წერეთელს ვერ შეაშინებდნენ, ის წერდა ისე, როგორც გრძნობდა - კვირის პალიტრა

წერეთელს ვერ შეაშინებდნენ, ის წერდა ისე, როგორც გრძნობდა

ქართული ლიტერატურის კლასიკოსი გიორგი წერეთელი მე-19 საუკუნეში ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. საბჭოთა პერიოდში მისი "პირველი ნაბიჯი" სკოლის სახელმძღვანელოებში იყო შეტანილი და ისე ვკითხულობდით და ვსწავლობდით, როგორც მაშინდელ სახელმწიფოს აძლევდა ხელს - მუშათა კლასის დიდი ხოტბითა და სისხლისმწოველი უსაქმური კლასის ძაგებით.

დრო გავიდა, ბევრი რამ შეიცვალა. "პირველ ნაბიჯს" სკოლებში აღარ ასწავლიან, გიორგი წერეთელი კი თითქოს მივიწყებას მიეცა...

ქართული პროზის საგანძურის სერიით მომავალ ხუთშაბათს ჟურნალ "გზასთან" ერთად თქვენს ბიბლიოთეკას გიორგი წერეთლის "პირველი ნაბიჯი" და "მამიდა ასმათი" შეემატება.

ცარიზმის დიდი მოძულე გიორგი წერეთელი ამის გამო დაპატიმრებულიც კი გახლდათ. პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის დასრულების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა, დააარსა პოლიტიკურ-ლიტერატურული გაზეთი "დროება", გამოსცა "სასოფლო გაზეთი", თანამშრომლობდა გაზეთ "ტიფლისსკი ვესტნიკში", იყო "კვალის" რედაქტორი.

გიორგი წერეთელი საკმაოდ თამამი კაცი იყო. მისი ნაწარმოებების გმირებს ხშირად პროტოტიპები ჰყავდა. ერთხანს დიდი ამბავი იყო ატეხილი თურმე აბდუშელიშვილებში - წერეთელს "რუხ მგელში" აბდუშელიშვილის პროტოტიპობას საყვედურობდნენ, საყვედურობდნენ კი არა, მტრობდნენ!

წერეთელს ვერ შეაშინებდნენ. ის მაინც თავისას აგრძელებდა. წერდა ისე, როგორც გრძნობდა.

სასიყვარულო სამკუთხედი, რომელიც "პირველ ნაბიჯში" აღწერა, შეიძლება რეალური ცხოვრებიდანაც კი ჰქონდა აღებული: "ბახვა და ესმა დარჩნენ ოთახში მარტო. რამდენიმე ხანი გავიდა. არც ერთს მათგანს ხმა არ ამოუღია...

...ბოლოს, მაინც ბახვამ დაიწყო გრძნობით სავსე ნელის ხმით: "ესმა, შენ უწყალო, შეუბრალებელი ქალი ყოფილხარ. ეს ხუთი-ექვსი წელიწადია, შენს ოჯახში დავდივარ. დედა-შენი საწყალი დედა-ჩემის სიკვდილის შემდეგ მეორე დედათ გამიხდია. თითქმის ჩემ ხელში ხარ გაზრდილი და აქამდის ისე მერიდები, როგორც უცხოს. რა დაგიშავე?.."

- "განა ვერ მატყობდი, რომ შენი სიყვარულით ვგიჟდებოდი?" - განაგრძო ბახვამ. ესმას უნებურათ გააჟრჟოლა, ბახვამ რომ "სიყვარულის" სახელი ახსენა, იმას წარმოუდგა იერემია, რომელმაც ერთხელ გზა გადაუღობა და იმანაც ასე დაიწყო. "ღმერთო! - გაივლო გულში ესმამ, - ყველა კაცები ერთნაირათ ლაპარაკობენ.

ყველას ერთად უნდათ დაღუპონ უმანკო ქალის გული. იერემიას რომ იმ დღეს დავემორჩილებინე, ვინ იცის, ახლა სად ვიქნებოდი და რა მდგომარეობაში? ბახვასაც სწორედ ასე უნდა. იერემია მალვით მაინც დამხვდა, უფრო ეშინოდა; ეს კი უშიშრად ჩემსავე სახლში მიპირებს დაჩაგვრას და უბედურს დედა-ჩემს კი არა ესმის-რა. გულდანდობილათ უყურებს ბახვას..."

ეს მიამიტი ამბავი ვითარდება და იქამდე მიდის, რომ ადამიანს შურისმაძიებელ სასტიკ არსებად აქცევს. სისასტიკე შობს სისასტიკეს. სახელმწიფო კი უძლურია ამ ველურ ვნებას დაუპირისპირდეს. სამართალს ესმას უბედურების გამო ბახვა აღასრულებს, მოძალადე იერემიას კლავს: "ამ ღამეს იერემია ჩვეულებაზე ადრე დაბრუნდა. გრძნობდა რაღაც დაღალულობას. მოვიდა თუ არა კლუბიდან, მაშინვე დაწვა და მოსამსახურეს უბრძანა: "კარები მაგრათ დარაზეო".

...უმთვარო ღამე იყო. ნაშუაღამევისას, მესამე საათზე ორი კაცი მივიდა იერემიას სახლის კიბეზე. ერთი იქვე დადგა. მეორე ავიდა მაღლა და მიაწვა დერეფანის კარს, მაგრამ ეს კარი დაკეტილი დაუხვდა; შემდეგ გაჰყვა განზე სახლის არშიას და გასინჯა განის ფანჯარა, რომელიც იმ წამსვე გაიღო. ამ დროს, ძირს რომ კაცი იდგა, ის გაჰქრა სადღაც ბნელაში. ცოტა ხანს იქით ისიც ავიდა კიბეზე, დაეკოწიწა გაღებულ ფანჯარას და ძლივს გადაფორთხდა დერეფანში. ამ დროს მას მოეგება შიგნიდან მეორე ამხანაგი და უთხრა ჩურჩულით:

- ძალიან ტკბილათ სძინავს.

ეს იყო სიმონა ციმბირელი, რომელმაც ყოველივე უკვე შეიტყო, სანამდის ბახვა დერეფანში დაფორთხიალობდა. ბახვა შევიდა საწოლში და დაადგა მძინარე იერემიას თავზე. ამ დროს იერემია გაიშმუშნა.

- იერემია! - კარგა ხმამაღლა დაუძახა ბახვამ

მან თვალები გაახილა.

- მოვიდა შენი განწირვის დღე. მოვედი შენი მსაჯული, ესმასაგან გამოგზავნილი, - ამ სიტყვებზე დაჰკრა იმან ფერდზე ხანჯალი, მაგრამ ხანჯლის წვერმა ირეკლა გვერდის წნელზე და ჩაუხვია ფენთხებში. იერემია თვალის დახამხამების უმალ წამოვარდა.

- რას შვრები, შე ურჯულო?! - შესძახა ტკივილისაგან გამწარებულმა. იმან სტაცა ცალი ხელი მაჯაში და მეორე ყელში წაავლო. შემდეგ ჰკრა ფერდში მუხლისთავი, დასცა საწოლზე და ჩაუჭირა მარცხენა ხელი ყელში. ბახვამ ამოუშვა ხროტინი. ამ დროს ციმბირელმა დაჰკრა უკანიდან თავში ხანჯალი იერემიას და ძვალი გაუპო.

- ვაიმე, მომკლეს ამ ავაზაკებმა! - დაიღრიალა იერემიამ.

გაბრაზებული ბახვა უცებ დასხლტა ხელიდან, აიღო ისევ ხანჯალი და ჩასძახოდა: "ფერდი უნდა გაგიპო, ფერდი, როგორც შენ ჩემ ესმას გაუპე!" იმან ხელმეორეთ უნაცვლა ხანჯალი. იერემიამ დაიხროტინა და პირიდან სისხლი გადმოანთხია. ამ დროს მოისმა საშინელი ყვირილი მოსამსახურისა:

- არიქა, მიშველეთ, ავაზაკები დაგვესხენ, ავაზაკები!..

შეიქნა პოლიციელების სტვენა, მალე მოვარდენ დარაჯები, იმ ღამის პოლიციის მეთვალყურე. შევარდენ საწოლ ოთახში და იქ დახვდათ იერემია, რომელიც სისხლში სცურავდა, მის ქვეშაგებში სისხლის ტბა იდგა და იქვე დოინჯებ-შემოყრილი ბახვა ელოდა პოლიციელებს.

- ეს რა გიქნია, შე ლოთო ჩარჩო? - გულმოსულად შესძახა პოლიციის მეთვალყურემ.

- სამართალი გავაჩინე, სამართალი! ქვეყანამ არ მაღირსა სამართალი და მე თვითონ გავაჩინე. ეს არის ჩემი ცოლის, ესმას, სამაგიერო. აი, ახლა გავცოცხლდი! მე ახლა გავხდი ისევ უწინდელი ბახვა. ამიერიდან საცა უნდა ვიყო, ყველგან ბახვა მერქმევა და ქუდიც თავზე მეხურება. მადნების მუშაობაში გამგზავნიან? - იქაც კაცი ვიქნები".

ჩვენ შეიძლება დროის გათვალისწინებით სხვადასხვაგვარად აღვიქვათ და წავიკითხოთ ყველაფერი. შეიძლება გაგვეღიმოს თხრობის მარტივ სტილზე, კეთილისა და ბოროტის ორ სფეროდ გადანაწილება კი ბავშვურიც მოგვეჩვენოს. მიუხედავად ყველაფრისა, გიორგი წერეთელი ქართული პროზის საგანძურში ყოველთვის მოიაზრება... მისი შემოქმედების ხელახალი წაკითხვისას კი შეიძლება ახალი და უცხოც ბევრი რამ აღმოჩნდეს მკითხველისთვის...