"არც ქმარი მყავს, არც შვილი და არც ვნანობ. დისშვილი მყავს და იმას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე" - კვირის პალიტრა

"არც ქმარი მყავს, არც შვილი და არც ვნანობ. დისშვილი მყავს და იმას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე"

თეატრისა და კინოს მოყვარულთათვის კარგადაა ცნობილი ბერტა ხაფავა. მის მიერ განსახიერებული როლები ბევრჯერ სასაცილოა, ზოგჯერ უშუალო, მაგრამ გამორჩეული და დასამახსოვრებელი. მსახიობობაზე თურმე ბავშვობიდან ოცნებობდა. როგორ აისრულა ოცნება, როგორ განვითარდა მისი კარიერა და როგორ ცხოვრობს დღეს ცნობილი მსახიობი, "კვირის პალიტრასთან" საუბრობს.

- თბილისში დავიბადე, არ მკითხოთ, რამდენი წლის წინ, იმიტომ, რომ მას შემდეგ დიდი დრო გავიდა... ჩემს იურისტ მშობლებს სურდათ თეთრ ხალათში ვეხილე. მაშინ სამედიცინოზე რომ ჩაგებარებინა, ორწლიანი სტაჟი იყო საჭირო. ამიტომაც აბრეშუმის ფაბრიკის სკოლაში გადამიყვანეს და პარალელურად ონკოლოგიურ საავადმყოფოში დამაწყებინეს მუშაობა. ბუნებრივია, ექიმებს საოპერაციოშიც შევყავდი, მე კი სისხლის დანახვაზე გული მიმდიოდა. შინ დაბრუნებული ტირილით თავს ვიკლავდი, არ არის ექიმობა ჩემი საქმე-მეთქი. ბოლოს ჩემი გავიტანე და თეატრალურ ინსტიტუტში შევიტანე საბუთები, მაგრამ ვერ ჩავაბარე ერთხელ, ორჯერ, არ მოვეშვი და მესამეჯერ გამიმართლა.

- რატომ ვერ გიმართლებდათ? - ისეთი სისულელეები მემართებოდა, რომ გიამბოთ, იფიქრებთ, შეთხზულიაო. მაგალითად, მივდივარ გამოცდაზე ტროლეიბუსით. მე ვზივარ და ჩემს სკამთან 14-15 წლის გოგო დგას. ვიღაც ქალი თავზე დამადგა და მეუბნება, დაუთმე ბავშვს ადგილიო. რატომ უნდა დავსვა, ამხელა ბავშვმა აქეთ უნდა დაუთმოს სხვებს ადგილი-მეთქი, ვუთხარი. ამ დროს მოხუცი ქალი ამოვიდა. მეც, გაიწიე, ქალო, შემოუშვი მოხუცი, რომ დავსვა-მეთქი. ამ ქალოზე გადაირია... და გამოცდაზე ამ ქალოსთან მოვხვდი... სულ ასეთი შარები მხვდებოდა.

როგორც იქნა, ჩავაბარე და საშა მიქელაძის ჯგუფში მოვხვდი. ჩემი ჯგუფელები იყვნენ გურამ ფირცხალავა, ნათელა მაჭავარიანი... სწავლა რომ დავამთავრე, სოხუმის თეატრში გამანაწილეს. რომ ჩავედი, შესასვლელში დამხვდა თამარ ჭავჭავაძე, შესანიშნავი მსახიობი, პენსიაზე გამიშვესო, მითხრა, შვილო, აქ რა გინდა, ძალიან ცუდი ამბებია და სხვა თეატრში წადიო. დავუჯერე და მე და გურამ ფირცხალავა გორის თეატრში წავედით, იქიდან თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრში გადმოვედი და იქ დავრჩი.

პირველი როლი"მერი პოპინსი იყო. ბევრ ქვეყანაში ვიყავით ამ სპექტაკლით და ყველგან ძალიან კარგად მიგვიღეს. ქალმა, რომელიც არც ვცეკვავდი და არც ვმღეროდი, ამ სპექტაკლში კიდეც ვიმღერე, კიდეც ვიცეკვე და კიდეც ვიფრინე.

კინოში პირველად თენგიზ აბულაძის წყალობით მოვხვდი, "ნატვრის ხეში" ჭორიკანა ქალი განვასახიერე. მერე ელდარ შენგელაიამ "სამანიშვილის დედინაცვალში" ამიყვანა მელანოს როლზე. მერე იყო "სიყვარული ყველას უნდა", "სამოთხის გვრიტები"... მოსფილმშიც გადამიღეს, უკრაინაში 4-5 მთავარი როლი ვითამაშე. ახლა აღარც თეატრი მინდა, აღარც კინო, დავიღალე, არა ვარ კარგად, მაგრამ მაინც დამპატიჟა გიორგი ოვაშვილმა თავის ახალ ფილმში, რომლის გადაღება ერთ კვირაში დაიწყება.

კინოში 50-მდე როლი მაქვს განსახიერებული. მათ შორის ზოგი პატარა ეპიზოდია, მაგრამ განსაკუთრებულად მომწონს. მაგალითად, ლანა ღოღობერიძის "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე" და კიდევ კიას ცოლი ფილმში "სიყვარული ყველას უნდა".

- ვისი იდეა იყო თქვენი ჭერში ჩამოკიდება, თან ასე ლამაზად? - რეჟისორის, მაგრამ თავისუფლება მომცა. "ჩულქის" რეზინი ჩემით წამოვიცვი, ასე სასაცილოდ რომ ჩანს ქვემოდან. იმდენი დუბლი გადაიღეს, ხელები სულ გადატყავებული მქონდა, მაგრამ წვალებად ღირდა.

- არაერთ რეჟისორს უთქვამს, რომ სახასიათო გარეგნობა გაქვთ. ოდესმე თუ გაგჩენიათ ცვლილების სურვილი? - მხოლოდ იმას ვნატრობდი, ნეტავ 10 კილოგრამი მომამატებინა-მეთქი, ახლა იმას ვნატრობ, 10 დამაკლებინა-მეთქი.

არც ქმარი მყავს, არც შვილი და არც ვნანობ. დისშვილი მყავს და იმას ენაცვალოს ჩემი სიცოცხლე, იგივე ჩემი შვილია.

- ნათელა მაჭავარიანთან სტუდენტობიდან მეგობრობდით. მის ცხოვრებაში იყო ისეთი პერიოდი, რომელიც თითქმის მთელი საქართველოსთვის მტკივნეული აღმოჩნდა. თვითმფრინავის ბიჭების ამბავს ვგულისხმობ. - თეატრში მოვიდა წერილი, ასეთი და ასეთი ამბავია და გაუშვით ნათელა მაჭავარიანიო. დირექტორმა გაწერელიამ წერილი სეიფში შეაგდო და ამის შესახებ კრინტიც არ დაუძრავს. ხელის მოწერების შეგროვება რომ დაიწყო, კარგად მახსოვს. ყველამ იცის, ნათელამაც და ჩვენც, ვინ მოაწერა ხელი და ვინც უკან წაიღო თავისი ხელმოწერა. მაშინ ბევრმა შეირცხვინა თავი. წლები რომ გავიდა, კიდევ იყო მოლოდინი, გეგა იქნებ გადაარჩინეს და ოჯახს დაუმალესო, მაგრამ...