"რუსთაველზე სამშობლოზე მოფიქრალნი კი არა, თავის თავზე მოფიქრალნი გვეძახიან" - კვირის პალიტრა

"რუსთაველზე სამშობლოზე მოფიქრალნი კი არა, თავის თავზე მოფიქრალნი გვეძახიან"

"ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს, ყველგან ტვინის სიმწირეა, ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო, რა მზაკვრულად იცინიან. სირცხვილია, საქართველო, საქართველო, სირცხვილია!"

პირობა არ შესრულდა - პარლამენტმა პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილების პროექტი ჩააგდო, რის შემდეგაც რამდენიმე დეპუტატი მმართველ პარტიას ტოვებს... ოპოზიციური პარტიები პროტესტს გამოთქვამენ... რუსთაველზე, პარლამენტის წინ ისევ დგანან... ქვეყანაში შექმნილ სიტუაციაზე "კვირის პალიტრას" პოეტი ტარიელ ხარხელაური ესაუბრება.

- თუ ხელისუფლება ქვეყანაზე ფიქრობს, ასეთი რამეები არ უნდა ხდებოდეს. ქვეყანაზე მოფიქრალი არც ხელისუფლებაა და არც ოპოზიცია. ესენი ოთხწლიან ციკლზე მოფიქრალნი არიან. ჩაამთავრონ... მერე ისევ დაიწყონ... ისევ არჩევნები, ისევ... ეს ამბები 1992 წლიდან დავიწყეთ და გრძელდება დღემდე... ჩვენ ერთმანეთს ზიზღითა და სიძულვილით ველაპარაკებით და სხვას რას უნდა ველოდეთ... ხალხმა უნდა მართოს ქვეყანა და არა ხელისუფლებამ.

მზად არ ვართ არც თავისუფლებისთვის, არც დემოკრატიისთვის. ისე გაგვიუბრალოეს ეს ცნებები, აღარ ვიცით, სად იწყება თავისუფლება, სად მთავრდება, სად იწყება დემოკრატია, და სად მთავრდება...

დაბნეულია საზოგადოება. არ მემეტება ჩემი ქვეყანა ასეთი დღისთვის, არც საზოგადოება მემეტება ასეთ ქაოსში ცხოვრებისთვის. რუსთაველზე სამშობლოზე მოფიქრალნი კი არა, თავის თავზე მოფიქრალნი გვეძახიან. რუსთაველზე ერთმანეთის სალანძღავად და საგინებლად გამოდიან.

- სამშობლოზე მოფიქრალები სად უნდა იდგნენ? - ინტელიგენციამ ვერ შეძლო საზოგადოების გაზრდა. დაგვასწრეს პოლიტიკურმა პარტიებმა.

ვაჟა-ფშაველას კარგად აქვს ნათქვამი: "გაუზრდელი, განუვითარებელი საზოგადოება, როგორადაც არ უნდა დიდი იყოს დემოკრატია, ყოველთვის იქნება ხელისუფლების სათლელი დუმა".

საზოგადოება ქვეყანაზე პასუხისმგებლობას გაურბის. ვირჩევთ და მერე პასუხისმგებლობას ვიხსნით, პასუხისმგებელი რომ ვართ იმ არჩევანსა და სამშობლოზე, გვავიწყდება.

- ახლა როგორ შეიძლება განვითარდეს მოვლენები? - ალბათ, მივლენ ახალ გარიგებამდე. როგორც მე ვფიქრობ, როგორი უნდა იყოს ჩემი სამშობლო, კარგი იქნებოდა ასე მოფიქრალ ხალხს ყურისმგდებელი ჰყავდეს. ერთი ყურიდან შედის, მეორიდან გადის. გაფანტულები ვართ, ვერ შევგროვილვართ.

გოდერძი ჩოხელს რომ ჰყავს დარდების შემგროვებელი, ეგეთი კაცი გვჭირდება, რომ შეგვაგროვოს.

ერთხელ მეცხვარემ დაიკვეხა - ისე გავიდა მარტიო, არ მოკვდა თიკნის ბარტყიო. ადგა მარტი და ისესხა აპრილისგან სამი დღე. მეცხვარემ ეშმაკობა იხმარა - გუდაში ჩასმული კატა ჩამოუკიდა ცხვარს ფარეხში. როდესაც კატა ქანაობს და კნავის, ცხვარი შეჰყურებს და აღარ იცოხნის, საჭმელს აღარ ინელებს. სამი დღე ასე გააძლებინა ფარას მეცხვარემ, მერე კი ჩვეულებრივ გააგრძელა ცხოვრება. ამ კატასავითაა ჩვენი პოლიტიკოსების დაპირებები, რომელსაც მშიერი ხალხი ცხვარივით შეჰყურებს...

- გგონიათ, რომ არჩევანსაც დაპირების მიხედვით ვაკეთებთ?

- არჩევანს ერთ პარტიაზე ვაკეთებთ იმიტომ, რომ მეორე პარტიამ არ მოიგოს და არა იმიტომ, რომ ქვეყანას გამოადგება. ორი წლის მერე კი მკერდში ვიცემთ მჯიღს, ეს არ უნდა აგვერჩიაო.

- იქნებ ის არის პრობლემა, რომ ცუდსა და უარესს შორის გვიწევს არჩევა? - ჩვენ ხომ შეგვიძლია, ერთსაც უარი ვუთხრათ და მეორესაც?! ამისთვის კი არ ვართ მზად, იმიტომ, რომ ჩვენ მხოლოდ დეკლარირებული გვაქვს თავისუფლებაც და დემოკრატიაც. თუკი ობიექტურად შევხედავთ, არც ერთი გვაქვს და არც მეორე.

როგორც კი თავისუფლება მოვიპოვეთ, მაშინვე ერთმანეთს რუსთაველზე დავუპირისპირდით და ასე მოვდივართ. თუ არ ვისწავლეთ შეცდომებისთვის შენდობის თხოვნა და პატიება, ვერასდროს ავაშენებთ სრულყოფილ სახელმწიფოს.

- "ქართული ოცნების" წევრების ნაწილი საკუთარ პარტიას გაემიჯნა. როგორ გგონიათ, რას ეფუძნება მათი გადაწყვეტილება?

- აქამდე ეძინათ? ახლა საკუთარი თავის გადასარჩენად იბრძვიან და არა - ქვეყნის. ეს მათი მზადებაა არჩევნებისთვის.

- თქვით, მორიგდებიანო. ვინ დათმობს? - თუ არც ერთი მხარე არ დათმობს, წააგებს საზოგადოება. ჩვენ ვართ გამოსაყენებელი ძალა, რომელსაც ერთი მხარეც იყენებს და - მეორეც. ვერ შევძელით მათზე მაღლა დავმდგარიყავით ზნეობრივად და მორალურად.

- ამ პოლიტიკურ არეულობამდე ცოტა ხნის წინ არეულობა საპატრიარქოშიც იყო. ფიქრობთ, რომ ეს დამთხვევაა? - ილიამ ხომ დაგვიტოვა სამი ღირებულება ეროვნული თვითმყოფადობისა: მამული, ენა, სარწმუნოება.

მამულზე, სამშობლოზე ფიქრი პროვინციალიზმის გამოხატულებად შემოგვასაღეს და ამაზე გავჩუმდით. ტერიტორიები ჩამოეჭრა ჩვენს მამულს და ვერ გამოვიჩინეთ ისეთი ვაჟკაცობა, როგორიც შინდისელმა ბიჭებმა, გიორგი ანწუხელიძემ, რუსი ოკუპანტების სასტიკი წამების მიუხედავად რომ არც დაიჩოქეს, არც საქართველოს დროშას დაადგეს ფეხი... ენას რაც შეეხება... თბილისში რომ დავდივარ, გული მეფლითება. ქართული ანბანით დაწერილ სიტყვებს ვერ ვიგებ, შინაარსი ვერ გამომაქვს. პირდაპირ უცხოური სიტყვები გადმოაქვთ და ქართული ასოებით წერენ. ახლა კი სარწმუნოებასაც ეხებიან და ამასაც თუ წავუყრუეთ, მაშინ ქართველობას დიდი დღე არ უწერია.

ეკლესიაში მიმდინარე პროცესები რომ გარედან მართული იყო, ეს თვალნათლივ ჩანს. ვფიქრობ, ამისთვის დიდხანს ემზადებოდნენ. ეკლესიაში რომ ყველაფერი კარგად არ არის, არავინ უარყოფს... პატრიარქი ჩემთვის ყველაფერია. ჩემს ლექსში "ბრძანე, მოძღვარო" პატრიარქს რომ მივმართავ, ვამბობ: "როცა ჩვენ თვალწინ წმინდანებს რყვნიან..." შეუტევენ ასეთ სახეებს, ამოსვრიან ტალახში, რათა უფრო მასშტაბური გახდეს ხალხის პროტესტი... დღევანდელობას ვეხმიანები კიდევ ერთი ლექსით:

"ვეღარ ვიგებ, ვინ რას ყბედობს, ყველგან ტვინის სიმწირეა,

ვის ხელში ხარ ქვეყნის ბედო, რა მზაკვრულად იცინიან.

სირცხვილია, საქართველო, საქართველო, სირცხვილია!"

ჩვენი გადარჩენა მამაშვილური, სიყვარულის ენით საუბარია. დადგება დრო, როცა ამ ენაზე ვისაუბრებთ. ჩვენ მაინც ყველაზე მაღლა დავაყენებთ იმ ღირებულებებს, რომლებზეც ილია ლაპარაკობდა, ხოლო რაც გვჭირს, იმას ჟამი ჩამორეცხავს. აუცილებლად გაიფანტება ის ნისლი, რომელიც ქართულ გონებას ბურავს, რომ ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობამ იცხოვრებს ბედნიერ საქართველოში.

ეკა სალაღაია