იქ, ჩვენთან, სადაც დრო გაწყდა - კვირის პალიტრა

იქ, ჩვენთან, სადაც დრო გაწყდა

სპეციალური რეპორტაჟი ქართულ-ოსური კონფლიქტის ზონის მოსაზღვრე სოფლებიდან

მე და ჩემმა რამდენიმე კოლეგამ ქარელის რაიონის ქართული სოფლების: ცერონისის, ატოცის, ჭვრინისის, კოდისა და ბრეძის მოსანახულებლად ქართული მხარის კონტროლირებადი ბლოკსაგუშაგო უკან ჩამოვიტოვეთ...

თითქმის ორი თვე გავიდა მას შემდეგ, რაც პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს ოკუპირებული ზონების მიმდებარე სოფლებში სოციალური პირობების მაქსიმალურად გაუმჯობესება დაავალა.

"ამ ხალხს, რომელმაც ისედაც დიდი გაჭირვება ნახა, გვერდით უნდა დავუდგეთ. ისინი უნდა გამოვაზამთროთ და ამისათვის, პირველ რიგში, შეშითა და ფქვილით უნდა მოვამარაგოთ, წელსაც და მომავალ წლებშიც. ასევე, უნდა გავცეთ სხვა სახის დახმარებებიც, რომ თავი სოციალურად დაცულად იგრძნონ.

თუ სადმე რამე კეთდება, როგორც განათლების, ასევე, ჯანდაცვის სფეროში, პირველ რიგში, ამ სოფლებში უნდა გაკეთდეს. ეს არის ჩვენი პასუხი რუსი ოკუპანტების იმ უმსგავსო საქციელზე, რომელსაც ისინი სჩადიან", - ეს პრეზიდენტის სიტყვებია. ცერონისი, ატოცი, ჭვრინისი, კოდა და ბრეძა კონფლიქტის ზონად არ ითვლება, თუმცა არც უსაფრთხო ტერიტორიად არის მიჩნეული.

KvirisPalitra.Geცერონისში აგვისტოს ომის დროს 45 საცხოვრებელი სახლი დაიწვა. დღეისთვის არც ერთი აღდგენილი არ არის, დაზარალებულები კი ცხოვრობენ დროებით აშენებულ ერთოთახიან, ნესტიან ბინებში, რომლებსაც უკვე ბზარები გაუჩნდა.

- "პრეზიდენტმა იმედი გაგვიცრუა, დაპირება არ შეასრულა", - გულგატეხილი დაგვხვდა ადგილობრივი მოსახლეობა. ერთმანეთს ასწრებენ პრობლემების ჩამოთვლას: "ზამთარი მოვიდა, არც შეშა მოგვიტანეს და არც ფქვილი; არც ტექნიკა გვაქვს, მიწები რომ დავამუშაოთ და თავი ვირჩინოთ. მინდვრები დასახნავ-დასათესია, ხელისუფლება კი ტრაქტორებს აქეთ-იქით დაარბენინებს სურათების გადასაღებად. არავინ ჩვენი პატრონი არ არის, აღარავის ვახსოვვართ, აღარავინ გვკითხულობს"", - გულისწყრომას არ მალავენ ამ სოფლების მკვიდრნი.

დარდისა და ჯაფისგან გატეხილი მოხუცები კიდევ ერთ პრობლემაზე  წუხან - "სოფელი დაიცალა; ახალგაზრდები აქ არ ჩერდებიან, ვერაფერს აკეთებენ, თავსაც უსაფრთხოდ ვერ გრძნობენ. ასე ხომ ამ სოფლებსაც დავკარგავთ"ო, ამბობენ და თითოეული მოსახლის განწყობილებაში, ხმაში, მათ მშრომელ და დაკოჟრილ ხელებშიც კი უიმედობა იგრძნობა.

"აქ ცხოვრება გაუსაძლისია, ხან ადამიანს იტაცებენ, ხან საქონელს, შიშში გვიწევს ცხოვრება, თავს მიტოვებულად ვგრძნობთ"", - ამბობენ ისინი.

ცერონისს ვტოვებდით, როცა შავოსანი მოხუცი ქალი მანქანის საქარე მინას ჩაებღაუჭა: - "ხომ დაბრუნდებით? ავნევი და კლოლევია კიდევ მისახედი!" - გაერია ხმაში სასოწარკვეთა.

KvirisPalitra.Geდაბრუნების სურვილის მიუხედავად, დაპირება ვერ გავბედე. "ჩვენ თუ ვერ ამოვალთ, სხვები ამოვლენ", - მხოლოდ ესღა ვუთხარი.

გზა ატოცის მიმართულებით განვაგრძეთ. სახლები აქაც გადამწვარია. ირგვლივ სიცივისა და გაუსაძლისი ყოფის სუნი დგას. ლილი ბირთველიშვილი თავის საცხოვრებელ ვაგონს მაჩვენებს, სადაც დაუოჯახებელ ვაჟთან ერთად ცხოვრობს. არავინ გამოჰყვა ცოლად ამ ვაგონშიო, - მითხრა. რკინის კონსტრუქციას ძირი არა აქვს. იატაკად სხვადასხვა ზომის, გაცვეთილი და უვარგისი ფიცრები აქვს, ისე მეჩხრად ჩალაგებული, რომ მიწა და ბალახი მოჩანს.

ორი რკინის საწოლი, ერთი ღუმელი და გარდაცვლილი მეუღლის გადიდებული ფოტოსურათი ისეთი ინვენტარია, რომელსაც ბევრ ოჯახში ნახავთ და ყურადღებას ნაკლებად მიაქცევთ, მაგრამ ამ ვაგონში მეტად ყურადსაღები სხვა ფაქტი აღმოვაჩინეთ: ქალბატონ ლილის ღატაკი საცხოვრისი "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო პლაკატით გაულამაზებია. სარკმელთან გაკრულია პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გამოსახულებიანი ნახევრად წითელი ფურცელი წარწერით - "საქართველო სიღარიბის გარეშე".

- "ხალხს ეჯავრება სააკაშვილი? - მეკითხება ქალბატონი ლილი ჩუმად და ოდნავ დარცხვენით. გულწრფელად გამეცინა ამ კითხვაზე, - "მე არ მეჯავრება", - განაგრძო მან, - ვინც გამომიყვანს ამ ვაგონიდან, ის იქნება ჩემი სააკაშვილი, - დასძინა.

"- რა თქმა უნდა, ეს თქვენი არჩევანია, თქვენი უფლება; შინ ვის სურათსაც გინდათ, იმისას გააკრავთ, არავის ეკითხება", - ვეცადე, დამემშვიდებინა. აფორიაქებული ჩანდა.

- "თავიდან კარგად დაიწყო, მაგრამ ბოლოს... -  ისევ ჩუმად მითხრა. რაღაც არ ასვენებდა... თან უყვარდა თავისი პრეზიდენტი და თითქოს თან რცხვენოდა ამ სიყვარულის.

KvirisPalitra.Geშეშისა და ფქვილის უქონლობას უჩიოდნენ ატოცშიც. მოსახლეობა შეშას ხეხილის ბაღებში ჭრის, სანამდე ეყოფათ, არ იციან. ახლო ტყეები ოსების კონტროლირებად ტერიტორიაზეა, შორიდან შეშის მოტანა ან ყიდვა ძვირი ჯდება. მათ კი არც დახმარებას უწევენ და არც სამუშაო აქვთ, შემოსავალი რომ მიიღონ. ახალგაზრდები აქაც დაუსაქმებლები არიან, ნაწილი სოფლიდან გაიხიზნა. ვინც დარჩა, უმეტესობა დეპრესიითა და ნევროზით არის დაავადებული.

მშობლები შეწუხებული არიან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობით. სოფელში ექიმიც არ ჰყავთ. ახალგაზრდა ქალმა, ნანა კილაძემ მითხრა, შუა ზაფხულში შინ ვიმშობიარე, რადგან სასწრაფო დახმარების მანქანა ვერ მოვიდაო.

სანამ ჭვრინისისკენ ავიღებდით გეზს, ატოცში III-IV საუკუნის წმინდა გიორგის ეკლესიასთან შევჩერდით. ეკლესიის ახლოს 1941-1945 წლების ომში დაღუპულთა მემორიალია, რომლის ცენტრალურ კედელზე საბჭოთა ბელადი, იოსებ სტალინია გამოსახული - ეს კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ ხელისუფლებას ატოცი ბოლო პერიოდში არ მოუნახულებია.

წინა სოფლებისგან განსხვავებით, სოფელი ჭვრინისი სკოლის შენობის გარეშეა დარჩენილი. გაკვეთილები ბავშვებს ერთ უსახურ შენობაში უტარდებათ. შენობა გარედან მიმღებ პუნქტს ჰგავს, ახლოს რომ მიხვალ, ისეთი ავარიულია, არა მგონია, რამდენიმე თვე გაძლოს. ბავშვების ნაწილი ატოცის სკოლაში ფეხით დადის. სოფელში არ არის ტრანსპორტი, სავალალო მდგომარეობაშია გზა, გაძნელებულია სასმელი წყლის მიწოდება. შეშით მომარაგება და სამედიცინო მომსახურება კი მათთვის უკვე ფუფუნებად არის ქცეული.

- "დაბარებული მაქვს ნათესავებთან, იქნებ ქალაქში სამუშაო გამომიჩნდეს; წავალ, აბა, აქ რას მივაჩერდე? - მითხრა პაატა შუბითიძემ და თან ოსური "საზღვრისკენ" გაგვიძღვა.

მოსახლეობა გულდასმით გვათვალიერებინებს ოსების მიერ მიტაცებულ სასოფლო-სამეურნეო მიწებს, თან გამყოფ ზოლზე მიგვანიშნებენ. მე და ჩემმა კოლეგებმა ვცადეთ მივახლოებოდით, ჩვენი მეგზურები კი ფრთხილობდნენ, ბევრს რომ დაგვინახავენ, არ ისროლონო.

სამსახურიდან საგულდაგულოდ წამოღებული "ფლიპკამერით" ვიღებდი ყველაფერს, ზურგს უკან რომელიღაც ახალგაზრდის ხმა შემომესმა, "ჟურნალისტი უნდა მოვიყვანო ცოლად, ოსების არ ეშინიაო. შემოვბრუნდი და უცებ დასერიოზულდა, ჩემი მინიკამერა ფოტოაპარატი ეგონა, მეგობარს ხელი გადახვია და უხერხულობის გასაფანტავად მთხოვა, სურათი გადაგვიღეო. გადავუღე. "ჩვენ ერთად ვიბრძოდით ცხინვალშიო", - მითხრა.

ქართულ-ოსური "საზღვარი" კოდაშიც ვნახეთ. ძალიან ახლოდან გადავხედეთ იმ მინდვრებს, სადაც თურმე რუსი ჯარისკაცები "ბეტეერებით" ვარჯიშობენ. ამ დროს თუ საქონელი დალანდეს, დაკლავენ და თან წაიღებენ.

- "ჩირგვებში ვიმალებოდით ომის დროს, შორიდან ვუყურებდით, როგორ ძარცვავდნენ ჩვენს სახლებს", - გვიყვებიან იქაურები და გვთხოვენ, "საზღვრისპირი" მალე დავტოვოთ.

უკან ხეხილის ბაღით ვბრუნდებით. "

- აქ ერთი ახალგაზრდა მოკლეს. რუსებმა ესროლეს", - მიგვითითეს ქლიავის ხეზე.

ბაღში რამდენიმე ხე მოჭრილია. "სხვა გზა არა გვაქვს, შეშად ვიყენებთ, ბავშვები გაგვეყინება. აქ ისეთი ზამთარი იცის, სულ იკეტება მთელი სოფელიო", - იმართლეს თავი.

მოსახლეობა უკმაყოფილოა ადგილობრივი ხელისუფლებით:  ყურადღებას არავინ გვაქცევს, არც ჩვენი გასაჭირი აინტერესებთ. სოფლის დახმარებისთვის გამოყოფილი ფულით  გადახურეს ერთი შენობა, რომელსაც ხალხი არაფერში იყენებს... ზოგმა სოფლის გამგებლის ვინაობაც ვერ გვითხრა. "- ვიცით, ვინ არის? ყოფილა ოდესმე ჩვენთან?" - იყო პასუხი.

ხალხი პრეზიდენტზეც გულგატეხილია. "სააკაშვილი რომ ამბობს ჩვენზე, გმირები არიანო, არ მინდა, ნუ დამარქმევს გმირს. ადამიანად ჩამთვალოს და ელემენტარული პატივი მცეს, საქართველო რომ არ დავტოვო და ღირსეული მოქალაქე მერქვას", - გულწრფელად მეუბნება თემურ კვირიკაძე. გულმოსული იყო, მაგრამ ქართული სტუმართმოყვარეობა არ დავიწყებია. ასკილის ბუჩქს ერთი ტოტი მოვატეხე, სამახსოვროდ, ეს რომ დაინახა, სახლში დააპირა გაქცევა, "დაკრეფილი მაქვს და მოგიტან, ასკილის ჩაი თუ გიყვარსო". ძლივს გადავაფიქრებინე. წამოსვლისას "კიდევ ამოდითო", - დაგვაბარა.

ბრეძა ბოლო სოფელი იყო, რომელშიც იმ დღეს ავედით. აქაც იმავე პრობლემებით, იმავე სატკივრით დაგვხვდნენ. სოფლის მოსახლეობა სტატუსის გარკვევას ითხოვს. "თუ კონფლიქტის ზონა არა ვართ, რატომ ვართ ქართული საგუშაგოს მიღმა", - კითხულობენ ისინი, - "თქვენ ხომ შეგიმოწმეს პასპორტები, აქეთ რომ გადმოდით? რატომ არ მიგვაკუთვნებენ კონფლიქტის ზონას? დახმარება რომ არ მოგვცენ? ჩვენ ყოველდღე სიკვდილს ვუყურებთ თვალებში", - გვითხრეს ბრეძელებმა.

ყოველი მათგანი ცდილობდა ჩვენთან გასაუბრებას, რათა დაწვრილებით ჩამოგვეტანა სოფლის მდგომარეობის ამბავი თბილისში - ხალხს გაეგო მათი არსებობის შესახებ, განსაკუთრებით კი სურდათ, ხელისუფლებისთვის შეეხსენებინათ თავი.

ბრეძაში ჩასვლა იმით დასრულდა, რომ ილია ჯიჩოშვილმა სოფლის ცენტრში მდებარე,  X  საუკუნის ზღუდრის ეკლესიის ეზოში შემიყვანა, სადაც წინაპრების საფლავი მაჩვენა. "ახალგაზრდებმა უნდა იცოდეთ და გახსოვდეთ, ვისი გორისანი ხართო", - ასე დამმოძღვრა.

უკან გამობრუნებული თითოეულ მათგანზე ვფიქრობდი. გამიჭირდა ამ სოფლებში ადამიანის ასაკის ამოცნობა, მიახლოებითაც კი; მძიმე ცხოვრება აქაურებს ფიზიკურ და მორალურ წნეხში ამყოფებს. ახალგაზრდა შუახნის ადამიანს ჰგავს, ასაკოვანი - მხცოვანს. მათ ყველა მტერზე საშიში და ძლიერი მტერი შემოჰპარვიათ - უიმედობა. ასე მგონია, ამ ხალხს დრო გაუწყვიტეს, სწორედ მაშინ, როცა ყველაზე ნაკლებად ელოდნენ ამას.

"გაიტანეთ ჩემი ოთახიდან საათები, მე თვითონ გადავწყვეტ, რა დროა", - ეს ცნობილი დიქტატორის სიტყვებია. უამრავი ადამიანი მოყვა მისი "დროის რკალში", მაგრამ ბოლოს თვითონ შეიქნა საკუთარი გადაწყვეტილებების მსხვერპლი.

ხათუნა კიღურაძე

ინტერპრესნიუსი"