"ამ პროექტში ჩემი ხილვა ბებიაჩემის ოცნება იყო, იმედია, გარდაცვალების მერე ავუსრულებ" - კვირის პალიტრა

"ამ პროექტში ჩემი ხილვა ბებიაჩემის ოცნება იყო, იმედია, გარდაცვალების მერე ავუსრულებ"

"აჩიკო გულედანი წერდა, მარიამ ჟორდანია ყბაჩამოსავარდნი მოვლენააო"

მარიამ მემე ჟორდანიას კარგად იცნობს ქართული მუსიკალური პროექტების მაყურებელი. ათასობით გულშემატკივარი ჰყავს ამ საუცხოო ხმის გოგონას. ამჟამად მარიამის წინაშე ახალი გამოწვევაა - მან პრექასთინგი გაიარა და მრავალ ათას მონაწილეს შორის იმ 10%-ში მოხვდა, რომელიც უკრაინული "ვოისის" მიმდინარე სეზონში მიიღებს მონაწილეობას. თუმცა წარდგება თუ არა მარიამი კონკურსზე, ეს თითოეულ ჩვენგანზეა დამოკიდებული.

ინა ჟორდანია, მემეს დედა: - მარიამმა სიმღერა ლაპარაკზე ადრე დაიწყო. მე ბათუმში ვმუშაობდი და ბებია ზრუნავდა ბავშვზე. მეზობლად დათო ხუჯაძე ცხოვრობდა, პირველად მან მოუსმინა და გვითხრა, ბავშვს აბსოლუტური სმენა და უცხო ხმა აქვსო. რამდენიმე თვეში სტუდია "სახეში" ვოკალის პედაგოგ ხათუნა ლეჟავასთან დაიწყო მეცადინეობა. 13 წლისა "X ფაქტორის" ქასთინგებზე გავიდა და დიდხანს,"4 სკამამდე დარჩა პროექტში. როცა გამოეთიშა, აჩიკო გულედანი წერდა, მარიამ ჟორდანია ყბაჩამოსავარდნი მოვლენააო. 14 წლისას გლანდების ოპერაციის შემდეგ მდგომარეობა გაურთულდა, პარალელურად მძიმედ გადაიტანა ჩუტყვავილა. მთელი წელი სიმღერა აკრძალული ჰქონდა, თითქმის არ ლაპარაკობდა. ამასობაში მაკიაჟის გაკეთებაში დაოსტატდა და გასულ წელს "წლის ბოდიარტად" დაასახელეს. უკვე გრიმს აკეთებს და სხეულზე ხატავს. შარშანწინ გამოფენაც ჰქონდა.

შარშან "საქართველოს ვარსკვლავის" ქასთინგები გაიარა და ლაივამდე მივიდა. მილიონზე მეტი ნახვა აქვს მის ნამღერს ამ პროექტში. წელს კვლავ შესთავაზეს, თუმცა გადაწყვიტა აღარ მიიღოს მონაწილეობა ქართულ პროექტებში. ზაფხულში პრექასთინგები გაიარა კიევში "უკრაინის ხმაში" მონაწილეობის მისაღებად და შაბათს დაგვირეკეს, რომ მემე 10%-ში მოხვდაო. რეპეტიციები 1-ლ დეკემბერს დაიწყება, ხოლო 7 დეკემბერს გამოსვლა აქვს და ვართ დაბნეული.

- რატომ? - კონკურსისთვის საჭირო თანხა არა გვაქვს. ზაფხულში რომ წავიდა, მაშინაც გავყიდე რაღაცები, ახლა აღარაფერი დამრჩა. მერიაში დავწერე თხოვნა კახა კალაძის სახელზე, მაგრამ კულტურის განყოფილებიდან დამირეკეს, კანონით, ფიზიკური პირის დაფინანსების უფლება არა გვაქვს, მხოლოდ პროექტებს ვაფინანსებთ. იქნებ განათლებისა და კულტურის სამინისტროს მიმართოთო, მაგრამ რადგან იქ ახალი მინისტრი დაინიშნა, ამას დრო დასჭირდება.

მარიამმა ყველაფერს წვალებითა და დაუღალავი შრომით მიაღწია. 13 წლიდან ცდილობს იმუშაოს, ხან კლუბებში მღერის, ხან მაკიაჟს აკეთებს. პასუხისმგებლიანი, მშრომელი და ნიჭიერია და იმსახურებს ამ პროექტში მონაწილეობას. ბინა რომ მქონდეს, ან დავაგირავებდი, ან გავყიდდი, მჯერა, წარმატებას მიაღწევს. მარიამის მამა აფხაზეთის ომის მონაწილეა, ბრძოლის ველზე გაუკეთეს ოპერაცია და ჰეპატიტი შეეყარა. ახლა ინსულინდამოკიდებულია, ინსულტიც გადაიტანა, დიალიზზეა. ძალიან განიცდის, რომ ვერ ვეხმარებით.

- რა თანხა დასჭირდება, რომ უკრაინულ "ვოისში" წარდგეს? - მინიმუმ 1.000 დოლარი - ბილეთები უნდა იყიდოს, დრესკოდიც გასათვალისწინებელია, თმა მოსაწესრიგებელი, ყველა გამოსვლაზე სხვადასხვა სამოსი სჭირდება. ბინის ან სასტუმროს ქირაობა არ დაგვჭირდება, ჩემს ბიძაშვილთან იცხოვრებს, მაგრამ 2-3 თვე რომ იარსებოს უცხო ქვეყანაში, ფული მაინც დასჭირდება.

მარიამ მემე ჟორდანია: - სხვა პროფესიაზე არასდროს მიოცნებია, პატარაობიდანვე ვიცოდი, რომ ჩემი საქმე სცენაზე დგომა იყო. იმ პროექტებმა, რომლებშიც აქამდე ვმონაწილეობდი, ჩემს ცხოვრებაში რევოლუცია მოახდინა - მივიღე სცენაზე დგომის გამოცდილება, ვისწავლე ხალხთან კონტაქტი, ცნობადობა მომემატა, საინტერესო ადამიანები გავიცანი. უკრაინის "ვოისი" იმიტომ ავირჩიე, რომ ამ პროექტში ჩემი ხილვა ბებიაჩემის ოცნება იყო, იმედია, გარდაცვალების მერე ავუსრულებ, ამასთან, ამ პროექტით უფრო მეტი ადამიანი გამიცნობს.

- პრექასთინგმა როგორ ჩაიარა? - გამიმართლა. გაიხარეს, რომ გაიგეს, საქართველოდან ვიყავი. უყვართ ქართველები, მათგან სერიოზულ გამოსვლას ელიან. განსაკუთრებული ყურადღება ჩემს სტილზე გაამახვილეს.

- ვისგან დაგყვა სცენისკენ ლტოლვა? - ჩემი ოჯახი ყოველთვის მჭიდრო კავშირში იყო ხელოვნებასთან. გიზო ჟორდანია ჩემი ბაბუის ძმა გახლდათ. გიზო ბაბუ ჩემში ყოველთვის ხედავდა პატარა არტისტს და ცდილობდა წავექეზებინე. მნიშვნელოვან რჩევებს მაძლევდა.

- უკვე იცი, რომ პროექტში ხარ, შემდეგი ნაბიჯი რა იქნება? - ჩემს ოჯახს საშუალება არა აქვს, რომ უკრაინაში გამამგზავროს და ამით რაღაცას მივაღწიო. არადა, შემიძლია ჩემი ქვეყანაც ვასახელო და საკუთარი თავიც.

ხათუნა ლეჟავა, მარიამის ვოკალის პედაგოგი: - მემეს გამორჩეული ხმის ტემბრი აქვს. დარწმუნებული ვარ, უკრაინის "ვოისი" იქნება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საფეხური მის კარიერაში. ახლა მას დახმარება სჭირდება, ფინანსურმა პრობლემამ მიზნის მიღწევაში ხელი არ უნდა შეუშალოს.

თიბისი ბანკი

ანგარიშის ნომერი

GE7TB7661845161100003

მიმღები: ინა ჟორდანია