"აიღო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სუ­რა­თი, კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა და..." - რატომ ვერ გამოიძიეს 8 თვის განმავლობაში 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი?! - კვირის პალიტრა

"აიღო ჩემი ერ­თა­დერ­თი შვი­ლის სუ­რა­თი, კე­დელ­ზე მი­ა­ნარ­ცხა და..." - რატომ ვერ გამოიძიეს 8 თვის განმავლობაში 28 წლის პაციენტის სიკვდილის მიზეზი?!

"მეგობარს სწერდა, რა გაუსაძლისი ტკივილები ჰქონდა და არ აქცევდნენ ყურადღებას"

28 წლის მელანო ფუტკარაძე მწვავე აპენდიციტის დიაგნოზით 2019 წლის 21 მარტს ბათუმის საავადმყოფოში გარდაიცვალა. ახალგაზრდა ქალის ოჯახის წევრები მომხდარში ბათუმის "მედცენტრის" და რეფერალური საავადმყოფოს მედპერსონალს ადანაშაულებენ.

ტრაგიკული შემთხვევიდან ნახევარ წელზე მეტი გავიდა და AMBEBI.GE დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს პაციენტის გარდაცვალების საქმის ძიება და გამოიკვეთა თუ არა ექიმების პასუხისმგებლობის საკითხი.

მელანო ფუტკარაძის გარდაცვალების მიზეზს სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ნახევარ წელზე მეტია იკვლევს.

როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ჯანდაცვის სამინისტროს რეგულირების სააგენტომ დაასრულა ფუტკარაძის საქმის მოკვლევა და დასკვნა, რომელიც ექიმების შესაძლო გადაცდომებსა და პროფესიული გულგრილობის საკითხებს სწავლობდა, გარდაცვლილის დედის თანხმობით, უახლოეს დღეებში AMBEBI.GE-ს გადმოეცემა. დაზარალებული ოჯახი ელოდება კომისიის ექსპერტიზის დასკვნის პასუხებსაც.

მთავარი პროკურატურა საქმეს იძიებს სისხლის სამართლის 116-ე მუხლით, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობით. პაციენტის ოჯახი და ადვოკატი გამოძიების მიმდინარეობით უკმაყოფილოები არიან და მიიჩნევენ რომ, პროცესები ფორმალურად მიმდინარეობს, საქმე შეგნებულად ჭიანურდება.

პაციენტის დედა უკმაყოფილოა რეგულირების სააგენტოს დასკვნითაც. ნარგიზ ქათამაძე ამბობს, რომ დოკუმენტში საუბარია ხუთი ექიმის გადაცდომაზე, რომელთაგან ორს პაციენტთან შეხება არ ჰქონია, ხოლო ის ექიმები, რომლებიც უშუალოდ იღებდნენ გადაწყვეტილებებს, დასკვნაში ნახსენებიც არ არიან:

"ჩემი მთავარი პრეტენზია მიმართულია ბათუმის რეფერალური საავადმყოფოს ექიმებისადმი. მათ დამიღუპეს და მომიკლეს შვილი! ყველაზე მეტად ვადანაშაულებ რადიოლოგ ეკა ფუტკარაძეს, რომელიც ჩვენი ოჯახის ახლობელია. როდესაც მან ექოსკოპია გადაუღო ჩემს შვილს, ვერ დაინახა აპენდიციტის ნიშნები.

ეკა ფუტკარაძის მამა არის ცნობილი ექიმი აჭარაში და როგორც ვიცი, გავლენები აქვს აჭარის ჯანდაცვის სამინისტროში. ახლა ალბათ მიხვდებით, რატომ არ იმსჯელა რადიოლოგი ფუტკარაძის შესაძლო გადაცდომებზე რეგულირების სააგენტომ. ის არც კი არის მოხსენიებული ამ დასკვნაში.

ამასწინათ გავიგე, რომ ეკა ფუტკარაძის მამას გაუვრცელებია ხმები, თითქოს მელანო ადრეც ავადმყოფობდა და ჩვენ სამკურნალოდ თურქეთში დაგვყავდა, რაც არის სიცრუე. ბავშვი იყო სრულიად ჯანმრთელი!

მივედი მასთან კაბინეტში, მოვთხოვე პასუხი, საიდან მოიტანეთ ასეთი რამე-მეთქი და არც მომისმინა, აიღო ჩემი ერთადერთი შვილის სურათი, კედელზე მიანარცხა და პირდაპირი მნიშვნელობით, გამომაგდო კაბინეტიდან!" - უყვება AMBEBI.GE-ს ნარგიზ ქათამაძე. გაგრძელება

იხილეთ ასევე: "მათ მელანო მოგვიკლეს..."

თინათინ ზვიადაძე