გაცრუებული იმედები და გელაშვილების შავ-თეთრი ცხოვრების ქრონიკები - კვირის პალიტრა

გაცრუებული იმედები და გელაშვილების შავ-თეთრი ცხოვრების ქრონიკები

ყველი, ალიზით ნაშენები აგურის კედელი სველია... მარტო სველი კი არა, იშლება კიდეც... ფართობი პატარა არ არის, მაგრამ იმდენი საწოლია გაშლილი, რომ პატარად მოგეჩვენება. რვაშვილიან ოჯახში უმცროსი მხოლოდ 4 წლისაა. წარმოგიდგენიათ, რა ჟივილ-ხივილი იქნება ყოველდღე? საკმარისია, ცოტა ზედმეტი მოუვიდეთ, შეიძლება ჭერი ჩამოენგრეთ.

გიორგი გელაშვილის ოჯახი ახლახან კიდევ უფრო გაიზარდა - უფროსი ქალიშვილი გათხოვდა და სიძეც მათთან ცხოვრობს; სიძე კი არა, მეცხრე შვილია, სულ 17 წლისაა და მასაც მზრუნველობა სჭირდება. ვაჟი თვითონაც მრავალშვილიანი, ხელმოკლე ოჯახიდანაა. გელაშვილებმა ერთხანს ორი უპატრონო ბავშვიც შეიკედლეს...

გიორგის მეუღლემ საკუთარი ძუძუ აწოვა პატარებს. ისინი მოგვიანებით უშვილო ოჯახებმა იშვილეს; ახლა უკვე დიდები არიან. კიდევ იყო მერაბ გელაშვილი, რომლის გასაჭირის შესახებ გიორგიმ გაზეთში წაიკითხა. მერაბს საჭმლის ქურდობისთვის სასჯელი ჰქონდა მოხდილი. ციხიდან გამოსული რომელიღაც რესტორანთან ათენ-აღამებდა. შინ მოიყვანეს, შენ - შვილი და ჩვენ - მშობლებიო. ერთ თვეში მამიდამ მოაკითხა ობოლ ბიჭს და მასთან გადავიდა საცხოვრებლად.

ოჯახის უფროსი ისეთი მოსაუბრეა, ისეთი ლაღი ღიმილით შემოგცქერის, თითქოს სულაც არ შიოდეს, არადა, ნამდვილად ვიცი, შინ არაფერი მოეპოვებათ სოფლიდან ჩამოტანილი კარალიოკის გარდა. ფულიც აღარ აქვთ. მრავალშვილიანთა დახმარება - ბავშვზე 20 ლარი, ძალიან მალე ქრება. გიორგი გელაშვილს კი სამსახური არ აქვს. ქვეყანაში მისი დამსაქმებელი არ გამოჩნდა...

ძალიან მინდა, ამ ოჯახის ცხოვრებიდან რამდენიმე ამბავი "კვირის პალიტრის" მკითხველსაც ვუამბო. მერე თავად განსაჯეთ...

იქმოდე ექვსი დღე

"იქმოდე ექვსი დღე და მეშვიდე წმინდა ჰყავ, დაისვენე", - ეს კარგად იცის გიორგი გელაშვილმა... როცა საშუალება ჰქონდა, დიდი სიხარულით "იქმოდა" კიდეც, მშენებლობაზე მუშაობდა. მშენებლობა დამთავრდა და  გაკვირვებული დარჩა, მომდევნო ობიექტზე მის გარდა ყველა რომ დატოვეს.

- მუშაობა ისეთი ვიცი, მეფე რომ მოვიდეს, არ შევჩერდები; სიგარეტსაც კი არ ვეწევი. ვინც ცუღლუტობს, ერთმანეთს აფრთხილებენ, არიქა, უფროსი მოვიდაო. მე ამას ვერ ვკადრულობ... ყველაფერს ვაკეთებ, რომ სამსახური არ დავკარგო, ცოლ-შვილი მშიერი არ დამრჩეს; მაინც ასე ხდება...

შიმშილი უკვე მათი ბუნებრივი მდგომარეობაა. ბავშვები ვეღარაფერზე ფიქრობენ. ერთს ლეიბის ქვეშ კიტრი უპოვა, დაუმალავს და დავიწყებია... მეორეგან რაღაცას ქინქლა დახვევია, ნახეს - პომიდორი გადაუნახავს ერთ-ერთს. მათ იციან, რა არის შიმშილი! მამა კი უძლურია და ეს უძლურება თრგუნავს...

დილით ბავშვები წამოიშლებიან, სკოლაში მიდიან. მშობლებს ხან ისიც არ შეუძლიათ, შაქრიანი ჩაი დაალევინონ შვილებს. სულ პატარაც გაიხურავს კარს და გიორგი ნახევრად დანგრეულ კედლებს გახედავს. მერე დგება, სანგრევ აპარატს იღებს და ეზოში ჩადის. სახლთან ახლოს კლდეს ანგრევს. იქნებ იმიტომ, რომ გული არ გაუსკდეს!.. აპარატის რახარუხში დრო სწრაფად გადის...

ადგილი პრესტიჟულია და  წარჩინებული სამეზობლო წუხდება, დილიდან რომ ხმაური ჩაესმით ყურში.

- გუშინწინ დაცვის თანამშრომელი გამომიგზავნა ჩემმა მეზობელმა - გრიგოლ ვაშაძემ.  რა გინდა, შვილო-მეთქი? - ვკითხე. უფლება გაქვთ, რომ ანგრევთო? შენ გაქვს უფლება, რომ მეკითხები-მეთქი? გაჩერდა. იცი, რატომ მწყდება გული, ხომ შეიძლება მთხოვო, მეზობელი ხარ, ანგარიშს როგორ არ გაგიწევ, მაგრამ მაშინებ?! რომ არ მეშინია?.. იმ ბიჭს ვუთხარი, - მინისტრის ჯინაზე 10 საათამდე ვიმუშავებ-მეთქი.

KvirisPalitra.Geკეთილი ადამიანები

არ გეგონოთ, სამყაროს მხოლოდ რუხ ფერებში ხედავდნენ და სინათლის სხივი ენატრებოდეთ. იცით, რამდენი სინათლეა მათ ყოველდღიურ ცხოვრებაში? ეს კი ადამიანებისაგან მოდის. გიორგი გელაშვილს ერთხელ სადღაც ვაკეში სამუშაო გამოუჩნდა. როცა დაამთავრა, შემკვეთს უთხრა, იმდენი გადამიხადე, რომ წავალ, კმაყოფილი დარჩეო.

- როგორო? - გაკვირვებულა კაცი.

- როგორა და აი, ასეო.

იმან 50 ლარი მისცა. რაკი კმაყოფილი დარჩა, საჭმელიც შესთავაზა მუშას. ღვინო დაუსხა და რამდენი შვილი გყავთო, - ჰკითხა. ამან - რვაო.

- შვილიშვილებს არ გეკითხები, შვილი რამდენი გყავსო.

- შვილიშვილი არცა მყავსო.

მასპინძელს გაოცება შეეტყო, მაგრამ აღარაფერი უთქვამს.

მეორე დღეს მივიდა ისევ სამუშაოდ. ოჯახის უფროსმა დარეკა, დამელოდოს,  არ წავიდესო. მოვიდა ცოტა ნასვამი. ჩაიყო ჯიბეში ხელი და ფული დაუთვლელად მისცა. დიდი მადლიერებით გამოართვა გასამრჯელო რვა შვილის მამამ. - მოიცა, კაცოო, - იმან. ახლა მეორე ჯიბეში ჩაიყო ხელი.

- ეს ზედმეტია, - უხერხულად უთხრა გიორგიმ.

- შენი რვა შვილისთვის გეკუთვნისო, - ამოიღო ფული და გიორგის გაატანა.

შინ მივიდა, დათვალა და 480 ლარი იყო.

კეთილ ადამიანებს რა გამოლევს. ბოლო დროს ერთი კაცის დახმარებით ამოისუნთქა. ისიც მასავით მშრომელია, ოთარი ჰქვია, სამუშაო რომ გამოჩნდება, დაურეკავს ხოლმე და მიჰყავს.

მაღაზიაში ნისიად რომ არ აძლევდნენ, ხომ სული ამოხდებოდათ. ხან ათას ლარზე მეტი აქვთ ვალი. მაღაზიის პატრონი კი აძლევს და აძლევს ნისიად. ერთხელ შეესწრო,  სულ რაღაც ორ-ნახევარი ლარისთვის ვიღაცას პირადობის მოწმობა დაატოვებინა. - მე რაღა ვქნაო, - 965 ლარი ჰქონდა გიორგის ვალი.

- შენ კაცი ხარ და კიდევაც მოგცემ ნისიადო...

ერთი კიდევ აფთიაქში შეხვდა... გელაშვილებს ოთხი ბავშვი ჰყავდათ ავად. სიცხის წამალი უნდოდათ. ფარმაცევტმა: - რამდენი წლის ბავშვებისთვის გინდათო. გიორგიმ დაიწყო ანგარიში: ერთი - ოთხისაო, მეორე, მგონი... ცხრისაო. - ბატონო, თქვენი შვილების ასაკი არ იცითო?  - როგორ არ ვიცი, მაგრამ რომელია ავად, იმას ვიხსენებო. რამდენი გყავთო? რვაო, - იყო პასუხი. მე ვიხდიო, - დაიძახა რიგში უკან მდგომმა კაცმა. რას ბრძანებთ, ბატონო, ფული მეც მაქვსო. მაინც გადაუხადა.

- კინაღამ ტირილი დავიწყე, - მიამბობს გიორგი და შრომისაგან გაუხეშებულ ხელებს აწვალებს. მეც ცრემლი მერევა.

რემონტი წინასაარჩევნოდ

არჩევნების წინ მოვიდნენ, დაათვალიერეს სახლი, ჩამონგრეული კედლები; ისიც ნახეს, რომ ბავშვები ტრავმებს სასწაულით გადაურჩნენ. პროექტი დაწერეს, ნახაზი შეადგინეს. ამას კაპიტალური რემონტი უნდაო, შენობა აუცილებლად უნდა გავამაგროთო. ტელევიზია მიიყვანეს და ზარ-ზეიმით გაიყვანეს ოჯახი ნაქირავებში.

- 3 თვე ვცხოვრობდით სხვაგან, ამათ კი სულ 5 დღე იმუშავეს. რაც იყო, ისიც მოშალეს... სამი თვის მერე დამირეკეს, მოდით, გასაღები ჩაიბარეთო. მოვედი. მოვიდა სამუშაოთა მწარმოებელიც. აქ დავბრუნდე-მეთქი? - ვკითხე. დაინახა, ჩამოყრილია ყველაფერი, ისიც აღარ არის, რაც იყო... - არაო, - იუხერხულა... მოვიდნენ, სასწრაფოდ გააკეთეს თაბაშირ-მუყაოს ტიხრები. არადა გათვალისწინებული იყო კაპიტალურად გამაგრება.

წვიმა ჩამოდიოდა. ისევ გიორგი ავიდა და  რაღაცნაირად შეასწორა სახურავი.

გიორგი გელაშვილს პოლიტიკისა მხოლოდ ერთი რამ აინტერესებს - საქართველოს როგორ არგებს ეს პოლიტიკა. ბევრი რამ რომ არ მოსწონს, იმასაც ამბობს. იქნებ ამიტომაც დარჩა წინასაარჩევნო დაპირება დაპირებად...

- მარტო რემონტი კი არა, ყველაფერი რომ გამიკეთონ, იმათი ფარი ვერ გავხდები, ვინც საქართველოსთვის არ გააკეთებს საქმეს. დამანგრევლის მოყვარე ვერ ვიქნები, - ამბობს გიორგი, - აი, თუნდაც ერთი ფაქტი: ამდენი კონცერტი რად გვინდა, როცა ხალხი მშიერია, სანაგვესთან ხანდახან ჩხუბობენ კიდეც. უფლის საქმე ადამიანია და არა - ხიდი, შენობა. ესენი ჩვენზე არ ზრუნავენ, ტურისტებზე ფიქრობენ, ეს ქვეყანა ტურისტებისთვის ყოფილა და ეგ არის!.

ჰოდა, ზის ახლა მშიერი ცოლ-შვილის პირისპირ, დანგრეულ კედლებში და სრულიად დარწმუნებული ამბობს:

- ჩვენი სამშობლო უაღრესად გაჭირვებულია და ჩვენი ვალია, სამშობლოსავით ვიცხოვროთ. გაფუფუნებულ ნაძირალას ვერ  ვუყურებ; არ მინდა ფუფუნება, მაშინ მეც ნაძირალა უნდა გავხდე.

P.S. დარწმუნებული ვარ, კეთილი ადამიანები არ დაილევიან და გელაშვილების ოჯახსაც დაუდგება ისეთი ცხოვრება, როგორზეც დიასახლისი ოცნებობს - აი, ისეთი, ვალით რომ არაფერი იყიდონ, გიორგი "ექვსი დღე იქმოდეს" და მისი შრომით შემოსული ფულით დაუმადლებელი, ტკბილი ლუკმა ჭამონ.