რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე - კვირის პალიტრა

რას ჰყვება ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე

"მადლობა ყველას, ვინც გულთან ახლოს მიიტანა ჩვენი მდგომარეობა. ის პრინციპები, რასაც ვაჟა იცავს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს კონფლიქტური სიტუაცია სხვა, ჰუმანური მხრიდან გადაიჭრას. ვაჟამ ეს დაგვანახა, რაც, ვფიქრობ, უპრეცედენტოა", - ამბობს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე, ექიმი თამილა ლაფანაშვილი.

- ახალი ინფორმაცია თუ გაქვთ, გარდა იმისა, რომ "წითელი ჯვარი" ვერ ახერხებს ვაჟა ექიმის მონახულებას?

- მცდელობას არ აკლებენ, მაგრამ დროში იწელება და არც მიზეზს ეუბნებიან.

- რა მოგწერათ მეუღლემ წერილში, რომელიც "წითელმა ჯვარმა" გადმოგცათ?

- ნუ ნერვიულობთ, თავს ნორმალურად ვგრძნობო და ვიტამინების შეგზავნა მთხოვა. მოგეხსენებათ, იქ რა პირობებშია. ვაჟამ ყველანი მოგვიკითხა და მადლობა გადაიხადა მხარში დგომისთვის.

- ოსური ვერსიით, ბატონი ვაჟა 9 ნოემბერს, დილის 10 საათზე ხვდება კოლეგა ირაკლი კარტოზიას, ისინი ტაქსით მიდიან კასპის რაიონის სოფელ საკორინთლოსკენ. 11-დან 11.40 საათამდე ის მარტო კვეთს ე.წ. საოკუპაციო საზღვარს და ურეკავს კარტოზიას, დაკავების მომენტში კი თქვენ... - ვაჟამ 3-ის ნახევარზე დამირეკა ვაიბერით და მითხრა, რუსმა სამხედროებმა დამაკავესო. სად ხარ-მეთქი, ვკითხე, ვერ მიპასუხა, მივყავარო და კავშირი გაწყდა.

- თუ იცით, თქვენს მეუღლეზე ფიზიკური ძალადობა ხომ არ ყოფილა?

- მათ ვესაუბრე, ვისთან ერთადაც ვაჟა იჯდა იზოლატორში და ვიცი, რომ ჩემს მეუღლეს ფიზიკური ძალადობის კვალი არ ეტყობოდა. თუმცა ისიც მითხრეს, რომ იქ საშინელი პირობებია - არა აქვთ საჭმელი, სიცივე და სივიწროვეა. ერთი ქართველი პატიმარი ნაცემი ყოფილა, სიცხე მიუცია და ვაჟა მას უვლიდა და ღამით თავის ქურთუკს აფარებდა. მითხრეს, ვაჟა ჩხუბობდა, "წითელი ჯვარი" ან სასწრაფო დახმარება რატომ არ მოდის, მედიკამენტები რატომ არა გაქვთო. იმ პატიმარმა მითხრა, 2 ღამით კარცერში უნდა ჩავეგდე და ჩემ მაგივრად ვაჟა ექიმი ჩავიდაო. ვაჟამ მათი ელემენტარული უფლებები დაიცვა - მას შემდეგ, რაც იჩხუბა, საკანში დღეში ერთხელ საჭმელი შემოჰქონდათო. ვინც ვაჟას იცნობს, ყველამ იცის, რომ ის ყველაზე ზრუნავს. მისთვის არ არსებობს დღე და ღამე. ხშირად შუაღამით დაურეკავთ და ერთხელაც არ დაუწუწუნია, რატომ მაღვიძებენო. უხმოდ მიდიოდა პაციენტის დასახმარებლად.

- როგორც ვიცით, მას ცხინვალელი პაციენტებიც ჰყავდა. როგორია მათი პოზიცია?

- ოკუპირებულ ტერიტორიაზე მას ბევრი ნაცნობ-მეგობარი ექიმი ჰყავს, ასევე სტუდენტები და პაციენტებიც და ვიცი, ძალიან განიცდიან ვაჟას მდგომარეობას.

- ცხინვალის ე.წ. უშიშროების კომიტეტმა საქმეს აუდიოფაილები დაურთო. მისი სატელეფონო საუბრები როგორ ჩაუვარდათ ხელში? - ვაჟას მობილურში დაყენებული ჰქონდა ქოლრეკორდერი და იმის მიხედვით ნახეს ტელეფონში ის ჩანაწერები, რომელშიც ჩანს, რომ ის შაბათ საღამოს ჩამოსვლას აპირებდა, რადგან კვირა დილით სოფელში უნდა წავსულიყავით. მას არ დაუკონკრეტებია პაციენტის ვინაობა. თამარ გიგაურთან ვიზიტი ჩემი მოსაზრება იყო, რადგან ამ საკითხს წინადღეს განვიხილავდით და ვწუხდით მის მდგომარეობაზე. ვაჟა ტელეფონით ხელოსნებს ესაუბრა, რომლებიც ეზოში დენის გაყვანას გვპირდებოდნენ.

- საბანკო ტრანზაქციის შესახებ ინფორმაციაც ამოიღეს. ეს როგორ მოახერხეს? - ეს კანონდარღვევა, პირადი ინფორმაციაა. თანხა რომც ჩარიცხულიყო, ჩვენ არ ვიცით, ვინ რა ჩარიცხა და თუ აქვთ ეს ინფორმაცია, გამოაქვეყნონ.

- დე ფაქტო უშიშროების კომიტეტმა ის 2008 წლის ომის საბრძოლო მოქმედებებს დაუკავშირა, ახლა კი მის საქციელს პოლიტიკურ მოტივებს უკავშირებს - თითქოს მან მიზანმიმართულად გადაკვეთა საზღვარი. იქვე ნათქვამია, რომ ექიმის და უშიშროების სამსახურის მიერ საზღვარზე მოწყობილი ერთობლივი პროვოკაცია საქართველოში მიმდინარე მასობრივ საპროტესტო აქციებსა და პოლიტიკური ქულების ჩაწერას ემსახურება... - ეს აბსოლუტური დეზინფორმაციაა, რომელსაც არანაირი კავშირი არა აქვს ვაჟას დაკავებასთან. ჩვენ მივმართეთ რუს მფრინავებს, რომლებსაც ვაჟა ომის დღეებში ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში მკურნალობდა და რომელთაც მერე პუტინმა გმირობა მიანიჭა. მკურნალობის შემდეგ ისინი ჩვენმა უწყებებმა "წითელი ჯვრისა" და შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადააცილეს საზღვარზე. როცა გადავიდნენ, რუსეთშიც განაგრძობდნენ მკურნალობას. საგაზეთო ინტერვიუში ეს მფრინავები მადლობას უხდიან ქართველ ექიმებს და ამბობენ, რომ არა ისინი, დღეს ცოცხალი არ ვიქნებოდითო. ვაჟა არ აღიარებს, რომ საზღვარი დაარღვია. ექიმისთვის საზღვრები არ არსებობს არც მშვიდობიანობის და არც საომარი მოქმედებების დროს. ვაჟას ჩვენებაში უთქვამს, რომ საქართველოს ეს ტერიტორია რუსებს აქვთ ოკუპირებული და ნატოში გაწევრების მომხრეა. ამას ვამბობთ ყველა, ეს ჩვენს მთავრობას აქვს დეკლარირებული და ასე რომ, ვაჟა იქ ყველას აზრს ახმოვანებს.

- ექიმის სამოქალაქო გმირობას თითქმის მთელი მსოფლიო უცხადებს მხარდაჭერას... - აბსოლუტურად ყველა მიმართვა, ნებისმიერი კომენტარიც კი ძალზე ამაღელვებელია. გაეროს, "ნიუ-იორკ თაიმსის", ადამიანის უფლებების დამცავი ორგანიზაციების, მსოფლიოში ცნობილი ექიმების, საზოგადო მოღვაწეებისა და ნებისმიერი ადამიანის გამოხმაურება, რომელიც პროტესტს აცხადებს ასეთი უსამართლობის წინააღმდეგ, ვაჟას გათავისუფლებაში დაეხმარება. მადლობა ყველას, ვინც ჩვენი მდგომარეობა გულთან ახლოს მიიტანა. ვაჟა იქიდან იბრძვის, ჩვენ - აქედან.