"მტკივნეული იყო ეს ამბავი ჩემთვის, თუმცა დრო ბევრ რამეს გავიწყებს"
19-11-2019
"მტკივნეული იყო ეს ამბავი ჩემთვის, თუმცა დრო ბევრ რამეს გავიწყებს"
"გადავწყვიტე, უნდა მეცოცხლა!"

სპორტსმენი, მოცეკვავე ანა ნაზღაიძე 38 წლისაა. 21 წლის იყო კუნთების პროგრესული დისტროფიის დიაგნოზი რომ დაუსვეს. "ღეროვანი უჯრედის გადანერგვა ორჯერ მაქვს გაკეთებული და შედეგიანი აღმოჩნდა, მაგრამ სამწუხაროდ, ახლა უკვე ხელებზეც გადავიდა ეს დაავადება, პატარა ბავშვსაც კი ჩემზე მეტი ძალა აქვს", - მითხრა და მეტი დამაჯერებლობისთვის, ხელი ხელზე მომიჭირა... მიუხედავად ამისა, მაინც ვგრძნობ მის შინაგან სიძლიერეს, სიჯიუტეს, სიცოცხლის სიყვარულს. ანა ამჟამად პროფესიული მომზადების სამმართველოს ინსტრუქტორია და ტრენინგებს ატარებს შშმ
პირთა საკითხებზე.

- ძალიან აქტიური და ინტერესიანი ბავშვი ვიყავი, კარგადაც ვსწავლობდი - ღონისძიებებში, სპექტაკლებში ვმონაწილეობდი, სხვადასხვა წრეზე დავდიოდი: ცეკვაზე, მუსიკაზე, ტანვარჯიშზე, კალათბურთზე, კარატეზე, სამეჯლისო ცეკვაზე. ზაფხულობით საგურამოში, დედაჩემის სოფელში რომ ჩავდიოდი, ისეთ კონცერტებს ვაწყობდით მე და ჩემი მეგობარი, რომ მცხეთის რაიონიდან მიწვევაც კი მივიღეთ (იცინის).
15 წლისამ ბესო ჩუბინიძის ჟურნალ "კოქტეილში" დავიწყე მუშაობა. ჩემი უფროსი ძმა მეგობრობდა ბესოსთან და ინტერვიუზე რომ მიდიოდნენ, მეც მივყავდით. იმ პერიოდში ბევრი რამ ვისწავლე. მახსოვს, ანჟელიკა ვარუმი იყო ჩამოსული, კონცერტზე დაცვა არ გვიშვებდა. ავდექი და ღობეზე გადავძვერი. პოლიციელებმა მერე ბესო და გიორგიც შემოუშვეს, მიხედეთ მაგ ბავშვსო და ასე ჩავწერეთ ინტერვიუ. ჩემი სახელი რომ ეწერა ჟურნალში, ამით ბედნიერი ვიყავი. გიორგი მამაცაშვილმა "სტუდენტური პაემანი" რომ გამოუშვა, იქაც ვმუშაობდი მის მოადგილედ. 15-16 წლის გოგოსთვის ეს ბევრს ნიშნავდა. მეგონა, ცა და დედამიწა ჩემი იყო. პირველი ჰონორარი 20 ლარი ავიღე.

მომწონდა ჟურნალისტობა, მაგრამ მერე ქიმიურ-ბაქტერიოლოგიურ სასწავლებელში ჩავაბარე, ლაბორანტობა ვარჩიე. ფინანსების გამო, რაკი სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლას ვერ შევძლებდი, სპორტული მედიცინის ფაკულტეტი აღმოვაჩინე ფიზიკური აღზრდისა და სპორტის უნივერსიტეტში და იქ გავაგრძელე სწავლა, მაგისტრატურაც დავამთავრე. ამ მხრივ გამიმართლა. ეტყობა, ღმერთმა ყველაფერი წინასწარ იცის - ადაპტური ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სპეციალობა გაძლევს ცოდნას, თუ როგორ უნდა დაეხმარო შშმ პირებს ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებასა და საზოგადოებაში მათ ინტეგრაციაში... პირველივე კურსიდან შეხება მქონდა შშმ პირებთან, გავდიოდი პრაქტიკებს. ვფიქრობ, იმიტომაც არ ჩავვარდი დეპრესიაში, რომ ვიცოდი, ჩემზე უარეს მდგომარეობაში სხვები იყვნენ.

- ანა, უფრო დაწვრილებით მითხარი შენი დაავადების შესახებ.
- კუნთების პროგრესული დისტროფია მაქვს, კუნთების მოდუნებას რომ ვეძახით. მე 19 წლისას გამომივლინდა. კუნთების წვას ვგრძნობდი. ტანმოვარჯიშე, აკრობატი ვიყავი და ვარჯიშის დროს ფეხზე ადგომა მიჭირდა, ბაგირზე ასვლაზე ხომ ლაპარაკიც ზედმეტი იყო. არადა, ფეხების გარეშე, მხოლოდ ხელებით ავდიოდი ხოლმე. ექიმები მეკითხებოდნენ, ძლიერი მოყინვა, ორგანიზმის გადახურება ხომ არ გქონია ან რაიმე ტრავმა ხომ არ მიგიღიაო? ხიდანაც კი არ ჩამოვვარდნილვარ. ბოლოს, გენეტიკური ხომ არ არისო? გენეტიკური მიზეზიც გამოირიცხა. გლანდები ამოიჭერიო - არც ამის ბრალი არ აღმოჩნდა. რევმატოლოგთან გამგზავნეს. 3 წელი უშედეგოდ ვმკურნალობდი რევმატიულ ართრიტზე, რის გამოც მდგომარეობა გამიუარესდა. იმ პერიოდში დავდიოდი, მაგრამ მიჭირდა, სიარულის მანერაც შემეცვალა. ბოლოს მითხრეს, ნევროპათოლოგსაც გაესინჯეო და მან დამისვა დიაგნოზი უკვე 21 წლის ასაკში.

იმ წუთში ვერ გავიაზრე, რა მჭირდა. გარდა სამკურნალო ფიზკულტურა-რეაბილიტაციისა, სამედიცინო ინსტიტუტიც დავამთავრე, ზოგადი მკურნალი ექიმი ვარ. სახლში გადმოვქექე წიგნები, მოვიძიე ინფორმაცია და გავიგე, რომ თურმე ეს დაავადება განკურნებადი არ არის, მაგრამ შეიძლება იცოცხლო. მკურნალ ექიმთან მივედი, - რა იმედს მაძლევ-მეთქი? შემომხედა: იცი, რას გეტყვი? ღმერთს მადლობა შესწირე, შენნაირი პაციენტები დღეს ცოცხლები არ არიან და თუ ვინმესთვის რამე გაქვს დასატოვებელი, შეგიძლია დაწეროო. სიტყვა "ანდერძი" არ უხსენებია, თორემ ანდერძი დაწერეო, ფაქტობრივად, ამაზე მიმანიშნა. იმის ნაცვლად, რომ ეთქვა, დროთა განმავლობაში მდგომარეობა გაუარესდება, მაგრამ ბრძოლა ღირსო, პირდაპირ მითხრა, უნდა მოკვდეო... ამის მერე იმ ექიმთან აღარც მივსულვარ. მთელი გზა ვტიროდი. დაახლოებით ერთი თვე დამჭირდა იმის გასაანალიზებლად, რაც ხდებოდა - ან იმ ექიმის სიტყვებისთვის უნდა დამეჯერებინა და დავლოდებოდი, როდის მოვიდოდა სიკვდილი, ან უნდა მეცხოვრა და მებრძოლა. გადავწყვიტე, უნდა მეცოცხლა! გაგრძელება

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
საერთო ჯამში როგორ შეაფასებთ 2019 წელს საქართველოსთვის?