"გაჭირვებულ ადამიანებს მეტი გზა არ გვაქვს" - მერია უფასო სასადილოების დაფინანსების 118 000 ლარით შემცირებას გეგმავს, რას გადაწყვეტს საკრებულო?! - კვირის პალიტრა

"გაჭირვებულ ადამიანებს მეტი გზა არ გვაქვს" - მერია უფასო სასადილოების დაფინანსების 118 000 ლარით შემცირებას გეგმავს, რას გადაწყვეტს საკრებულო?!

ამ ცოტა ხნის წინ, "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ განაცხადა, რომ გასაკვირი იყო თბილისის მერიის გადაწყვეტილება შეემცირებინა უფასო სასადილოების ბიუჯეტი 118 000 ლარით, ამის მიზეზად კი ხელისუფლების წარმომადგენლები სასადილოებში დაბალ მიმართვიანობას ასახელებდნენ.

"მივმართავ კახა კალაძეს, - როცა ადამიანები შიმშილობენ, რა ნამუსით ამცირებ სასადილოების ბიუჯეტს? რა გეფოიერვერკება? როცა იცი, რომ შენს გვერდით ხალხი შიმშილობს და 7000 -ზე მეტი ადამიანი ითხოვს იმას, რომ დღეში ერთხელ მაინც გამოიკვებოს", - განაცხადა "ახალი საქართველოს" სოციალური მიმართულების ხელმძღვანელმა თეონა ჭალიძემ.

მერიის გადაწყვეტილება ცოტა არ იყოს მართლაც გაუგებარია იმის გათვალისწინებით, რომ ოფიციალური მონაცემებით, ძირითად სიაში 38 365 ბენეფიციარია, თავის რიგს კი 7000-მდე ადამიანი ელოდება, ანუ არსებობს დამატებითი სიები, რომელშიც შესული მოქალაქეები ჯერ კიდევ ელოდებიან საკვებს.

შევეცადეთ გაგვერკვია, რა ვითარებაა ამჟამად უფასო სასადილოებში, რას მიირთმევენ ბენეფიციარები, საკმარისია თუ არა განსაზღვრული ულუფა და დღის განმავლობაში რამდენჯერ არის შესაძლებელი საკვების მიღება? ინფორმაციისთვის საბურთალოს გამგეობაში დავრეკეთ, სადაც მისამართი, ნებართვა და სამუშაო საათების შესახებ ინფორმაცია ვითხოვეთ, რის მერეც საბურთალოზე, გამსახურდიას 15 ნომერში მდებარე საადილოს მივაკითხეთ. ადგილზე შპს "ილი ჯფუფის" მენეჯერი დაგვხვდა, რომელმაც ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე საუბარი ნებართვის გარეშე არ ისურვა და თავისი ვინაობაც არ გაამხილა.

ამის შემდეგ  საბურთალოს გამგეობის პიარსამსახურის თანამშრომელს ეთო ნადირაშვილს ვესაუბრეთ და ინფორმაციის მიღებისთვის საჭირო ნებართვა ვითხოვეთ, გამგეობის პიარსამსახურმა მალევე მოგვცა ნებართვა და მომდევნო დღეს ცაგარელის 49 ნომერში სხვა სასადილოში დაგვიბარა, ადგილზე დაგვხვდა ჩვენთვის უკვე ცნობილი შპს "ილი ჯგუფის" მენეჯერი ეკა გალდავა, რომელმაც უკვე გაგვიმხილა თავისი ვინაობა...

ასევე სასადილოში დაგვხვდნენ საბურთალოს გამგეობის პიარსამსახურის თანამშრომელი ეთო ნადირაშვილი და გამგეობის წარმომადგენელი ბელა ჭელიშვილი. მოკლედ, ინფორმაციის მიღება ბოლოს და ბოლოს შევძელით.

როგორც თანამშრომლებთან საუბრით გავიგეთ, ყოველდღიურად ცაგარელის 49 ნომერში მდებარე სასადილოში სიაში მყოფი, ყველა ბენეფიციარი დადის. მათივე თქმით, საბურთალოს გამგეობის არც ერთ სასადილოს მომლოდინეთა სია არ აქვს, მაგრამ არსებობს მცირე დამატებითი სია. მათი თქმით, საკვების გარეშე აღრიცხვაზე მყოფი არც ერთი სოციალურად დაუცველი არ რჩება. ბენეფიციარები, საკვებს დღეში ერთხელ, სპეციალრად დამზადებული პლასტიკური ბარათების საშუალებით იღებენ.

ბელა ჭელიშვილი: "ამ ობიექტზე საკვებს ყოველდღიურად 292 ბენეფიციარი იღებს, რომლის გაცემა ხდება საცხოვრებელი მისამართის მიხედვით, მთავარია ბენეფიციარი აკმაყოფილებდეს კრიტერიუმებს, მაგალითად, ჰქონდეს სოციალურად დაუცველის სტატუსი. ამ ეტაპზე საკმარისი სასადილოები გვაქვს და ყველა მოქალაქე დაკმაყოფილებულია".

ბენეფიცაირთა თქმით, საკვები გემრიელია, თუმცა დღეში ერთხელ მიღებული ულუფა მათ არ ჰყოფნით. ყოველდღიურ მენიუში წვნიანი, გარნირი და დესერტი უცვლელად აქვთ და რიგში დგომაც იშვიათად უწევთ.

"სახლში როგორც კეთდება, აქ ისე ვინ გაგიკეთებს, მაგრამ გაჭირვებულ ადამიანებს მეტი გზა არ გვაქვს, მოვდივართ და ვიღებთ, ცუდი ნამდვილად არ არის", - გვითხრა ერთ-ერთმა ბენეფიციარმა ქალბატონმა.

2019 წელს უფასო სასადილოების ბიუჯეტი 2 მილიონით გაიზარდა, 38 365 ბენეფიციარი საკვებს აქტიურად იღებს, თუმცა 7000-მდე ადამიანი თავის რიგს მაინც ელოდება.

საბოლოო გადაწყვეტილება ბიუჯეტის შემცირების თაობაზე ჯერჯერობით არ მიუღიათ.

რას აპირებს ქალაქის მთავრობა, ამის გასარკვევად თბილისის მერიის პრესცენტრს დავუკავშირდით, მათი თქმით, ბიუჯეტი ჯერ არ დამტკიცებულა და ამ თემის განხილვა მიმდინარეობს.

"ბიუჯეტის განხილვა უკვე დაიწყო, რომელიც საკრებულომ უნდა დაამტკიცოს, ნოემბრის ბოლოს უკვე გვეცოდინება რა გადაწყვეტილებას მიიღებენ" , - გვითხრა თბილისის მერიის პრესსამსახურის თანამშრომელმა მანანა თოქმაჯიშვილმა.

"ახალი საქართველოს" წარმომადგენელი თეონა ჭალიძე მოქალაქეებს, რომელთაც უფასო სასადილოთი სარგებლობა სურთ, მოუწოდებს, გამგეობებში მივიდნენ და განცხადება დაწერონ, რათა დაფიქსირდეს, რეალურად რამხელაა მოთხოვნა.

ელენე მეტრეველი (სპეციალურად საიტისთვის)