გომბორის გზა არ დაიკეტება - კვირის პალიტრა

გომბორის გზა არ დაიკეტება

გომბორის უღელტეხილზე განახლებული 55 კმ-იანი გზის გახსნის შემდეგ თბილისიდან თელავში ჩასვლა ერთ საათში გახდა შესაძლებელი, თუმცა, მალევე გავრცელდა ხმა, რომ ახალი გზა მალე დაიკეტება.

ახალგახსნილი ტრასა რამდენიმე დღეში დაზიანდა.  საავტომობილო გზების დეპარტამენტის განცხადებით, აქ მეწყრული ზონაა და დაზიანებაც სწორედ ამან გამოიწვია;  ამ განცხადებამ მძღოლები შეაშფოთა. მათ აინტერესებთ, რა საფრთხეს შეუქმნის მეწყერი ტრანსპორტს და როგორ შეიძლება ხიფათისთვის თავის არიდება.

შესანიშნავი ამინდითა და ულამაზესი პეიზაჟებით მოხიბლული უღელტეხილთან მიახლოებისას მიკროავტობუსიდან ჩამოვედი და გზას ფეხით გავუყევი. მანამდე ორი  დაკერებული მონაკვეთი შემხვდა. მძღოლის თქმით, იქ, სადაც ტრანსპორტიდან ჩამოვედი, ყველაზე დიდი ნაწილი იყო დაზიანებული.

-  მეორე ასეთივე დაზიანება სოფელ კობაძეებთან შეგხვდება, მანამდე ფეხით ვერ ივლი, ტრანსპორტი გააჩერეო, - მირჩია ღიმილით.

გომბორზე ახლა ყველა დაზიანებული მონაკვეთი შეკეთებულია, თუმცა, "დაკერებული" ასფალტის ფერი ზუსტად იძლევა დაზიანების მასშტაბის გარკვევის შესაძლებლობას. იქ, სადაც ასფალტის ერთ-ერთი დიდი მონაკვეთი მოირღვა,  მთაა. მთის ძირში ფერდობს თუ დააკვირდებით, მეწყრის კვალს იოლად შეამჩნევთ.

კვალი ნაპრალებად მოდის, ასფალტის საფრამდე რამდენიმე მეტრში იკარგება და გზის მეორე მხარეს ხევში კვლავ  ჩნდება. სპეციალისტების განმარტებით, მეწყერი დაახლოებით ორი კილომეტრის მანძილზე, ორმოცდაათი-ასი მეტრის სიღრმეში მოძრაობს, ქვემოთ, სოფელ ვერონამდე ჩადის და არა მარტო გზას, მცენარეულ საფარსაც აზიანებს.

სოფელ კობაძეებთან  მეწყერს არა მარტო გზა, არამედ გზის სამაგრი ჯებირი და სახლიც დაუზიანებია.

მოსახლეობა ქუჩაში გამოსულა სავაჭროდ. სონა ბაბო ხელებს იფარებს სახეზე, არ გადამიღო და ჩურჩხელას მოგცემო, თან ღიმილით  მეპატიჟება ჩამოსაჯდომად.

- მოგწონთ ეს გზა? - ვეკითხები. "გეტყობა, შენ ძველი გზა არ გინახავს, თორემ მაგას აღარა მკითხავდი. უგზოობის გამო  ამ ხეობიდან ხალხი გაიქცა. ადრეუზარმაზარი სოფლები იყო, დღეს კი ას კაცსაც ვეღარა ნახავ. გზა ხალხს შამააბრუნებს.

ეგეთი ადგილების მიტოვება არ იქნება. ნახე, რა ლამაზი ტყეებია? ცოტა ხნის წინ აქ უცხო მხოლოდ მონადირე თუ გამოივლიდა, წელს კიდევ იმდენი ტურისტი გამოჩნდა, ბლომად ჩურჩხელა და ხილიც გავყიდე. გამოყრუებული ვიყავით, გზის გაკეთებამდე ქალაქში ვერ ჩაგვქონდა ნაჭირნახულევი. ეხლა გზაზეც მეყიდება," - გამანდო ბებომ ბიზნესსაიდუმლო.

KvirisPalitra.Ge- როგორც ჩანს, მეწყერი აქ ხშირად იცის.

- ხშირია, მაშ, დაცოცავს მიწა. ზოგჯერ ისე მიგრეხ-მოგრეხდა ხოლმე ამ გზას, ტალახი და აქა-იქ შემორჩენილი ასფალტი ერთმანეთში იზილებოდა, ჩავარდებოდა მერე მანქანა და იყო ლანძღვა-გინება. ეხლაც რამდენიმე ადგილზე დაიძრა მეწყერი და გზა გააფუჭა. მაშ, რას იზამდა, ხეებს გამოაცლის ხოლმე ძირს და...

გზა მდინარე მღვრიეს ხევისკენ განვაგრძე. აქ განახლებულ ხიდთან სანამ მიხვალ, სულ მეწყრული ზონაა. 20 წელიწადი ეძინა და ამ გაზაფხულზე გაიღვიძაო, - მითხრეს ადგილობრივებმა და ბოლოს დასძინეს: - გაზაფხულზე გრუნტის წყლებით და წვიმით გაჟღენთილი მასა იძვრის და ადგილს იცვლის.  ეს მუდმივი ბუნებრივი პროცესი, ცხადია, თავსატეხს გაუჩენს მეგზევეებს და გზას ყოველ შემოდგომა-გაზაფხულზე თუ არა, წელიწადში ერთხელ მაინც აუცილებლად დასჭირდება შეკეთებაო.

გომბორიდან თბილისში ისევ მიკროავტობუსით ვბრუნდები. მძღოლი ამბობს, რომ გზა კარგია, თუმცა, ვიწროა, ამის მიუხედავად, დღე-ღამეში ამ გზაზე დაახლოებით 2000-მდე ავტომობილი მოძრაობს.

გზაზე მშენებლები მუშაობენ, ჯერ კიდევ უამრავი რამ არის გასაკეთებელი - გამაფრთხილებელი ნიშნები, წყალამრიდები, ბეტონის მილები, დამცავი ჯებირები, არხები.

თბილისში საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნუგზარ გასვიანს ვესაუბრე.

ნუგზარ გასვიანი: - მეწყრული ზონის გამო ამ მონაკვეთებში ალბათ ყოველწლიურად მოგვიხდება გზის შეკეთება.

გომბორის მიდამოებში მეწყრის ყველაზე მცირე სიღრმე 50 მეტრია და ზოგან თითქმის ას მეტრამდე აღწევს. ამ მოძრავ  მასას ვერაფრით შეაჩერებ. ამიტომაც ან უარი უნდა გვეთქვა გზის მშენებლობაზე, ან  შევგუებოდით აზრს, რომ  ყოველწლიურად მოგვიწევდა მისი შეკეთება. გომბორის გზა თბილისიდან კახეთთან დამაკავშირებელი უმოკლესი მონაკვეთია და ეკონომიკური უკუგება იმდენად დიდი აქვს, რომ ასეთი მეწყრული მონაკვეთების გამო ამ გზაზე უარის თქმა არ შეიძლებოდა.

- მძღოლები ამბობენ, რომ ასფალტის საფრის დაზიანება იმის ბრალია, რომ სამუშაოები სწრაფად მიმდინარეობდა. იმასაც ჩივიან, რომ გზა ვიწროა.

- ეს გზა შენდებოდა სტანდარტებისა და ტექნოლოგიის დაცვით. მეწყერს ვერაფრით შეაჩერებ. არც იმას აქვს მნიშვნელობა, ასფალტის სისქე როგორია, მეწყერი მაინც გაგლეჯს. ასი მეტრი სიღრმის მეწყრულ ზონაში შესაძლოა მილიონი კუბური მეტრი მოცულობის მასა ამოძრავდეს, რა სისქის საფარი გაუძლებს ამას? რაც შეეხება გზის სიგანეს და ასფალტის სისქეს, არსებობს სტანდარტები იმის მიხედვით,  გზა საერთაშორისოა, ადგილობრივი თუ შიდასახელმწიფოებრივი. გომბორის გზა შიდასახელმწიფოებრივი გზის ყველა სტანდარტის დაცვით გაკეთდა.

სტანდარტები დაზუსტებული და შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან, რომელიც სისტემატურად მონიტორინგს ახორციელებდა. მძღოლებს მეწყრის არ უნდა შეეშინდეთ. მიწა ძალიან ნელა, შეუმჩნევლად მოძრაობს და საფრთხეს არ ქმნის, თუმცა, იმის გამო, რომ კილომეტრებზე მიცოცავს, ხელოვნური ჯებირების გაკეთება აზრს კარგავს. მეწყრული ზონების არსებობის მიუხედავად   გომბორის გზა არ დაიკეტება.

მშენებლობას წუნს არც მსოფლიო ბანკი სდებს. თუმცა, აღნიშნავს, რომ მშენებლობა მთავრობის ძალისხმევით დაჩქარებულად მიმდინარეობდა. ამასთან თანახმაა გომბორის გზიდან სიონის მიმართულებით 20-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციაც დააფინანსოს.