"აზრზე რომ მოვედი, ტყეში დაჩეხილი ვეგდე, 32 ჭრილობა მომაყენა "ატვიორკით" - კვირის პალიტრა

"აზრზე რომ მოვედი, ტყეში დაჩეხილი ვეგდე, 32 ჭრილობა მომაყენა "ატვიორკით"

"დილის ექვს საათზე განგაში ატყდა, მე კი ისეთი მთვრალი ვიყავი, ვერაფერი გავიგე, ჩემი პროდიუსერი კივილით მაღვიძებდა, ადექიო. სასწრაფოდ ახლობლის ვილისკენ წავედით. საოცარი სცენა იყო - ქალაქი იბომბება და გია სურამელაშვილი ჩემოდნით გარბის"

გია სურამელაშვილს ხშირად აქვს კონცერტები სხვადასხვა ქვეყანაში, ყველაზე ხშირად კი ისრაელში. ერთხელაც ისრაელში ჩასული სახიფათო მდგომარეობაში აღმოჩნდა, რადგან დაიბომბა ქალაქი აშდოდი, რომელშიც გია იმყოფებოდა. მომღერალი ამ და სხვა საინტერესო ამბებს იხსენებს.

- გია, ახლახან ბომბების წვიმაში მოყევი, გვიამბე, როგორ გადარჩი...

- ისრაელში საოცარი მეგობრები მყავს, წელიწადში ოთხ-ხუთჯერ იქ ვარ კონცერტებით. სასტუმრო "ლეონარდოში" გავჩერდი, ამ სასტუმროსთან ჩემი ახლობლების ვილაა. დილის ექვს საათზე განგაში ატყდა, მე კი ისეთი მთვრალი ვიყავი, ვერაფერი გავიგე, ჩემი პროდიუსერი კივილით მაღვიძებდა, ადექიო. სასწრაფოდ ახლობლის ვილისკენ წავედით. საოცარი სცენა იყო - ქალაქი იბომბება და გია სურამელაშვილი ჩემოდნით გარბის. რომ მივედით, ისინი უკვე ამოსული იყვნენ რკინის ოთახიდან, ახლა ვაპირებდით მანქანით მოკითხვასო.

- რკინის ოთახი რას ნიშნავს?

- მიწის ქვეშ ყველას აქვს რკინის ოთახი, საგანგებო მდგომარეობისას ჩადიან, იქ უსაფრთხოდ არიან...

განგაშმა გადაიარა, დავსხედით აუზთან და მომაყარეს ნაირ-ნაირი ხილი, ტკბილეული, მწვადები, ვისკები, როგორც მე მიყვარს. ამ დროს გაისმა ისევ"ბათქანი, აბა, ჩქარა, გავიქცეთ რკინის ოთახშიო. მე არ წამოვალ-მეთქი. რაღა ექნათ, გაიქცნენ და მე დავრჩი აუზთან.

ძალიან ცუდი შეგრძნებაა, მაგრამ ამ ბოლო დროს არაადეკვატური რეაქციები მაქვს, რაღაც რომ უნდა გამიხარდეს ძალიან, არ მიხარია, რაღაცაზე რომ უნდა ვიჩხუბო, აღარ ვჩხუბობ... ამოვიდნენ გადარეულები, შენ ვინ ხარო. იმ ღამეს მოვფრინავდით და ვნერვიულობდი, რომ იქ არ ჩავრჩენილიყავით.

ბევრს უდარდელი ვგონივარ, არადა, ეკლიანი გზები გავიარე, საყვარელი ადამიანის გარდაცვალება, დედის გარდაცვალება... სხვა ქვეყნებში ვცხოვრობდი, შვილი ციხეში მყავდა... ვსვამ, ხშირად მაქვს მაკიაჟი, მაგრამ მაინც ლამაზი ვარ.

გია სურამელაშვილი

- ერთხელ თქვი, "ისტერიკა ვარო", კონცერტებზე თუ გაგიმართავს ისტერიკა?

- ერთ-ერთი კონცერტის დროს ჩემ წინ ვიღაც ტიპი იდგა და გავიგონე, რომ შემაგინა. ხომ არ მეჩვენება-მეთქი, გადავირიე. ფეხზე "კაზაჩოკები" მეცვა და სცენიდან ჩავათხლიშე სახეში. იქვე დაცვა იდგა, ვუკივლე, არ მომეკაროთ-მეთქი.

- ცოლთანაც ასე ხომ არ იქცეოდი?

- კაშკაშა"გია რომ გავხდი, თავში არ ამვარდნია, მაგრამ ჩემმა ცოლმა ვერ აიტანა, უამრავი თაყვანისმცემელი, სახლში რეკვები და დაიწყო ჩხუბები. ნებისმიერი ქალი იეჭვიანებდა. ერთხელ ფილარმონიის საგრიმიოროდან გავაგდე, მერე გარეთ დამხვდა და იქ ვცემე...

მე ყოველთვის ნერვიული გიჟი ვიყავი.

- ხშირად ხვდები სახიფათო სიტუაციებში?

- 1997 წელს, როდესაც მოსკოვში ვცხოვრობდი, გამიტაცეს. წვეულებაზე ვიყავი რესტორანში, ბევრი ოქრო მეკეთა - ოთხი ბრილიანტის ბეჭედი, ოქროს ორი დიდი ჯაჭვი, ფული მქონდა. ქურდის ცოლი იყო ჩემი დაქალი ფიქრია, ვუთხარი, დავიღალე, სახლში წავალ-მეთქი, ტაქსი გავაჩერე და წამოვედი. მძღოლს ვუთხარი, გადადი, ჯინ-ტონიკი მიყიდე-მეთქი. ეტყობა, გასათიში ჩაუშვა სასმელში და დავკარგე გონება. აზრზე რომ მოვედი, ტყეში დაჩეხილი ვეგდე, 32 ჭრილობა მომაყენა "ატვიორკით". ჩემით გამოვედი ტყიდან. არც ერთი მანქანა არ მიჩერებდა შიშველ, დაჩეხილ კაცს. აგარაკზე მიმავალმა ცოლ-ქმარმა გამიჩერა და წამიყვანეს საავადმყოფოში. სამი დღის მერე გავიხსენე, ვინ ვიყავი. მაშინ ძალიან დამიდგნენ გვერდით ქურდები, მათი ცოლები, რომლებთანაც "ვდაქალობდი", დიანა ღურწკაიას ძმა, რობერი. პადმასკოვიეში ვიწექი და მოსკოვში გადამაფრინეს. ისე მივცემდი იმ სამკაულებს, რომ ეთქვა, მაგაზე როგორ მოვაკვლევინებდი თავს. ტანად პატარა იყო, ვერ მომერეოდა, ამიტომ მოიფიქრა ასეთი რაღაც.

- პირად ცხოვრებაში რა ხდება, ისევ მარტო ხარ?

- ერთი წელია წასულია ქვეყნიდან, ჩამოვა და შევხვდებით ერთმანეთს. ჯანმრთელობის პრობლემა აქვს, მისთვის წვეთი ალკოჰოლის დალევა არ შეიძლებ და სვამს, ამაზე გვაქვს ჩხუბი. ახალი სიყვარულისთვის მზად ვარ.

მინდა საყვარელი ადამიანის გვერდით გავიღვიძო, მაგრამ წარმატებული ადამიანის ცხოვრებაში ყველაფერი ერთად არ ხდება...

- რთულია შენი გაძლება?

- კანფეტი და შოკოლადი არა ვარ, ეჭვიანი და მესაკუთრე ვარ.

- უღალატიათ შენთვის?

- ჩემი ყველაზე დიდი სიყვარული მეუღლეს იძულებით შეურიგდა, მერე დაბრუნდა, მაგრამ არ ვაპატიე. არადა, რომ მიმეღო, დღეს შეიძლება ბედნიერი ვყოფილიყავი, შეიძლება ცოცხალიც ყოფილიყო. ის მე დღესაც მიყვარს.

- დაოჯახებულ ადამიანთან გქონდა ურთიერთობა?

- იმ დროს მეც ცოლი მყავდა, მაგრამ ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება. ის ტელევიზიაში მუშაობდა და ხშირად ვხვდებოდით, შევეფეთეთ და აქ დაიწყო და დამთავრდა ყველაფერი. მაშინ მე ვარსკვლავი არ ვიყავი, მერე დრო გავიდა, ისე ხშირად ვეღარ ვნახულობდი.

ერთ დღეს ფილარმონიაში კონცერტისთვის ვემზადებოდი, აჩიკო მეფარიძე მპრანჭავდა და შემოვიდა ეს ადამიანი. იმ დღიდანვე დაიწყო ჩვენი ურთიერთობა. ეს იყო გიჟური სიყვარული.

- მისმა მეუღლემ გაიგო შენი არსებობა?

- გაიგო და მაგიტომ შეირიგა. როცა გვერდით გვყავს, არ ვაფასებთ, დავკარგავთ და ვტირით.

მე სასიკვდილოდ გადავიტანე მათი შერიგება, ვენები გადავიჭერი, თავის მოკვლა მინდოდა. მაშინ 30 კონცერტი მქონდა დაგეგმილი, ყველა ბილეთი გაყიდული იყო და შანსი არ იყო მოხსნის. სამი მანქანით დავდიოდით ქალაქიდან ქალაქში. შავები მეცვა, მაგარი "კაზაჩოკები" და უზარმაზარი ანტიკვარული ჯვარი მეკიდა. ბედნიერი წუთები მქონდა, არადა, შინაგანად ცოცხალმკვდარი ვიყავი.

ასე დასრულდა ეს ლამაზი ზღაპარი.

ხათუნა კორთხონჯია