"მოკრძალებული ქორწილი გვინდოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ იმდენი მეგობარი გვყავს, არ გამოგვივიდოდა" - კვირის პალიტრა

"მოკრძალებული ქორწილი გვინდოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ იმდენი მეგობარი გვყავს, არ გამოგვივიდოდა"

"ლაშა საუკეთესო მამა და ჩემი ქმრის ნამდვილი მეგობარია..."

მომღერალ ლაშა ღლონტის ქალიშვილმა ანი ღლონტმა და მისმა მეუღლე თორნიკე მაისურაძემ გადაწყვიტეს საქართველოსთვის ინოვაციური ოჯახური სივრცე შეექმნათ თავიანთ სახლში. ისინი უცხოელ სტუმრებს შინ უმასპინძლებენ, გააცნობენ ქართულ ტრადიციულ სუფრას.

- ანი, როგორ დაგებადათ იდეა?

- გვინდოდა, ჩემი მეუღლის ბაბუის აშენებული უზარმაზარი სახლი თბილისში, რამეში გამოგვეყენებინა. უცხოელი მეგობრები ხშირად ჩამოდიან და ჩვენც რაჭაში ვმასპინძლობთ. ჰოდა, ახლა თბილისშიც ვუმასპინძლებთ. თორნიკეს ბაბუას კახეთში ვენახები აქვს, ღვინოს ოჯახში ვაყენებთ და სტუმრები დააჭაშნიკებენ, ასევე შინაურ ჭაჭასა და კერძებს დააგემოვნებენ, მოუსმენენ ქართულ სიმღერას. ცალკე გვაქვს ღვინის ოთახი. კიდევ ერთ ოთახში ცნობილი ქართველი მხატვრების ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას ვგეგმავთ.

- ლაშა რამდენად არის ჩართული თქვენს ახალ წამოწყებაში?

- ლაშამ თვითონ შემოგვთავაზა, ხომ არ აჯობებს, ამხელა სახლს დანიშნულება შევძინოთო. ვინც ნახა, ყველა ამბობს, რომ საოცრად მყუდრო და ოჯახური გარემოა. ჩვენი მიზანი არ არის მხოლოდ კომერცია, ამ საქმით ჩვენც დიდ სიამოვნებას ვიღებთ...

ლაშა საუკეთესო მამა და ჩემი ქმრის ნამდვილი მეგობარია...

ამერიკაში უნდა წავსულიყავი სასწავლებლად, მაგრამ ლაშას ვუთხარი, ვერ წავალ, რადგან ჩემს ცხოვრებაში არსებობს ადამიანი, ვისთანაც მთელი ცხოვრების გატარება მინდა-მეთქი. მითხრა, სხვანაირად რომ მოქცეულიყავი, გამიკვირდებოდაო... სანამ ერთმანეთს გაიცნობდნენ, ორივე ძალიან ნერვიულობდა. ბათუმში ვისვენებდით და ლაშამ თორნიკე რესტორანში დაპატიჟა. დანახვისთანავე მოეხსნათ დაძაბულობა და დამეგობრდნენ. ერთ წელიწადში კი დავოჯახდით.

- ქორწილიც ტრადიციული გქონდათ? - დიახ, ტრადიციული და გრანდიოზული. თავიდან მოკრძალებული გვინდოდა, მაგრამ მერე მივხვდით, რომ იმდენი მეგობარი გვყავს, არ გამოვიდოდა.

- ხშირად მოგზაურობთ?..

- სანამ გავთხოვდებოდი, მარტო ვმოგზაურობდი. მამამ ჩემი ოცნების ქვეყანაში მარტო გამიშვა. შობას ნიუ-იორკში შევხვდი. არაჩვეულობრივი დრო გავატარე. სულ გარეთ დავდიოდი, მაგრამ საშობაო კერძები არ გამისინჯავს, მხოლოდ ბურგერებს ვჭამდი. თუმცა შარშან შობას გერმანიაში შევხვდი და იქ გავსინჯე საშობაო კერძები - შემწვარი ინდაური და ირმის ხორცი... მე და დედას ძალიან გვიყვარს ფეხბურთი და ერთხელ, ჩემს დაბადების დღეზე მამამ მადრიდში, "ბარსელონა"-"რეალის" თამაშზე გაგვიშვა. თაფლობის თვე კი იტალიაში გავატარეთ და არ ვიცი, მას შემდეგ რამ უნდა გამაკვირვოს...

გურმანი ვარ, მოგზაურობისას ვცდილობ, ტრადიციული კერძები გავსინჯო. ძალიან მაინტერესებს ისტორიული ადგილებიც, შოპინგს ბოლოსთვის ვიტოვებ.

- თავად თუ ამზადებ კერძებს?

- დიახ. მე და ჩემი მეუღლე სახლში რომანტიკულ ვახშმებსაც ვაწყობთ. ეს საქმე ორივეს გვიყვარს. ტრადიციად გვაქვს ჩვენი ქორწინების დღის აღნიშვნა.

ხათუნა კორთხონჯია