკითხვას ვერ მოვუწყობდი. მხოლოდ მან იცის, რა მოხდა სინამდვილეში, მაგრამ ასეთ სკანდალურ საქმეზე ერთი ადამიანის მონათხრობით დასკვნას ვერ გავაკეთებ. უბრალოდ, როგორც სასულიერო პირს, როგორც ყველა სხვა ადამიანის, ისე მის მიმართაც მაქვს სინანულის განცდა. შესაძლოა მან გზას გადაუხვია, მაგრამ ეს მაინც არ ნიშნავს, რომ უნდა გავწიროთ, პირიქით, უნდა ვეცადოთ გადავარჩინოთ...

გგონიათ, მხოლოდ მეუფე პეტრეს აქვს კითხვები? სხვებსაც აქვთ, მაგრამ ისინიც ჩემსავით გამოძიების პასუხს ელოდებიან. არის რაღაც საკითხები, რაზეც ათასჯერ რომ მკითხოთ, პასუხს ვერ გაგცემთ. თუმცა საჭიროების შესახებ სინოდზე ვისაუბრებ და ხვალ-ზეგ პასუხსაც მივიღებ.

- მეუფე პეტრემ სხვა სკანდალურ განცხადებებთან ერთად თქვა, თუ როგორ მოაწერინა ხელი 2011 წელს რუსეთის პატრიარქმა კირილმა ჩვენს პატრიარქს მართლმადიდებელ დევნილთა მემორანდუმზე, "რომლითაც მსოფლიო მართლმადიდებელმა სამყარომ პატრიარქების სახით მხარი უნდა დაუჭიროს სირიიდან დევნილ მართლმადიდებელ ქრისტიანებს, რაც ნიშნავს, რომ მთელი მართლმადიდებელი სამყარო რუსულ პოლიტიკას უჭერს მხარს სირიის ომში". - მე მაშინ მღვდელმთავარიც არ ვიყავი და გარდა ამისა, თუ გავლით ყოფნას არ ჩავთვლით, რუსეთში ნამყოფიც არა ვარ. თუ ეს ამბავი 2011 წელს მოხდა, მას შემდეგ 8 წელი გავიდა და სინოდში შეეძლო ამის შესახებ ესაუბრა...

- საპატრიარქოში პოლიტიკურ გავლენებზე გკითხავთ. აშკარაა ქართულ ეკლესიაში ეს პრობლემა არსებობს. - სამღვდელოებაში მართლაც არიან ისეთი პირები, ვინც მიიჩნევს, რომ რუსეთთან უფრო კარგად იქნებიან, საქართველოს რუსეთთან ერთად უკეთესი მომავალი ელოდება. რა არგუმენტები აქვთ, არ მომისმენია, მაგრამ ასეთია მათი პოზიცია. არიან ისეთებიც, ვინც ქვეყნის მოსახლეობის უმეტესობის არჩევანს იზიარებს და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ხედავს ქვეყნის განვითარების პერსპექტივას. მეც მეორე ნაწილის პოზიციას ვიზიარებ.

მიმაჩნია, რომ ამერიკა ჩვენი მთავარი სტრატეგიული პარტნიორია და არ მწამს რუსეთთან მეგობრობის. ან როგორ მწამდეს, როცა მას ჩემი ქვეყნის 20% ოკუპირებული აქვს?! თუმცა ვერც ამის გამო მოვიკვეთთ მათ, ვისაც ასეთ მნიშვნელოვან საკითხზე განსხვავებული ხედვა აქვს - ამ სენს ერთობით, სიყვარულით უნდა მოვერიოთ. შესაძლოა ვიღაცას ევროპასა და ამერიკაში რაღაცები არ მოსწონდეს, მაგრამ ყველაფერი მოსაწონი არც ერთ ერს არა აქვს, მათ შორის არც ჩვენ. გარდა ამისა, პირად არჩევანს ქვეყნის ინტერესები არ უნდა გადავაყოლოთ.

ამ მწვავე თემის გარშემოც კი პატრიარქი მუდმივად გამაერთიანებლის როლში იყო. შესაძლოა ამა თუ იმ მწვავე საკითხის დეტალებში სწორედ იმიტომ არ შედიოდა, რომ ვითარება უფრო მეტად არ დაემძიმებინა, მიტევებისა და დათმენის მაგალითს გვაჩვენებდა. როგორც ჩანს, ყველამ ვერ გავიგეთ. ზოგჯერ ისეთი რამ უპატიებია, ძალიან გამკვირვებია. არადა, მიმაჩნდა, რომ რეაგირება საჭირო იყო, მაგრამ მას არ უყვარს ადამიანის დასჯა.

მეუფე პეტრეს მიმართ გამოტანილი განჩინება ძალიან მძიმე იყო და მივხვდი, რომ ამას ყველაზე მეტად პატრიარქი განიცდიდა. იმედი ჰქონდა, რომ შეინანებდა.

- თუმცა მეუფე პეტრემ განაცხადა, გავა დრო და ძეგლს დამიდგამენო...

- სასულიერო პირს საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა არ უნდა ჰქონდეს. არ განვიკითხავ, ვურჩევ - თავმდაბლობა შობს სიყვარულს საკუთარი თავის, სულიერი ძმებისა და უფლის მიმართ.