უფრთხილდით სკუტერს! - კვირის პალიტრა

უფრთხილდით სკუტერს!

"ისე ასაქმებენ ამ ბავშვებს, არც გამოცდილება აქვთ, არც მართვის მოწმობა"

ბოლო დროს სკუტერები და მოპედები ეკონომიკური საქმიანობისთვის მნიშვნელოვან სატრანსპორტო საშუალებად იქცა. ეს შემკვეთისთვისაც კომფორტულია და ახალგაზრდების დასაქმების ერთ-ერთი წყაროც გახდა. მაგრამ არსებობს ერთი ფაქტორი, რაც ჩამოთვლილ 2 სიკეთეს გადაწონის - ორივე სატრანსპორტო საშუალებას ისე მართავენ მათი მძღოლები, რომ სხვებსაც საფრთხეს უქმნიან და საკუთარ თავსაც. უკანასკნელ თვეებში მძღოლებისგან და ქვეითად მოსიარულეებისგან მოისმენდით,"სკუტერი დამეჯახაო.

დავით გიქუაშვილი: - რამდენიმე ხნის წინ კოსტავას ქუჩაზე, რომელიც ცალმხრივია, ბანკთან შეხვევა გადავწყვიტე. ბასლაინის დაშვებულ ადგილას შევარჩიე მომენტი, როცა ავტობუსი არ მოდიოდა და როგორც კი შევუხვიე, უკან სწრაფი კვების გადამზიდი მოპედიანი ბიჭი დამეჯახა, რომელიც ბასლაინზე მოძრაობის საპირისპიროდ მოდიოდა. მე არაფერი მომსვლია, მხოლოდ მანქანა დაზიანდა, ბიჭი კი მსუბუქად დაშავდა და საავადმყოფოში წაიყვანეს.

კანონის თანახმად, ორივე ჩვენგანის სატრანსპორტო საშუალება "112"-ის საჯარიმოზე გადაიყვანეს. გამოძიებას 2 კვირა დასჭირდა, მოპედის მძღოლი არ ცხადდებოდა, რაიონში ვარ და ვერ ჩამოვალო. საბოლოოდ ორივე დაგვკითხეს და მომცეს მიმართვა, რის საფუძველზეც მანქანის საჯარიმოდან გამოყვანაში პრობლემა არ შემექმნებოდა, მაგრამ "112"-ში მისულს მანქანის გადაყვანის ღირებულების დაფარვა მომთხოვეს. ვეუბნები, მე არაფერი დამიშავებია, რომ ჩემი მანქანა საჯარიმოზე გადაეყვანათ, გამოძიებასთანაც ვითანამშრომლე, ჩემი ბრალეულობა არაფერში იკვეთება და აქეთ მახდევინებთ ჯარიმას-მეთქი?! ამიხსნეს, თუ თქვენ არ გინდათ გადახდა, უნდა დაელოდოთ ექსპერტიზის დასკვნას, რომელსაც თუ მეორე მხარე არ გაასაჩივრებს და საბოლოო დასკვნამდე დრო არ გაიწელა, დადანაშაულებული გადაიხდის, როცა საჭირო თანხა ექნებაო.

იძულებული ვიყავი გადამეხადა ჯარიმა და ახლა თვითონ ვარემონტებინებ დაზიანებულ მანქანას. დაკითხვის შემდეგ მოპედის მძღოლს რომ ვუთხარი, ხომ იცი, არა ხარ მართალი, შევთანხმდეთ, რაღად გვინდა ექსპერტიზა-მეთქი, რას ბრძანებთ, მე ყველგან მაქვს სიარულის უფლება, მათ შორის ბასლაინზეცო, მიპასუხა.

- ასეთ სიტუაციაში კანონი რას ითვალისწინებს?

- კანონი მისთვის მალამოა - ჯერ ძიება უნდა დასრულდეს, მერე ექსპერტიზამ უნდა გაამტყუნოს, მერე აღმასრულებელმა დააკისროს ჯარიმის გადახდა და წლების შემდეგ ჩარიცხავენ რამდენიმე (5-10) ლარს ყოველი თვის ხელფასიდან.

ისე ასაქმებენ ამ ბავშვებს, არც გამოცდილება აქვთ, არც მართვის მოწმობა. ასე როგორ შეიძლება?!..

- დამსაქმებელი თუ ჩაერთო საქმეში? მას არ ეკისრება პასუხისმგებლობა? - მაშინვე მოვიდნენ და დამკვეთთან დარეკეს, თანამშრომელი, ვისაც თქვენთან ხინკალი მოჰქონდა, ავარიაში მოყვა და ბოდიშს გიხდით, შეკვეთა გავაუქმეთო. ეს იყო და ეს.

ვასო ურუშაძე, არასამთავრობო ორგანიზაცია Hub Georgia-ს აღმასრულებელი დირექტორი: - უკვე წლებია ევროპის მასშტაბით პირველ ადგილზე ვართ ავტოსაგზაო შემთხვევების, მოქალაქეთა დაღუპვის, დაშავებისა და დასახიჩრების სტატისტიკით. ჩვენი ქვეყანა ტურისტული ჰაბი რომ გახდეს, რისი ამბიციაც გვაქვს, მნიშვნელოვანი კომპონენტია მოძრაობის უსაფრთხოება.

მცირეძრავიანი მოპედის სამართავად არ არის საჭირო მართვის მოწმობა, ამიტომაც სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება და აქედან გამომდინარე, მათზე არც მოქმედი კანონმდებლობა ვრცელდება. კანონით, მხოლოდ ჩაფხუტის მოხმარებაა სავალდებულო. გარდა ამისა, არის სხვა პრობლემებიც.

- მაგალითად?

- თითქმის არასდროს ჩერდებიან შუქნიშანზე, მოძრაობენ საპირისპირო ზოლზე, უხვევენ იქ, სადაც აკრძალულია და არც ანიშნებენ მათ უკან მიმავალ სატრანსპორტო საშუალებას, ხშირად ქვეითად მოსიარულეთა სავალ ნაწილზეც გადადიან.

პრობლემაა ღამით ხილვადობაც. ზოგიერთ მცირეძრავიან სატრანსპორტო საშუალებას არა აქვს შუქამრეკლი, რაც ღამით მოძრაობისას მნიშვნელოვანია. ეს სატრანსპორტო საშუალებების შეჯახების საფრთხეს ზრდის.

- მოპედებს ბასლაინზე შეუძლიათ მოძრაობა? - არა. ბასლაინი ავტობუსისთვის სპეციალურად გამოყოფილი ზოლია, მასზე სხვა სატრანსპორტო საშუალების გადაადგილება შეზღუდულია.

- რადგან ამ სატრანსპორტო საშუალების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება, ალბათ, ისიც არ მოწმდება, გამართულია თუ არა. - რადგან ამ სატრანსპორტო საშუალებების ძრავის მოცულობა კანონით განსაზღვრული ნორმების ქვემოთ არის, მათზე არ ვრცელდება ტექინსპექტირების რეგულირება.

ქვეყანაში საგზაო მოძრაობის და უსაფრთხო გადაადგილების შესახებ დაბალი სამოქალაქო განათლების დონეა. არც სკოლებში და არც უმაღლეს სასწავლებლებში არ ისწავლება და არ არსებობს საავტომობილო-სატრანსპორტო მართვის სკოლების სტანდარტი. არადა, უნდა ვიცოდეთ, როგორ მოვიქცეთ ავტოსაგზაო შემთხვევისას, როგორ დავეხმაროთ სხვას, სად დავრეკოთ...

არსებობს მსოფლიო სტანდარტი ისეთ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომელთაც ლიმიტირებული სიჩქარის განვითარება შეუძლიათ. მოქალაქეს მართვის მოწმობის გარეშე გადაადგილების უფლებას იმიტომ აძლევენ, რომ იციან, მას სკოლაში უკვე მიღებული აქვს საჭირო განათლება - იცის, რომ ბასლაინზე არ უნდა გაიაროს, არც საპირისპირო მიმართულებით იმოძრაოს და ა.შ. საქართველოში ეს ყველაფერი არა გვაქვს და შედეგსაც შესაბამისს ვიღებთ.

არადა, არსებობს გამოსავალი - ხომ შეიძლება რომელიმე არასამთავრობო ორგანიზაციამ სახელმწიფოსთან ან საერთაშორისო ორგანიზაციასთან ერთად შექმნას ტრენინგცენტრი, სადაც მცირეძრავიანი სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები ტრენინგს გაივლიან და მხოლოდ მაშინ მიეცემათ მართვის უფლება.