"მეფე ლუდოვიკო XVII იაკობინელთა ტყვეობაში", თელავის მუზეუმში ორიგინალია, ლუვრში კი - ასლი"
"მეფე ლუდოვიკო XVII იაკობინელთა ტყვეობაში", თელავის მუზეუმში ორიგინალია, ლუვრში კი - ასლი"
"ქეთევან იაშვილის თელავისთვის დატოვებული კოლექცია 400 მილიონზე მეტად არის შეფასებული"

"ნახევარ საუკუნეზე მეტია, რაც ჩემი ხალხის ფიზიკურ მშვენიერებას ვემსახურები. მიზნად დავისახე მისი სულიერი მშვენიერებისთვისაც გამეწია ანგარიში. ამ მიზნით ვიძენდი ხელოვნების შესანიშნავ ქმნილებებს, რომლებიც შემდეგ ჩემს ხალხს, ერს, ჩემს სამშობლოს ვუძღვენი," - წერდა ქეთ­ევან იაშვილი, რომელმაც თელავის მუზეუმს 400 მილიონზე მეტი ღირებულების საგანძური დაუტოვა. თელავის ისტორიული მუზეუმის ხელოვნების ფონდის მცველი ქეთევან ხუციშვილი პირადად იცნობდა ქეთევან იაშვილს.…იგი გვიამბობს­ ქალბატონზე, რომელსაც ასეთი ქველმოქმედების
გამო საუკუნის ქალი უწოდეს.…

- ქეთევან იაშვილი 1883 წელს სოფელ შალაურში დაიბადა. მისი მამა მერაბ იაშვილი ღარიბი აზნაური იყო. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახს სამი შვილის გაზრდა უჭირდა, კარგი განათლება მათთვის­ უმთავრესი იყო. წმინდა ნინოს სასწავლებლის დამთავრების შემდეგ ქეთევანი თელავში რუსული ენის პედაგოგად მუშაობდა... მერე ფარმაციით
ინტერესდება...


ქეთევანი ორჯერ გათხოვდა. პირველი მეუღლე მიხეილ თარხნიშვილი სამხედრო პირი გახლდათ და შეუღლებიდან მალევე გარდაიცვალა... შემდეგ ქეთევანმა გაიცნო ნიკოლოზ ტაძიევი, რომელიც მოხეტიალე დასის მსახიობი და კოლექციონერი გახლდათ. ქეთევანი მეორედ გათხოვდა. მეუღლესთან ერთად ბევრს მოგზაურობდა და ნახატებს იძენდა. მთელი ცხოვრება ხელოვნების სიყვარულს შესწირა.

- დღეს თელავის მუზეუმში როგორ პირობებში ინახება მისი კოლექცია?
- სამწუხაროდ, არ გვაქვს იმხელა საგამოფენო სივრცე, ყველა ნამუშევარი გამოვფინოთ, მაგრამ გამოფენილია 80 უნიკალური ნამუშევარი. კოლექციაში არის აივაზოვსკის ორი ორიგინალი, ჰოლანდიელი ანდრეი კეიპის ნამუშევარი, ძალიან ცნობილი გერმანელი მხატვრის, კარლ პილოტის "მეფე ლუდოვიკო XVII იაკობინელთა­ ტყვეობაში". ამ შედევრის ორიგინალი ჩვენთან არის, ლუვრში კი ასლია.

- ეს როგორ მოხდა?
- ომი ახალი დამთავრებული იყო, როდესაც ქეთევანმა მეუღლესთან ერთად ოდესაში იმოგზაურა. იქ მუშათა სასადილოში შევიდნენ, სადაც თურმე სუფრის მოვალეობას ასრულებდა ეს უნიკალური ტილო... ქეთევანს ბარმენისთვის უთხოვია, ეს ტილო დამითმეთ და რამდენსაც მთხოვთ, გადაგიხდითო. Bბარმენი თურმე გაოცებული უყურებდა, ვერ გაეგო, რა ხდებოდა. ფული არ მოუთხოვია, მაგრამ ქეთევანი წერს, მაინც ვაჩუქეთ ხუთი თუმანიო.­ ტილო ძალიან იყო დაზიანებული, რესტავრაცია ჩაუტარა და დღეს ჩვენს მუზეუმს ამშვენებს... ერთგან წერს, რომ ქეთევანობას, 26 სექტემბერს, ისე აღნიშნავდა, როგორც თავის დაბადების დღეს და ელიტას, ცნობილ ხელოვანებს იწვევდა. ერთ-ერთ დღესასწაულზე რაფიელ ერისთავის ძმა, გიორგი­ ერისთავი მისულა ხელდამშვენებული - ცნობილი მოქანდაკის, ჟან ანტუან ჰუდონის ვენერა მიუტანია საჩუქრად, რომელიც უნიკალურია და დღეს ჩვენი მუზეუმის ექსპოზიციაშია. ქეთევანი ასევე იგონებს, გიგო გაბაშვილის ნახატები თბილისში იმ დროს ცნობილ მკერავს, გვარად შიუკაშვლს ჰქონდა და ნახევარ ფასად მომცაო. ამბობენ, რომ მუზეუმისთვის გადმოცემული კოლექციის ღირებულება 400 მილიონზე მეტია, თუმცა, ჩემი აზრით, ეს შეუფასებელია!

- რომელი ქართველი მხატვრების ნამუშევრებია კოლექციაში?
- გიგო გაბაშვილის ოთხი ნამუშევარი, ელენე ახვლედიანის, ლადო გუდიაშვილის ორიგინალები... ეს კოლექცია მთელი საქართველოს სიმდიდრეა! ქეთევანს მემკვიდრე არ დარჩენია. პატარა გოგონა იშვილეს, რომელიც, სამწუხაროდ, მალე გარდაეცვალათ. როდესაც ასაკში შევიდა, სულ დარდობდა, ჩემს კოლექციას რა ეშველებაო. მე ღრმად მოხუცებული გავიცანი - სახლში ვესტუმრეთ, გვითხრა, ჩემს ქალაქში, თელავში დამკრძალეთო. 1980 წელს, 97 წლისა გარდაიცვალა და თელავის მუზეუმის ეზოში, საზოგადო მოღვაწეთა გვერდით დაკრძალეს.
ქეთევანს თბილისში ძალიან ლამაზი სახლი ჰქონდა, მაგრამ ყველა ნახატი სახლში­ ვერ დაეტეოდა და ბევრი ახლობლებთან ჰქონდა გაბნეული. კოლექციის შეგროვებისას ყველა ნათესავს ჩამოუარა, ჩამოხსნა კედლებიდან ნახატები და მუზეუმს­ გადმოსცა. სულ ორასამდე უნიკალური ექსპონატი. უსაზღვროდ ახარებდა ამ კოლექციით დამშვენებული დარბაზის ხილვა.
დღეს უამრავი უცხოელი მოდის მუზეუმში და განცვიფრებული არიან ნანახით.
ვერელი
04 დეკემბერი 2019 21:57
მე როგორც მახსოვს მეორე ქმარი კოზაევი იყო.

რუბრიკის სხვა სიახლეები
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
თვის კითხვადი სტატიები