უკანასკნელი ტიტანი - კვირის პალიტრა

უკანასკნელი ტიტანი

მან ერთი საუკუნე იცხოვრა, თანაც იმ ასწლეულში, რომელიც ათასწლეულს უდრის ხელოვნებაში. სწორედ ამ დროს დაიბადნენ და ქმნიდნენ უდიდესი ტიტანები - ჯერ ლეონარდო, შემდეგ მიქელანჯელო, თავად ტიციანი და ბოლოს - რაფაელი. თუმცაღა ამ ლეგენდარული ასწლეულის ბოლოს მხოლოდ ტიციანი მეფობდა.

"უკანასკნელმა ტიტანმა" თანამედროვეთა ყველა ფერწერული ხერხი შეისწავლა, გამოიყენა და იქცა კიდეც "მზედ მცირე ვარსკვლავთა შორის"...

კაცობრიობის ისტორიაში მხოლოდ მას ერგო გამორჩეული ტიტული - "ღვთაებრივი".

ტიციანმა შექმნა იმდენი, რაც შექმნეს ერთად აღებულმა მისმა თანამედროვე იტალიელმა ოსტატებმა. ჯორჯო ვაზარის ტიციანის ბიოგრაფიაში სურათებისა და ფრესკების სიას უფრო მეტი ადგილი აქვს დათმობილი, ვიდრე ტიციანის ცხოვრების აღწერას.

ტიციანი, ანუ ტიციანო ვეჩელიო დაიბადა 1477 წელს, დაბა პიევე დი კადორეში, საკმაოდ შეძლებულ ოჯახში. მამამისი გრეგორიო ციხის კომენდანტი და საბჭოს წევრი გახლდათ, განაგებდა მაღაროებსაც, ბაბუა და ნათესავები კი ნოტარიუსები იყვნენ.

ვენეციაში ბიძასთან გაგზავნილი ათი წლის ტიციანი ვენეციის საუკეთესო მხატვრის ჯოვანი ბელინის სტუდიაში მოხვდა. აქ დაუახლოვდა მომავალ ცნობილ მხატვრებს, მათ შორის უდიდეს მხატვარ დი კასტელფრანკოს - ჯორჯონეს, რომელიც მისი მეგობარი და მეტოქე გახდა.

ომებისა და შავი ჭირის შემდეგ აღორძინებული მდიდარი ვენეცია სწორედ ჯორჯონესა და ტიციანს აღიარებდა უპირველეს ოსტატებად. თუმცა წინ მაინც ჯორჯონეს შედევრს, "ვენერას" აყენებდა...

KvirisPalitra.Geტიციანი თავის "ვენერას" 50 წლის შემდეგ შექმნის, მაგრამ მთელი სიცოცხლის მანძილზე, დიდების ზენიტშიც კი გაჰყვება "ჯორჯონეს კომპლექსი". 1510 წელს უდროოდ გარდაცვლილი, "სილამაზის გენიად" შერაცხილი ჯორჯონე სწორედ მას დაავალებს თავისი სურათების დასრულებას.

ვაზარი აღწერს ტიციანის "მიბაძვის" დიდ ნიჭს: "18 წლისამ ბრწყინვალედ დახატა "დიდებულის პორტრეტი" ვერცხლით გაწყობილ ატლასის კამზოლში, მაგრამ თავისი გვარი რომ არ მიეწერა, ავტორად ჯორჯონეს ჩათვლიდნენ". ამავე ნიჭმა მისცა საშუალება, 1506 წელს ვენეციაში ალბრეხტ დიურერის ჩამოსვლიდან ათი წლის შემდეგ, შეექმნა სახელგანთქმული ტილო "კეისრის დინარი", სადაც ქრისტე დიურერისებური სულიერი სილამაზითაა განსხივოსნებული.

სინამდვილეში კი ტიციანი მიმბაძველი კი არა, შესანიშნავი სტილისტი იყო, რომელიც იღებდა მხოლოდ ყოველივე საუკეთესოს, რასაც რენესანსის ბრწყინვალე ეპოქა აძლევდა.

ტიციანმა 1511 წელს კარმელიტების ეკლესიები მოხატა პადუაში, 1513 წელს კი ვენეციის სამთავრობო სამუშაოების ზედამხედველი გახდა; 1516-1518 წლებში დახატა საკურთხევლის დიდი ფრესკა "ღვთისმშობლის ამაღლება". 1516-1530 წლებში, სიმწიფისა და დაოსტატების ხანაში, მხატვარი ადრეული ჯორჯონესეული სტილიდან უფრო დიდი, კომპლექსური ქმნილებების შექმნაზე გადავიდა. 1519 წელს უკვე სახელგანთქმულ მხატვარს პაპი ლეო X რომში იწვევს, მაგრამ უარს ამბობს მაცდუნებელ წინადადებაზე და ვენეციაში რჩება. მადლიერი ვენეცია მას ყველა ეკლესიის კარს უღებს - ამ დროისათვის ტიციანი უკვე დიდების მწვერვალზეა.

1525 წელს მხატვარი ჩეჩილია სოლდანოს ირთავს ცოლად, რომელთანაც სამი შვილი შეეძინა: პომპონიო, ორაციო და ლავინია, სწორედ მის დაბადებას გადაჰყვა ჩეჩილია. ტიციანი ახალ სახლში გადავიდა და ოჯახის გაძღოლა დას დააკისრა.

1530-1550 წლებში ტიციანმა დახვეწა ხელწერა, რაც კარგად ჩანს მის "წმინდა პეტრე წამებულის სიკვდილში". ვენეციის დოჟები უკმაყოფილონი იყვნენ ტიციანის უყურადღებობით ჰერცოგის სასახლეში წარმოებული სამუშაოებისადმი და 1538 წელს უბრძანეს, უკან დაებრუნებინა გასამრჯელო, თუმც მხატვარმა მალევე დაიბრუნა მათი კეთილგანწყობა.  ტიციანი ამასობაში გულმოდგინედ ხატავდა "კადორის ბრძოლას". ამ ბრძოლის სცენა დაიკარგა დიდი ხანძრის დროს, რომელმაც გაანადგურა დოჟების სასახლე 1577 წელს.

რომს ტიციანი 1546 წელს ეწვია და საპატიო მოქალაქეობაც მიიღო, ეს ტიტული ჰქონდა მის წინამორბედ მიქელანჯელოსაც.

1560 წელს გარდაიცვალა ტიციანის  ქალიშვილი ლავინია, რომელიც მხატვარს ძალიან უყვარდა და რამდენჯერმე დახატა კიდეც.

თავად ტიციანი კი გარდაიცვალა 1576 წელს, სავარაუდოდ, შავი ჭირით.

გენიოსის ბოლო წლების უდიდესი შედევრი ""პიეტა"", რომელიც დედის ტანჯვის დრამატული სცენაა, მხატვარს თავისი განსასვენებლისთვის ჰქონდა შექმნილი.

რამაზ გურგენიძემ